შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

განათლება და სიცილი

„სიტყვა აზრია – რით არ არის სიცილი სიტყვა,

სიტყვა, რომლითაც აზრი მეტის სიცხადით ითქვა?!“

მურმან ლებანიძე

 

სიცილი – საუკეთესო ბუნებრივი ნეიროსავარჯიშო

გიფიქრიათ, რამდენი რამის თერაპია არსებობს? წერის თერაპია, მეტყველების თერაპია, არტთერაპია და, რა თქმა უნდა, სიცილისა თერაპიაც… ასე თუ მივყვებით, ალბათ იქამდე მივალთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი თერაპიაა და თავად ცხოვრებაა თერაპია. ისმის კითხვა – ვცხოვრობთ თუ გამუდმებით თერაპიას ვიტარებთ? ამ თერაპიებს შორის როდის ვცხოვრობთ? ან ვცხოვრობთ კი საერთოდ?

მე უფრო იმ მხარეს ვარ, სადაც ყველაფერი სიცოცხლეა და არა თერაპია, თუმცა თანამედროვე ადამიანი ისეა დასტრესილი და ისე შფოთავს, ყველაფერში „წამალს“, თერაპიას ეძებს. არადა, თუ ჩვენს ბუნებრივ ინსტინქტებს მივყვებით, შეგვიძლია, ცხოვრება სიხარულად, სიცილად, ბედნიერებად ვაქციოთ და აღარ დაგვჭირდეს თერაპიების ძებნა იმისთვის, რომ განვიკურნოთ.

მოდი, დღეს სიცილზე ვისაუბროთ. დიახ, სიცილი მრავალგვარია. აი, საბა როგორ განმარტავს: „განყოფანი სიცილთანი ესე არს: ღ ი მ ი ლ ი არს სიცილი სიმშვიდით, უჴმო, ბაგეთა ოდენ შეეტყობოდეს; ს ი ც ი ლ ი არს მცირედ ჴმიანი და მდაბალი; კ ა შ კ ა შ ი არს სიცილი მაღალი და მოჴდომილი; კ ა ს კ ა ს ი არს სიცილი მაღალი და წვლილი; რ ა ხ რ ა ხ ი არს სიცილი მაღალი და უშვერი; თ ქ ა რ თ ქ ა რ ი არს სიცილი მრავალთაგან შეჴმობილი; ღ ი ნ ც ი ლ ი არს სიცილი მიწყივ უწესო; ხოლო ფ რ უ ს ტ უ ნ ი, ვის არა ენებოს სიცილის გამოჩინება და ერთს საცინელს საქმეზედ წარსცინოს და მალიად დაიდუმოს.“[1]

ჩამოთვლილთაგან ჩვენ გულიანი, პოზიტიური სიცილის ძალა გვაინტერესებს. მეცნიერებისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ სიცილი ზემოქმედებს ჩვენს ტვინზე, აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. აი, რა ხდება, როცა ვიცინით:

* გამოიყოფა დოფამინი, რომელიც ასოცირდება სიამოვნებასთან და შეუძლია პოზიტიური ქცევების სტიმულირება;

* მცირდება სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, დონე;

* უმჯობესდება მეხსიერება და დასწავლის უნარი;

* სიცილთან დაკავშირებული პოზიტიური ემოციების გავლენით ადვილად გადაიჭრება პრობლემები და იძებნება გამოსავალი;

* სიცილი უნივერსალური ენაა; სიცილი გადამდებია, ამიტომ ის აძლიერებს სოციალურ კავშირებს;

* სიცილი ასტიმულირებს ენდორფინების გამომუშავებას, აძლიერებს იმუნიტეტს, სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში, აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას;

* სიცილის დროს მუშაობს 300 კუნთი;

* ხშირი სიცილით ტვინს შეუძლია შექმნას ახალი ნეირონული კავშირები და მოახდინოს საკუთარი თავის რეორგანიზაცია. რადგან ის ნეიროპლასტიკურია.

 

განათლება და სიცილი

ნახეთ, რამდენ რამეს აკეთებს სიცილი. ჩვენ კი მას ხშირად არასერიოზულად აღვიქვამთ; ადამიანზე, რომელიც ხშირად იცინის, ვამბობთ, რომ „ვერ არის“, გიჟია“, „შექანებულია“ – აი, ასეთი ეპითეტებით ვამკობთ. მაგალითად, წარმოვიდგინოთ ორი პროფესორი ან მასწავლებელი, რომლებიც ერთსა და იმავე მოხსენებას კითხულობენ, ოღონდ ერთი სერიოზული სახით, ხოლო მეორე – ღიმილით. როგორ ფიქრობთ, მსმენელები რომელს უფრო სერიოზულად აღიქვამენ? რა თქმა უნდა, იმას, რომელსაც შუბლი შეჭმუხნილი აქვს – აბა, ვის გაუგონია მოცინარი პროფესორი ან მასწავლებელი? „მკაცრი და სამართლიანი“ მასწავლებლის ხატიც ჩვენი კულტურის „ოქროს ფონდია“. ცოდნა – სიმძიმეა თუ სიმსუბუქე? ფრთებს გვასხამს თუ გვამძიმებს, სილაღით გვავსებს თუ ჭმუნვით? „ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს იცინის?“ – და თავში და ბოლოშიც რომ ვიცინოთ? კულტურამ განგვისაზღვრა სტერეოტიპები: სიცილს ტირილი მოჰყვებაო… იმას არ ვგულისხმობ, რომ სულ უნდა ვიცინოთ, მაგრამ ასაკთან ერთად რომ ნაკლებს ვიცინით, ფაქტია.

რამდენად ბუნებრივები და სპონტანურები არიან ბავშვები, როცა უშუალოდ გამოხატავენ ემოციებს? მათ შეუძლიათ, ცრემლით სავსე თვალები უცებ სიხარულით და ღიმილით გააცისკროვნონ, როცა ზრდასრულ ადამიანს ამისთვის საკმაო დრო დასჭირდებოდა. ამიტომ ამბობდა ქრისტე: იყავით ვითარცა ყრმანი, – არა ასაკით, არამედ გულის მდგომარეობით. თუ არ იქნებით ასევე მდაბალნი და გულით უბრალონი, ღვთის ნებისდამი ისევე უანგაროდ მინდობილნი, როგორც ბავშვები, მაშინ არა მარტო ვერ დაიკავებთ უმაღლეს ადგილს, არამედ საერთოდ ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში (მათე 18, 1-9).

სიცილის შესახებ მეცნიერებაც არსებობს და მას ჰელოტოლოგია (ბერძ. “ჰელოტოს” სიცილი, “ლოგია” მეცნიერება) – ჰქვია. ეს მეცნიერება მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ჩაისახა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო მის ფუძემდებლად ნორმან კანზინსი მიიჩნევა. ტკივილით გატანჯულ კანზისზე ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს და უარი თქვეს მკურნალობაზე, რადგან მედიცინა უძლური აღმოჩნდა მის დიაგნოზთან. ამის შემდეგ კანზინსი ოთახში ჩაიკეტა, განუწყვეტლივ უყურებდა კომედიებს და იცინოდა. ერთი კვირის შემდეგ მას ტკივილები გაუქრა, ერთი თვის შემდეგ სიარული დაიწყო, ორი თვის შემდეგ კი სამსახურს დაუბრუნდა. ამის შემდეგ ამერიკასა და ევროპაში დაიწყო კვლევები ადამიანის ჯანმრთელობაზე სიცილის გავლენის შესახებ.

2002 წელს გამოვიდა სტენფორდის უნივერსიტეტის განათლების პროფესორის, ნელ ნოდინგსის ძალიან საინტერესო წიგნი „Happiness and Education“[2]. მისი აზრით, „ბედნიერება და განათლება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ბედნიერება უნდა იყოს განათლების მიზანი, ხოლო კარგ განათლებას მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეჰქონდეს პიროვნულ და კოლექტიურ ბედნიერებაში… განა გონივრული არ იქნება, რომ პრიორიტეტი სკოლაში სიცილსა და ბედნიერებისკენ სწრაფვას მიენიჭოს?“ – წერს ნელი ნოდინგსი.

როდესაც მშობლებს ეკითხებიან, რა სურთ შვილებისთვის, ისინი, ჩვეულებრივ, პასუხობენ, რომ სურთ, მათი შვილები ბედნიერები იყვნენ. მაშ, რატომ არ არის ბედნიერება განათლების მიზანი? ეს წიგნი იკვლევს იმას, რისი სწავლებაც შეგვიძლია, თუ სერიოზულად მივიჩნევთ ბედნიერებას განათლების მიზნად. ის სვამს კითხვას, პირველ რიგში, რას ნიშნავს იყო ბედნიერი და მეორე, როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ამის გაგებაში. ავტორი იკვლევს, როგორ უნდა იქცეს სკოლები და საკლასო ოთახები მხიარულ ადგილებად.

განათლებისადმი ამგვარი დამოკიდებულება პროგრესული ადამიანების იდეაა, ამიტომ საუკეთესო განათლების ექსპერტების აზრი ერთმანეთს ემთხვევა. სერ კენ რობინსონიც სწორედ ასეთ იდეებს ავითარებს.

სიცილი ამ შემთხვევაში მეტაფორა და უბრალოდ მეთოდია, რომელსაც მსმენელები გადაჰყავს სხვა, შემოქმედებით სიხშირეზე, რომელზეც განათლების მიღება და სიცოცხლე ბედნიერებაა.

სამეცნიერო კვლევა, რომელიც წარადგინა კალიფორნიის (სან დიეგოს) უნივერსიტეტის პროფესორმა ლომა ლინდამ 2014 წელს ექსპერიმენტული ბიოლოგიის კონფერენციაზე, ადასტურებს, რომ გულიანი სიცილის დროს ჩვენი თავის ტვინის სიხშირეები იცვლება და გადადის გამა სიხშირეზე, რაც ერთგვარი მედიტაციის მდგომარეობაა.

დავუბრუნდეთ ჩვენს კლასებს და აუდიტორიებს და ჩვენი მსმენელები დავაფიქროთ იმაზე, რაზეც, აქამდე შესაძლოა, კითხვაც არ დაგვისვამს.

ჰკითხეთ თქვენს მოსწავლეებს/სტუდენტებს:

  • რაზე იცინიან და როგორ ხვდებიან, რა არის სასაცილო?
  • რატომ არის, რომ ამბავზე, რომელიც ერთ კულტურაში სასაცილოა, სხვა კულტურაში არ ეცინებათ?
  • არსებობს თუ არა სასაცილო ისტორიების მოყოლის „სახელმძღვანელო“?

დაბოლოს: მაინც რაზე შეიძლება ვიცინოთ? თუ ჩვენ ტვინის გამა სიხშირეზე გადავალთ, მაშინ უკვე ყველაფერზე შეგვიძლია სიცილი… დიახ, დიახ, თითის აწევაზეც!

ჯონათან სვიფტის აზრით: „რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სასაცილო, ვიდრე ქუჩებში მოძრავი მანქანის დანახვა?“

[1]http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=40535

[2]https://www.amazon.com/Happiness-Education-Nel-Noddings/dp/0521614724

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი