პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ინკლუზიური განათლების გამოწვევები

27 წლის მარიამ ბიაშვილი კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრია. ბოლო ოთხი წელია, რაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით დაიწყო მუშაობა და ამჟამად თბილისის №41-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. მისი აღსაზრდელი მესამე კლასის მოსწავლეა. მარიამი ამბობს, რომ თავდაპირველად მოსწავლეს ძალიან უჭირდა გაკვეთილებზე ხანგრძლივად გაჩერება, თუმცა შემდგომმა მიზანმიმართულმა მუშაობამ  ის პოზიტიურ შედეგამდე მიიყვანა. მარიამის მოსწავლე ახლა მშვიდად ზის გაკვეთილზე და მასწავლებლის ინსტრუქციებს ასრულებს.

„ვთვლი, რომ თბილმა, მეგობრულმა საკლასო გარემომ ხელი შეუწყო, მისი პიროვნების განვითარებას და მის სასკოლო წარმატებებს. დღის განმავლობაში ის სამ გაკვეთილს ესწრება და აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში: წერს, კითხულობს ჩვენი დახმარებით დაფასთან მუშაობს, მონაწილეობს ზეიმებში, ექსკურსიებში, რაც მასწავლებლების, განსაკუთრებით კი დამრიგებლის მნიშვნელოვანი დამსახურებაა. ჩვენ ყველა მშობელთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ინდივიდუალური  სასწავლო გეგმის შექმნა, გაკვეთილის დაგეგმვა, ეფექტური მუშაობა მოსწავლეებთან, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განვითარების საწინდარია”, – ამბობს მარიამი.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, რომლის ავტორი და ხელმომწერები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ და ითხოვენ, მოხდეს სპეციალური მასწავლებლის სტატუსის გათანაბრება მასწავლებლის სტატუსთან და სპეციალური მასწავლებლებისთვისაც შესაძლებელი გახდეს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა და კვალიფიკაციის ამაღლება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ  სპეციალურ მასწავლებელს მასწავლებლად აღიარებს ( მუხლი 212 პუნქტი „ე”), დღესდღეობით სკოლებში ისინი ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ პერსონალად მოიაზრებიან და, შესაბამისად, ვერ სარგებლობენ ყველა იმ შეღავათით, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს საჯარო სკოლაში – კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, ორმოცდღიანი საშვებულობო დღე და ა.შ

ნათია ნიაური, რომელიც  ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და ამ  პეტიციის ავტორია, საუბრობს, რომ სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და  კარიერული წინსვლის სქემის  არარსებობა შემაფერხებელი ფაქტორია ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის. „რადგან, სპეციალური  მასწავლებლებისთვის არ გვაქვს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. მათი დაინტერესებაც, გაიარონ მსგავსი ტრენინგები და აიღონ კრედიტები, დაბალია. გამოდის, რომ თანაბარ პირობებში იმყოფებიან ისინიც, ვინც ამ საქმეში ძალისხმევას არ დებენ და ისინიც, ვინც კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავენ, ანუ აქვთ თანაბარი ანაზღაურება (350 ლარი, ხელზე – 280ლ). სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა უკვე გადამზადებული კადრი ტოვებს სკოლას, იმის გამო, რომ იშოვოს უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო. გამოდის, რომ სახელმწიფო ტყუილად ხარჯავს რესურსს, რადგან ვერ ხერხდება საჭირო კადრის შენარჩუნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ახალი კვალიფიციური კადრის მოძიება სკოლას ძალიან უჭირს… საბოლოდ კი ისევ ხარისხიანი ინკლუზიური განათლების პრობლემის წინაშე ვდგებით და ვარღვევთ სსსმ მოსწავლეების უფლებას, თანატოლების მსგავსად მიიღოს თანაბარი და ხარისხიანი განათლება”, – ამბობს ნათია ნიაური.

სპეციალური მასწავლებლების მიმართ დისკრიმინაციაზე საუბრობს მარიამ ბიაშვილიც და ამბობს, რომ, თუ  ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის არ შეიქმნება ხელშემწყობი პირობები, მივიღებთ ფსევდო-ინკლუზიურ განათლებას. ამით პირველ რიგში ყველაზე ძალიან სწორედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები დაზარალდებიან.

„ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული სტატუსი, რაც სამუშაო საათების გაწერაზე, შვებულებაზე, ხელფასზე იმოქმედევს. თუ სპეციალურ მასწავლებელს მოეთხოვება პედაგოგიური გამოცდილება  და გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაშინ დისკრიმინაციად  უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ჩვენ ვერ ვსარგებლობთ მასწავლებლის 40-დღიანი შვებულებით და ხელფასის ზრდის პერსპექტივაც ჩვენთვის არ არსებობს. სკოლაში ჩვენ მივეკუთვნებით ადმინისტრაციულ რგოლს, ამიტომ სპეციალურ მასწავლებელს, თავისი საქმიანობის გარდა, კიდევ სხვა საქმეების შესრულებაც უწევს, რაც ცხადია, უარყოფითად იმოქმედებს მასწავლებლის მოტივაციაზე, რაც შესაბამისად აისახება კიდეც მათ შრომითუნარიანობაზე. სულ მალე კი მივალთ იმ სავალალო შედეგამდე, რომ ინკლუზიურ განათლებაში მომუშავე საუკეთესო კადრი სკოლიდან  გადინებას დაიწყებს. ამ ეტაპზე კი ჩემი შინაგანი მოტივაცია მხოლოდ ჩემი მოსწავლეების კეთილდღეობა და სიყვარულია. მინდა ვაჩვენო საზოგადოებას არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობები, არამედ პიროვნებები, რომლებსაც დიდი შედეგებისა და წარმატების მიღწევაც შეუძლიათ”, – ამბობს მარიამი.

ნათია ნიაური ორგანიზაცია „სპეციალური განათლების პედაგოგთა ასოციაციის” დამფუძნებელიცაა  და თავისი საქმიანობის ფარგლებში ხშირად უწევს სპეციალური მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარება. მისი დაკვირვებით მასწავლებელთა კვალიფიკაციის მხრივ დედაქალაქსა და რეგიონებში განსხვავებული სიტუაციაა. რეგიონებში საქმე უფრო რთულადაა, მეტი არაკვალიფიციური კადრია. რადგან ტრენინგებიც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და სპეციალური მასწავლებლებიც კრედიტს ვერ იღებენ, მასწავლებელთა მოტივაცია დაბალია.

„ამ მხრივ გაცილებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს დედაქალაქში, სადაც სპეცმასწავლებლებად უმეტესად ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე სპეცმასწავლებლები ან ფსიქოლოგები მუშაობენ. უმეტესობა მათგანს გავლილი აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული 120-საათიანი სატრენინგო კურსი სახელწოდებით: „სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი“.  აღნიშნული ტრენინგი ეხმარება სპეცმასწავლებლებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია, უკეთ დაეხმარონ საგნის მასწავლებლებს, დაგეგმონ და განახორციელონ სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებთან, აწარმოონ დოკუმენტაცია მოსწავლეთა შედეგის ასახვის მიზნით და ჩაატარონ ცნობიერების ასამაღლებელი სემინარები/შეხვედრები სკოლის პერსონალთან, მოსწავლეებთან ან მშობლებთან… თუმცა,  ამ  მოდულის გავლა არის სარეკომენდაციო და არა სავალდებულო მათთვის, შესაბამისად ყველა არ გადის”,  – ამბობს ნათია ნიაური.

სპეციალური მასწავლებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლის განვითარებაში. ის შუალედური რგოლია მოსწავლესა და მასწავლებელს, მშობელსა და ადმინისტრაციას შორის, რომელიც ფლობს საჭირო კომპეტენციას, სწავლების იმ მიდგომებს, მეთოდოლოგიასა და სტრატეგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართულობას და თანამონაწილეობას საგანმანათლებლო სივრცეში. ნათია ნიაურის თქმით, ინკლუზიური განათლების ფილოსოფიის ეს პრინციპი ხშირად ირღვევა მასწავლებელთა დაბალკვალიფიციურობის მიზეზით, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საკლასო გარემოდან იზოლირებაში ან კლასიდან ინტენსიურ გაყვანაში გამოიხატება, რაც ხარისხიანი განათლების მიღწევაში  და თანატოლებთან ინტერაქციის პროცესში ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია.

„იზოლირება-აქტივობებში ჩაურთველობა, ან კლასიდან ინტენსიური გაყვანა უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლის თვითეფექტურობაზე, რადგან ხაზს უსვამს მის განხვავებულობას და სუსტ მხარეს. იკარგება აღიარებისა და კლასთან ერთიანობის განცდა, არასწორი დამოკიდებულება სსსმ მოსწავლეში აყალიბებს რწმენას, რომ ის უუნარო, ე.ი. წარუმატებელია, რაც მას სწავლის მოტივაციას და ინიციატივას უკარგავს, ხდის დათრგუნულს ან, პირიქით, ხდება რთული ქცევის გამოვლენის პროვოცირება”.

 

ნათია ნიაური და მარიამ ბიაშვილი ინკლუზიური განათლების პროცესის წარმატებით გაგრძელების ერთ-ერთ მთავარ როლს კვალიფიციური სპეციალური მასწავლებლების არსებობაში ხედავენ, რომლებსაც პროფესიული განვითარებისა და წინსვლის პერსპექტივა ექნებათ, რაც დაეხმარებათ როგორც საკუთარი თავის დამკვიდრებაში, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე მოსწავლეთა უფლებების ადვოკატირებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მიიჩნევენ, რომ სკოლაში სპეციალურ  მასწავლებელად მუშაობის მსურველ პროფესიონალთა რიცხვი შემცირდება, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში ინკლუზიური განათლების განვითარებაზე.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი