როდესაც მუსიკა ქარაგმებით გვესაუბრება

მუსიკალურ სასწავლო რეპერტუარში ჰაიდნის საკლავირო ნაწარმოებების მნიშვნელობის შეფასება რთულია. ზოგიერთი სონატა კომპოზიტორის მიერ სპეციალურად არის შექმნილი პედაგოგიური მიზნებისთვის. ზოგი მათგანი დღესაც შეტანილია სამუსიკო სკოლების, სტუდიებისა და კოლეჯების სასწავლო პროგრამებში. მათი როლი მოსწავლეებისთვის ვენის კლასიკოსთა ესთეტიკის გაცნობაა. ეს სონატები ნორჩ მუსიკოსებს აჩვევს ზედმიწევნით ფრთხილ მუშაობას ფაქტურის დეტალებზე, უვითარებს რიტმისა და ტემპის შეგრძნებას, შესაბამისად, პიანისტურ ტექნიკას.

ვენის კლასიკური სკოლის პირველ წარმომადგენელს, გამოჩენილ ავსტრიელ კომპოზიტორს ფრანც იოზეფ ჰაიდნს, ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში უამრავი ნაწარმოები აქვს შექმნილი თითქმის ყველა ჟანრში: ოპერები, მესები, ორატორიები, სიმფონიები, კონცერტები, კამერული ანსამბლები, სონატები, გუნდები, სიმღერები, თუმცა მაესტრო უდიდეს კომპოზიტორად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრშია მიჩნეული, როგორც კლასიკური სიმფონიისა და კვარტეტების ფუძემდებელი. გენიალური კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმფონიური ნაწარმოებების საფუძველი სწორედ ჰაიდნის სიმფონიები გახლავთ და მას სავსებით დამსახურებულად უწოდებდნენ „სიმფონიის მამას“.

კლასიკური ინსტრუმენტული მუსიკის წამყვანი ჟანრის ნაწარმოებებს, სიმფონიებს, ჰაიდნი საუკუნის მესამედზე მეტი ხნის განმავლობაში – XVIII საუკუნის 50-იანიდან 90-იან წლებამდე ქმნიდა. ის ასზე მეტი სიმფონიის ავტორია. ჰაიდნის ადრეული პერიოდის სიმფონიები მანჰაიმელი ოსტატების სიმფონიებთან ერთად მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა ვენის კლასიკური სკოლის სიმფონიზმის სტილისტური საფუძვლების ფორმირების პროცესში.

დიდი სიმფონისტი ჰაიდნი უნგრელი თავადების – ესტერჰაზების სასახლის კარზე 30 წლის განმავლობაში მსახურობდა კაპელმაისტერად. წარმოუდგენელია, რომ კომპოზიტორი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის სიმფონიური მუსიკის განვითარებაში, ეს „უდიდესი ჰაიდნი“, როგორც მას სიცოცხლეშივე უწოდებდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ავსტრია-უნგრეთის თავადის, ვინმე ნიკოლო ესტერჰაზის სასახლის კარის კაპელმაისტერი იყო.

ისიც გასაკვირია, რომ კომპოზიტორს, რომელსაც მთელი ევროპა იცნობდა და რომლის კონცერტებს პარიზსა და ლონდონში დღესასწაულივით ელოდა, გასტროლებისთვის თავადის ნებართვა სჭირდებოდა. კაპელმაისტერ ჰაიდნის კაბალური კონტრაქტი მის მრავალგვარ მოვალეობას აღწერდა: ესტერჰაზის საოჯახო დიდი კაპელის შემადგენლობაში შემავალი გუნდის წევრებს, სოლისტებსა თუ ორკესტრანტებს შორის არსებული ყოველგვარი გაუგებრობა და უთანხმოება კაპელმაისტერ ჰაიდნს უნდა მოეგვარებინა. მუსიკოსთა მიერ წესების დარღვევისთვის კი პასუხი სწორედ მას მოეთხოვებოდა. გარდა ამისა, ჰაიდნს თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობის უფლება არ ჰქონდა, მუსიკა მხოლოდ თავადის დაკვეთითა და გემოვნებით უნდა შეექმნა… თვით ჰაიდნიც ხომ მისი საკუთრება იყო. კონტრაქტის მიხედვით, კოსტიუმი, პარიკი და წინდებიც კი თავადის გემოვნებით იყო შერჩეული.

მიუხედავად ყველაფრისა, ჰაიდნი 30 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ესტერჰაზების დინასტიას. დიდი მაესტრო თავს მოსამსახურეს უწოდებდა და თვით ესტერჰაზიც ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავდა. მრავალი წლის შემდეგ მშობლიურ სახლში დაბრუნებული, საყოველთაოდ აღიარებული, მაგრამ ძალაგამოლეული „გათავისუფლებული მოხუცი მუსიკოსი“ უსაზღვრო მონატრებისგან ზღურბლთან მუხლს მოიდრეკს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ თავადს მუსიკა ძალიან უყვარდა, თუმცა უცნაურად კი გამოხატავდა ამას… მუსიკოსებს არასათანადოდ ეპყრობოდა, ფაქტობრივად, მსახურებისგან არ ასხვავებდა. ანაზღაურებასა და შვებულებას მუდამ დაგვიანებით გასცემდა. ერთ მშვენიერ დღეს ამგვარი მოპყრობით დატანჯულმა მუსიკოსებმა შველისთვის მაესტროს მიმართეს. მიუხედავად მცდელობისა, მასაც არაფერი გამოუვიდა – გულგრილმა თავადმა „მამა ჰაიდნის“ თხოვნა არ შეისმინა. ბუნებრივია, რეპეტიციების ჩატარება გართულდა, თავადი კი მოახლოებული დღესასწაულისთვის დაჟინებით მოითხოვდა ახალი სიმფონიის შესრულებას. გონებამახვილმა მაესტრომ თავადთან მუსიკის ენით გასაუბრება გადაწყვიტა. შექმნა სიმფონია, რომელსაც „გამოსათხოვარი“ უწოდა და სიმფონიის ბოლო ნაწილით მუსიკოსების თხოვნაზე მიანიშნა.

 

ესტერჰაზის სასახლე ავსტრიის კულტურისა და სულიერი ცხოვრების ცენტრად იყო მიჩნეული. აქ სრულდებოდა მუსიკალური სიახლეები, ჰაიდნის ოპერების პრემიერები და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები. გარდა ამისა, ავსტრიის ელიტას იზიდავდა სასახლის უმდიდრესი ბიბლიოთეკაც, რომელიც 20000-ზე მეტ ტომს ითვლიდა.

დღესასწაული დადგა. ახალი სიმფონიის მოსასმენად თავადის „უნგრული ვერსალის“ სასახლის დარბაზში შეკრებილი მასპინძელი და სტუმრები უცნაური ამბის მოწმენი გახდნენ:

სუსტად განათებულ სცენაზე ორკესტრი უკრავდა. სანოტო სადგამებზე (პიუპიტრებზე) დამაგრებული სანთლების მოციმციმე შუქზე თეთრი ნოტები და მუსიკოსთა სახეები იკვეთებოდა. დარბაზში გაბნეული მშვიდი მუსიკა თითქოს სანთლების ალიდან იღვრებოდა. მოულოდნელად ყურადღებას მიიპყრობს ერთ-ერთი ციმციმა სანთლის ფონზე ამოზრდილი ჩრდილი: მუსიკოსი საკრავს ფრთხილად დადებს სკამზე, სანთელს ჩააქრობს და ჩუმად დატოვებს სცენას. მუსიკის ხმა თანდათან იკლებს, სცენაზე კი უფრო და უფრო ისადგურებს სიბნელე… მუსიკოსები საკუთარი პარტიის დასრულებასთან ერთად ერთიმეორის მიყოლებით აქრობენ სანთლებს და სიბნელეში უჩინარდებიან. სცენაზე დარჩენილი ორი ვიოლინოს ჰანგის ფონზე ორი სანთელიღა ციმციმებს…

მუსიკა მიწყდა და მასთან ერთად უკანასკნელი სანთელიც ჩაქრა.

ჰერცოგს სიმფონიის ქვეტექსტის, მიხვედრა არ გასჭირვებია და ერთგვარი „მუსიკალური გავლენის“ ქვეშ მყოფმა, მუსიკოსებს თხოვნა შეუსრულა – ოჯახების მონახულების უფლება მისცა.

ვინაიდან კლასიკური მუსიკის მოსმენა ბავშვებისთვის, გამონაკლისების გარდა, რატომღაც მოსაბეზრებელი და დამღლელია, ინტერესის გასაღვივებლად ჰაიდნის №45-ე „მხიარული“ სიმფონიის საკონცერტო შესრულების ისტორიას მოვუყვეთ და „მუსიკალური წარმოდგენაც“ ვაჩვენოთ.

 

https://www.youtube.com/watch?v=kjFeDk6Kr3U

 

აი, როგორი „მუსიკალური გაფიცვა“ მოაწყო მხიარულმა კომპოზიტორმა იოზეფ ჰაიდნმა. ეს მახვილგონივრული პროტესტი თავადისთვის იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, რომ კაპელის მიმართ აღშფოთება უმალ გაუნელდა. ჰაიდნმა გაიმარჯვა.

ასე შემთხვევით შექმნილი „გამოსათხოვარი სიმფონია“ დღემდე ცოცხლობს. სიმფონიის შესრულებისას ორკესტრანტები სცენას კვლავ ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ: ჯერ – ყველა სასულე საკრავი, შემდეგ –კონტრაბასები,ვიოლონჩელოები, ალტები და მეორე ვიოლინოები, დასასრულ – პირველი ვიოლინოების სევდიანი სუსტი ბგერები და გარინდება.

 

https://www.youtube.com/watch?v=0lLa_W0Hm_Q

„გამოსათხოვარი“ სიმფონია პირველად 1772 წლის შემოდგომაზე შესრულდა. ჰაიდნის შემოქმედებაში მას განსაკუთრებული ადგილი იმ დროისთვის უჩვეულო ტონალობის – ფა დიეზ მინორის გამო უკავია. ყველაზე უნიკალური კი სიმფონიის დასასრულია, დამატებული უცნაური Adagio-თი, რომელიც ფინალს მოსდევს და სიმფონიის მეხუთე ნაწილად მიიჩნევა. გარდა ამისა, ნელი ფინალი ევროპული სიმფონიების ისტორიას მანამდე არ ახსოვდა.

სიცოცხლით სავსე კომპოზიტორს, „დიდ ჰაიდნს“, ძალიან ჰგავდა მისი მუსიკა. რა თქმა უნდა, ორკესტრანტების დასახმარებლად შექმნილი სევდის მომგვრელი სიმფონია ხუმრობა იყო, თუმცა დიდი მაესტრო ყოველთვის არ ხუმრობდა.

 

P.S. შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, რომ გერმანელებს თავიანთი ქვეყნის ჰიმნად ვენის კლასიკოსის იოზეფ ჰაიდნის მუსიკა აქვთ არჩეული.

 

კომენტარები

comments