ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

 პრობლემაზე დაფუძნებული  სწავლების მაგალითები  გეოგრაფიის გაკვეთილზე            

გეოგრაფიის სწავლების თავისებურება ის გახლავთ, რომ იგი  მრავალი ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთზე მოქმედი ფაქტორის კომპლექსს წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ  ეს ფაქტორები  მეცნიერების სხვადასხვა დარგს მიეკუთვნება, რაც მასალას განსაკუთრებულ მიმზიდველობას  ანიჭებს  და სასწავლო პროცესს კი უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.

პრობლემაზე  დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული,  ანუ აქტიური სწავლების ხერხია და იგი წარმატებით გამოიყენება გეოგრაფიის სწავლებისას. მას  სამი ძირითადი ასპექტი ახასიათებს:  სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს;  მოსწავლეები მცირე ჯგუფებში მუშაობენ და მასწავლებელი არის ,,ფასილიტატორის“ როლში, რის შედეგადაც მოსწავლე საკუთარ სწავლაზე  მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას იღებს.  თავად პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ოთხი ეტაპისგან შედგება: 1. პრობლემური სიტუაციის შექმნა და პრობლემის  წარდგენა (პრობლემის იდენტიფიცირება); 2. ჰიპოთეზის გამოთქმა; 3. გადაწყვეტის გზების ძიება და ჰიპოთეზის დამტკიცება; 4. პრობლემის გადაწყვეტა.

სწავლების ამ სტრატეგიის გამოყენებისას მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიპოვებენ ინფორმაციას  სხვადასხვა წყაროებიდან განსახილველი საკითხის შესახებ და მაქსიმალურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში. დასმული პრობლემა მათ  უბიძგებს, მოიძიონ და შეიძინონ ახალი ცოდნა, ერთადერთი სწორი პასუხის ძებნისას მოახდინონ დასმული პრობლემის ინტერპრეტირება, მოაგროვონ საჭირო ინფორმაცია, ააგონ მოდელი, გამოთქვან ვარაუდი, შეაფასონ და შეადარონ შესაძლო შედეგები და გააკეთონ დასკვნები.

პრობლემა არსებობს მაშინ, როცა მოსწავლე ავლენს  დაინტერესებას, ცნობისმოყვარეობას და არ იცის, როგორ გადაჭრას რაიმე საკითხი. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას ახალი მასალის შესწავლა და შემდგომ მისი განმტკიცება დაფუძნებულია მოსწავლეების წინარე ცოდნაზე და მისი გამოყენების უნარ-ჩვევებზე.  მოსწავლეებს ეძლევათ რაიმე  კონკრეტული პრობლემა, რომელიც მათ დამოუკიდებლად  უნდა გადაწყვიტონ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, მაგრამ უკვე  ახალ სიტუაციაში  და იპოვონ მისი გადაწყვეტის გზები და საშუალებები.

პრობლემაზე დაფუძნებული  სწავლებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე პირობა: ა) პრობლემური სიტუაცია მოსწავლეთათვის გასაგები უნდა იყოს. თუ მოსწავლეები ვერ იგებენ ამოცანის არსს, მასზე შემდგომი მუშაობა უნაყოფოა. ბ) მეორე მოთხოვნაა – წამოჭრილი პრობლემის დაძლევა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა შეძლონ პრობლემის გადაჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ამოცანაზე მუშაობისას ბევრი დრო დაიხარჯება, გაუგებარი იქნება და ასეთი  სწავლება აზრს დაკარგავს. გ) პრობლემის ფორმულირებამ და შინაარსმა მოსწავლეები უნდა დააინტერესოს. ასევე არც თუ უმნიშვნელო როლს ასრულებს პრობლემის ავთენტურობა და  რეალურობა.

სასწავლო პროცესში პრობლემა შეიძლება წარმოდგენილი იყოს პრობლემური კითხვის ფორმით ან დავალებით.  თუმცა ორივეს აქვს საერთო: მათ შინაარსში ჩადებულია პრობლემური სიტუაციის წარმოქმნის პოტენციური  შესაძლებლობა, რომელიც მათი ამოხსნის  თუ შესრულების პროცესში  წარმოიქმნება. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც მას უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რაც აქვს. ამიტომ ამ პროცესში იგი აქტიურია, ეძებს საჭირო ინფორმაციას –  წიგნებს, გამოკვლევებს, ელექტრონულ ინფორმაციას და ახალი ცოდნით უბრუნდება პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას.

პრობლემური სიტუაციის განხილვამდე  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით შესაძლებელია მათ რაიმე სახალისო დავალება შევთავაზოთ. მაგალითად;  მე-7 კლასში თემის „დედამიწის შინაგანი აგებულების“  შესწავლისას შესაძლებელია ასეთი დავალების მიცემა: დედამიწის ქერქისა და ლითოსფეროს ფილების  შესახებ თქვენი წინარე ცოდნის საფუძველზე გამოთქვით თეორია ლითოსფეროს ფილების მოძრაობის შესახებ. თქვენი თეორია დასაბუთებული უნდა იყოს  და  მის მართებულობას უნდა ჰქონდეს მტკიცებულება.

გეოგრაფიის სწავლებისას გამოიყენება რამდენიმე სახის პრობლემური ან შემოქმედებითი დავალება. მოსწავლეებისთვის  ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკური გეოგრაფიის კურსიდან  ცნობილია, რომ მზის სითბოს რაოდენობა დამოკიდებულია  განედზე: რაც უფრო დაბლაა განედი, მით მეტია სითბო და პირიქით. მაგრამ აფრიკის კონტინენტის შესწავლისას  მოსწავლეები იგებენ, რომ ტროპიკულ სარტყელში  ზაფხულის ტემპერატურა უფრო მაღალია (+32 გრადუსი), ვიდრე ეკვატორულში  +24 გრადუსი). ეს ფაქტი ეწინააღმდეგება მათ მიერ შესწავლილ კანონზომიერებას და,  შეიძლება ითქვას, პრობლემური შინაარსის დავალების საფუძველი ხდება. პრობლემური შინაარსის დავალება კი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ატლასის  ან თემატური რუკების გამოყენებით შეადარეთ  აფრიკის ტროპიკული და ეკვატორული სარტყლების  ზაფხულისა და ზამთრის ტემპერატურები. იმსჯელეთ, რატომაა  ტროპიკულ სარტყელში ივლისის ტემპერატურა უფრო მაღალი? (პასუხი: ზაფხულში სუბეკვატორულ სარტყელში ეკვატორული ჰაერის მასებია გაბატონებული, რომელსაც დიდი რაოდენობით ნალექი მოაქვს. ტროპიკულ კლიმატურ სარტყელში მთელი წელი მშრალი ტროპიკული ჰაერის მასები ბატონობს. რადგანაც სითბოს დიდი რაოდენობა აორთქლებაზე იხარჯება, ამიტომ ეკვატორულ სარტყელში, სადაც ზაფხულში ტენიანობა ძალიან მაღალია, ზაფხულის საშუალო ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ტროპიკულ სარტყელში).

გეოგრაფიული გარსის მთლიანობისა და გეოგრაფიული კანონზომიერებების შესახებ  პრობლემური ხასიათის დავალების მაგალითი შეიძლება შეეხებოდეს დედამიწის კლიმატის ცვლილებას ან მარად მზრალობას. მოსწავლეებმა ამ მოვლენების შესახებ უნდა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, რომლებსაც საფუძვლად მათი მეცნიერულ-პრაქტიკული მნიშვნელობა უნდა დაუდონ.

გთავაზობთ პრობლემაზე ორიენტირებული დავალებების ნიმუშებს:

ადრე  დედამიწას  იმიტომ სწავლობდნენ, რომ მისი აღწერილობა  მოგზაურობისა და ვაჭრობის დროს გამოეყენებინათ.  ახლა რა მიზნით მიმდინარეობს დედამიწის შესწავლა?

რატომ მოდის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ნამიბის უდაბნოში უფრო მცირე ნალექი, ვიდრე საჰარის ყველაზე მშრალ რაიონებში?

მდინარეების  რა თავისებურებაა დამოკიდებული დედამიწის რელიეფსა და კლიმატზე?

რა დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობას?

რა როლი შეასრულა დიდი აბრეშუმის გზამ  საქართველოს ეკონომიკაში?

განიხილეთ და დაახასიათეთ მსოფლიოში არსებული დემოგრაფიული სიტუაცია. რა ტენდენციების გამოვლინებას აქვს ადგილი?

რატომაა ტუნდრის ზონაში  წყლის საკმაოდ დიდი რაოდენობა, თუ ნალექების წლიური რაოდენობა 300 მმ-ზე ნაკლებია ანუ უფრო ნაკლები,  ვიდრე, მაგალითად, კასპიისპირა  უდაბნოებში?

სტეპებში ხე-მცენარეულობის არარსებობა არასაკმარისი ტენიანობით  აიხსენება.  მაშინ რატომ  არ არის ტუნდრაში გავრცელებული ხე-მცენარეულობა, რომელიც პირიქით გადაჭარბებული ტენიანობით  გამოირჩევა.

გოლფსტრიმის დინების ტემპერატურა +4 გრადუსია  და  იგი, როგორც  თბილი დინება ისეა ცნობილი, მაშინ, როცა კანარის დინების ტემპერატურა +22  გრადუსია და მას ცივ დინებას უწოდებენ.  როგორ ფიქრობთ, რატომ?

1800 წელს 1 ტონა თუჯის გამოსადნობად 2.5 ტონა კოქსი და 4 ტონა კოქსვადი ნახშირი იყო საჭირო. კოქსის ხარისხის გაუმჯობესებამ და გამოდნობის პროცესის სრულყოფამ 0,7-0,8 ტონით შეამცირა კოქსის წილის ხარჯი. ახსენით, როგორ აისახა ეს მოვლენა მეტალურგიული ქარხნების განლაგებაზე?

ცნობილია, რომ მეტალურგიული  საწარმოები გარემოს ძლიერი დამაბინძურებელია. შავი მეტალურგიის  ქარხნები ატმოსფეროში 15%-მდე, ხოლო ფერადი მეტალურგიის საწარმოები  22%-მდე  მავნე ნივთიერებებს გამოაფრქვევს. რატომ ითვლება მოცემული კომპლექსის საწარმოების ნაწილი ეკოლოგიურად სუფთად? რაზე არიან ისინი სპეციალიზებული?

ავსტრალიაში ფართოდაა გავრცელებული  და ძალიან  განვითარებულია მეცხვარეობა, მაგრამ  კლიმატოლოგიურ ცოდნაზე  და ავსტრალიის ბუნებრივი ზონების რუკების ანალიზზე დაყრდნობით  ჩვენ ვსაუბრობთ კონტინენტის სიმშრალეზე,  დამშრალი მდინარეების (კრიკების)  ქსელსა და მტკნარი წყლის დეფიციტზე. მაშინ როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ პირობებში კონტინენტს  ლიდერის პოზიცია უკავია სოფლის მეურნეობის ამ დარგში? (პასუხი: მოსწავლეებს ინფორმაციის ანალიზისა და წინარე ცოდნის გააქტიურების საფუძველზე შეუძლიათ გამოიტანონ დასკვნა, რომ ცხვრები  იმ გამხმარი ბალახით იკვებებიან  და იმ მარილიან წყალს  სვამენ, რომელიც ავსტრალიაში საკმარისადაა).

გეოგრაფია  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანია სასკოლო პროგრამაში,  მისი სწავლების ეფექტურობა მისაღწევია იმ შემთხვევაში, თუ  სასწავლო პროცესი  მიმართული იქნება მოსწავლეთა აზროვნების განვითარებაზე, მათი შემეცნებითი დამოუკიდებლობის ფორმირებაზე, მათ შორის  პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სტრატეგიის გამოყენებით.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი