ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ჩემი ბერლინური დღეები

XX საუკუნისა და თანამედროვე გერმანიის ისტორია, მისი გამოწვევები და მოვლენათა განვითარების დინამიკა ყოველთვის წარმოადგენდა ჩემი ინტერესების ობიექტს. სწორედ ამიტომ, სტუდენტობის პერიოდში სამაგისტრო თემად ავირჩიე „პოსტმოდერნიზმი და პატრიკ ზიუსკინდის რომანი სუნამო“. აქტიურად ვეძებდი ლიტერატურულ და ისტორიულ ასოციაციებს და მთავარი მოქმედი გმირის – ჟან ბატისტ გრენუის პროტოტიპებს. პარალელებს ვავლებდი მის მაგიურ უნარსა და ფიურერების, მმართველების ძალაუფლებას შორის, რომლებმაც ადამიანებს უამრავი უბედურება დაატეხეს თავს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის სურათიც მძიმედ და მტკივნეულად დამრჩა მეხსიერებაში. ისტორიის მასწავლებელი გვიკითხავდა ინგლისელების მიერ შედგენილ სტატისტიკურ მონაცემებს: „1947 წლისათვის გერმანიის დასავლეთის საოკუპაციო ზონაში გამომუშავებულ პროდუქციას ძალუძდა, უზრუნველეყო ყოველი მეშვიდე ადამიანი ერთი თეფშით, ყოველი მეხუთე – კბილის ჯაგრისით, ყოველი 150-ე – ახალი სარეცხი საშუალებით… ყოველ მამაკაცს ახალი კოსტიუმი ეღირსებოდა 40 წელიწადში ერთხელ, ახალი პერანგი – 10 წელიწადში ერთხელ, წყვილი წინდა კი – 4 წელიწადში ერთხელ“… წლების შემდეგ, დღევანდელი გერმანია არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, რომელიც თავისი მაღალმორალური საგარეო პოლიტიკითაც გამოირჩევა. გარდაქმნები და პროცესები, რომლებიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიამ განვლო, საინტერესოა პიროვნული და ისტორიული ტრანსფორმაციის კუთხითაც.

 

2023 წელს გავხდი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციის „პროექტები ღია საზოგადოებისათვის“ – გერმანისტებისათვის განკუთვნილი კონკურსის გამარჯვებული.

 

სემინარები 1 კვირის განმავლობაში გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ტარდებოდა და მოიცავდა 40 საათს. ძირითადად ეძღვნებოდა ქვეყანათმცოდნეობას, II მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ისტორიას, მის თანამედროვე გამოწვევებსა და საგარეო პოლიტიკაში ორიენტირებს. ამასთან ერთად, სემინარების მიზანი იყო ჩვენი ცნობიერების ამაღლება. ძირითადი აქცენტი კეთდებოდა დემოკრატიულ ღირებულებებზე, ტოლერანტობაზე, ემპათიაზე და მულტიკულტურული, ჰარმონიული საზოგადოების ფორმირებაზე. ეს ძალიან კარგი შანსი იყო გერმანისტებისთვის, რომ ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ შეგვეგრძნო ენის ავთენტურობა, მეორე მხრივ კი, სწავლების პროცესში უფრო გაცნობიერებულად მოგვეხდინა სწორ ღირებულებებზე ფოკუსირება. ამ წერილში შევეცდები, თავი მოვუყარო ჩემს შთაბეჭდილებებს და ვისაუბრო მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე გერმანისტების პროფესიულ ცხოვრებაში.

 

 

ბერლინი ეკლექტური და კონტრასტული ქალაქია. ეს კონტრასტები ქმნიან მოგონებათა ისეთ ლანდშაფტს, რომლებიც ღრმად იბეჭდება მეხსიერებაში და არასოდეს დაგავიწყებს თავს. თუ მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებები სიცოცხლეს ახანგრძლივებს და მეხსიერების მდგრადობას უწყობს ხელს, მე ჩემს სტუდენტებსა და მოსწავლეებს აუცილებლად ვურჩევ სამომავლოდ მოსანახულებელი ქალაქების სიის თავში ბერლინი შეიტანონ. თავად კი გადაწყვეტილი მაქვს, არა მარტო II მსოფლიო ომის შემდგომი გერმანია, არამედ ბერლინიც გახდეს ჩემი სასწავლო პროგრამის ნაწილი.

 

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების – ბრანდენბურგის კარიბჭის, ბერლინის კედლის, რაიხსტაგის, სამუზეუმო კუნძულის, ბერლინის ტაძრის, სატელევიზიო ანძის და ა.შ. გარდა, რომელთა დათვალიერების პარალელურად გერმანიის ისტორიასაც ვეცნობოდით, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალმა, რომელიც 2005 წელს აიგო, მისი არქიტექტორია ნიუ-იორკელი პეტერ აისენმანი. როგორც ერთმა გერმანელმა გვითხრა, მემორიალის აგებამ თავის დროზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ფაქტი ერთია – ეს უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც მოიცავს ქვედა საგამოფენო სივრცესაც და მიძღვნილია ნაციონალ-სოციალისტების მიერ მოკლული ებრაელების ხსოვნისადმი, თავისი გრანდიოზულობით, მასიურობით, სინაცრისფრით, უსახურობითა და ერთფეროვნებით თავზარს გცემს. მუზეუმის ექსპონატები, ავთენტური ისტორიები და ხმები გიქმნიან ამ ამბებთან ზედმეტი სიახლოვის შეგრძნებას. არცერთ მუზეუმს არც ჩემზე და არც სხვებზე ასე დამთრგუნველად არ უმოქმედია. მუზეუმის შესასვლელში წერია პრიმო ლევის სიტყვები – „რაც მოხდა, კიდევ შეიძლება მოხდეს, ამიტომ ყველაფერი დეტალურად უნდა იქნეს მოთხრობილი“… მემორიალიდან წამოსული ვფიქრობდი, რა მაღალ დონეზე აქვთ ამ ქვეყანაში წარსულის რეფლექსირებისა და გადააზრების განცდა, რა სწორი დასკვნები გამოაქვთ ისტორიიდან. როდესაც ტურისტთა უსასრულო რიგს ვხედავდი, ვხვდებოდი, ეს კულტურული ძეგლები როგორ უწყობდა ხელს თვითშემეცნების, თანაგრძნობისა და ემპათიის გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით.

 

სემინარების თემები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მათი ერთ-ერთი მიზანი იყო სწორი გზავნილების მიღება და შემდეგ გავრცელება. პროექტის ფარგლებში გავიცანით რეპრესირებული Heike Eichenmüller, რომელმაც II მსოფლიო ომის შემდეგ საკუთარ თავზე იწვნია პოლიტიკური რეჟიმის მთელი სისასტიკე. ვუსმენდით ისტორიებს, რომლებიც იმდენად სკრუპულოზურად გადმოსცემდა ადამიანურ ტრაგედიას, ძალაუნებურად გექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ამბები შენს თავს, შენს თვალწინ ხდებოდა და იმდენად მტკივნეული იყო, როგორმე უნდა შეწინააღმდეგებოდი ან არ დაგეშვა სულ მცირედითაც კი მისი განმეორების შესაძლებლობა. სემინარის

 

ხელმძღვანელმა, ბატონმა Peter Liesegang-მა ერთ-ერთ პირად საუბარში თქვა: „თხრობას აქვს თერაპიის ფუნქცია მსხვერპლისთვის. ეს ქალბატონი საკუთარი ისტორიის მოსათხრობად მესამედ მოვიწვიეთ. თავდაპირველად მან მთელი სიმძაფრით ისაუბრა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, შემდეგ კი ამ თემას აღარ შეხებია“. გულწრფელი საუბრითა და თხრობით მართლაც თავისუფლდები ტკივილისგან და სხვებსაც ეხმარები, რომ დიაპაზონი გაიფართოონ.

 

სემინარები იმდენი დასამახსოვრებელი ფაქტისგან შედგებოდა, რომ ყველაფერზე საუბარი ერთ წერილში შეუძლებელია, მაგრამ აუცილებლად შევეხები ექსკურსიას კროიცბერგის სასაფლაოზე (Luisenstädtische Friedhof), სადაც ბერლინის რამდენიმე საპატიო მოქალაქეა დაკრძალული – მათ შორის გერმანელი პოლიტიკოსი, 1929 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, გუსტავ შტრეზემანი. აქვეა ტელეკომუნიკაციების პიონერის, მეწარმისა და დიდი მეცენატის, Robert Stock-ის საგვარეულო საფლავი. ბერლინის ამ სასაფლაოზე სხვა უამრავი ისეთი ადამიანიცაა დაკრძალული, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს გერმანიის კულტურისა თუ ისტორიის ფორმირებაში. სასაფლაო გამოიყურება როგორც ხელოვნების ნიმუში –უამრავი საინტერესო მონუმენტით, ქანდაკებით, რელიეფით, ბარელიეფით და ა.შ და ამ ყველაფრის ფონი იყო ძალიან საინტერესო ისტორიული ექსკურსი. ამის პარალელურად ვხედავდი, რომ სასაფლაოზე უამრავი ადამიანი დასეირნობდა. გერმანელებს წინაპართა მიმართ დიდი პატივისცემა აქვთ. „სასაფლაო ჩვენთვის არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ წარსულია, ის ჩვენთვის ყოველდღიურობაა, ხელოვნების ნიმუშების თავმოყრის ადგილია. აქ ადამიანები ხშირად სასეირნოდ მოდიან, ეცნობიან წარსულს და ბუნებით ტკბებიან“ – გვითხრა ექსკურსიის წინამძღოლმა, Jackob Preuss-მა. Erinnerungskultur – რაც ჩვენი პროგრამის საკვანძო სიტყვაა, არის ყველაფერი მატერიალური და არამატერიალური, რაც წარსულს გახსენებს და არ მოგცემს მისი დავიწყების საშუალებას…

 

ჩემთვის, როგორც გერმანისტისთვის, ენის ავთენტურობასთან შეხებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთელი სემინარების განმავლობაში ვაგროვებდი სიტყვებს ჩემი გერმანული რეალობიდან, რათა შემდეგ სასწავლო რესურსად გამომეყენებინა.ზოგი სტუდენტისთვის ეს მასალა იქნებოდა გადამეორება და ზოგისთვის – სწავლა ახალი, რეალური კონტექსტებით. ჩემი მინი-ლექსიკონი საგრძნობლად ზრდის მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციას და ხელს უწყობს ამბების უფრო დეტალურად, სახოვნად და ზუსტად აღქმას.

 

გერმანისტების პრობლემებსა თუ გამოწვევებთან დაკავშირებით სემინარების მეორე დღეს შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ყურადღებით მოგვისმინეს. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი მოსწავლეებისა თუ სტუდენტების სიყვარული და ინტერესი ამ ქვეყნისა და ენის მიმართ. პარალელურად

 

გავეცანით მათ ორიენტირებს და ვეძებდით ახალ შესაძლებლობებს, როგორ გავხადოთ ენის შემსწავლელთათვის გერმანულის შესწავლა უფრო პერსპექტიული. ხაზი უნდა გავუსვა გერმანელების განსაკუთრებულად პოზიტიურ დამოკიდებულებას ჩვენ მიმართაც.

 

შეხვედრები მრავლისმომცველი იყო – ვისაუბრეთ ფეხბურთზე, როგორც მასების გაერთიანების, კონსოლიდაციის საშუალებაზე და გავიცანით შპიგელის ავტორი – ინეს გაიპელი, რომლის წიგნი „Umkämpfte Zone“ გერმანიაში ბესტსელერია. მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა გერმანული სკოლის დირექტორ Andree Körber-თან, რომელმაც გერმანული სკოლის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები გაგვაცნო.

 

ყველა სემინარისა თუ შეხვედრის საბოლოო მიზანი იყო ჩვენი დაახლოება ლიბერალურ ღირებულებებთან. „Demokratie ist keine Selbstverständlichkeit. Demokratie muss verteidigt werden“ – ახლაც ჩამესმის ბერლინში მოსმენილი ეს სიტყვები, რომლებიც ალბათ ლაიტმოტივიც უნდა იყოს ჩვენი არსებობისა. ჩვენ, პედაგოგებმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ თავისუფალი, ღია, ინტერკულტურული და მშვიდობისმოყვარე საზოგადოების შექმნაში. თუ ჩვენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს განვუვითარებთ ჰუმანისტურ მსოფლმხედველობას, ვასწავლით ქმედით სიკეთეს, განსხვავებულის მიმღებლობას, წარსულიდან ლოგიკური დასკვნის გამოტანის უნარს, დავანახებთ სამყაროს მრავალფეროვნების ხატს – ეს ნიშნავს, რომ საფუძველს ვუყრით უკეთეს მომავალს – სამყაროს იდეალური შტრიხებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“