წერითი ინსტრუქცია სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს. რისი მიღწევა მსურს კონკრეტული წერითი დავალებით? – ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხიც მიზნის შესაბამისია: ტექსტის გაგება, ახალი სიტყვების სწავლა, აზრის ჩამოყალიბება, პირადი მოსაზრების დაფიქსირება, მოსწავლეთა ინტერესების გაცნობა… შემდეგ იწყება წერითი დავალების ფორმასა და ინსტრუქციაზე ფიქრი, მოსწავლეებისთვის შედგენილი ინსტრუქციის მიხედვით დავალების დაწერა, მათთვის წაკითხვა და ბოლო ეტაპი არის წარმართვა იმ პროცესისა, რომელსაც მე ვუბიძგე – მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ საკუთარ ნაშრომებს, ვუსმენთ, საინტერესო წინადადებებს/სიტყვებს ვინიშნავ და უკუკავშირს ვაძლევ.
დღის ფოტოამბავი – ამ სტატიაში მოგიყევით, თუ როგორ გამოვიყენეთ მუზეუმში სტუმრობისას გადაღებული ფოტოები შთაბეჭდილებების გაზიარების საშუალებად. კვლავ ამავე წერითი დავალების შესახებ გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, ამჯერად, განსხვავებული ინსტრუქციით.
დეკრეტული შვებულების შემდეგ სკოლაში დაბრუნება რომ გადავწყვიტე, გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, თუ რომელი აქტივობა შემერჩია ჩვენი პირველი შეხვედრისთვის. მსურდა, ერთწლიანი განშორების შემდეგ მოსწავლეებს გაეზიარებინათ, რა მოხდა მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული, ისეთი რამ, რაც სურდათ, ჩემთვის მოეთხროთ.
მაინტერესებდა მათი პიროვნული განვითარება, რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, როგორი ინტერესები ჰქონდათ, რას შეარჩევდნენ, როგორ მომიყვებოდნენ. ფოტოამბავი ერთგვარ მულტიმედიურ დავალებად იქცა – თან ფოტოს მიზიარებდნენ და თან წერილობით მიყვებოდნენ შერჩეული ფოტოს შესახებ.
წერითი დავალების მოსწავლეებისთვის შეთავაზებისას ამ ბოლო დროს შემდეგი თანმიმდევრობით ვმუშაობ:
I გაკვეთილი:
- ინსტრუქციის მოფიქრება;
- ინსტრუქციის მიხედვით დავალების დაწერა;
- მოსწავლეებისთვის ინსტრუქციის გაცნობა, მისი საფეხურების დაფაზე ჩამოწერა და რვეულში ჩანიშვნა;
- მოსწავლეების შეკითხვებისთვის, რომლებსაც გაუგებარი საკითხების შესახებ სვამენ, პასუხების გაცემა;
- ჩემი დაწერილი დავალების მათთვის ხმამაღლა წაკითხვა.
II გაკვეთილი:
- მოსწავლეები კითხულობენ დავალებას;
- დღიურში ვინიშნავ წინადადებებსა და სიტყვებს, რომლებიც მომწონს;
- წაკითხვის დასრულების შემდეგ ვუბრუნებ უკუკავშირს – ვუკითხავ ხმამაღლა ჩანიშნულ წინადადებებს, სიტყვებს, ვეუბნები, რა გამახსენა და რაზე დამაფიქრა მისმა ნაწერმა.
გამოვხატავ მადლიერებას, რომ აქ და ახლა ვართ, ვუსმენთ ერთმანეთს, ხმამაღლა მიკითხავს და გვიზიარებს საკუთარ აზრებს. ეს არის ენერგიების გაცვლა-გამოცვლის გულწრფელი, ამაღელვებელი, დასაფასებელი, დასამახსოვრებელი პროცესი.
ფოტოამბავი – წერითი დავალების ინსტრუქცია:
შეარჩიე ერთი ფოტო და გამაცანი შენი ცხოვრების ერთი ამბავი, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანი, გამორჩეული, განსაკუთრებულია და დაწერე თემა შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:
- დაარქვი ფოტოს სათაური;
- აღწერე, რა ხდება ფოტოს გადაღებისას. ყურადღება გაამახვილე დეტალებზე, გარემოზე, განწყობაზე, ამინდზე…
- მომიყევი, რატომ შეარჩიე ეს ფოტო;
- იმსჯელე, შენი აზრით, რა როლი აქვს ფოტოს ადამიანის ცხოვრებაში;
- დასვი ერთი შეკითხვა ამ ფოტოსთან დაკავშირებით;
- შენი ნაწერი წაიკითხე ხმამაღლა, შეასწორე, რასაც საჭიროდ ჩათვლი.
- შეგიძლია (ძალიან გამიხარდება), თუ თაბახის ფურცელზე ამობეჭდავ შერჩეულ ფოტოს;
- თუ ვერ მოახერხებ, დახატე თაბახის ფურცლის დასაწყისში ისე, როგორც შეძლებ;
- თუ დახატვაც არ გსურს, მაშინ დაწერე ფოტოს ამბავი ინსტრუქციის მიხედვით.
დღიურში ჩამოვწერე ინსტრუქცია, თაბახის ფურცელზე ამოვბეჭდე ჩემი შერჩეული ფოტო და ინსტრუქციის მიხედვით დავწერე ამბავი. გადავწყვიტე, მათთვის გამეზიარებინა ფოტო, რომელიც უნივერსიტეტის წინ ჩემი სამაგისტრო თემის დაცვის შემდეგ გადავიღე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. სათაურად დავარქვი თანადგომის ძალა, რადგან ოჯახისა და მეგობრების თანადგომის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდი კვლევასა და ნაშრომზე მუშაობას.
მთავარი გზავნილები ჩემი მოსწავლეებისთვის იყო ის, რომ მასწავლებლობა სწავლის დასრულებას არ ნიშნავს; მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანადგომა როგორი ძლიერი საყრდენია; ამ ფოტოზე არიან ჩემი ყოფილი მოსწავლეები რაჭიდან, ახლა უკვე სტუდენტები და ჩემი მეგობრები – ამით იმის თქმა მსურდა, ჩემი ახლანდელი მოსწავლეებისთვის, თუ როგორი ძვირფასია ჩვენი ერთად ყოფნა.
ჩემი ფოტოამბავი სრულდებოდა შეკითხვით, რომელიც მიზნად ისახავდა გოდერძი ჩოხელის რომან „წითელი მგლის“ შესახებ ცნობისმოყვარეობის აღძვრას:
„გინდათ, ერთ გაკვეთილზე გაგაცნოთ ყველაზე უშიშარი ჯარჯი, წითელ გველეშაპზე ამხედრებული გარსია და კაცი, რომელიც აყვავდა?“
ყოველი გაკვეთილი ცოცხალი პროცესია. ამჯერად მომაფიქრდა მოსწავლეების ინტერესები ჩამერთო დავალების ინსტრუქციის გაცნობის პროცესში და ვთხოვე, მობილური ტელეფონის გალერეაში მოეძებნათ ბოლოს გადაღებული ფოტო. კლასი გახალისდა, გულღიად ეცინებოდათ იმაზე დაკვირვებისას, თუ რა გადაიღეს ბოლოს. უცნაური, სახალისო და გულისამაჩუყებელი პასუხები მოვისმინე, მაგალითად: დედისთვის გაგზავნილი „სქრინი“, რომელზეც სამი სიტყვა იკითხებოდა: „დე, აქ ვარ“, „კარფურის“ ფასდაკლებების სია, კლასელებთან ერთად გადაღებული „სელფები“, საყვარელი ცხოველები, პატარა და-ძმები…
წერითი დავალება ფოტოამბავი ჩემს ოთხივე (VI, VIII, X) კლასს შევთავაზე და აი, რა ამბები დაატრიალა ერთმა დავალებამ:
- სხვადასხვა ასაკის 100-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა. თაბახის ფურცელზე ზოგს ამოებეჭდა, ზოგს კი დაეხატა შერჩეული ფოტო. იმის წარმოდგენამ, თუ როგორი გულმოდგინებით იზრუნეს ინსტრუქციის თითოეულ ნაბიჯზე, მადლიერებით ამივსო გული;
- კლასის წინ სათითაოდ წაიკითხეს და ერთმანეთს მოუსმინეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში. ასე პატარ-პატარა ნაბიჯებით, კლასის წინ წაკითხული საკუთარი ნაშრომებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადებიან.
- დავაკვირდი, ვის რა უხაროდა, რა ადარდებდა, რაზე ასწორებდა ფოკუსს;
- გამოიკვეთა თითოეული კლასის საჭიროებები, სად უფრო მეტი ერთიანობაა ან სად უნდა გავამახვილო ღირებულებებით სწავლებაზე ყურადღება;
- ერთ-ერთ მერვე კლასში ასეთი რამ მოხდა: ორმა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეარჩია ერთი და იგივე ფოტო, კერძოდ, კლასის საერთო ფოტო, რომელიც დამრიგებელთან ერთად მუზეუმში სტუმრობას ასახავდა. ერთმა ფოტო ამობეჭდა, მეორემ – დახატა, ამბავსაც განსხვავებულად ჰყვებოდნენ, მაგრამ მთავარი ერთიანობის განცდა და სიხარული იყო. ამ დამთხვევამ შემდეგი ფოტოამბის თემისკენ მიბიძგა. გადავწყვიტე, გარკვეული დროის მერე თითოეულ კლასს შევთავაზო კლასის საერთო ფოტოს შესახებ ამბის დააწერა;
- რამდენიმე ახლი მოსწავლე მყავს. პირველი შეხვედრის მიუხედავად, სხვების მოსმენისას გათამამდნენ, მარტივად აუღეს ალღო ინსტრუქციას, დაწერეს, გაბედეს და კლასის წინაშე წაიკითხეს;
- რამდენიმე მოსწავლე პირველ დღეს არ იყო და მათთვისაც სხვების მოსმენა გახდა წერის სურვილის აღმძვრელი. იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ სკოლაში და მათაც გავაცანი ინსტრუქცია ან კლასელს ვთხოვე დახმარება.
- ორ მოსწავლეს რაღაც აბრკოლებდა – ხასიათი, თავდაუჯერებლობა ან ჩემთვის უცნობი მიზეზი. ორივეს პირადად გავესაუბრე და ამან იმოქმედა, მათაც დაწერეს.
- გამოიკვეთა პრობლემაც – ვინც ხშირად აცდენს სხვადასხვაა მიზეზის გამო, მათ საერთო პროცესისთვის ფეხის აყოლა უჭირთ, თუმცა, სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე დიდი ყურადღება, წახალისება, თანადგომა, დროის დათმობა.
- ჩემი დღიური გადაივსო ულამაზესი წინადადებებით. ყველას გაგიზიარებდით სიხარულით.
- სათაურები ცალკე მოსაყოლია.წერისას ერთი მათგანი გამახსენა: „ჩემი ანგელოზი გამიფრინდა“, რომლის წაკითხვა კლასის წინ მერვეკლასელმა გოგომ ვერ შეძლო, გვიან ღამით წავიკითხე და ვიტირე.
- ერთი ამბავი მეათე კლასში მოხდა. მეგიმ პირველივე დღეს დაწერა, ერეკლე მეორე დღეს მოვიდა. თუკი არ უწერიათ დავალება, ვთხოვ, იქვე დაწერონ. გაკვეთილის ბოლოს მომიტანა ულამაზესი ნაწერით გადავსებული თაბახის ფურცელი. მეგი ინტრუქციის საფეხურებს გარკვევაში ეხმარებოდა. ერეკლეს ნაშრომიც მოგვიანებით წავიკითხე. „ეშმაკის ბორბალი“ დაურქმევია ფოტოამბისთვის და ამგვარი შეკითხვით სრულდებოდა: „თქვენ რომ „ეშმაკის ბორბალზე“ გაჭედილიყავით, რას იზამდით?“ მეორე დღეს შთაბეჭდილებები რომ გავუზიარე, რამდენჯერმე მკითხა, ხომ კარგად გამომდის წერაო. ერეკლე გულღია, კომუნიკაბელური ადამიანია. დარწმუნებული ვარ, თითოეული მოსწავლე დარწმუნდებოდა საკუთარ შესაძლებლობაში და იმაში, რომ წერა ყველა ბავშვს შეუძლია.
- ერთი ახალი მოსწავლეა მერვე კლასში. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ წერა დაეწყო. შინ დაბრუნებულმა წავიკითხე დათოს ფოტოამბავი. მიყვებოდა, როგორ მისწერა ერთ დილას მწვრთნელმა, რომ ვარჯიშზე ფანდური წაეღო თან. ფანდური და ჭიდაობა ყველაზე მეტად მიყვარსო, წერდა. დათოს ტელეფონის ნომერი არ მქონდა, თორემ მისი მწვრთნელს მივბაძავდი და მივწერდი, რომ მეორე დღეს სკოლაში ფანდური წამოეღო. რამდენი ასეთი ამბავი გამიზიარეს, დამაფიქრეს, დარდი და სიხარული გამიზიარეს.
- მასწავლებლის ძალისხმევა კვალს აუცილებლად ტოვებს თითოეული მოსწავლის წერითი უნარების გამოვლენისას.
- ფოტოამბის შესახებ ვიდეო ჩავწერე და თქვენც გიზიარებთ:
https://www.youtube.com/watch?v=WZ6oafKKMFA