პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მშობელთა ჩართულობა: ჩვენთან თუ ჩვენს წინააღმდეგ?

„შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, რადგან არ ვაპირებ

თქვენთვის იმის თქმას, როგორ მოიქცეთ“[1]

დონალდ ვინიკოტი

 

მშობლებთან ურთიერთობა, საბავშვო ბაღისა თუ სკოლის ცხოვრებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, მათთან დიალოგი და კონსენსუსი განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და განათლების საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ხშირად საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას უმცირესობების და სხვადასხვა მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების მშობლების შემთხვევაში, როდესაც ენობრივი, კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური გარემოებები დამატებით ბარიერს წარმოშობს მშობელთა ჩართულობისთვის. ამასთან ერთად მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ საზოგადოებაში არსებული დომინანტური სტერეოტიპული და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები ხელს გვიშლის, შემოქმედებითად ვიფიქროთ სტრატეგიებზე ყველა მშობლის ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, დასაქმებულ მშობელზე, რომელიც ექიმი, მასწავლებელი ან თანამდებობის პირია და ხშირად ვერ მოდის მშობლებთან შეხვედრებზე და არ პასუხობს ჩვენს თხოვნებს (მაგ. რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება), მეტი შემწყნარებლობით ვუდგებით, ვიდრე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ან სოციალურად დაუცველ ოჯახის წევრებს, რომლებზეც ხშირად შეიძლება ისიც კი გავიფიქროთ, რომ ‘მათ თავიანთი ბავშვების განათლება სულაც არ აინტერესებთ!“

მაგრამ….

ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა მშობელს სურს საუკეთესო საკუთარი შვილისთვის. მათი ოცნებები და იმედები სწორედ შვილებს უკავშირდება. მრავალფეროვან საზოგადოებაში ეს იმედები და მოლოდინებიც განსხვავებულია[2]. რა სჭირდება ბავშვს იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოებაში წარმატებული იყოს? უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა თუ უფროსების პატივისცემის ნიშნად მდუმარედ უსმინოს უკვე დადგენილ ჭეშმარიტებებს? შაბლონის მიხედვით დახატოს პეპელა თუ ისე, როგორც მოუნდება? გაიხსენოს დაზეპირებული ლექსები თუ წაკითხული ისტორიებიდან მისთვის საინტერესო დეტალები? კლასელებთან ერთად იმუშაოს პროექტზე თუ შეეჯიბროს მათ დავალების შესრულებაში – რომელი უფრო მაღალ შეფასებას მიიღებს? ამ კითხვებს უნივერსალური პასუხები არ აქვს, რადგან სხვადასხვა კონტექსტში სწორედ განსხვავებული მიდგომები მიიჩნევა ღირებულად. საქართველოში პედაგოგები ხშირად ხვდებიან მშობელთა დამოკიდებულებას, რომელიც აშკარა პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვების კოგნიტურ და აკადემიურ უნარ-ჩვევებს, ხოლო სოციალურ-ემოციური უნარებსა და პიროვნულ თვისებებს მეორეხარისხოვნად (საკმაოდ უსამართლოდ) მიიჩნევს. ასეთ დროს, სანამ მშობელთა „მოძღვრებას“ დავიწყებთ, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ – რატომ? შესაძლოა მშობელთა უმრავლესობა ასე სწორედ იმიტომ მიიჩნევს, რომ ჩვენ საზოგადოებაში (და არამარტო) გაბატონებულია ხედვა, რომ საზოგადოებაში დაფასებული წარმატება მხოლოდ აკადემიურ წარმატებაზე გადის, ხოლო ნაკლებად „ხელშესახებ“ ცოდნასა და უნარებზე დახარჯული დრო – ფუჭია; ხედვა კი სოციალურ-კულტურული კონტექსტითა და არსებული სისტემებით (მაგ. ტესტირება და საგამოცდო სისტემა, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია დაზეპირებულ ცოდნაზე) არის გამყარებული.

მშობელთა ჩართულობის გზაზე პირველი ნაბიჯი მშობელთა განსხვავებული პერსპექტივების აღიარება, პატივისცემა და მათზე რეფლექსიაა. მნიშვნელოვანია, რეფლექსიის პროცესი  დიალოგის ნაწილი იყოს – ვკითხოთ მშობლებს, რატომ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად სწორედ ასე და არა სხვანაიარად? ავუხსნათ, ჩვენ რატომ ვფიქრობთ განსხვავებულად? როდესაც ჩვენსა და მშობლის ხედვას შორის დიდი განსხვავებებია, შესაძლებელია მოიძებნოს გადაკვეთის წერტილი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება? რა არის მთავარი რასაც ჩვენ, როგორც პროფესიონალი ვერ გადავუხვევთ? სად გადის წითელი ხაზი ბავშვის ინტერესების დასაცავად?

რეფლექსიის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია გავაცნობიეროთ, რომ ყველა მშობელს შეუძლია ხელი შეუწყოს საკუთარი შვილის განვითარებას, სწავლასა და წარმატებას. ბავშვის ხელშეწყობა ოჯახურ გარემოში ბუნებრივია, ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე მეცადინეობის დროს დახმარებას. შესაძლოა, რთულია, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია თითოეული მშობლის შესაძლებლობების შემჩნევა და წახალისება ბავშვის ერთობლივი აღზრდისა და განათლების პროცესში. იყო მასწავლებელი, გარკვეულწილად ნიშნავს იყო სოციალური აქტივისტი, რომელსაც სჯერა თითოეული ადამიანის შესაძლებლობების და პოტენციალის, ინდივიდების გაძლიერების გზით უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოების შექმნის და მისგან ყველაზე განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანებთან ცდილობს დიალოგსა და ერთობლივი მშვიდობიანი სამოქმედო ველის შექმნას. ამიტომ, მშობლებთან თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანია ყველა მშობლის თანასწორ პარტნიორად მიღება. მშობლების მონაწილეობა საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში მიმდინარე პროცესებში ამარტივებს ურთიერთობებს და აყალიბებს თანამშრომლობით დამოკიდებულებას, აძლიერებს კავშირებს სახლსა და სკოლას/ბაღს შორის, მშობელსა და მასწავლებელს შორის, მშობელსა და სკოლას/ბაღს შორის, სკოლას/ბაღსა და ადგილობრივ თემს შორის. დაბოლოს, მშობლებთან თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, პრინციპულია გვახსოვდეს, რომ ეს პირველ რიგში ჩვენი, როგორც პროფესიონალების პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ მშობელთან შეიძლება კონტაქტი „რთული“ აღმოჩნდეს, მიუხედვად მშობლის სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ოჯახური მდგომარეობისა, განათლებისა და შემოსავლისა.  მასწავლებლის მოვალეობაა თითოეულ მშობელთან ინდივიდუალურად კავშირის დამყარება.

რატომ არის მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანი?

ფორმალურ განათლებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე არგუმენტები უხეშად შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: ინსტრუმენტული და უფლებრივი. ინსტრუმენტული ხედვა მშობლის მონაწილეობას მნიშვნელვნად მიიჩნევს, ვინაიდან ეს ემსახურება ბავშვის განვითარებისა და სწავლის უკეთესი შედეგების მიღწევას. ამ არგუმენტებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ე.წ. „მშობელთა პედაგოგიზაციის“ ცნებაც, რაც გულისხმობს შესაბამისი ცოდნის არმქონე მშობლების განათლებას ბავშვის აღზრდისა და სწავლის „მეცნიერულ ჭეშმარიტებებზე“. უფლებრივი პერსპექტივა მშობელს თანაბარ მონაწილე მხარედ მიიჩნევს და მშობელთა ჩართულობას მოიაზრებს როგორც დემოკრატიული მართვის პრინციპებზე დაფუძნებული ხარისხიანი განათლების განუყოფელ ნაწილს. გთავაზობთ ძირითად არგუმენტებს მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ:

  • მშობლები ბავშვის პირველი მასწავლებლები არიან; ამასთანავე, ისინი ყველაზე უკეთ იცნობენ ბავშვებს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, გვეხმარებიან უკეთ გავიცნოთ ბავშვის უშუალო სოციალური და კულტურული გარემო, მისი ტემპერამენტი და პიროვნული მახასიათებლები.
  • ბავშვები ცხოვრობენ რამდენიმე პარალელურ სივრცეში – ოჯახში, თემში, სკოლამდელ დაწესებულებაში/სკოლაში. მშობელთა ჩართულობა უზრუნველყოფს ამ სივრცეების ერთიან სიბრტყეში მოქცევას, ისე რომ ბავშვებს არ გაუჭირდეთ ერთი გარემოდან მეორეში გადასვლა, სხვადასხვა „სივრცეს“ აერთიანდებდეს საერთო ღირებულებები და ბავშვების მიმართ არსებული მოლოდინები თანამიმდევრული იყოს.
  • მშობლებსა და პროფესიონალებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის კეთილდღების გაუმჯობესებაში.
  • ოჯახის ჩართულობას პოზიტიური ზეგავლენა აქვს ყველა მონაწილე მხარეზე – ბავშვებზე, მშობლებზე, მასწავლებლებზე, ბაღის/სკოლის ადმინისტრაციაზე და თემზე; ოჯახის ჩართულობა არ მოიაზრებს მათ მონაწილეობას მხოლოდ განსაკუთრებულ ღონისძიებებში და მშობელთა კრებებში- ჩართულობა ნიშნავს კომუნიკაციას მშობლებისთვის ხელმისაწვდომი ფორმებით, მათთან მუდმივ დიალოგს და თითოეული ბავშვის ოჯახისა და კულტურის გათვალისწინებას საგანმანათლებლო გარემოსა და პროცესში.
  • მშობლებთან თანამშრომლობა ორმხრივი პროცესია და მოიაზრებს მშობლობის მხარდაჭერას შინ (აღზრდა, ზრუნვა, განათლება) და განათლების პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებას საბავშვო ბაღში/სკოლაში. ორმხრივი პროცესი გულისხმობს რომ ყველა მხარე – ბავშვები, ოჯახები, პროფესიონალები და ადგილობრივი თემი – განათლების და სოციალიზაციის თანამონაწილე და მიმღებია.
  • მშობლების/ოჯახის ჩართულობა მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. საბავშვო ბაღები და სკოლები იმ იშვიათ საზოგადოებრივ სივრცეს წარმოადგენს, სადაც განსხვავებული კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ეთნოსისა და შესაძლებლობების ბავშვები და უფროსები ერთ სივრცეში მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, ისინი ბუნებრივად ატარებენ სოციალური ინკლუზიის და დემოკრატიული ჩართულობის ხელშეწყობის პოტენციალს არა მხოლოდ მიკრო დონეზე (ბაღი, სკოლა), არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.

რატომ არის მშობელთა ჩართვა რთული?

ხშირად მშობელთა ჩართულობა მასწავლებლისთვის რთულად მისაღწევი მისიაა. ამ გამოწვევის მთავარ მიზეზად როგორც წესი მშობელთა დაკავებულობა, უდროობა ან ბავშვთა განათლების მიმართ მათი ინტერესის ნაკლებობა მიიჩნევა. თუმცა, ხშირად უგულებელყოფილია ყველაზე მთავარი დაბრკოლება – მეორე მხარის მიმართ არსებული მოლოდინები და დამოკიდებულებები. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია მშობლებსა და მასწავლებლებში მეორე მხარის მიმართ არსებული გავრცელებული შეხედულებები[3].

მშობლები მასწავლებლები (და ბაღის/სკოლის სხვა თანამშრომლები)
მორგებული აქვს მშობლის ტრადიციული როლი – „მიჰყევი პროფესიონალების მითითებებს“ მორგებული აქვს მასწავლებლის ტრადიციული როლი – „პროფესიონალები უნდა უძღვებოდნენ ყველაფერს“
შენარჩუნებული აქვს ტრადიციული წარმოდგენები ბავშვის, მასწავლებლის და ზოგადად განათლების შესახებ შენარჩუნებული აქვს ტრადიციული წარმოდგენები ბავშვის, მშობლისა და ზოგადად განათლების შესახებ
ადანაშაულებს მასწავლებელს ბავშვის პრობლემებში ადანაშაულებს მშობლებს ბავშვის პრობლემებში
მიაჩნია, რომ მასწავლებლები გულწრფელად არ ზრუნავენ მის შვილზე მიაჩნია, რომ მშობლებს არ აღელვებთ განათლება
ინიციატივას, მიწვევას და მონაწილეობისთვის შესაძლებლობების შექმნას ელის მასწავლებლებისგან მოლოდინი აქვს, რომ მშობელი მას შემდეგ ჩაერთვება სკოლის ცხოვრებაში, როდესაც  მოპატიჟების მიიღებს ბაღიდან/სკოლიდან და მონაწილეობას მიიღებს იმ ფორმით, როგორც ბაღი/სკოლა მოელის მისგან.
მიაჩნია, რომ მასწავლებელი პროფესიონალია, ამიტომ ემპათიას არ ავლენს მასთან სურს, რომ პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, ამიტომ არ ავლენს ემპათიას ბავშვებსა და მშობლებთან
არ აქვს ნათელი წარმოდგენა მის მიმართ არსებული მოლოდინების შესახებ არ ახდენს მოლოდინების ნათლად ჩამოყალიბებას; მოელის, რომ მშობლებმა უნდა იცოდნენ როგორ მოიქცნენ და არ დასვან კითხვები ქცევის წესების შესახებ
კომუნიკაციით დაღლილია და ფოკუსირებულია პრობლემებზე კომუნიკაციით დაღლილია და ფოკუსირებულია პრობლემებზე
ეშინია უკუკავშირის მიწოდება მასწავლებლისთვის ეშინია უკუკავშირის მიწოდება ზოგიერთი მშობლისთვის
მიაჩნია, რომ ზედაპირებული მხარდაჭერის გარდა ბევრი არაფერი შეუძლია, აკლია საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენციების რწმენა მიაჩნია, რომ ზედაპირებული მხარდაჭერის გარდა ბევრი არაფერი სჭირდება, არ ენდობა მშობლის კომპეტენციებს

 

მშობელთა ჩართვის სტრატეგიები და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპები

მშობელთა ჩართულობისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებები სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ[4]: კომუნიკაცია, მოხალისეობა, ოჯახის ჩართვა სასწავლო აქტივობებში, მშობლობის მხარდაჭერა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობა, თემთან თანამშრომლობა, დისტანციური ჩართულობა (მაგ. ონლაინ სოციალური ქსელებით და სხვა პლატფორმები). თითოეული სტრატეგიის სპეციფიკის განხილვა ცალკე სტატიის თემაა, თუმცა შეგვიძლია დასკვნის სახით ჩამოვაყალიბოთ ის პრინციპები, რომლებიც მნიშვნელოვანია გასდევდეს მშობლების ჩართულობის ხელშეწყობას ნებისმიერ სიტუაციაში:

  • გარემოს შექმნა, სადაც კარი ღიაა ყველას მონაწილეობისთვის
  • ძლიერ მხარეებზე და შესაძლებლობებზე ფოკუსირება ურთიერთობის პროცესში
  • ფოკუსირება როგორც პროცესზე, ასევე შედეგზე
  • ერთმანეთისგან სწავლის შესაძლებლობების აღიარება და პატივისცემა
  • ინდივიდუალური შეხედულებების, გამოცდილებისა და კულტურის პატივისცემა
  • თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა
  • აქტიური მონაწილეობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება
  • თანამონაწილეობა არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
  • სოციალური ინკლუზიისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა
  • ემპათია
  • დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში
  • მშობლების, როგორც ნახევრად-პროფესიონალების მხარდაჭერა.

 

 

[1] Winnincot, D. W. (1992). The child, the family and the outside world. Cambridge. Perseus.

[2] Henderson, A.T., Mapp. K. L., Johnson, V.R., & D. Davies. (2007). Beyond the Bake Sale. The essential guide to family-school partnerships. New York, London. The New Press.

[3] Trikic, Z. (2017). Parental involvement – two sinking boats sending SOS (unpublished presentation).

[4] Desforges, C. & A. Abouchaar. (2003). The impact of parental involvement, parental support and family education on pupil achievement and adjustment: a review of literature.

5 Department of Children, Schools and Families. (2008). The impact of Parental Involvement on Children’s Education. https://www.ucy.ac.cy/nursery/documents/ThemaVdomadas/DCSF-Parental_Involvement_1.pdf

6 Trikic, Z. (2012) Building Opportunities in Early Childhood from the Start. A teacher’s guide to good practices in inclusive early childhood services. International Step by Step Association, Roma Education Fund.

7 Watkins, A. & S. Ebersold. (2016) Efficiency, effectiveness and equity within inclusive education systems. In Implementing Inclusive Education: Issues in Bridging the Policy-Practice Gap, pp.229-253.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი