პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გერმანელი ბავშვები. საქართველო

„თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში“ გამოსული არ იყო, უკვე წიგნის მაღაზიებში რომ ვეძებდი. ზეპირი ისტორიების კითხვა ყოველთვის მიყვარდა, საქართველოში დასახლებული გერმანელების თავგადასავალსაც ცუდად ვიცნობდი და უფრო მეტის შეტყობა მინდოდა. თამთა მელაშვილმა დიდი საქმე გააკეთა ამ მთხრობელების მოძებნით და ამბების შეკრებით – გასული საუკუნის საქართველოს სხვა სახე გვაჩვენა, წარსულის ცარიელი ფურცლები ისე შეავსო, რომ თითოეული სიტყვის დავიწყება შეუძლებელი გახადა. არ ვაჭარბებ. წაიკითხეთ საქართველოში დასახლებული გერმანელების შთამომავლების (და არა მარტო მათი) ამბები და ყოველგვარი ეჭვი გაქრება: დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ქედმაღლურად მომზირალი არამზადები.

ბავშვობის ამბები, როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაზე ამაღელვებელია. მთხრობელთა უმრავლესობა იხსენებს, რა სირთულეებს უსწორებდნენ თვალს, რა დაბრკოლებების გადალახვა უწევდათ მხოლოდ იმის გამო, რომ გერმანელებად დაიბადნენ საქართველოში, მეორე მსოფლიო ომამდე თუ მის შემდეგ. ზოგიერთს მშობლები გერმანულ ენას არც ასწავლიდნენ – ეშინოდათ. ათწლეულების შემდეგაც კი ერიდებოდნენ საკუთარი ეროვნების ხმამაღლა გაცხადებას – ის ძველი შიში მეტისმეტად სიცოცხლისუნარიანი გამომდგარიყო.

საკმაოდ მძიმე წიგნი აღმოჩნდა. თითქმის ყოველი ისტორიის კითხვისას ვტიროდი – შეულამაზებელ ფრაზებში წლობით ნაგროვები ტკივილი, გაუზიარებელი დარდი ჩანდა.

რამდენიმე ნაწყვეტი:

იულია ფერენგერი: „რომ ნახა, ასეთ ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, დედაჩემი ისევ გათხოვდა ქართველზე. იმ ქართველს ჰყავდა სამი შვილი და ჩვენ ორნი – ხუთ ბავშვს ინახავდა, როგორც ოჯახის ქალი. ის კაციც გვეხმარებოდა, როგორც კაცი. უკვე დედას ისე აღარ ჩაგრავდნენ და ჩვენც თავში არავინ გვირტყავდა. აღარ გვეძახოდნენ, გერმანელებო, ფაშისტებოო“.

ვიქტორ შანინი: „დედა დიასახლისი იყო. ჩემს ძმას კი ასწავლა  გერმანული. ჩემი ძმა ჩემზე უფროსი იყო. მე 43 წელს დავიბადე. ჩემი ძმა ათი წლით იყო ჩემზე უფროსი. ვალოდიამ იცოდა გერმანული, მაგრამ მერე აღარ იცოდა. სკოლაში დაუწყეს გაჯავრება – ფაშისტო, ფაშისტოს ძახილი. მოდიოდა მერე სახლში და ტიროდა. ომი იყო ახალი დამთავრებული“.

გურამ შალი: „იყო შემთხვევები, რომ დავაშავებდი რაღაცას და პირდაპირ მეტყოდნენ – შე ფაშისტო. უფროსებიც, მეზობლებიც… არ დავაშავებდი, მაინც მე მბრალდებოდა ყველაფერი… სიგარეტს ვინმე მოწევდა, გურამა დაგაჩვევდათ. არადა, მე რო ჯარში წავედი, მაშინ დავიწყე სიგარეტის მოწევა. […] ომის გამო ზიზღი ქონდათ, ზოგს ვინ ყავდა დაღუპული, ზოგს ვინ და ჩვენზე ანთხევდნენ. მარა ბავშვი რა შუაშია…“

სულიკო სიბოშვილი: „სკოლაში რომ დავდიოდი, ვიძახდი: მეთქი, რა ბედნიერები არიან სხვები, რო ქართველები არიან და მაინცდამაინც მე ვარ ნემეცი… ძნელი იყო. ახლა, დღესდღეობით კარგია, მარა მაშინ არ ვარგოდა ნემეცობა. კინოში რო დავდიოდით, თუ კინო გადიოდა ომზე, აი, ფაშისტო, ფაშისტო, გიტლერო, ვის როგორ უნდოდა, ისე მეძახდა, ისე დამცინოდა. ცოტა რთულად გავიზარდე რა… აქ, უბანში სულ თანაკლასელები ვიყავით. ვმეგობრობდით, მაგრამ გოგოსთან თუ უნდოდათ ჩემი შერცხვენა, ისინიც მეძახდნენ ნემეცს“.

თინათინ ჰაინე: „მწარედ მახსოვს, მესამე თუ მეოთხე კლასში გადავედით. ხომ ვიყავით მანამდე ოქტომბრელები და ვარსკვლავი გვეკეთა, მერე უნდა გავმხდარიყავით პიონერები. გადაარჩიეს მოსწავლეები და მე მესამე ჯგუფში მოვხვდი. რეპრესირებული, გერმანელი, ლამის ჰიტლერის შვილიშვილად ვიყავი გამოცხადებული. პირველ ჯგუფში პრივილეგირებულები იყვნენ, მეორე – რაღაც საშუალო კლასი და მესამე – ნაყარნუყარი. არც ძალიან ბევრი ვიყავით იმ მესამე ჯგუფში, სხვათა შორის. ეს მახსოვს ძალიან მწარედ. ისე ვტიროდი, ისე ვტიროდი…“

ანა კოხის ისტორია კიდევ უფრო მძიმეა. ის ყაზახეთში დაიბადა და რასაც ბავშვობის შესახებ ჰყვება, სწორედ ყაზახეთის ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში ხდებოდა. ერთ დღესაც სიძულვილი უკიდურესი ფორმით გამოვლინდა: მეხუთეკლასელი ანა თხუთმეტამდე ბავშვმა დაუნდობლად სცემა, მათ შორის თანაკლასელებმაც. წიხლებს ურტყამდნენ, ბოლოს კი გულწასული დატოვეს ხის ქვეშ. რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი მისი „ფაშისტობა“ იყო. ერთი თვე სკოლაში არ დავდიოდი, სულ გაშავებული ვიყავიო, ჰყვება ის.

ძალიან მინდა, მჯეროდეს, რომ ასეთი საშინელება მაინც არ მომხდარა იმ ქვეყანაში, რომელშიც დავიბადე და რომლის ნათელ მხარეზეც სიხარულით ვსაუბრობ ხოლმე მათთან, ვინც საქართველოსა და ქართველების ამბავს მეკითხება. წარსულისთვის თვალის გასწორება ადვილი არ არის. საბედნიეროდ, თამთა მელაშვილის ეს წიგნი სხვა გზას არ გვიტოვებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი