სოციალური ქსელები საფრთხეს წარმოადგენენ თანამედროვე მოსწავლეებისთვის, მათ მხოლოდ სიკეთე არ მოაქვთ. საკითხით დაინტერესებული სპეციალისტები რამდენიმე განსაკუთრებულ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას:
უპირველეს ყოვლისა, სოციალური ქსელები დროის ერთგვარი პარაზიტები არიან, რომლებიც მოზარდს შრომის შედეგიანად განაწილებაში უშლიან ხელს. სხვადასხვა გვერდების თვალიერებაში შეიძლება მრავალი საათი ისე დავხარჯოთ, რომ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი ჩვენს გონებაში არ დარჩეს. რაც მთავარია, სოციალურ მედიაში უაზრო, უმიზნო ხეტიალმა მიჩვევა იცის. ადამიანები დილით, თვალების გახელისთანავე ეკრანს რთავენ და მასზე ხდებიან მიჯაჭვულნი. „გონიერი აპარატის“ გარეშე ბევრი ჰიგიენურ პროცედურებსაც კი ვერ იტარებს. მეცნიერთა აზრით, ეკრანზე დამოკიდებულება შეიძლება იყოს ყურადღების გაფანტულობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა აპლიკაციაში მოსწავლეები ათასგვარი შინაარსის მასალებს ეცნობიან. ფაქტობრივად შეუძლებელია მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის ეფექტიანი კონტროლი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ეცნობიან ტექსტებს თვითმკვლელობის, თვითდაზიანების შესახებ, აწყდებიან ვიდეოჩანაწერებს ნარკოტიკებით ვაჭრობისა თუ ძალადობის შესახებ. სოციალურ ქსელებს ხშირად იყენებენ სექსუალური შევიწროვებისთვის, ბავშვთა პორნოგრაფიის მოპოვებისა და გავრცელებისათვის.
უახლესი ტექნოლოგიები მოსწავლეებს შორის ურთიერთობაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შურისძიება, შეურაცხყოფა, დამცირება გაცილებით უფრო მარტივია, როდესაც ანონიმური პროფილით ცდილობ საკუთარი თანაკლასელის წინააღმდეგ ბრძოლას. ამასთანავე, მკვლევართა ნაწილი აქტიურად საუბრობს ფენომენზე, რომელსაც „დემონსტრირებაზე ორიენტირებულ მოხმარებას“ უწოდებენ. ახალგაზრდები მათ ხელთ არსებულ ყველა რესურს ხარჯავენ იმისთვის, რომ სხვადასხვა პლატფორმებზე მოდური და არააუცილებელი ნივთების, აქსესუარებისა თუ სამოსის ფლობით მოიწონონ თავი, ამგვარად გაუსვან ხაზი საკუთარ უპირატესობას. შესაბამისი შემოსავლისა თუ შესაძლებლობის არმქონე მოსწავლეები კი ხანდახან გარიყულად გრძნობენ თავს, იწყებენ საკუთარი დროისა და ენერგიის ხარჯვას ისეთი ნივთების მოპოვებისა და მოხმარებისთვის, რომელიც სინამდვილეში არაფერში არ სჭირდებათ.
სოციალურ ქსელთა მავნებლურ მახასიათებლებს ყველაზე სერიოზულად მოეკიდა ავსტრალიის ფედერალური მთავრობა და პარლამენტი. გასული წლის მიწურულს ქვეყანა-კონტინენტის ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. კომუნიკაციების სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერით 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა.
პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმა განაცხადა: „საქმე ეხება იმას, რომ ბავშვებს ბავშვობა დავუბრუნოთ, ბავშვად ყოფნის, ბედნიერი ბავშვობის შესაძლებლობა მივცეთ. არაფერი სოციალური არ არის იმაში, რომ ზოგიერთი მედია ჩვენს ბავშვებს ნამდვილ, რეალურ მეგობრებს, მეზობლებს, თავგადასავლებსა და გამოცდილებებს აშორებს“.
ლეიბორისტული მთავრობის პოლიტიკას მშობლების ნაწილი სიხარულით შეეგება. მოქალაქეთა ნაწილს გაუჩნდა იმედი, რომ ვირტუალური ურთიერთობების შედეგად გამოწვეული დეპრესიისა და დაბალი თვითშეფასებისგან შეძლებდნენ საკუთარი შვილების დახსნას. თუმცა, მალავე გამოჩნდნენ კრიტიკოსებიც.
ენტონი ალბანიზის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე არგუმენტი აქვთ:
16 წლამდე მოზარდების ქსელებში დარეგისტრირების საკითხის გაკონტროლება ტექნოლოგიურ გიგანტებს დაევალათ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასაკის გასაკონტროლებლად კომპანიები დამატებით პერსონალურ მონაცემებს მოითხოვდნენ და მათი გადამოწმების შემდეგ გაუხსნიდნენ პირს ანგარიშს შესაბამის პლატფორმაზე. ავსტრალიის ნაციონალური მაუწყებლის ეთერში უმალვე გამოჩნდნენ გავლენიანი მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნული მიდგომა მკაცრად გააკრიტიკეს. მათ აღნიშნეს – „მეტას“, „ტიკტოკს“, „იქსსა“ და „გუგლს“ ისედაც უამრავი ცნობა აქვთ ჩვენ შესახებ, ისედაც ცდილობენ ჩვენი ყოფისა და გემოვნების გაკონტროლებას, ისედაც გვბომბავენ აგრესიული მარკეტინგით, ახლა კი ჩვენი ნებით უნდა მივაწოდოთ დამატებითი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მათ კოლოსალურ ძალაუფლებას კიდევ უფრო მეტად გააფართოებს. კრიტიკოსთა აზრით, ლეიბორისტთა გადაწყვეტილება ერთ პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ მეორეს, არანაკლებ სერიოზულს წარმოქმნის.
ხელისუფლების პოზიცია არ გაიზიარეს მოსწავლეთა გაერთიანებებმა. მოზარდთა ნაწილი აცხადებს, რომ სოციალური მედია მათთვის კომუნიკაციისა და ახალი ამბების მიღების მთავარი საშუალებაა. ამგვარი მედიის დახმარებით ისინი ნამდვილი მეგობრების აღმოჩენასაც ახერხებენ და პოლიტიკურ სოციალიზაციასაც გადიან, ცდილობენ სხვადასხვა საქმისთვის მობილიზებას და ორგანიზებას, მარტივად აგროვებენ მასალებს საგანმანათლებლო პროექტებისთვის. მოსწავლეთა ერთი ჯგუფი ამტკიცებს, რომ დასახელებული პლატფორმების გარეშე გაუჭირდებათ სხვადასხვა კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება.
ცალკე დარდობენ, ვთქვათ, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მიგრაციული წარმოშობის მოსწავლეთა ოჯახის წევრები. ისინი ფიქრობენ, რომ სოციალური ქსელები მათი შვილების ცხოვრებას აადვილებენ, ხელს უწყობენ მრავალი ტიპის ბარიერის გადალახვაში, აკრძალვა კი ნაწილს კვლავ მარტო დატოვებს თავის პრობლემებთან ერთად.
წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონი 2025 წლის დასაწყისში მაინც ამოქმედდა. მის აღსრულებას ბევრი გარემოება უშლის ხელს. მოსწავლეები მაინც უვლიან გვერდს შეზღუდვებს და მაინც ახერხებენ სოციალურ მედიის აქტიურად გამოყენებას. თუმცა, ფაქტია, რომ ბევრი ბავშვი ეზოს, სამეზობლოს, უშუალო კომუნიკაციასაც დაუბრუნდა, მრავალი მავნებლური მასალა კი ტყუილად გაიტყორცნა უზარმაზარი ქსელების ზღვაში, მათ ბავშვებამდე ვერ მიაღწიეს.
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, 16 წლამდე მოსწავლეებისთვის უპირობოდ შევზღუდავდი „მეტას“, „იქსისა“ და „ტიკტოკის“ გამოყენებას, ბავშვებს მხოლოდ მესენჯერ-აპლიკაციებზე უნდა მიუწვდებოდეთ ხელი.
ნეტავ რას ფიქრობენ ავსტრალიურ მიდგომაზე საქართველოს მასწავლებლები?