პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კახაბერი კახაბერად, ანუ რუსული ოკუპაცია

„ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას’’ – ეს სიტყვები უინტერესო და უნიჭო კაცს როდი ეკუთვნის. მანამდე სხვა ფიქრებიც ტანჯავდა და შეთქმულებსაც გულშემატკივრობდა, მაგრამ ბოლოს ამ აზრამდე მივიდა. კითხვითი წინადადება სულ არსებობდა და იარსებებს კიდეც. აქაც და სხვაგანაც. აგერ, ამ დღეებშიც უთქვამთ ირიბად და არაერთხელ. იარსებოს. მთავარია, პასუხები გვქონდეს. უფრო დიდი და მტკიცე ვიდრე ხანდახან გვესმის. უფრო ღრმა და არაზერელე. ამ პასუხებმა უნდა იხსნან მომავალი ოთხოზორიები და ტატუნაშვილები. შენ და მე. ამ პასუხებმა უნდა შვას ნამდვილი დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობამ კი თავისუფლება – ადამიანად ყოფნის უმაღლესი საფეხური. რადგან შინაური მღვდლისა არ იყოს, არც თანამედროვეს ექნება შენდობა – წარსულისკენ გავიხედოთ. იმ წარსულისკენ, რომელსაც თითქოს ყველა თანაბრად ვცემთ თაყვანს. მეცხრამეტე საუკუნე – იქ, სადაც იაკობ გოგებაშვილი ,,დედა–ენით’’, ივანე მაჩაბელი თარგმანებით და ნიკო ნიკოლაძე ტექნოლოგიების დამკვიდრებით ცდილობდა საქართველოს ხელახლა დაბადებას. ირიბი გზებით ომი განგებ ვახსენე, ამ ხალხს არც პირდაპირობა აკლდა – არც ამათ და არც სხვებს. აგერ სახელდახელო, მცირე კოლაჟი სახელმძღვანელოდ. იოლ და მკაცრ სახელმძღვანელოდ.
,,ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი, თვისი სარწმუნოება, თვისი ენა და თვისი ჩვეულება… ნუუკუე ჩვენ არა ვართ შვილნი მამა-პაპათა ჩვენთანი? ნუ-უკუე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესოდენი, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?! მაშ რაისთვის ვცოცხალვართ?!’’
სოლომონ დოდაშვილი

,,ვორონცოვს ჩემი ბევრი ორგულობა უთხრეს რუსეთისა – არც ტყუოდნენ’’
ალექსანდრე ორბელიანი

,,ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,
თუ მოაკლდება თავისუფლება?’’
ნიკოლოზ ბარათაშვილი

,,მას აქეთ, რაცა კურთხევა ღვთისა
მიეცა ტანჯულს ივერიის ერს,
რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა –
ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს’’.
ილია ჭავჭავაძე (ლერმონტოვის მწირის თარგმანში აზრს ცვლის და ფაქტობრივად საკუთარ ლექსს გვთავაზობს. თავის დროზე შენიშნა აკაკი ბაქრაძემ).

,,დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო.’’
აკაკი წერეთელი

,,იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! – სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას, შევმუსრო ისინი… როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ, მაშინ ვარ მონა, არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი, უფრო საზიზღარი, ვიდრე მონაა. არა, მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველს’’.
ვაჟა–ფშაველა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი