ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბავშვები რუტინაში

„საღამოობით უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე დილას” – მითხრა ჩემმა უფროსმა  შვილმა ერთ საღამოს, ვახშმის, აბაზანის რიტუალებისა და წაკითხული წიგნის დახურვის შემდეგ, როცა ოთახში შუქი ჩავუქრე, ვაკოცე და ვთხოვე, დაეძინა, რომ დილამდე გამოძინება და დასვენება მოესწრო. „მე სულ მიყვარხარ” – ვუთხარი და ზუსტად მივხვდი, რის თქმა უნდოდა დღის სხვადასხვა მონაკვეთში გადანაწილებული სიყვარულებით.

 

ჩემს ორივე შვილს თავიანთი ცხოვრების ნახევარი ისეთ რიტმში აქვთ გატარებული, რაზეც მეამბოხე სულის სტანდარტული გრაფიკით მომუშავე ადამიანები ზრდასრულ ასაკშიც კი დაუღალავად  წუხან ხოლმე. კვირაში 5 დღეს, წელიწადში 10 თვის განმავლობაში 8 საათს ატარებენ ბაღში, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის არ აქვთ დრო დილას ძილისთვის, გაღვიძების მერე თამაშისა და ფიქრისთვის; არამართული, თავისი გამოგონილი თამაშებისთვის; მინდვრებსა და ტყეებში სიარულისთვის; თავგადასავლების ძიებისთვის; მშობლებთან და მეგობრებთან არალიმიტირებული  ურთიერთობებისა და სხვა ამბებისთვის, რომლებიც ასე მნიშვნელოვანი და საჭიროა ბავშვების ბედნიერებისა და განვითარებისთვის.

 

მე, რომელიც  მტკივნეულად განვიცდი როგორც ჩემს, ასევე სხვების რუტინულ ცხოვრებას,  ვცდილობ, როცა კი შესაძლებლობა მაქვს, გამოვტაცო ბრუტალურ რიტმს დრო სეირნობისთვის, გაწელილი საუზმეებისთვის, ღამის საუბრებისთვის, მკვეთრად განსაზღვრული მოცემულობიდან დროებით მაინც ამოვარდნისთვის, ამოსუნთქვისა და ჩასუნთქვისთვის. ათას ხრიკს ვიგონებ იმისათვის, რომ ის დრო, რომელსაც მე და ბავშვები ერთად ვატარებთ, მრავალფეროვანი იყოს და ეს დროც იმაზე მეტი იყოს, ვიდრე დილის და საღამოს 3 საათია.  ცხადია, სამყაროში ასეთი მარტო მე არ ვარ. ამგვარი ვნებები უამრავ აქტიურ მშობელს აწუხებს. ბევრი ვიფიქრე, ვიკითხე და ვიდარდე თანამედროვე ცხოვრების აჩქარებულ რიტმზე, ურბანულ ჯუნგლებში მცხოვრები ბავშვების ბედსა და ამ მოცემულობიდან შესაძლო გამოსავლებზე და მივხვდი, რომ არსებობს რაღაცები, რასაც ვერ შეცვლი; რაღაცები, რაც სულაც არ არის ტრაგედია და რაღაცები, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო შენი და შენი შვილების ბედნიერებისთვის.

 

რას ვერ შეცვლი

 

თუ მუშაობ (და  ეს თავისთავად უფრო კარგია, ვიდრე – ცუდი), ვერაფრით აიცილებ თავიდან ბავშვებისთვის სამუშაო დღეებში რუტინულ განრიგს. დასამშვიდებლად შესაძლოა გამოდგეს ის კვლევები, რომლებიც ამბობენ, რომ ბავშვებს ადრეულ ასაკში სჭირდებათ კიდეც რუტინა და იმის წინასწარ ცოდნა, რაც ელოდებათ კონკრეტულ დღეს ან დროის სხვა მონაკვეთში. ისინი უფრო მშვიდად არიან, როცა იციან, რის მერე რა ელოდებათ. რეჟიმიდან მკვეთრი ამოვარდნები მათთვის რთულად აღსაქმელია. ამიტომ, თუ რუტინას ვერ გავექცევით, შეგვიძლია რუტინულ ყოფაში შევიტანოთ ბავშვისთვის სასიამოვნო რამეები, როგორიცაა, მაგალითად, ჩემი შვილისთვის ძილის წინ აბაზანაში დიდხანს მარტო ყოფნა და თამაში. ან  დაძინებამდე წიგნების კითხვა. სწორედ ამ საყვარელი რიტუალების გამო ვუყვარვარ  საღამოობით მეტად, ვიდრე დილას, როცა მთავარი მიზანი ბაღში და სამსახურებში დროულად მისვლაა.

 

რა არ არის ტრაგედია

 

აღმოჩნდა, რომ ის, რაზეც მე და უამრავი მშობელი ვდარდობთ, სულაც არ არის ტრაგედია, და რომ ბავშვებისთვის პერიოდულად მოწყენილობა საჭიროც კია, რათა მათ თვითონ გამოიმუშაონ საკუთარი თავის გართობის უნარი; იფიქრონ იმაზე, რა სურთ მაშინ, როცა გარემო არაფერს სთავაზობს და მოიფიქრონ რაიმე ისეთი, რაც მოწყენილობას გააქრობს. აღმოჩნდა ისიც, რომ ადამიანები უფრო საინტერესო რამეებზე  მაშინ ფიქრობენ, როცა ფიქრი არ ევალებათ და თავშიც უკეთესი აზრები მოსდით (მაგალითად – აბაზანაში, საოჯახო საქმეების კეთებისას, სეირნობისას და ა.შ), ვიდრე მაშინ, როცა სამუშაო გარემოში არიან და რაიმე „განსაკუთრებული” აქვთ გასაკეთებელი. ასე რომ, თუკი ბავშვი „უსაქმოდ” არის, დაუტოვეთ ეს დრო საკუთარ თავთან ყოფნისთვის და დაელოდეთ შედეგებს.

ნუ ეცდებით, მისი ყველა წუთი რაიმეთი იყოს დაკავებული. მიეჩვიოს საკუთარი თავისთვის იმის მიცემას, რაც სურს, რომ ჰქონდეს და იმაზე ფიქრს, რა სურს.

 

რა უნდა გააკეთო ბედნიერებისთვის

 

თუ ვინმე მკითხავს, რა მახსოვს კარგად ჩემი  ადრეული ბავშვობიდან, დაუფიქრებლად ვუპასუხებ, რომ მშობლების მიერ წაკითხული წიგნები, მამასთან ერთად ტყეში გასეირნებები და ხევსურეთში, ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სახლში გატარებული ზაფხულის თვეები, როცა მთელი სოფელი ჩემი ეზო იყო და ყველგან ჩემთვის საინტერესო და სხვებისთვის ჩვეულებრივი ამბები ხდებოდა: ზოგი ცხოველებს უვლიდა, ზოგი მინდორს თიბავდა, ზოგი ბოსტანს უვლიდა, საჭმელებს ამზადებდა, წინდებს ქსოვდა, შელოცვებს ბუტბუტებდა, ძაფებს ღებავდა, ავეჯს ამზადებდა, სახლს ამაგრებდა – ზღვარი ადამიანებსა და გარე სამყაროს შორის მხოლოდ სახლის კედლები იყო, რომელშიც მხოლოდ საღამოს, დასაძინებლად შევდიოდით.

თანამედროვე ბავშვებს დიდ ქალაქებში ალბათ სწორედ ეს აკლიათ. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ, დაინახონ, როგორ კეთდება ის საკვები, რომელიც ჩვენს მაცივარში სუპერმარკეტში 10 წუთით შერბენის შედეგად აღმოჩნდება ხოლმე; გაიცნონ ხალხი, რომლებიც ისეთ სიბრძნეს ატარებს, როგორსაც წიგნების კითხვით ვერ შეიძენ; დარჩნენ მარტოები წვიმიან ტყეში; ეძებონ სახლამდე მისასვლელი ბილიკები მაღალ ბალახებში; გამოიცნონ მეორე დღის ამინდი მერცხლების ფრენის სიმაღლით და ა.შ.

 

ბავშვების ბედნიერებისთვის,  იმ მკვეთრად შეზღუდულ დროში, რასაც ცხოვრება გვაძლევს, ალბათ სწორედ ის უნდა გავაკეთოთ, რომ ვაჩვენოთ მათ სხვა სამყაროები – ჩვენი გაწერილი დღის რეჟიმების,  შეჩვეული ცხოვრების წესისა და ნაცნობი ადგილების მიღმა არსებული; წავუკითხოთ და ველაპარაკოთ ბევრი სხვა ხალხებზე, მათ კულტურასა და ცხოვრებაზე, სხვანაირად მოწყობილ საზოგადოებებზე და მათ წესებზე; პატარაობიდანვე ავუხსნათ, რომ ბედნიერება უმეტესად კარგად შეჩვეული რუტინებიდან ამოვარდნა და ამ ამოვარდნებისთვის ძალისა და დროის მოპოვების უნარია – სამყაროს მრავალფეროვნების შეცნობა და ამ მრავალფეროვნებით ტკბობა; მოწყენილობისას, ახალი გასართობების, გამოსავლებისა და სიმართლეების აღმოჩენა და მიყოლა. და თუ ამას შევძლებთ, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რომ ბავშვები რუტინაშიც თავისუფალ სულებად გავზარდეთ.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი