შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

რა არის საშინაო დავალების მიზანი?

 

„სწავლაში ძირითდი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს,

რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის

მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ

განსაზღვრული მიმართულებით

მოსწავლის ძალების განვითარებას”.

 

დიმიტრი უზნაძე

 

იშვიათად მაგრამ მაინც მიწევს, ჩემი შვილების საშინაო დავალებებში გარკვევა, მათთვის დახმარების გაწევა და ორიენტირების დასახვა. ვხედავ, როგორი ინტერესით ან როგორი მოწყენით ასრულებენ ზოგიერთ დავალებას და ზოგჯერ, როგორი აღშფოთებული არიან, იმის გამო, რომ ვერანაირ კავშირს ვერ ხედავენ სამეცადინოსა და მის პრაქტიკულ დანიშნულებას შორის.

ვფიქრობ, მოსწავლეში საშინაო დავალება არ უნდა იწვევდეს დეზორიენტირებას, არ უნდა იყოს მოსაწყენი საქმიანობა და მოსწავლე სიხარულით უნდა ასრულებდეს მას. საშინაო დავალების მიზანი უნდა იყოს მოსწავლის შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა. სწავლების საწყისი ეტაპი არ უნდა წარმოადგენდეს დაუძლეველ გზას, რომელსაც მოსწავლე ვერ გაუმკლავდება, მოიწყენს და გზაში მიატოვებს. პირიქით, დავალება იმგვარად უნდა იყოს მოწოდებული, მოსწავლეს უჩნდებოდეს მოტივაცია. ძიების, დაბრკოლებების გადალახვისა და საკუთარ თავში ახალი უნარებისა და ცოდნის გამომუშავების სურვილი.

ხშირად კი, როგორია საშინაო დავალება, რომელიც მოსწავლის გონებრივი შრომის საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს? მოსწავლეებს ისეთი დავალებები ეძლევათ, საფუძველშივე ეკარგებათ ხალისი და ინტერესი. ასეთი დავალებებია – უზარმაზარი პოემები, ლექსები, რომელთა დაზუთხვა მათ ძალებს აღემატება, მათი ასაკისთვის შეუფერებელია, მათ იმაზე მეტ დროს ართმევს, ვიდრე საშინაო დავალებამ უნდა წაართვას. მათ სხვა დავალებებიც აქვთ შესასრულებელი და მათი ყოველდღიური შრომის ლიმიტი არ არის ამოუწურავი საბადო, საიდანაც მუდმივად შეიძლება ის იღებდეს ენერგიას. ჩნდება მოწყენა, მობეზრება, ინტერესის დაკარგვა და გაღიზიანება. ამ დროს მოსწავლე იმის ნაცვლად, რომ ჩაუღრმავდეს ნაწარმოების შინაარს, გაიაზროს მისი მხატვრული თავისებურებები/ღირებულებები და კავშირი დაამყაროს ნაწარმოებში აღწერილ რეალობასთან, ფიქრობს მხოლოდ იმაზე, როგორ დაისწავლოს ლექსი/პოემა იმგვარად, რომ მეორე დღეს გაკვეთილზე სხაპასხუპით და შეუცდომლად წაიკითხოს.

„რატომ უნდა ვისწავლო ეს ტექსტი ზეპირად, როდესაც სხვა რაღაცებიც მაქვს სამეცადინო? სხვა გაკვეთილებისთვის დრო საერთოდ აღარ მრჩება. ყველაფერი ვიცი, რაც ამ ლექსში წერია, ყველაფერი კარგად გავიგე, ვიცი შინაარსი, ამბავი, რაც ხდება და რატომ დაიწერა. ბიჭები ამ ლექსის გამო სკოლაში მოსვლას არ აპირებენ, იმიტომ, რომ ძაან დიდია და ვერ ისწავლიან. წინასწარ იცოდე, თუ ორიანს დამიწერს, ეს იმიტომ, რომ ამხელა პოემას არ ვისწავლი ზეპირად“, – სამართლიანი გაღიზიანების კასკადს ვისმენ და ვხვდები, რომ ნამდვილად არასწორია ის მიდგომები, რომლითაც ვცდილობთ მოსწავლეებს, რომელთაც უკვე აქვთ გააზრებული სწავლის პრაქტიკული დანიშნულება, ზედმეტად ბევრი და ზოგჯერ მათთვის მართლა აუტანლად დიდი რაოდენობის ინფორმაცია ჩავუტვირთოთ გონებაში.

ბოლოს მაინც ერთად წავიკითხეთ ტექსტი, ვიმსჯელეთ იქ გადმოცემულ ამბავზე, მოგვეწონა ახალი და მშვენიერი სიტყვები და ვეცადეთ დაგვემახსოვრებინა, თუმცა იმაზეც დავთანხმდი, რომ პოემას ზეპირად ვერ ისწავლიდა და თუ საჭირო იქნებოდა, მასწავლებელს შინაარსს მოუყვებოდა. მთავარია, შინაარსთან და კონტექსტთან წვდომა, როგორ გავიგეთ ტექსტი შინაარსობრივად, აზრობრივად და ემოციურად.

რა უნდა იყოს საშინაო დავალების მიზანი? რისკენ უნდა განაწყობდეს ის მოსწავლეს? პირველ რიგში მიზანი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის გონებრივი რესურსების მობილიზაცია, მოტივაციის აღმძვრელი და საინტერესო პროექტი, რომელსაც სიამოვნებით დაუთმობენ დროს და გონებრივ რესურსებსაც ჩართავენ ამ პროექტის განხორციელებაში, ისიამოვნებენ პროცესით და ცოდნასაც აიმაღლებენ.

ხშირად ვსვამთ კითხვას – რა არის თანამედროვე განათლების სისტემის საბოლოო მიზანი? როგორი უნდა იყოს განათლება, რომელიც მოსწავლეებისთვის, ჩვენი შვილებისთვის საჭიროა, რომელიც მათში ცოდნის მიმართ ინტერესს და მისი დაუფლების სურვილს აღძრავს? ვხედავთ, როგორი მოქნილი არიან ბავშვები თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში და ამ დინამიკურ პროცესს ჩვენზე მეტადაც უწყობენ ფეხს. მათთვის ის უნარები, რომლებიც თანამედროვე სამყაროს მოქალაქეს დასჭირდება, საბაზისო უნარებია, რომლებსაც თამაშ-თამაშით ეუფლებიან. ასეთ აქტიურ, ცნობისმოყვარე მოსწავლეს ისეთი დავალება სჭირდება, რომელიც კიდევ უფრო დააინტერესებს მას შემეცნების დიდ გზაზე.

„იმის ცოდნა, რას ფიქრობდნენ არისტოტელე, მეფე სოლომონი და თომა აქვინელი პოლიტიკაზე, ხელოვნებასა და ეკონომიკაზე, კარგია, თუმცა, რადგან აზრისა და ძალაუფლების უმთავრესი წყარო თავად ჩვენშია, მთავარი ისაა, ამ საკითხებზე პირადად ჩვენ რას ფიქრობთ. ბაღის აღმზრდელი, სკოლის მასწავლებელი თუ უნივერსიტეტის ლექტორი ერთნაირად გიპასუხებენ კითხვაზე, რა არის მათი მიზანი.

„მე ბავშვებს ისტორიას, კვანტურ ფიზიკას ან ხელოვნებას ვასწავლი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ვცდილობ, ყველა მათგანი დამოუკიდებლად აზროვნებას მივაჩვიო“, – ამოვიკითხე ისრაელელ ფილოსოფოსთან იუვალ ნოახ ჰარარისთან, რომელიც საკუთარ ნაშრომებში ხშირად მსჯელობს განათლების მიზნებსა და შესაძლებლობებზე.

თანამედროვე მოსწავლე პრაქტიკულია ცოდნის მიღებასთან მიმართებაში. პრაქტიკულია იმ გზების მოსინჯვის მიმართაც, რომელმაც ის ახალ სამყაროში უნდა ატაროს და შესაძლებლობებით აღჭურვოს. ის პრაქტიკულია მაშინაც, როდესაც შეუძლია, გამოარჩიოს თავისთვის სასურველი ცოდნა სხვა ცოდნების ერთობლიობისგან და გადაწყვიტოს, როგორ იშრომოს და რამდენი დრო დახარჯოს ამ ცოდნის დასაუფლებლად. საინტერესოა, რას ვფიქრობთ ჩვენ, როდესაც მათ რაიმე ახალს და საინტერესოს ვასწავლით? რა არის ჩვენი სწავლების საბოლოო მიზანი?

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი