პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა ყოფილა გურია… 

ჩემი ფანჯრების წინ სახელდახელოდ მოწყობილი ავტოსამრეცხაოა. რეცხვასა და დასუფთავებაში ცუდი არაფერია. ერთი ეგ არის, გამუდმებით ხმაურობენ. მუდმივი შხუილის ხმა ისმის, რასაც იქ მომუშავეთა ყიჟინა და სულ ბოლო ხმაზე აწეული რადიო აგვირგვინებს. ძალიან ბეჯითები არიან, დილის რვიდან ღამის თერთმეტამდე მუხლჩაუხრელად მუშაობენ. შაბათი მაგათ არ იციან და კვირა. ეს კი ნიშნავს, რომ ან არ უნდა მეძინოს (საძინებლის ფანჯრები გადის ამ მხარეს), ან ამ საერთო შხუილსა და წყლის ღმუილში უნდა მოვახერხო ძილი. წარმოვიდგინო, რომ, მაგ. ნიაგარას ჩანჩქერის წინ ვცხოვრობ. გონებამახვილი ხალხი მუშაობს, ჭკვიანურად იკლებენ არე-მარეს ხმაურით და  ახლად მიღებულ კანონსაც არ არღვევენ. რას ერჩი,  დროში ეტევიან და დილის რვა საათიდან მიდიიი… იწყება სიხალისე.

ამას წინათაც ტრადიციას არ უღალატეს და ბოლო ხმაზე ჩართეს სიმღერა სახელწოდებით: „რა ყოფილა გურია“. ჯერ სადღაც შორიდან ძილში მომესმა, მერე და მერე სიტყვებიც გავარჩიე და ჯერ ისევ ძილის ქვეყანაში მყოფი ვუსმენდი. ადრეც მაქვს მოსმენილი. სიმღერა კარგია, ამავეს ვიტყვი გურიაზეც, სადაც მართლაც გულღია და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. თუმცა, ამჯერად სიმღერის ტექსტს სხვანაირად მოვუსმინე და  გამეღიმა.  გურიაში სტუმრად მყოფი მღერის, თანაც იქ შემთხვევით არის მოხვედრილი, რადგან ნაცნობი მასპინძელი არ ჰყავს და ალალბედზე მისდგომია ვიღაცას. ეტყობა ცხელა, მგზავრიც დაღლილია და მასპინძელს ერთ ჭიქა წყალს სთხოვს. ის კიდევ წითელ, ჩაციებულ ღვინოს სთავაზობს, დასაყოლებლად ხაჭაპური გამოაქვს. თან კოპებშუკრული კი არ არის, ღიმილად გადაშლილა. ახლა სტუმარს დავუბრუნდეთ, თავიდან ხომ მხოლოდ წყალი უნდოდა, ჰოდა, უფრო მეტის მიღების შემდეგ, მადა გაეხსნა და დარჩენაც კი მოინდომა.

მოკლედ, ასეა ცხოვრებაშიც, ადამიანი, რაც ბევრს ღებულობს უფრო თამამდება და მეტი სურს.

ჩვენ, ადამიანები დედამიწაზე უკანასკნელი 200 000 წლის მანძილზე  ვცხოვრობთ. უამრავ ბუნებრივ პროცესსა და ციკლში მიგვიღია მონაწილეობა. ჩვენი ფილტვები ჟანგბადს ჩაისუნთქავენ და ნახშირორჟანგს გამოყოფენ.  სხეული სასიცოცხლოდ ბიომასას და საკვებს საჭიროებს. ჰოდა, ეს ხომ გვაქვს, მაგრამ მეტი გვინდა. ქარხნები, ფაბრიკები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და გამოყოფილი გაზები, გაბნეული ნაგავი, მძიმე მეტალები…

დაბინძურებული ატმოსფერო…

მისი ქიმია დედამიწის ისტორიის დასაწყისიდანვე  იცვლება. გამყინვარების ეპოქიდან 20000 წლის განმავლობაში ატმოსფეროს ნახშირბადის დიოქსიდის რაოდენობა 200-დან 290 ppmv-მდე გაიზარდა. დღეს კი 387 ppmv-ს აღწევს. წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან  მოიმატა მეთანისა და აზოტის ოქსიდების რაოდენობამაც. ასევე, უშუალოდ ადამიანის სიხარბესთან დაკავშირებულმა აირებმაც – ქლორფთორნახშირწყალბადები, ფრეონი, გოგირდის ჰექსაფთორიდი და მრავალი სხვა. ეს, ე.წ. „შლეიფის“ აირებია, რომლებიც ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში მომატებული რადიაციის ფონზე ატმოსფეროს ბუნებრივ კომპონენტებთან ურთიერთქმედებენ. შედეგად… ოზონის საფარის დაზიანება, სათბურის გაზის ეფექტი და მრავალი სხვა.

 

და კვლავ… დაბინძურებული წყალი…, რომელიც სულაც არ არის დაცული ადამიანის აქტიურობის შედეგად მიღებული  ნარჩენებისგან. ნავთობს ხომ ბევრი ფული მოაქვს? ფულით კი რამდენი ოცნების ახდენა შეიძლება. ჰოდა, ამ ფაცაფუცში ნავთობი ტანკერიდან აქა-იქ ზღვაშიც თუ ჩაიღვრება, რა მოხდება ისეთი? არც არაფერი, ვიღაცები იყვირებენ, ზღვა დაბინძურდება, მისი ფლორა-ფაუნა განადგურდება, სულ ეგ არის. ჰო, ნავთობის მფლობელიც იზარალებს (მისი ნავთობის რაღაც წილი ხომ დაიღვარა), ჰოდა, ეგ არის სწორედ ცუდი, სხვა არაფერი. ზღვებსა და ოკეანეებში ნავთობის ჩაღვრის სიხშირე ბოლო პერიოდში 10-15%-ით არის გაზრდილი.

აქვე არ დაივიწყოთ სხვადასხვა წარმოების მიერ ნარჩენების საკანალიზაციო წყლებში ჩაღვრა, რომლებიც მიწისქვეშა წყლების გავლით პირდაპირ ზედაპირულ წყლებში აღმოჩნდება და გზადაგზა ყველაფერს დააბინძურებს.

გაბნეული ნარჩენები კი დედამიწის ათასობით ჰექტარზეა გადანაწილებული. მათი დიდი ნაწილის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ მოულოდნელი საფრთხეები მაინც არსებობს. მაგ. ესპანეთის სამხრეთით სევილიის ჩრდილო-დასავლეთით 45 კილომეტრი სპილენძის-თუთიის-ტყვიის პირიტებით არის დაბინძურებული (Sassoon M, Los Frailes aftermath, Mining Environ. Management, July 1998, pp. 8-12).  ჩვენს პერიოდში ეს ნარჩენები სპეციალურ საცავშია გამაგრებული, თუმცა მონიტორინგი მაინც აუცილებელია. რისთვის? მეტალები ნიადაგქვეშა წყლების მეშვეობით შესაძლოა პირდაპირ მდინარე რიო აგრიოში მოხვდნენ. მდინარის სათავესთან კი ზეთის ხილის, ატმის, მზესუმზირის და ა.შ. ბაღებია. ჰოდა, ხვდებით არა? რა საფრთხეზეც ფიქრობენ მუდამ ადგილობრივები. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება ნარჩენების ხანგრძლივი პერიოდით მართვა და გაუვნებელყოფა. არის შემთხვევები, რომლებიც მყისიერ ჩარევას საჭიროებენ. დაბინძურებას კი საზღვრები არ გააჩნია. საზღვარი ერთია, პლანეტა დედამიწა, ჩვენ ყველანი აქ ვცხოვრობთ და საზღვრები წაშლილია, რადგან თუ სევილიის მახლობლად რომელიმე მეტალმა „გაჟონა“, შემდეგ კი ფესვთა სისტემით ზეთის ხილის ხეში მოხვდა, ის ზეთის ხილი შესაძლოა მე და თქვენ  რომელიმე სუპერ მარკეტში შევიძინოთ.

ამიტომ, ჩვენი პლანეტის საერთო მძიმე პრობლემები ასეთია:

1) კლიმატის ცვლილება-გაზრდილი რადიაციის ფონზე ნახშირორჟანგის მომატებული დონე; 2) ბიომრავალფეროვნების ბუნებაში შემცირება და წითელ წიგნში მათი ჩამონათვალის ზრდა; 3) აზოტის ციკლი-ატმოსფეროში აზოტის საშიში ნაერთების მომატება; 4) ფოსფორის ციკლი-ფოსფორის ნაერთების ნაკადის გაზრდილი რაოდენობა ოკეანეებში; 5) სტრატოსფერული ოზონის განადგურება; 6) ოკეანეში მჟავური დონის გაზრდა-ზედაპირული წყლებიდან დამაბინძურებლების ჩადინების შედეგად; 7) გლობალური მასშტაბით არაკონტროლირებადი თევზჭერა; 8) ატმოსფეროში საშიში აეროზოლების მომატება; 9) ქიმიური დაბინძურება-არაორგანული და ორგანული დამაბინძურებლებით;

მეცნიერებს შორის დაისვა შეკითხვა – როგორ მივხედოთ ამ პრობლემებს? პასუხად, ქიმიის ახალი მიმართულება – „მწვანე ქიმია“ – წარმოიშვა. მისი ძირითადი საზრუნავია:

1)    მდგრადი რესურსების გამოყენება; 2) ზოგიერთი ქიმიური პროცესების ჩანაცვლება ალტერნატიული ბიოტექნოლოგიური მეთოდებით; 3) „მწვანე“, ანუ უსაფრთხო  მასალებისა და ქიმიკატების გამოყენება; 4) გარემოს მიმართ „მეგობრული“ მასალების გამოყენება, მაგ. ბიოდეგრადირებადი პოლიეთილენი; 5) განახლებადი ენერგიის ქიმიური ასპექტების შესწავლა და გამოყენება.

„მწვანე“ ქიმიის ერთ-ერთი მაგალითი ასეთია: 1960 წლიდან ხელმისაწვდომი ტკივილგამაყუჩებელი იბუპროფენია. მისი ორიგინალური პატენტი გულისხმობს სინთეზის ექვს საფეხურს, სადაც სინთეზში საწყისი მასალის მხოლოდ 40% მონაწილეობს, 60% კი ნარჩენის სახით რჩება. 1980 წელს სხვა ფარმაცევტულმა კომპანიამ სცადა იბუპროფენის სინთეზის ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება. ეს გზა უფრო მოკლე იყო და სინთეზში საწყისი მასალის 77% მონაწილეობდა. ნიკელისა და პალადიუმის კატალიზატორი გამოიყენებოდა და ყველა ნარჩენის გაუვნებელყოფა შეიძლებოდა, მაშინ, როდესაც, სინთეზის ძველი გზით დარჩენილი ალუმინის ქლორიდის უტილიზაცია ვერ ხდებოდა და გარემოში განიბნეოდა.

თუნდაც, სმოგის წარმომქმნელი გამონაბოლქვი ავიღოთ. მეცნიერები დიდი ხანია ბჭობენ წყალბად-ჟანგბადის საწვავად გამოყენებაზე.

2H2 + O2=2H2O ∆G=-457 კჯ.

ასეთი საწვავის გამოყენებით, ატმოსფეროში  გამონაბოლქვად წყლის ორთქლი გამოიფრქვევა, თუმცა, ასევე მცირე რაოდენობით იქნება  წყალბადის პეროქსიდი და აზოტის ოქსიდები (თუ ჟანგბადის წყაროდ ჰაერი იქნება გამოყენებული).

ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გადავაწყდი სტატიებსა თუ სიუჟეტს პლანეტა ნიბირუს შესახებ. მას პლანეტა X-საც უწოდებენ. ეს თითქოს  კოსმოსური სხეულია, რომლის ზომაც რამდენჯერმე აღემატება დედამიწას. ადრე მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავდა. შემდეგ ის ვარსკვლავი ჩაქრა, მისი ორბიტა გადაიხარა და ახლა ნიბირუ მზის გარშემო ბრუნავს. გამოდის, რომ მზის სისტემაში მეათე პლანეტა გამოჩნდა. მართალია, არავის უნახავს, ნასაც სულ ტყუილად ცდილობს, რამე მაინც დაინახოს. სამაგიეროდ, მის შესახებ ჯერ კიდევ შუმერები წერდნენ, მზის სისტემას ხატავდნენ კიდეც და მათ ნახატებში მეათე პლანეტაც იყო. იქ რეპტილოიდი ანნუნაკის ცივილიზაცია ცხოვრობდა და, შუმერების აზრით, სწორედ მათ დაასახლეს დედამიწა ადამიანებით, რათა შემდეგ  კოლონიზება მოეხდინათ.

ამავე პლანეტის შესახებ წერდნენ მაიას ტომები, ვანგა, ნოსტრადამუსი და ბაბილონის ასტრონომები.

ჰო, მართალია ნასა პლანეტას ვერ ხედავს, სამაგიეროდ ვიღაც დამოუკიდებელი მეცნიერები „ხედავენ“ და ირწმუნებიან, რომ ჩვენ და ეს პლანეტა ერთმანეთს შევეჯახებით. გვიახლოვდება და ყოველდღე თითო გრადუსით გვაშორებს ჩვენსავე ღერძს. ეს ძალიან ბევრ ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს: დიდი ყინულების დნობა, რაც მსოფლიო ოკეანის დონეს გაზრდის; 60-მეტრიანი სიმაღლის ცუნამები, რომლებიც მიწის ნაწილს დაფარავს; 11-ბალიანი მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევა (მათ შორის, უმოქმედოებისაც) წარმოქმნის ქარიშხლებს. გოლფსტრიმის დინება კი გაჩერდება, რაც გამყინვარების პერიოდის დაწყებას გამოიწვევს.

ამ ამბების დასაწყისად 2017 წლის 12 ივლისს ასახელებდნენ. შემდეგ – 12 სექტემბერს, სულ ბოლოს კი ბოლო იმედს ჩაებღაუჭნენ და თქვეს ყველაფერი 12 ოქტომბერს დაიწყებაო.

მაგრამ… ახლა, ხომ ნოემბერია და რადგან სტატია დაიბეჭდა, თქვენ კი კითხულობთ, ჯერ არავინ დაგვჯახებია. არც დაგვეჯახება.

ზემოთ აღწერილი მოვლენები კი უკვე ხდება და მომავალშიც ალბათ გაგრძელდება…

ოღონდ… მხოლოდ ჩვენი, ჰომო საპიენსების სიხარბით და დაუდევრობით.

ჰოდა, იქნებ დავფიქრდეთ?…

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი