ჩემს მოსწავლეებთან ხშირად ვსაუბრობ იმის შესახებ, რომ ყველა საგანს თავისი ენა აქვს. თითოეული საგანი სამყაროს ამა თუ იმ მოვლენას მისთვის დამახასიათებელი გამომსახველი ხერხებით განგვიმარტავს. მუსიკა მშვენიერების აღქმის, შეუცნობლის შეცნობის ენაა და შინაარსის გადმოსაცემად ორი ან მეტი ენის ცოდნას მოითხოვს: პირველი – მუსიკის ენაა თავისი სინტაქსური და მორფოლოგიური სიღრმით; მეორე – მუსიკის ენაზე თქმულის ვერბალური ახსნა და მისი განმარტებებია; დანარჩენი – შეძენილი ცოდნის კონტექსტების მორგებაა ახალ მასალაზე.
სასწავლო პროცესის დასაწყისში რამდენიმე გაკვეთილს ენის გამომსახველი ხერხების ანალიზს ვუთმობ. სხვაგვარად წარმოუდგენელია, გავაგებინო მოსწავლეს ამ ენის სტილური თუ ჟანრული მახასიათებლები. ეგზიუპერის ციტატა ,,ენა არის გაუგებრობის წყარო’’, მასწავლებელს განაწყობს, დაგეგმოს გაკვეთილები ენის მახასიათებლების ხარისხიანი სწავლებისთვის, და სახელმძღვანელოს მასალა დაალაგოს იმგვარად, რომ შედეგის მიიღებოდეს მარტივად და მიზნობრივად. მუსიკის გამომსახველი ენის ელემენტები – მელოდია, ჰარმონია, რიტმი, მეტრი, ტემპი, ტემბრი, ფაქტურა, ფორმა, ჟანრი, ბგერა – ცალკე კვლევის საგანია. ენის თითოეული ელემენტი წარმოადგენს საგანთა შორის შემაკავშირებელ ხიდს. უსასრულოდ შეიძლება ვისაუბროთ ნაწარმოების ემოციურ და ფსიქოლოგიურ შინაარსზე. ნაწარმოებების განხილვა, ანალიზი, კვლევა კონტექსტს ეფუძნება, კონტექსტებს კი სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად ვართულებთ. ამისთვის, მასწავლებელს აქვს ქრესტომათიული მასალის დამატებით შერჩევის შესაძლებლობა თემის კიდევ უფრო ღრმად შესწავლისათვის, მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით.
ვიწყებ მუსიკის ენის ფენომენზე საუბრით, და ვაგრძელებ მედიაწიგნიერებაში მისი მოდიფიკაციითა და ინტეგრაციით. მქონდა ბედნიერება, წელს ჩემი გამოცდილება მეთერთმეტე კლასისთვის გამეზიარებინა. ჩემთვის მედიაწიგნიერება მოსწავლეებთან დაახლოებისა და ურთიერთობის განსხვავებული და საინტერესო შესაძლებლობა აღმოჩნდა. მოდით, თავიდანვე გეტყვით, რომ ეს საგანი – მედიაწიგნიერება, ყველა საგნისგან განსხვავებით, მკაფიოდ გამოკვეთილ უნარებს მოითხოვს. კერძოდ, მოსწავლეს არგუმენტირებისთვის, აზრის თავისუფლად გამოთქმისთვის მეტი სივრცე ეძლევა. როცა ფილმის ფრაგმენტის, მედიაწიგნიერების რესურსის, ხელოვნების ნიმუშის, ლიტერატურული ნაწარმოების, მუსიკალური შედევრის ანალიზს ვაკეთებთ. ინფორმაციაზე სრული წვდომისთვის ხშირად ვიყენებთ ხოლმე მობილურ ტელეფონს. ტარგეტულად მორგებული აქტივობების დახმარებით მოსწავლეები მარტივად პოულობენ პრობლემის გადაჭრის საინტერესო გზებს, რომლებიც პროექტზე მუშაობის თემად შეგვიძლია ავირჩიოთ. გაკვეთილმა, რომელიც ზოგჯერ სპონტანურად წარიმართება, შეიძლება გვიკარნახოს პროექტის იდეა. სწორედ ასე გამოიკვეთა პროექტისთვის ახალი თემა: ,,ინფორმაციის ენა – ვინ დასვა პირველი შეკითხვა?“.
მეთერთმეტე კლასში თავისუფლად შემეძლო მესაუბრა სახისმეტყველების რაობასა და მნიშვნელობაზე ლიტერატურასა და ხელოვნებაში. მოსწავლეებს ხშირად ვაცნობდი რევაზ სირაძის ,,სახისმეტყველებიდან’’ მათთვის საინტერესო და კონტექსტურად საჭირო საკითხებს. მით უმეტეს, რომ ამის შესაძლებლობას მათი საბაზისო ცოდნა მაძლევდა. გავლილი ჰქონდათ ჰაგიოგრაფია, რომელსაც თავისუფლად ვაკავშირდებდი ტექსტების დაშიფვრასთან, სიმბოლოების, მეტაფორების გააზრებასთან. ,,სახისმეტყველებაში’’ მოთხრობილია, რომ ქართული ესთეტიკის, მუსიკისა და ლიტერატურის სათავეებში უნდა ვეძებოთ სწორედ ის გზა, რომელიც ინფორმაციას ცოდნად გადააქცევს. მაგალითისათვის მოვიყვან რამდენიმე საკითხს: ქართული ჩუქურთმა და მზე, მოძღვრება ადამიანზე, საგალობელი, ფრესკა, ტაძარი. გაკვეთილზე ხშირად ვიყენებ პოსტმოდერნიზმის გამომსახველ ენას, ძალიან ნიშანდობლივია ჯემალ ქარჩხაძის წერის სტილური მახასიათებელი, აკა მორჩილაძის „ობოლედან“ თხრობის ჰიპერრეალისტური შეგრძნება. ვერაფრით ვუღალატებდი ნიდერლანდურ რენესანსს, ხშირად ვშიფრავდით ჰიერონიმუს ბოსხის ტილოებს: „თივის გადატანა“, ტონდო „კაცობრიობის შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“, პიტერ ბრეიგელის „ნიდერლანდური ანდაზები“, ეს ხომ „წინასწარმეტყველებაა“ სამყაროს საზრისზე, ადამიანის როლზე წუთისოფელში. ხელოვნური ინტელექტის როლი უაღრესად მნიშვნელოვანი და ფუნქციური აღმოჩნდა ინფორმაციების, მასალების მოძიებასა და გენერირებაში. მოსწავლეები მუშაობდნენ რამდენიმე AI პლატფორმაზე: Chatgpt.com, Gemini.google.com.app, claude.ai.new, copilot.microsoft.com, app.leonardo.ai.
დეკოდირება, როგორც ინფორმაციის ფილტრაციისა და ცოდნად გადაქცევის ინსტრუმენტი, მოსწავლეებმა არგუმენტირებული ესეების, ფსიქოლოგიური ჩანახატებისა და პოპ-არტის ნიმუშებში ბულინგისა და დეზინფორმაციის კვლევის ხერხად გამოიყენეს, საინტერესო შეფასებები და დისკუსიები გაიმართა ფილმის „კლასის წინ“ ირგვლივ.
ფილმის შემდეგ ვიაზრებდით მარტოდ დარჩენილი ადამიანის მდგომარეობას სოციუმში. ტურეტის სინდრომის მქონე ადამიანის დახმარების გზებსაც მივაგენით. ეს გზა ადამიანობის გადარჩენისა და შენარჩუნების გზაა. ჩვენ ყველას გვაქვს უფლება სამყაროში ვაკეთოთ ის, რის შესაძლებლობები და უნარები გვაქვს. ტურეტის სინდრომზე მიცემულ დავალებაში, მოსწავლეებმა თარგმნეს და ღია გაკვეთილზე წარადგინეს ანალიტიკური ესეი, რომელშიც განხილული იყო – თუ რა მახასიათებლები აქვს ამ სინდრომს, როგორ შეუძლია ადამიანურმა ფაქტორმა შეასუსტოს სინდრომის სიხშირე და სირთულე, როგორ შეგვიძლია ვაქციოთ სინდრომის მქონე ბავშვი სოციუმის ნამდვილ წევრად.
შეზღუდული შესაძლებლობა რომ არ არსებობს, მუსიკის ისტორიაში ამაზეც ბევრი თქმულა. 13 წლის ლუსის შესრულებულმა ფრედერიკ შოპენის ნოქტიურნმა ადამიანებს ხილულად დაანახა შეუძლებლის შესაძლებლობა. ლუსიმ თავისი შინაგანი სამყაროს ილუსტრაციისთვის, სევდის გადმოსაცემად შოპენის ნოქტიურნი op.9, N1 b-moll აირჩია და დღევანდელობის ერთ-ერთი დიდი ვირტუოზი ლანგ ლანგიც კი გაკვირვებული დატოვა.
ეს წერილი მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოდან წამოვიღე, მინდოდა, მისი პათოსი ყველასთვის გამეზიარებინა.
„ძვირფასო მასწავლებელო!
მე ცოცხალი გადავურჩი საკონცენტრაციო ბანაკს და ჩემმა თვალებმა იხილა ის, რაც არ უნდა ნახოს არცერთმა ადამიანმა:
როგორ აშენებენ სწავლული ინჟინრები გაზის კამერებს;
როგორ წამლავენ კვალიფიციური ექიმები ბავშვებს;
როგორ კლავენ სწავლადამთავრებული მედდები ჩვილ ბავშვებს;
როგორ ესვრიან და წვავენ ბავშვებსა და ქალებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები.
ამიტომაც, მე არ ვენდობი განათლებას!
მე გთხოვთ, დაეხმარეთ მოსწავლეებს, გახდნენ ადამიანები. თქვენმა ძალისხმევამ არ უნდა მიგვიყვანოს სწავლული მონსტრების, ნამეცადინარი ფსიქოპათების, განათლებული აიხმანების ჩამოყალიბებამდე. კითხვა, წერა, არითმეტიკა მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეხმარება ჩვენს შვილებს, გახდნენ უფრო
ა დ ა მ ი ა ნ უ რ ე ბ ი!“
საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი სკოლის ერთ–ერთი დირექტორის წერილი სამსახურში აყვანილი მასწავლებლებისადმი.
საოცარია… ადამიანებს ყველა ენის დაუფლება შეგვიძლია, მუსიკის ენის მედიაწიგნიერებაში შეღწევამ და ამ ორი საგნის ენათა სისტემების სინთეზმა დამანახა, რომ სწავლის პროცესი უსასრულოა. ძიებისა და კვლევის გზა ენის სიმბოლოების ამოხსნის გარეშე – შეუძლებელია. სამყაროს უდიდეს ქსოვილში კი ჩვენეულ ორნამენტს ვაქსოვთ დიდი პასუხისმგებლობით, სიყვარულითა და სიკეთით. ჯონ დიუი ამბობს, განათლება თავად ცხოვრებააო. რახან ასეა, ვისწავლოთ, რათა ვიცხოვროთ!
ინგა ბარამიძე
გამოყენებული ლიტერატურა:
- რ.სირაძე ,, სახისმეტყველება’’, ნაკადული, 1982
- ნ.ინგოროყვა, მედიაწიგნიერების გაკვეთილები, თბილისი, 2023
- სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. როგორ აღმოვაჩინოთ და ვებრძოლოთ დეზინფორმაციას. რედაქტირებულია: 28-01-2021
- https://mediasmarts.ca/digital-media-literacy/general-information/digital-media-literacy-fundamentals