პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მომხმარებლის გამოსახულება

მნიშვნელოვანია  მოსწავლეემ   პრაქტიკული გაკვეთილების საშუალებით კარგად   გაიაზროს  რა დროს ხდება ადამიანი „მომხმარებელი“.  რა არის „საქონელი“,  რაში მდგომარეობს „მომსახურეობა“ და რამდენად მნიშვნელოვანია  თითოეული ადამიანისთვის იყოს კმაყოფილი მომხმარებელი.

 მოკლე შინაარსი.

საქონელი არის საგანი, მაგ., საჭმელი, ფეხსაცმელი, მანქანა, სახლი, რომლებიც ადამიანების სურვილებს აკმაყოფილებს. მომსახურება არის მოქმედება, მაგ., თმის შეჭრა, ექიმთან ვიზიტი, განათლება, გართობა, რომლებიც ადამიანების სურვილებს აკმაყოფილებს. იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სურვილებს საქონლის ან მომსახურების გამოყენებით იკმაყოფილებენ, მომხმარებლები ეწოდებათ.

 კონცეფციები

საქონელი, მომსახურება, მომხმარებელი

 მასალები:

სახურავიანი ფეხსაცმლის ყუთი. პატარა სარკე. ქაღალდის ლენტა. ფლომასტერი. ძველი გაზეთები და ჟურნალები. მაკრატლები. წებო. ქაღალდის რულონი. ფერადი ქარალდები.

– ჩააწებეთ სარკე ფეხსაცმლის ყუთში.

–     ყუთზე ფლომასტერით დააწერეთ: `მომხმარებელი მოიხმარს საქონელს და ოღებს მომსახურებას~.

–     დაჭერით ქაღალდის რულონი 1-მეტრიან ნაწილებად.

–     მოსწავლეები დააყენეთ ნახევარწრედ.

მსვლელობა.

 

ჰკითხეთ მოსწავლეებს, იციან თუ არა, რას ნიშნავს მომხმარებელი. აუხსენით, რომ მომხმარებელი არის ის, ვინც მოიხმარს საქონელსა და იღებს მომსახურებას. საქონელი და მომსახურება აკმაყოფილებს ადამიანების სურვილებს (მოთხოვნილებებს). საქონელი არის ისეთი საგნები, რომლებსაც შეგვიძლია შევეხოთ ან ხელში დავიჭიროთ, მაგ., საჭმელი, ფეხსაცმელი, მანქანა, სახლი. მომსახურება არის მოქმედება, რომელსაც ერთი ადამიანი ასრულებს მეორისათვის, მაგ., თმის შეჭრა, ექიმთან ვიზიტი, განათლება, ზოოპარკში ან კინოში წასვლა, გართობა. უთხარით მოსწავლეებს, რომ ისინი ნახავენ განსაკუთრებულ მომხმარებელს, რომელიც ყოველდღე მოიხმარს სხვადასხვა საქონელსა და იღებს მომსახურებას.

 

  1. სთხოვეთ, გადასცენ ერთმანეთს (დგანან ნახევარწრედ) ფეხსაცმლის თავდახურული ყუთი.
  2. სთხოვეთ ახადონ ყუთს სახურავი, ჩახედონ ყუთში მყოფ განსაკუთრებულ მომხმარებელს, დაახურონ სახურავი და გადასცენ გვერდით მდგომ კლასელს.
  3. როცა თითოეული მათგანი ჩაიხედავს ყუთში, ჰკითხეთ, ვინ იყო ის განსაკუთრებული მომხმარებელი, რომელიც მათ დაინახეს. დაწერეთ დაფაზე: `მე მომხმარებელი ვარ~.
  4. ჰკითხეთ, რა საქონელი და მომსახურება მოიხმარეს მათ დღეს, როცა სკოლისათვის ემზადებოდნენ.
  5. დაწერეთ დაფაზე `საქონელი~ და `მომსახურება~ სათაურის `მე მომხმარებელი ვარ~ ქვეშ. შეახსენეთ, რომ საქონელი და მომსახურება აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებებს (სურვილებს). სთხოვეთ მოსწავლეებს, გაიხსენონ, რა საქონელი და მომსახურება მოიხმარეს დღეს და ჩაწერონ `საქონლის~ ან `მომსახურების~ სვეტში.
  6. დაანაწილეთ კლასი წყვილებად. წყვილები ქაღალდის 1-მეტრიან რულონზე ხატავენ ერთმანეთის სილუეტს (ერთი დადგება ამ ქაღალდთან ან დაწვება ზედ და მეორე შემოავლებს), შემდეგ დიდი ასოებით აწერენ სახელს და ჭრიან.
  7. სთხოვეთ ამოჭრან გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ან დახატონ ის საქონელი და მომსახურება, რომელსაც ისინი იყენებენ, და თავიანთი სურვილით გააფორმონ საკუთარი სილუეტები. ყურადღება მიაქციეთ, რომ საქონელთან ერთად იყოს მომსახურების მაგალითებიც.

 

დასკვნითი ნაწილი. მიეცით დრო, რომ ისაუბრონ იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომელსაც იყენებენ.

 

განვრცობა. წერილი ოჯახს: დღეს ეკონომიკის გაკვეთილზე საქონლისა და მომსახურების შესახებ ვისაუბრეთ. სთხოვეთ თქვენს შვილს, გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა გავაკეთეთ კლასში. ესაუბრეთ იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომელსაც თქვენი ოჯახის წევრები მოიხმარენ.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი