შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პროფესიული განვითარების სქემა და მასწავლებლი

განათლების სისტემის ოპტიმიზაციაზე საუბრისას მასწავლებლის კომპეტენციის საკითხი ცხენის ძუით დაკიდებული დამოკლეს მახვილივით მუდამ ჰაერში ტრიალებს და მოსვენებას გვიკარგავს ყველას: მასწავლებლებს, მშობლებს და მათაც კი, ვისაც მასწავლებლებთან უკვე აღარ აქვს ურთიერთობა – თუ ქვეყნის ბედი აღელვებს ადამიანს, ისიც აინტერესებს, მასწავლებელთა 62–ათასიანი კორპუსი რამდენად კომპეტენტურად უძღვება ქვეყანაში სწავლა-განათლების საქმეს. თუ დამოკლე დიონისიოსს შენატროდა და მონარქობაში ეგულებოდა ბედნიერება, სირაკუზელმა ტირანმა ხატოვნად აუხსნა, რომ მეფე მუდმივად განსაცდელის მოლოდინშია და მას არაადამიანური ნებისყოფა თუ გადაარჩენს. მასწავლებლის თავზეც დამოკლეს მახვილი კიდია მუდამ. ალბათ არც ერთ პროფესიას არ ახლავს იმდენი ექსტრემალიზმი, რამდენიც მასწავლებლობას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თბილისური საჯარო სკოლის მრავალრიცხოვან კლასებთან გიწევს ურთიერთობა და ათეულობით, ზოგჯერ კი ასეულობით ბავშვის სწავლება, მათი ადამიანური პრობლემების მოგვარება, შეფასება, განვითარებაზე ზრუნვა და შედეგების დადება გევალება.

ზოგჯერ მეჩვენება, რომ რაღაც არარეალურს ელიან ჩვენგან უფალი, სამშობლო, განათლების სამინისტრო, სკოლის დირექცია, მშობელი და ბავშვი. ხშირად გვითქვამს, რომ არც ერთი პროფესია არ აკისრებს კაცს იმხელა მორალურ ტვირთს, რამდენის ზიდვაც მასწავლებელს უწევს. არც ერთი პროფესიის ადამიანს არ შემოჰყურებს ყოველდღიურად ათობით ანთებული და მომლოდინე თვალი, და თუ რაღაც ახალი არ გამოიგონე მათ წინაშე, რაღაც განსაკუთრებული სიყვარულის ფლუიდები თუ არ მიაშუქე, დამარცხებული გლადიატორივით შენს სისხლს ითხოვს ყველა…

ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს შორის მასწავლებლის კომპეტენცია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ვისაც არ ეზარება, ყველა მასწავლებლის უვიცობაზე, აგრესიაზე, არაადეკვატურობაზე ქილიკობს, რამაც ამ პროფესიის ადამიანების რეპუტაცია საგრძნობლად დააზარალა და ეს უფრო მეტად უშლის ხელს სწავლების ისედაც ურთულეს პროცესს. თუ ბავშვები პატივს არ გვცემენ, თუ მათთვის ავტორიტეტები არ ვართ, არც გვისმენენ, არც გვაფასებენ, არც სწავლობენ.

გაუგონარი უსამართლობაა, დაბალი კვალიფიკაციის პრობლემა მარტო მასწავლებლის პროფესიაში დავინახოთ. ხშირად გვესმის მოთქმა-გოდება, რომ გაუნათლებელი ჟურნალისტები გვყავს, რომ ცუდი ეკონომისტების ხელში ქვეყანა ეკონომიკურად ვერ ვითარდება, რომ უვიცი ექიმები ცხოვრებას გვიმწარებენ, რომ ადვოკატები უმეტესად თაღლითები არიან, მაგრამ ყველაზე მეტი არგნის სიმწარე მაინც მასწავლებლებს გვერგო. სხვებს თუ ერგასი არგანი ჰკრეს, ჩვენ – ასერგასი. რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანნი ვართ, იმიტომ, რომ ყველას ყოველდღიური შეხება აქვს ჩვენთან და იმიტომ, რომ ყველაზე გამჭვირვალეა მასწავლებლის საქმიანობა…

სკოლამ ერთი რამ მასწავლა: როცა არსებობს პრობლემა, მის გარშემო თავმოყრილ ადამიანთა შორის ყველაა სირთულეების აქტორი და თუ კოლექტივის წევრები ვერ გაიაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და სხვებს გადააბრალებენ ხელის  მოცარვას, ვითარების გამოსწორება გამორიცხულია. მწარედ ცდება, ვინც გაზვიადებით ცდილობს მასწავლებელთა კორპუსის დისკრედიტაციას. საზოგადოებრივი ჯგუფებიც კი არსებობს, რომლებიც ამ პროფესიის ხალხის კომპრომეტაციას ეწევიან, რის გამოც იზრდება მასწავლებლისადმი მშობლებისა და ბავშვების აგრესია. სახელმწიფო აპარატიც არცთუ ლოიალურია. მწარედ ცდებიან მასწავლებლებიც, როცა ვერ გაიაზრებენ, რას მოითხოვს მათგან საზოგადოება და რა უნდა შეაგებონ თავიანთ „დამოკლეს მახვილებს“. ერთადერთი, ვინც ყოველთვის მართალია, მოსწავლეა და ყველაზე მეტად სწორედ ის, ქვეყნის მომავალი, ზარალდება ამ ბრუტალურ მარათონში.

დავიწყოთ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია? ამაზე სულ ვსაუბრობთ, მაგრამ სულ გვეშინია… გურამიშვილისა არ იყოს, „ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მასზე გვერცხვინება“. მაგრამ ისევ გურამიშვილს თუ დავესესხებით, „ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების“. ვგონებ, უნდა დავიწყოთ იმაზე საუბარი, რა გზები არსებობს კადრების ოპტიმიზაციისთვის, როგორ მოვიზიდოთ ახალგაზრდები პროფესიაში, რა პრივილეგიები მიენიჭოთ მასწავლებლობის მაძიებლებს, სახელდობრ რით გამოიხატება მასწავლებელთა პრობლემები. უნდა დაიწყოს ამ პრობლემათა კომპლექსური ანალიზი. ამასწინათ ერთმა მოსწავლემ თავის სკოლაზე მკვეთრად ნეგატიური ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, რასაც მასწავლებლების სასტიკი აღშფოთება მოჰყვა. არ ვიცი, ცდებოდა და აჭარბებდა თუ არა ის ახალგაზრდა, მაგრამ რეაქცია მისი გმობა და გაკილვა კი არა, ამ პრობლემების გააზრება უნდა იყოს. ცამოწმენდილზე მოსწავლე ასეთ კრიტიკულ წერილს ვერ დაწერს. ფაქტია, პრობლემების მთელი სპექტრი გვიწამლავს რეალობას. ვიმსახურებთ ამდენ გვემას მასწავლებლები? ამასწინათ მასწავლებელთა შორის საუკეთესოზე საუკეთესო პიროვნებამ და სპეციალისტმა მითხრა: ხშირად, როცა საქმე მუნდირის ღირსების დაცვას შეეხება, ხმას ვერ ვიღებ, მასწავლებლის იმდენად არაკორექტული, არაადეკვატური და არაჰუმანური მოპყრობის ამბებს ვიგებო. ამავე საუკეთესო მასწავლებელმა თქვა, რომ ვინაიდან მას უწევს დაუსრულებელი ბრძოლა ოჯახის გადასარჩენად და მისი ხელფასი არ შეესაბამება თანამედროვეობის მოთხოვნებს, ბევრ დამატებით სამუშაოს იღებს, რაც ფიტავს და ძალებს ართმევს, რომ ყოველდღიურად დაგეგმოს მრავალფეროვანი გაკვეთილები, რომ უმრავლეს შემთხვევაში უწევს, იმპროვიზაციაზე ააგოს გაკვეთილი, მიენდოს საკუთარ გამოცდილებას, ინტუიციას და ფორტუნას, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ მის მუშაობას უმაღლეს შეფასებას აძლევს ყველა, თავად უკმაყოფილოა, ძალიან თვითკრიტიკულია და გამუდმებით სინდისის ქენჯნა აწამებს. მისი აზრით, უნდა მიდიოდეს სკოლიდან, მაგრამ გარემოებების მძევალია. ამ მდგომარეობაშია მასწავლებელთა არცთუ მცირე ნაწილი.

მასწავლებელთა პრობლემებიდან ყველაზე თვალში საცემია: ცოდნის სიმწირე, უარი განვითარებაზე, არამოტივირებულობა, აგრესიულობა, არაკომპეტენტურობა შეფასებისას, სწორხაზოვნება, არაკეთილგანწყობა, არაკოლეგიალურობა, – რასაც ერთვის სისტემის გაუაზრებელი ინოვაციები, რომლებიც შედეგზე ორიენტირებული არ არის და ხშირად განიცდის იმგვარ მოდიფიკაციას, რომ ბოლოს, დასახიჩრებული, თავადვე აშთობს საკუთარ თავს. მასწავლებლისთვის გაუგებარია მისდამი წაყენებული მოთხოვნები. ერთ მაგალითს მოვიყვან: დაგვევალა ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ქაღალდის ჟურნალს ჩვეულებრივ ვაწარმოებთ, იქიდან კი ყველა მონაცემი ელექტრონულად უნდა შეიყვანო. შინ მუშაობის შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან სპეციალური პროგრამა მხოლოდ სკოლის პერიმეტრზეა ხელმისაწვდომი. საკლასო ოთახებში კომპიუტერები არ გვაქვს. სკოლის კომპიუტერებთან რიგებია. ხან ტექნიკური შეფერხებაა, შესაძლოა, ინტერნეტი ან ელექტროენერგიაც გაითიშოს. ამ ჟურნალზე ხელი არ მიუწვდება არც მოსწავლეს, არც მშობელს, მას არ ამოწმებს არც დირექცია, არც სამინისტრო. ან რა მიზნით უნდა შეამოწმოს? მასწავლებელი მაინც ქაღალდის ჟურნალში აკეთებს შეფასება-შეჯამებებს. მაშ, რა ფუნქცია აქვს ამ ჟურნალს? ვისთვისაა? რისთვისაა? მშობლებს მაინც რომ ეგზავნებოდეს, კიდევ ჰო… მასწავლებელს ყოველ კვირა ავალებენ ახალ-ახალი დოკუმენტების შექმნას, რომლებიც ხშირად მკვდრადშობილი და შეუსრულებელი რჩება, მასწავლებლის მთელი ენერგია კი მის პორტფოლიოში უმიზნოდ და უშედეგოდ ჩასაყრელი დოკუმენტების შექმნას უნდება.

რით დაიწყო ფინეთმა თავისი წარმატებული რეფორმა? მასწავლებლის ხელფასის მომატებით, რასაც მიება მისი დამატებითი შრომისგან გამოთავისუფლება. მასწავლებელმა მთელი დრო და ენერგია საგაკვეთილო პროცესისკენ მიმართა. თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანი სახელფასო ზრდის რესურსები ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს არ გააჩნია.

მასწავლებლებს აქვთ სრულიად გაუმართლებელი პროტესტი პროფესიული განვითარების სქემისადმი, რაც ყოვლად უგუნური ხარაკირია, რადგან თანამედროვე მოსწავლის მოთხოვნებში შედის მრავალმხრივ განვითარებული მასწავლებელი. მედიაწიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების ეპოქის მოსწავლის დაკვეთა მკვეთრად განსხვავდება გასული საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებისგან. მასწავლებელი ვალდებულია, მიუსადაგოს ამ მოცემულობას შესაბამისი პედაგოგიური უნარები და რესურსები. იმდენად ფართომასშტაბიანი გახდა ცოდნა თანამედროვე კაცობრიობისთვის, რომ თუ მასწავლებელმა რეგულარულად არ იმუშავა საკუთარი ცოდნის შევსებაზე, მოსწავლე მას მოსმენაზე უარს ეტყვის. დღეს რომ მოსწავლე დააინტერესო, ყოველი გაკვეთილი პერფორმანსი უნდა იყოს, გაჯერებული ახალ-ახალი მეთოდებით, აქტივობებით, კოგნიტიური სქემებით, მულტიმედიარესურსებით. ვიმართლოთ თავი იმით, რომ ამ რესურსებს საჯარო სკოლის მწირი დაფინანსება ვერ გვაძლევს? ეს მოსწავლეს არ აინტერესებს, მისი დაკვეთა მრავალფეროვანი გაკვეთილებია. მისი მოლოდინის გაცრუება კი მასთან თანამშრომლობის შანსის დაკარგვას ნიშნავს.

სახელმწიფომ მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს განათლებაში და საჯარო სკოლას მისცეს მეტი დაფინანსება, რათა მას რესურსების შეძენის შესაძლებლობა გაუჩნდეს. როცა ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლები ჩივიან, რომ სკოლაში არ არის ლაბორატორია ცდების ჩასატარებლად, როცა მუსიკის მასწავლებელი ჩივის, რომ არ აქვს სათანადო აპარატურა მუსიკის მოსასმენად და მუსიკის თეორიის საკითხების გასაცნობად, როცა უცხო ენის მასწავლებელი ჩივის, რომ მოსასმენი აპარატურა მისთვის მიუღწეველი ფუფუნებაა, რომ ტესტებისა და თავისივე მომზადებული სკაფოლდინგის მასალების ამობეჭდვას ვერ ახერხებს, როცა ქართულის მასწავლებელს არ გააჩნია არავითარი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, რომ საკლასო ღონისძიებები, გასვლითი გაკვეთილები დაგეგმოს, ხოლო ბიოლოგიის მასწავლებელს არ აქვს საკლასო ოთახში ფლორისა და ფაუნის ამსახველი თვალსაჩინოების შეტანის შესაძლებლობა, რასაკვირველია, ვიღებთ სრულ გაუგებრობას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

პროფესიაში სრულყოფას მასწავლებლის მხრივაც სჭირდება თვითგანვითარებაში ინვესტიციის დაბანდება. იშვიათად, მაგრამ არიან მასწავლებლები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ კრეატიული იდეების ხორცშესხმას და მცირე რესურსებით ბევრს აღწევენ. მოსწავლისთვის მთავარია ერთფეროვანი და რუტინული გაკვეთილების თავიდან აცილება, თორემ როცა კლასი ხედავს, რომ მასწავლებელი სიახლეებზეა ორიენტირებული, ბავშვებიც და მშობლებიც ხელს უწყობენ მას, ერთობლივად იგეგმება საინტერესო აქტივობები. მშობლები სულ იმას ამბობენ, რომ ოღონდაც მასწავლებლებმა ინოვაციები დაგეგმონ და სიხარულით იზრუნებენ რესურსებით ბავშვების მომარაგებაზე. ხშირად მომისმენია, რომ სქემა თავისი მკაცრი მოთხოვნებით იწვევს მასწავლებლის პროტესტს, ის ეთიშება პროცესს, უარს ამბობს იმ შრომაზე, რასაც ითხოვს მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება ან წინსვლა, აგრძელებს ერთფეროვან, უხალისო, უინტერესო და უშედეგო სწავლებას, ვერც თავად ვითარდება, ვერც კლასი მიჰყავს მიზანთან, მისით უკმაყოფილოა ყველა და თავადაც თვითუკმარობის განცდა ტანჯავს. ათასობით მასწავლებელი უბრალოდ უარს ამბობს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაზე იმ მოტივით, რომ არ აქვს დრო ან ნებისყოფა გამოცდისთვის მოსამზადებლად, უარს ამბობს კრედიტების დაგროვებაზე. ეს კი თავისთავად არის ინდიკატორი იმისა, რომ მასწავლებელი არ ცდილობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო მოძველებული მეთოდებით შედეგებზე ვერ გადის.

კოლეგებს შორის თანამშრომლობითა და გამოცდილების გაზიარებით, სულ მცირედი მონდომებითა და სიახლეებისკენ სწრაფვით თავისუფლად შეიძლება სქემის ფარგლებში მასწავლებლის წარმატებული და წინსვლაზე ორიენტირებული კარიერის შექმნა. სახელმწიფომ კი უნდა იზრუნოს, რომ მასწავლებლის ხელფასი როგორმე გაიზარდოს. მარტო წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასის ზრდა საქმეს ვერ უშველის. როგორც ვიცი, ამ სტატუსის მატარებელი სამასი მასწავლებელიც კი არ არის საქართველოში, უფროსი და პრაქტიკოსი მასწავლებლები კი სამართლიანად ჩივიან, რომ დისკრიმინაციულია მხოლოდ უფროსი და მენტორი მასწავლებლებისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდა.

შესაძლოა, სქემაში ბევრი რამ იყოს დასახვეწი, დასამუშავებელი, შესაცვლელი, მაგრამ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის უკანასკნელ წლებში ბევრი გაკეთდა, უხვად გამოიცა მეთოდური ლიტერატურა, არსებობს მდიდარი ელექტრონული ბიბლიოთეკები, სტატიები, ჟურნალი „მასწავლებელი“ უამრავ რესურსს აწვდის პედაგოგებს, მასწავლებლის სახლის ტრენერები გვთავაზობენ მრავალი მიმართულების ტრენინგ-მოდულს, უბრალოდ, მასწავლებელს სჭირდება მეტი ძალისხმევა და საკუთარი კარიერის სწორი მენეჯმენტი, სიახლეების შესწავლის დაგეგმვა და ობიექტური თვითშეფასება. როცა სასერტიფიკაციო გამოცდებზე მასწავლებლები დაბალ შედეგებს აჩვენებდნენ, ამბობდნენ,  რომ არ ღირდა საზოგადოებრივ დისკუსიებში ამ თემის წამოწევა – ეს ბევრ უხერხულობასა და გაუგებრობას გამოიწვევდა, მაგრამ, ვფიქრობ, დისკუსია უნდა დაიწყოს, ეს თვით მასწავლებელთა ინტერესებში უნდა შედიოდეს. სასურველი იქნება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ეთერი რამენაირი ფორმატით დაუთმოს მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებს, მშობლებსა და მოსწავლეებს და ყველამ გავაცნობიეროთ, რა პრობლემები გვაქვს, რა არის მისახედი. რუსთველის გმირის არ იყოს: „მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს?“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი