პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პლაგიატის “ხიბლი”

უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა გახდა. პირველ კურსზე ყოფნის დროს, როდესაც ლექტორმა პირველი დავალება მოგვცა, ვიფიქრე, მას აუცილებლად თავი უნდა შევაყვარო და ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი გავხდე-მეთქი. დავალება მაშინ საკმაოდ რთული მომეჩვენა, თან წარმოდგენა არ მქონდა, რა შეიძლებოდა დამეწერა ხელოვნების ფსიქოლოგიაში. ავდექი, ინტერნეტში ვიძრომიალე, არაჩვეულებრივი სტატიებიც ვნახე და წარბშეუხრელად გადმოვაკოპირე, მეილზე ავუტვირთე ლექტორს და გავგზავნე. გაგიკვირდებათ და 0 ქულა მივიღე. გავბრაზდი, როგორ გაბედა და შრომა როგორ არ დამიფასა-მეთქი (არადა, რა შრომაზე ვსაუბრობ?! როგორ არ მრცხვენია?!). შევხვდი და ამიხსნა, რომ ის, რაც მე გავაკეთე ჩვეულებრივი ქურდობა იყო, იმაზე უფრო დიდიც, ვიდრე რაიმე ნივთის მოპარვა; არ შეიძლება ასე უსინდისოდ ადგე და სხვისი ინტელექტუალური საკუთრება მიითვისო. მიზეზი არ მქონდა, რატომ არ უნდა დავთანხმებოდი მის ნათქვამს. ბოდიშიც მოვიხადე და ეს ჩემთვის ძალიან მწარე გაკვეთილი აღმოჩნდა.

მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა ბევრი მსჯელობის შემდეგ პლაგიატობის მიზეზებზე ღიად დაიწყეს საუბარი. თუ რამ შეიძლება აიძულოს ადამიანი, რომ სხვისი ინტელექტუალური საკუთრება მიითვისოს?

ასე რომ, წარმოგიდგენთ 8 მიზეზს, რომელიც განმარტავს, თუ რატომ მიმართავენ ადამიანები პლაგიატს:

  1. პირველი და ერთ-ერთი მთავარი წარუმატებლობისა და სოციალური იზოლირების შიშია. ზუსტად ის, რამაც მე თავის დროზე სხვისი სტატიის მითვისებისკენ მიბიძგა. ამ დროს გეშინია, რომ გარშემომყოფები შეეცდებიან შენს განსჯას და მათ იმედებს გაუცრუებ. ამიტომ პლაგიატობა მარტივი (თუმცა ძალიან ცუდი) მიზეზია იმისთვის, რომ სტატუსი და მდგომარეობა შეინარჩუნო.
  2. მეორე მიზეზი, რის გამოც შეიძლება სხვისი აზრების ქურდი გახდე „უფრო უკეთესი” და მნიშვნელოვანი შედეგების მიღების შესაძლებელობაა.
  3. როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობ, ხარ აფორიაქებული და უბედური, ან ხარ წნეხის ქვეშ, ერთი სული გაქვს, რაც შეიძლება მალე დაამთავრო სიტყვა, ამიტომ ამ დროს ხშირად მიმართავ პლაგიატს, რათა თავი ისევ მშვიდად და უკეთ იგრძნოთ. შესაბამისად, სტრესი კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რაც ადამიანს პლაგიატობისკენ უბიძგებს.
  4. ხშირ შემთხვევაში შენი ეგო იმდენად მაღალია, რომ გიჩნდება ხელშეუხებლობის სინდრომი. გგონია, ვერასდროს ვერავინ გამოგიჭერს ტყუილში.
  5. პლაგიატი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი უუნარობა გაიძულებთ, ამ გზას მიმართოთ, რათა ხელი შეუწყოთ საკუთარი იდეების განხორციელებას.
  6. თემის გაცნობის სურვილი: თემა, რომელზეც უნდა დაწერო ან ისაუბრო თქვენთვის ახალი და უცნობია. სწორედ ამიტომ იპარავთ სხვის უკვე დაწერილ ტექსტს და გგონიათ, რომ ასე თავიდან აირიდებთ ყველა სახის გართულებას.
  7. მეშვიდე მიზეზად ფსიქოლოგები თემისადმი უინტერესობას ასახელებენ, ანუ როცა თემა საერთოდ არ გადარდებთ; სხვისი ტექსტი კი გთავაზობს, სრულიად უმტკივნეულოდ მოაგვაროთ პრობლემა.
  8. მერვე და ფინალური მიზეზი კი იმის რწმენაა, რომ თქვენ გარკვეული მიზეზების გამო ამართლებთ და მიგაჩნიათ, რომ ხანდახან პლაგიატი საჭიროც კია წარმატების მისაღწევად.

ყველამ ვიცით რომ მოპარული ხილი ტკბილია, თუმცა კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება სხვისი იდეების, სიტყვების და აზრების მითვისებას. ასე რომ, ნება იბოძეთ და იშრომეთ, გახსოვდეთ რომ სხვა თქვენსავით ვერასდროს დაწერს და იფიქრებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი