პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მობილური აპლიკაცია ახალგაზრდების ჯანმრთელობის სამსახურში   

მოზარდობის ასაკში ადამიანის ქცევა და სხეული რადიკალურად იცვლება. სქესობრივი მომწიფების პერიოდი კი ბევრი მშობლისთვის და მასწავლებლისთვის ნამდვილ თავსატეხად იქცევა. მათ არ იციან როგორ უამბონ მოზარდებს ორგანიზმის ზრდასთან დაკავშირებულ პროცესებზე, როგორ მიაწოდონ ინფორმაცია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. მოზარდს ბევრი კითხვა უჩნდება, ზრდასრულები კი, უხერხულობისა თუ სხვა მიზეზის გამო, დუმილს ამჯობინებენ, თავს არიდებენ ან კითხვებზე პასუხები არ აქვთ.

ამ მხრივ ახალგაზრდებს კარგ სამსახურს გაუწევს ახალი ქართულენოვანი პროდუქტი –  უფასო მობილური აპლიკაცია Intimate, რომელიც საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ ინიციატივით შეიქმნა. აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას მობილური ტელეფონით სწრაფად და მარტივად მიიღოთ ინფორმაცია აივ/შიდსის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, სტიგმისა და დისკრიმინაციის, ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ. ასევე, გადაამოწმოთ ცოდნა ქვიზების მეშვეობით, შეაფასოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები.

Intimate საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით,  პროექტის „ინვესტირება ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და აივ პრევენციაში“ ფარგლებში შეიქმნა. მისი ჩამოტვირთვა ნებისმიერს შეუძლია. აპლიკაციაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად არსებობს დამხმარე ვებგვედი (www.intimate.ge). მობილურ აპლიკაციაში გადასვლა ინტერნეტიდან ხდება. QR კოდის სკანერის მეშვეობით ის პირდაპირ ჩამოიტვირთება.

„ეს პირველი ქართულენოვანი აპლიკაციაა და როგორც ვიცით, ახალგაზრდებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. მის შექმნაში ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA) დაგვეხმარა. თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენთვის უცხო არ ყოფილა. 1998 წლიდან საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მიმართულებით დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, მათ შორის სკოლებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობის.

თავდაპირველად ნარკოტიკების და აივ-ის პრევენციაზე ვმუშაობდით, მერე კი ბუნებრივად გადავედით სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თემაზე. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ჯანმრთელ პერიოდად ახალგაზრდობა მიიჩნევა, სწორედ ამ დროს ჩნდება გარკვეული რისკები, თუნდაც ნარკოტიკის გასინჯვის და სხვ.“ – განმარტავს ფსიქოლოგი, ექსპერტ-კონსულტანტი მაია ჯავახიშვილი.

აპლიკაციის მომზადებისას ახალგაზრდების (14-25 წლის ასაკის) ექვს ფოკუს ჯგუფში (თბილისში, თელავსა და ოზურგეთში) ჩატარდა გამოკითხვა, რამაც პრობლემური საკითხები გამოკვეთა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სუსტი წარმოდგენა ჰქონდათ. საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევის ერთ-ერთ ინსტრუმენტად, ტრენინგების გარდა, რომელსაც ორგანიზაცია უწყვეტ რეჟიმში ატარებს, ქართულენოვანი აპლიკაციის შექმნის იდეა იქცა.

„აპლიკაცია ახალგაზრდებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შემეცნებაში ეხმარება. ის აპრობირებული მეთოდია, მით უფრო ახლა, როცა მობილური ტელეფონი ახალგაზრდების მუდმივი თანხმლებია.

აპლიკაციაში უამრავი თემაა თავმოყრილი: რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე (მაგალითად, კალენდარი გოგონებისთვის), აივ შიდსზე და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, მითითებულია კონკრეტული სერვისცენტრების მისამართები, სადაც საჭიროების შემთხვევაში ახალგაზრდა სამედიცინო თუ სხვა სახის დახმარებას მიიღებს.

ახალგაზრდებს ერიდებათ უფროსებთან ამ საკითხებზე საუბარი. აპლიკაციაში კი არის ხშირად დასმული კითხვების განყოფილება, სადაც მათთვის საინტერესო თემებზე პასუხებს აუცილებლად იპოვიან. არის ქვიზის განყოფილება – მოზარდი ცოდნას კითხვების მიხედვით იმოწმებს, რამდენად სწორ პასუხებს გასცემს,“ – ყვება პროექტის მენეჯერი, აპლიკაციის შექმნის იდეიის ავტორი დავით ყაზაიშვილი.

პროექტის „ინვესტირება ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და აივ პრევენციაში“ ფარგლებში აპლიკაციის პოპულარიზაცია მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკებში გაიმართა (ანაკლიაში, მანავში), სადაც ახალგაზრდებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ტრენინგი ჩაუტარდათ, დაურიგდათ სამახსოვრო სამაჯურები, ბანაკს კი, მოზარდების გასართობად ფრისბები გადაეცა.

„ბემონის“ სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტრენინგების დროს მოზარდების ინტერესი ყველა იმ თემის მიმართ, რომელზეც ისინი მშობლებთან და მასწავლებლებთან თავისუფლად ვერ საუბრობენ, მაღალია. მაგალითად, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრებზე თუ თემა ნარკოტიკების მოხმარებას ეხება, ყველაზე ხშირად ისინი მარიხუანის მავნებლობით ან დამოკიდებულების საკითხებით ინტერესდებიან. ასევე, ხშირად ჰგონიათ, რომ აივ ინფექცია „მათ არ დაემართება“. ასეთ შეხვედრებზე ახალგაზრდებს გაცილებით უადვილდებათ დელიკატურ საკითხებზე –  სქესობრივი ურთიერთობების რისკზე, გადამდებ ინფექციებზე გახსნილად ლაპარაკი და კითხვების დასმა: როგორ გადადის ესა თუ ის ინფექცია, როგორ უნდა დაიცვა თავი, რა არის სტიგმა, დიკრიმინაცია და სხვ.

„ხშირად უფროს თაობას ამ თემებზე თავად არ აქვს სწორი ინფორმაცია, რადგან თავის დროზე ეს თემები ტაბუდადებული იყო. განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მწირედ, მაგრამ მაინც ეს საკითხები ბიოლოგიის სახელმძღვანელოში შევიტანეთ. მასწავლებლებს დამხმარე სახელმძღვანელოც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ როგორ იყენებენ მას,  სხვა საქმეა,“ – ამბობს მაია ჯავახიშვილი.

სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ამ მიმართულებით „ბემონს“ პედაგოგებთან არაერთი ტრენინგი ჩაუტარებია. მაია ჯავახიშვილი აზუსტებს, რომ არიან მასწავლებელი, რომლებიც ოსტატურად, უხერხულობის შექმნის გარეშე, აწვდიან მოსწავლეებს ასეთი სახის  ინფორმაციას.

პროექტი (ის მომავალი წლის ბოლოს დასრულდება) თელავსა და ოზურგეთზე ვრცელდება, ტრენინგები კი არა მხოლოდ სკოლის პედაგოგებთან, არამედ მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებების, მედიის, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან და იურისტებთან ტარდება.

პროექტის ფარგლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის მიმართულებით თელავსა და ოზურგეთში 60 „ახალგაზრდა ელჩი“ უკვე მომზადდა. ისინი თანასწორ განათლებას ეწევიან. ორივე რაიონში შექმნილია ახალგაზრდული კლუბები, სადაც ახალ თაობას ყოველთვის შეუძლია შეკრება, კამათი სხვადასხვა თემებზე, მუსიკის მოსმენა და მრავალფეროვანი აქტივობების ორგანიზება.

რაც შეეხება მობილური აპლიკაციას Intimate, ის დროდადრო განახლდება. მაგალითად, უახლოეს მომავალში ვიდეორგოლების განყოფილებას ახალი ვიდეო შეემატება.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი