თანამედროვე სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის გააზრებულად წაკითხვას. ეს არ არის მხოლოდ შინაარსის აღქმა — ეს არის ღრმა კავშირი ტექსტთან, ავტორის პოზიციის ანალიზი, პერსონაჟების ქმედებების შეფასება და ლექსიკური ერთეულების კონტექსტური გააზრება.
სწორად გააზრებული ტექსტი ავითარებს მოსწავლის მსჯელობის, თვალთახედვის გაფართოების და ღირებულებითად შეფასების უნარს. ტექსტზე მუშაობის პროცესში უნდა იქნას გათვალისწინებული მოსწავლეთა შესაძლებლობები და ინტერესები. სწორედ აქაა საჭირო დიფერენცირებული სწავლების პრინციპების გამოყენება.
ზემოთქმული განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ქართული ხალხური ზღაპრის – „ალალი კაცი“ გააზრებაზე აგებულ გაკვეთილში. ეს ტექსტი იდეალურ მასალას წარმოადგენს ღირებულებითი სწავლებისა და ენობრივი კომპეტენციების გასავითარებლად.
ალალი კაცი – ტექსტი
გზაზე ერთი ჭაბუკი მიდიოდა. მიადგა ღელეს, ზედ უნდა გადასულიყო და უცებ დაინახა, რომ წყალს ვაშლი მოჰქონდა. დასწვდა, გაწმინდა და ჩაკბიჩა, მაგრამ მაშინვე შეკრთა: ეს რა ჩავიდინე, ვაშლს პატრონი ეყოლება, მის უნებართვოდ არ შემერგებაო.
აჰყვა ღელეს და მიადგა ვაშლის ბაღს. მებარეც იქ იყო.
– ღელეში ერთი ვაშლი ვნახე. ამოვიღე, ჩავკბიჩე და მერეღა გამახსენდა, რომ ის ჩემი არ იყო. ალბათ შენია, ერთი ლუკმა კი ჩამოვკბიჩე და შევჭამე, მაგრამ ამისთვის ბოდიშს გიხდი, აჰა, წაიღეო, – უთხრა ჭაბუკმა მებაღეს.
მიუგო მებაღემ:
– თუ გინდა ეგ ვაშლი შეგერგოს, ან ორი წელი უნდა მემსახურო, ან ჩემი ქალიშვილი ცოლად შეირთო. ისე იცოდე, ქალიშვილს არც თვალი აქვს, არც ხელი, არც ენა და არც ყურიო.
ჭაბუკი დიდხანს ფიქრობდა, რა ეპასუხა მებაღისათვის. ბოლოს უთხრა:
– ორი წელი შენს სამსახურს მირჩევნია, შენი ქალიშვილი შევირთო. ეტყობა, იგი ჩემი ბედიაო.
მებაღემ შინ მიიწვია ჭაბუკი, ასვა, აჭამა, შემდეგ ერთი ოთახის კარზე მიუთითა:
– აქ არის ჩემი ქალიშვილი, შეგიძლია წაიყვანოო.
ჭაბუკმა კარი გამოაღო, ოთახში შესვლა დააპირა, მაგრამ ელდანაკრავივით უკან დაიხია. მისი საცოლე უთვალო, უხელო, უენო და უყურო უნდა ყოფილიყო, ოთახში კი მზეთუნახავი იჯდა.
– შედი, ნუ გერიდებაო! – გაამხნევა მებაღემ.
– ვერა, – მიუგო ჭაბუკმა, – ოთახში ჩემს საცოლეს ვერ ვხედავ, იქ მზეთუნახავი ზის. არ მინდა ხელმეორედ ცოდვა ჩავიდინო და ჩემად მივიჩნიო ის, ვინც ჩემი არაა. ეს ქალი ჩემი ბედი არ გახლავთო.
– სწორედ ეგ არის შენი ბედი, შვილო! – უთხრა მებაღემ ჭაბუკს. – შენისთანა ალალი კაცისთვის ალალია ასეთი ლამაზი ქალი. ეს მზეთუნახავი ჩემი ქალიშვილია, მის მეტი არავინ გამაჩნია. როცა გითხარი, უთვალო, უხელო, უენო და უყუროა-მეთქი, იმას ვგულისხმობდი, რომ სხვისაზე არფერზე რჩება თვალი, სხვისას არაფერს ახლებს ხელს, სხვაზე არაფერს იტყვის ავს და ცუდს არაფერს უგდებს ყურს. მე სწორედ შენისთანა ალალ კაცს ვეძებდი, რომ მიმეთხოვებინაო.
რაღა ეთქმოდა ჭაბუკს. შეირთო მებაღის მზეთუნახავი ასული და ბედნიერად ცხოვრობდა ძალიან, ძალიან, ძალიან დიდხანს.
აქტივობა – 1 ტექსტის გასააზრებელი კითხვები:
- ვინ იყო მთავარი გმირი ?
- რა იყო მთავარი პრობლემა, რომელსაც გმირი შეხვდა?
- როგორ მოიქცა ალალი კაცი, როცა ვაშლი იპოვა?
- რა ღირებულებას გამოხატავდა მისი საქციელი?
- რა გავლენა ჰქონდა ალალი კაცის საქციელს სხვა ადამიანებზე ზღაპარში?
- როგორ ფიქრობ, ადვილია დღეს იყო ალალი ადამიანი? რატომ?
- დაწერე ტექსტის გაგრძელება: როგორ იცვლება ალალი კაცის ცხოვრება ამ შემთხვევის შემდეგ?
- დაასათაურე ზღაპარი ახალი სახელით და ახსენი, რატომ აირჩიე ეს სათაური.
აქტივობა -2 ლექსიკური სავარჯიშო
მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ სიტყვას „ალალი“ აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა, და შეძლონ ის კონტექსტში განსხვავებულად გამოიყენონ.
მოსწავლეების დავალება წყვილებში:
- მასწავლებელი ხსნის სიტყვა „ალალის“ მრავალმნიშვნელოვნებას.
- აჯგუფებს წყვილებს.
- დაფაზე აფიქსირებს რომელი ფერი რას აღნიშნავს? მ
მწვანე ფოთოლი – პატიოსნებას
ყვითელი ფოთოლი – გულწრფელობას
ნარინჯისფერი – დამსახურებას და სხვ. - წყვილებმა შექმნან წინადადება სიტყვა „ალალით“. იმ მნიშვნელობით რა ფერის ფოთოლიც შეხვდათ გათამაშების შედეგად.
- წყვილებმა თავიანთი ფოთლები მიამაგრონ დიდ „ ხეზე“ (როგორც სურათზეა).
6.წარადგინონ თავიანთი წინადადებები კლასის წინაშე და აუხსნან, კონკრეტულ შემთხვევაში რას ნიშნავს სიტყვა „ალალი“.
კლასში შეიქმნება ფერადი ვიზუალური რუკა – რომელიც ასახავს, როგორ გამოიყენება ერთი სიტყვა განსხვავებულად სხვადასხვა კონტექსტში.
აქტივობა -3 სასწავლო მენიუ
სავალდებულო ბლოკი – გააზრებისა და ანალიზის ამოცანები
(მოსწავლემ უნდა შეასრულოს ყველა ამოცანა)
- რატომ შეაწუხა ჭაბუკი თავისი საქციელით და რა გადაწყვიტა ამის შემდეგ?
- როგორ განმარტა მებაღემ თავის ქალიშვილზე ნათქვამი სიტყვები – “უთვალო, უხელო, უენო და უყურო”?
- როგორ დაემთხვა ჭაბუკის არჩევანი მებაღის სურვილს? რას ამბობს ეს ჭაბუკის ხასიათზე?
- შეავსე წინადადება:
„ჭაბუკის საქციელი გვასწავლის, რომ _____________.“
არჩევითი ბლოკი – შემოქმედებითი და ფანტაზიური ამოცანები
(მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მინიმუმ ერთი)
- შეარჩიე ერთი ეპიზოდი ტექსტიდან და დაასათაურე.
- დაწერე მცირე მონოლოგი ჭაბუკის თვალთახედვით:
“როცა მებაღემ მითხრა, რომ მისი ქალიშვილი უთვალო, უხელო, უენო და უყურო იყო, მე ასე ვიფიქრე…”
არასავალდებულო ბლოკი – მსჯელობა და წრის ფორმატი
(განხილვისთვის ან სურვილისამებრ წერილობითი მუშაობისთვის)
ვის და რატომ შეიძლება ეწოდოს “ალალი ადამიანი”? მოყევი შენი გამოცდილებიდან ან მოიფიქრე მაგალითი.
ღაპარი „ალალი კაცი“ წარმოადგენს შესანიშნავ საგანმანათლებლო რესურსს ღირებულებითი და ენობრივი სწავლებისთვის. ტექსტზე მუშაობამ აჩვენა, რომ სწორი დაგეგმვის პირობებში, შესაძლებელია:
ტექსტის სიღრმისეული გააზრება,
ლექსიკური ერთეულების კონტექსტში გაანალიზება,
მოსწავლეთა ინდივიდუალური სტილის გათვალისწინება,
ემოციური და ღირებულებითი განვითარების მხარდაჭერა,
დიფერენცირებული მენიუს საშუალებით, თითოეულმა მოსწავლემ შეძლო ტექსტის გააზრება უნარებისა და ინტერესების შესაბამისად.