სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პროგრესული მასწავლებლის 10 უნარი

 

სწავლის პროცესის ეფექტურად დაგეგმვისა და წარმატებულად განხორციელებისათვის  მასწავლებლებს სჭირდებათ არაერთი უნარი. მათ უწევთ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება. ნებისმიერი სირთულისადმი მასწავლებლის მიდგომა  უნდა იყოს კომპლექსური, სწორედ ამიტომ სასურველია, პედაგოგი ცდილობდეს განივითაროს ძირითადი უნარები.

მასწავლებლის ძირითადი უნარები გულისხმობს სპეციფიკურ შესაძლებლობებსა და ცოდნას, რომლებიც საჭიროა სწავლებისთვის.

ეს უნარებია:

  • საგნის ცოდნა;
  • გაკვეთილის დაგეგმვა;
  • საკლასო მენეჯმენტი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • თანაგრძნობის უარი;
  • მოსწავლეებთან და კოლეგებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარების უნარი.

 

წარმოგიდგენთ 10 ძირითად უნარს, რომლებსაც უნდა ფლობდეს თანამედროვე მასწავლებელი.

 

  1. იყავით ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული

ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება აუცილებელი მახასიათებელია მასწავლებლისთვის. სათანადო მომზადების გარეშე შეიძლება წარმოუდგენლად რთული იყოს საკლასო ოთახში მოსწავლეების მართვა და მათი ყურადღების შენარჩუნება.

არსებობს  მოვალეობები, რომლებიც მასწავლებელმა ერთდროულად უნდა გაიაზროს და განახორციელოს.

მაგალითად:

  • გაკვეთილის დაგეგმვა;
  • მოსწავლეთა შეფასება;
  • მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციის მართვა;
  • ვადების განსაზღვრა და დათქმულ დროში სამუშაოს შესრულება;
  • მოსწავლეთა პროგრესის ამსახველი ზუსტი ჩანაწერების წარმოება;
  • დასწრების აღრიცხვა;
  • მოსწავლეთა ქცევის მართვა;
  • კონკრეტული მოსწავლეებისთვის მხარდასაჭერი სფეროების იდენტიფიცირება;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა.

 

  1. ტექნოლოგიების ფლობა

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგია გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, როგორც საკლასო ოთახში, ასევე მის გარეთ.

მოსწავლეები იზრდებიან სულ უფრო მეტად ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში. ყველა მოსწავლეს სჭირდება ციფრული წიგნიერების უნარები წარმატების მისაღწევად. საგაკვეთილო პროცესში  ტექნოლოგიებისა და  სწავლების სტრატეგიების ინტეგრირებამ შეიძლება გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და მიღწევები.

  1. შემოქმედებითი უნარი

შემოქმედებითი უნარი მეტად მნიშვნელოვანია. მისი საშუალებით კრეატიულ და საინტერესო გაკვეთილებს დაგეგმავთ. ასეთი გაკვეთილები შესაძლებლობას მოგცემთ, მიიპყრობთ მოსწავლეთა ყურადღება, ასეთ ვითარებაში ისინი უკეთ შეძლებენ ინფორმაციის დამახსოვრებას, ამასთან, განივითარებენ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს.

  1. დროის მართვა

დროის მართვის კარგი უნარები საშუალებას გაძლევთ, იყოთ ორგანიზებული და ეფექტურად შეასრულოთ დავალებები. დროის სწორად მართვის   პირობებში  კარგად დააბალანსებთ სხვადასხვა ვალდებულებას, როგორებიცაა:  გაკვეთილების დაგეგმვა, დავალებების შეფასება  ან მოსწავლეებთან და მშობლებთან შეხვედრები. დროის მართვის ეფექტური უნარები საშუალებას მოგცემთ, შექმნათ ჯანსაღი სამუშაო გარემო და  დადგენილ  ვადებში  შეასრულოთ დასახული ამოცანები.

  1. კრიტიკული აზროვნება

კრიტიკული აზროვნების უნარები მოიცავს ინფორმაციის გაანალიზებას, მტკიცებულებებსა და მსჯელობებზე დაყრდნობით გონივრული გადაწყვეტილებების მიღებასა და დასკვნების გამოტანას. მასწავლებლის კრიტიკული აზროვნების უნარები ასე გამოიყურება:

  • ეფექტური გაკვეთილის გეგმების შედგენა;
  • მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება;
  • კლასში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა;
  • სწავლების მეთოდების განახლება;
  • სწავლების მეთოდების შეცვლა მტკიცებულებებისა და უკუკავშირის საფუძველზე;
  • მოსწავლეებისთვის კრიტიკული აზროვნების მაგალითების შეთავაზება.
  1. გუნდური მუშაობა

სწავლება არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალურ მუშაობას. სწავლების გამოწვევების გასამკლავებლად და ეფექტურად წარმართვისთვის თქვენ უნდა იმუშაოთ კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან ერთად.

როგორც ამბობენ: “გუნდურობა არის საოცნებო მუშაობის ფორმა”.

გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ქონა ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ ეფექტური კომუნიკაცია სხვებთან, დაამყაროთ პოზიტიური ურთიერთობები და წვლილი შეიტანოთ თანამშრომლობითი გარემოს შექმნაში.

მასწავლებლებს, რომლებიც კარგად მუშაობენ გუნდთან, შეუძლიათ იდეების გაზიარება, ივითარებენ სწავლების ახალ მიდგომებს. ეს კი საშუალებას იძლევა, გააუმჯობესონ მოსწავლეთა შედეგები და შექმნან პოზიტიური სასკოლო კულტურა. 

  1. კომუნიკაციის უნარი

მნიშვნელოვანი ამოცანაა ნებისმიერი მასწავლებლისთვის ხშირი კომუნიკაცია მოსწავლეებთან. ამიტომ ეფექტური კომუნიკაციის უნარები აუცილებელია.

ასევე აუცილებელია სიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაცია მშობლებთან, კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან. კომუნიკაციის უნარები ხელს უწყობს პოზიტიურ ურთიერთობებს, აჩენს ნდობასა და აუმჯობესებს მოსწავლეთა შედეგებს.

მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო უნარების მნიშვნელოვანი ფორმაა აქტიური მოსმენა, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის მკაფიო, ლაკონიური უკუკავშირის მიწოდება. ამ უნარს შეუძლია, ხელი შეუწყოს ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას. შედეგად მიიღებთ მოსწავლეთა კეთილგანწყობას. ისინი დარწმუნდებიან, რომ თქვენ მათ უსმენთ და უგებთ.

  1. პრობლემის გადაჭრის უნარები

საკლასო სივრცეში გამოწვევები და პრობლემები აუცილებლად წარმოიქმნება. ეს პრობლემები შეიძლება იყოს როგორც მოსწავლის ქცევა, ასევე სასწავლო გეგმის შემუშავების სირთულე. მაგრამ ისინი დაძლევადია, თუ პრობლემის გადაჭრის უნარი თქვენი ძლიერი მხარეა.

  1. კონფლიქტის მოგვარება

კონფლიქტური სიტუაციები გარდაუვალია ნებისმიერ პროფესიაში. პედაგოგიური მუშაობისას კონფლიქტი ხშირია მოსწავლეებს შორის, ან მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. კონფლიქტის მოგვარების უნარები აუცილებელია, რადგან ამით სწრაფად მოაგვარებთ პრობლემას, შექმნით პოზიტიურ სასწავლო გარემოს და მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობთ ხელს.

არ არის გამორიცხული კონფლიქტი კოლეგებთან ან მშობლებთან. ამ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ შევინარჩუნოთ პროფესიონალიზმი სამუშაო გარემოში. პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების შესანარჩუნებლად მსგავსი პრობლემები ტაქტითა და დიპლომატიით მოვაგვაროთ. 

  1. მოქნილობა, მრავალფეროვანი მიდგომები სასწავლო საჭიროებების მიმართ

ყველა მოსწავლე ერთნაირი არ არის. თითოეული მათგანი სწავლობს და იზრდება საკუთარი უნიკალური გზით. რომ იყოთ მოქნილი, სწავლების მეთოდებისა და მიდგომის ადაპტაციის ცოდნა მასწავლებლის აუცილებელი უნარია. სწავლებისას თქვენ უნდა გესმოდეთ და გაითვალისწინოთ მოსწავლეთა კულტურული წარმოშობა, ფასეულობები, სხვა სპეციფიკური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ პროცესებზე. სწორედ მათი გათვალისწინებით ამოვიცნობთ, თუ რატომ და როგორ რეაგირებენ მოსწავლეები ამა თუ იმ საკითხზე და,  ზოგადად, როგორ ვითარდებიან ისინი.

მენტორობა არის ერთ-ერთი გზა, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს მათი ინდივიდუალური სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში. მენტორი ხელმძღვანელობს მოსწავლეებს, აძლევს საშუალებას, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, უზრუნველყოფს კონსტრუქციულ უკუკავშირს და წაახალისებს მათი კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.

თანამედროვე მასწავლებელი უნდა ფლობდეს სხვა მნიშვნელოვან უნარებსაც და ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა რამდენიმე მიმართულებით:

  • ლიდერული უნარები;
  • სასწავლო გეგმის შემუშავება;
  • პროცესების შეფასება;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • სსსმ მოსწავლეებთან მიდგომები;
  • გამოცდილება სწავლის მართვის სისტემებთან (LMS);
  • საგანმანათლებლო პროგრამები და აპები;
  • კლასის მართვის სტრატეგიებისა და დისციპლინის ტექნიკა;
  • კურიკულუმის შემუშავება.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ უნარებიდან, რომლებსაც უნდა ფლობდეს პედაგოგი. მნიშვნელოვანია გარკვეული წინარე გამოცდილებები, რომლებიც დადებითად აისახება მასწავლებლის კომპეტენტურობაზე:

  • მოხალისეობა სტუდენტ-მასწავლებლად;
  • შემცვლელი მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობა;
  • რეპეტიტორობა სკოლაში;
  • სწავლება ან მუშაობა ბავშვთა საგანმანათლებლო/რეკრეაციულ პროგრამებში, როგორებიცაა აქტივობები არდადეგებისას ან საზაფხულო ბანაკები.

არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც დამატებით უნდა გავითვალისწინოთ პედაგოგებმა: გარემო, ქალაქი, კუთხე, საზოგადოების სპეციფიკა. უნდა მივიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა ვიყოთ ადეკვატური და  ნებისმიერ სიტუაციაში ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი.

 

 

წყარო:  “10 Essential Teacher Resume Skills to Include for 2024”

https://www.prodigygame.com/main-en/blog/teacher-resume-skills/

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“