პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„რკინაი“

რკინის შესახებ წლების წინ დავწერე. შესავალში მკითხველის შესაყოლიებლად გალაკტიონის სტრიქონებს მივმართე – „მომკლავს მე უშენობა“-მეთქი. იქვე ვაგრძელებდი, ნამდვილად მოვკვდები, გავფითრდები, ვეღარ დავიძინებ, ხშირად დავიღლები, მერე რაც დამემართება, მაგაზე ფიქრიც კი აღარ მსურს-მეთქი. თუმცა, უკვე მეორე აბზაციდანვე ირკვეოდა, რომ ეს ყველაფერი არც მეტი, არც ნაკლები, რკინადეფიციტური ანემიის ნიშნები იყო. მე კი გალაკტიონი ძალიან მორიდებით  მოვიშველიე  და ინტერესის გამოსაწვევად მისივე ლექსის სიტყვებით „ვითამაშე“. პოტენციური მკითხველის დაინტერესება მსურდა, მასწავლებელმა კი მოსწავლეები უნდა დააინტერესოს. ინტერესია ყველაზე მთავარი, შემდეგ ჩნდება განწყობა და საქმის კეთების სურვილი. თორემ სულ იოლია გაკვეთილი ისე უინტერესოდ, დუნედ და მოსაწყენად გადააქციო, რომ უკვე მზა მოტივაციით მოსული, ჩამოყალიბებული  ადამიანიც კი დააფრთხო და აფიქრებინო, ნეტავ აქ არ მატარა და თავად ვისწავლი ყველაფერსო.

დღეს კვლავ რკინაზე სასაუბროდ გიწვევთ. ოღონდ, ამჯერად წარსულში გავიხედოთ – იყო თუ არა რკინა საინტერესოჩვენი ძველი წინაპრებისთვის.

რკინის აღმოჩენა შეიძლება ოქროს, ვერცხლის და სპილენძის აღმოჩენას შევადაროთ. ეგენი როგორღა აღმოაჩინა ადამიანმაო, იკითხავთ. ისტორიულ წიგნებში მოსაზრება არსებობს, რომ  პირველად თვითნაბადი სახით ნახა. მიუხედავად იმისა, რომ რკინა შედარებით იოლად იჟანგება და მისი თავისუფალი სახით ბუნებაში არსებობა თითქოს შეუძლებელია, მეცნიერება თვითნაბად რკინას მაინც იცნობს.

ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს დედამიწის წიაღში თვითნაბადი, დედამიწური, ტელურიკული წარმოშობის რკინის არსებობა. ტელურიკული რკინა, მეცნიერთა აზრით, შეიძლებოდა წარმოქმნილიყო დედამიწის წიაღში მისი ისტორიის იმ შორეულ წარსულში, როდესაც დედამიწა ან მისი ნაწილი ჯერ კიდევ მაგმატურ, გამდნარ მდგომარეობაში იყო. ასეთ მაღალ ტემპერატურულ პირობებში რკინის რომელიმე ჟანგბადშემცველ ნაერთს შეეძლო, რეაქციაში შესულიყო ნახშირბადთან ან ნახშირჟანგთან და ამ პირობებში აღდგენა განეცადა. საეჭვოა ძველ ადამიანს, რომელსაც არანაირი იარაღი არ ჰქონდა, ასეთ რკინას სადმე გადაწყდომოდა. უფრო მოსალოდნელია, ადამიანი კოსმოსური წარმოშობის (მეტეორიტულ) რკინას გაცნობოდა. მეტეორიტები სამგვარია: ზოგი მხოლოდ რკინას და მცირე მინარევების სახით ნიკელსა და კობალტს შეიცავს, ზოგიერთი რკინისა და სხვადასხვა ქანებისგან შედგება, ზოგი კი – მხოლოდ ქანებისგან არის წარმომდგარი.

რკინის სახელწოდებაც  ძალიან საინტერესოა. საერთოდაც, ძველ საქართველოში ლითონებისთვის სახელების მინიჭებაა საინტერესო. ივ. ჯავახიშვილი წერდა, რომ კალის გარდა, ქართველმა ტომებმა ძველად ლითონების სახელები თავად შექმნეს და ისინი უცხო ენიდან ნასესხები არ არის. მაგ: 1. ოქრო – მეგრულად – ორქო; სვანურად – ვქრე; შესაძლებელია ოქრო წარმოქმნილია ქართული სიტყვიდან „უქრობი“, იმის გამო, რომ ლითონის ბზინვარება არ ქრება, ზედაპირი არ მქრქალდება. 2. ვერცხლი – მეგრულად – ვარჩხილი, სვანურად – ვარჩხილ. 3. სპილენძი – ქართული ტომი სპინერები, მათი მადნები – სპირენძ – სპილენძი, სვანურად – სპილენძ, მეგრულად – ლინჯ. 4. ტყვია – ტყვივი, ბრპენი, ანუ პრპენი. 5. მხოლოდ სახელწოდება კალა თითქოს ნახევარკუნძულ მალაკას ქალაქის კალაჰიდან მომდინარეობს, საიდანაც ძველად კალის მადნები გამოჰქონდათ. ეს ლითონი ჯერ ირანში – თავრიზში შემოდიოდა, რომელსაც ძველად კალი – კალა ეწოდებოდა და აქედან ის საქართველოში შემოჰქონდათ. 6. თითბერი-სპილენძის და თუთიის შენადნობი – მეგრულ თუთაფერიდანაა წარმოქმნილი; „თუთა“ მეგრულად მთვარეა. რკინას რაც შეეხება… სავარაუდოა, რომ ჩვენმა წინაპრებმა რკინის სახელწოდება ცის სახელწოდებიდან „რკინაი“-დან წარმოქმნეს. იდგა ადამიანი თავისთვის, გაიხედა და რაღაც ჩამოვარდა ციდან. ეს რაღაც მეტეორიტი აღმოჩნდა. ხელით შეეხეო, დააკვირდა და დაასკვნა, რომ შიგნით  ლითონი იყო. იფიქრა, ცა ამ ლითონისგან შედგებაო და სახელიც მოუფიქრა „რკინაი“.

ამგვარი მაგალითები სხვა ენებშიც მოიპოვება. ძველი ეგვიპტის, შუა და მცირე აზიის, საბერძნეთისა და სომხეთის მოსახლეობა რკინას ასევე „ციურ ლითონად“ აღიარებდა. ძველ ეგვიპტურად რკინის სახელი „ბი-ნი-პეტ“ „ციურ მადანს“ ან „ციურ ლითონს“ ნიშნავს. ძველ მესოპოტამიაში რკინას „ან-მარს“ უწოდებდნენ. რკინის ძველი ბერძნული სახელი „სიდეროს“ და აგრეთვე კავკასიური „ზიდოს“ უძველესი სიტყვიდან „sidereus”-დან მოდის და „ვარსკვლოვანს“ ნიშნავს. ანუ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ადამიანი პირველად მეტეორიტულ რკინას გაეცნო და ის გამოიყენა, შემდეგ კი მისგან საჭირო საგნების დამზადებაც შეძლო, რადგან იმხანად სპილენძის მაგალითზე, მჭედლის ხელობას უკვე ფლობდა. თუმცა, მეტეორიტული რკინა მცირე რაოდენობით იყო და ყველა მოთხოვნილებას ვერ დააკმაყიფილებდა. საჭირო გახდა მისი მადნებიდან მიღება. ერთ არქეოლოგიურ კვლევაში წერია: „საქართველოში ქვემო ქართლის ფოლადაური სამთო საქმისა და მეტალურგიის უძველესი კერაა. უახლესი არქეოლოგიური მასალების მიხედვით, შეიძლება წამოყენებული იქნეს მოსაზრება, რომ ამ თემის ბინადარმა მოსახლეობამ სპილენძის მადნების (მალაქიტის და აზურიტის) დამუშავება და მისგან ლითონის გამოდნობა ენეოლითში დაიწყო. გამორიცხული არ არის, რომ რკინის საბადოს დამუშავება XI საუკუნეზე ადრეც წარმოებულა. ამის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს რკინის მადნის (ჰემატიტის) ნატეხების მოზრდილი გროვის აღმოჩენა ქვემო ბოლნისის რკინის გამოსადნობი სახელოსნოს ნაშთების გათხრის დროს, რომელიც ძვ.წელთაღარიცხვის II ათასწლეულის ბოლო საუკუნეების ბოლო წლებს ეკუთვნის“. რკინის გამოსადნობი ქურები აღმოჩენილია ასევე სვანეთში, სადაც ქურები თიხისგან ყოფილა გაკეთებული, აჭარისა და სხვა ადგილების არქეოლოგიური გათხრების დროს წიდის დიდი რაოდენობა იქნა მიკვლეული, რაც მოწმობს ამ რაიონებში ძველად რკინის გამოდნობის წარმოებას.

რკინის საწარმოო კერა ანტიკურ ხანაში იყო მცხეთის დასავლეთ ნაწილში, რომელსაც სარკინეთი ეწოდებოდა. აქ მცხეთის საწარმო, რკინის სახელოსნო უბანი იყო. გათხრებისას  დიდი ქურები აღმოჩენილა, რომლებშიც ხდებოდა რკინის გამოდნობა მადნიდან. ამ ფაქტს „დოდოსტატის მარჯვენაში“ ამოკითხული დრაზაც ადასტურებს: „რკინათა მკვეთელ ხმალთა წრთობის საიდუმლო ერთმა ფარსმანმა იცოდა მხოლოდ“. ანუ ფოლადის წრთობა ნამდვილად იცოდნენ.

ძველად მადნებიდან რკინის მიღების ტექნოლოგია დაახლოებით შემდეგი უნდა ყოფილიყო. გამოდნობას წინ უძღოდა მადნის გამდიდრება, ფუჭი ქანების მოცილება, ხშირად დაფხვნა, გარეცხვა, წინასწარი გამოწვა აქროლად ნივთიერებათა მოსაცილებლად. ამ გზით შესაძლებელია, მადანს გოგირდსაც აცლიდნენ.

ქურას ჯერ შეშით გაახურებდნენ, შემდეგ ხის ნახშირით ავსებდნენ და ჰაერის შებერვას შეუდგებოდნენ. როდესაც ნახშირი გავარვარდებოდა და მისი დონე დაიწევდა 2-3 კგ. მადანს ჩატვირთავდნენ და ზემოდან ნახშირით დაფარავდნენ. ასე მეორდებოდა 5-6-ჯერ, შედეგად ქურაში დაახლოებით 20კგ. მადანი გროვდებოდა.

როდესაც ნახშირი ქურის შუაწელამდე გამოიწვებოდა, წიდას გამოუშვებდნენ და პროცესს ნახშირის საბოლოო დაწვამდე განაგრძობდნენ. ამის შემდეგ გავარვარებულ, დარბილებულ რკინას გამოიღებდნენ და გამკვრივების, წიდის მოცილების მიზნით, უროებით ჭედავდნენ. ამ გზით მიღებული რკინა ნახშირბადის მცირე რაოდენობას შეიცავდა. ასეთი რკინა რბილი იყო, არ იწრთობოდა, ამიტომ იარაღების დასამზადებლად არ გამოდგებოდა. საჭირო იყო მისი ნახშირბადით გამდიდრება. ამას რკინის და ნახშირის ერთად გახურებით აღწევდნენ, შემდეგ კი გამოჭედავდნენ. პროცესს რამდენჯერმე იმეორებდნენ, ასე ხდებოდა რკინისგან ფოლადის მიღება.

ლითონის სადნობი სპეციალური ღუმელი აღმოჩენილია ახალციხის ახლოს, ამირანის გორას ნასახლარში.

საქართველოში რკინის მადნების საბადოებია: ძამის ხეობაში, ჩახათში, რომელიც უძველესი დროიდან სარკინეთის სახელით იყო ცნობილი და XIX საუკუნის შუა ხანებამდეც კი მუშავდებოდა.

რკინის გამოსადნობად გამოყენებული ყოფილა: 1) მაგნიტური რკინაქვა (კოლხიდაში, ნატანებსა და სუფსას შორის); 2) ჰემატიტი-Fe2O3 (ბოლნისი); 3) მურა რკინაქვა -2Fe2O3•3H2O (საწირე-იმერეთი); 4) რკინის და შავიქვის ნარევი (ძველი ბოგვი). აღსანიშნავია, რომ ანტიკურ ხანაში ჩვენი წინაპრები ისე დაოსტატებულან, რომ უჟანგავი რკინის მიღებაც კი შეძლეს თურმე. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა რკინა-ქრომის შენადნობი, არამედ მინარევებისგან განთავისუფლებული დიდი სიწმინდის რკინა. ასეთი უჟანგავი რკინის ობელისკი ინდოეთის დედაქალაქ დელიში დგას. 2000 წლის წინათ არის დადგმული, დაჟანგვის ნიშნები კი ახლაც არ ეტყობა.

ფოლადზე დაკვირვება გაკვეთილზეც  შეიძლება. ამისთვის ფოლადის ფირფიტა გაწითლებამდე გავაცხელოთ და პინცეტით სწრაფად ჩავდოთ ცივ წყალში. შემდეგ ვცადოთ მისი მოღუნვა. ფირფიტიდან ნაწილი მოტყდება, რადგან ფოლადი მყიფე და მაგარი გახდა. ის მინას კაწრავს. თუ ფოლადის ფირფიტას კვლავ გავახურებთ და ნელა გავაციებთ, ფოლადი „მოეშვება“, რბილი გახდება და სიმყიფეს დაკარგავს.

კელტების ლეგენდებში ერთი ჯადოქარი ბიჭია, მერლინი ქვია. ლოგრესის და კამელოტის მმართველის მეფე არტურის მსახური, მეგობარი და მრჩეველია. მანამდე, არტურტის მამას უტერს ემსახურებოდა. სავარაუდოდ, პატარა ბიჭი სულაც არ არის, მაგრამ ბიჭივით გამოიყურება, ალბათ იმიტომ, რომ ჯადოქარია და დროის შეჩერება შეუძლია. მისი ჯადოქრობის ამბავი არც უტერმა და არც არტურმა არ იციან. ჯადოქრებს და მაგიას ვერ იტანენ და ღრმად სწამთ, რომ ამ ტიპის ხალხი ავაზაკი და შურიანია, ამიტომ მათგან კარგს არაფერს ელიან. შეიძლება ასეცაა, მაგრამ მერლინი სხვანაირია და მაგიასაც მხოლოდ ბოროტი ჯადოქრების წინააღმდეგ იყენებს, კამელოტის უსაფრთხოება რომ დაიცვას. თუმცა, თავის მაგიურ ცოდნას მეფისგან მალავს. ადრე, სანამ გამოცდილი მაგი გახდებოდა, ბეჯითად მეცადინეობდა. ალქიმიის მასწავლებელი ჰყავდა, რომელიც სულ იმას ჩასჩიჩინებდა, ალქიმიის სწავლა ექსპერიმენტის გარეშე მოსაწყენი და არაეფექტურიაო. უჟანგავი ფოლადისგან  მერლინს ხმალი გამოუჭედა, რომელსაც პატრონი ბოროტებისგან უნდა დაეცვა.

ქიმიის თითოეულ მასწავლებელს მოსწავლეებისთვის ასეთი ხმლის გამოჭედვა შეუძლია. ხმალს „ქიმიის ცოდნა“ ერქმევა და მფლობელს მთელი ცხოვრება ბოროტებისგან დაიცავს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი