ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

6 მიზეზი: რატომ ვერ ვითარდება საქართველოში ბავშვთა სპორტი

საქართველოში ბავშვთა სპორტში და, საზოგადოდ, სპორტულ სწავლებაში ბევრი პრობლემა რომ დაგროვდა, ამაზე ის ადამიანებიც კი ხშირად საუბრობენ, რომლებსაც ამ სფეროსთან შეხება თითქმის არ აქვთ. მიზეზი მარტივი და აშკარაა: სპორტული ცხოვრების წესი წლიდან წლამდე უფრო და უფრო ნაკლებპოპულარული ხდება. სკოლებში სპორტის გაკვეთილები ხშირად ფიქციაა და უინტერესოა.

რა უშლის ხელს ბავშვთა სპორტის განვითარებას? რისი ბრალია, რომ ნიჭიერი მოზარდები შემდგომ ვეღარ ვითარდებიან? არის თუ არა ამ ყველაფრის მიზეზი ყბადაღებული უფულობა – სახელმწიფოსა თუ კერძო კომპანიების მიერ სპორტში ჩადებული ფულის სიმცირე? ეს კითხვები, რომლებიც ხშირად გაისმის, ბუნებრივიცაა და ლეგიტიმურიც. გამოსავალი იოლი საპოვნელი არ უნდა იყოს, თუმცა უსაშველო არაფერია.

მოდი, მაინც ჩამოვთვალოთ მიზეზები.

  1. სამწუხაროდ, საზოგადოება თითქმის ვერ ხედავს სპორტის სიკეთეს. მოსწავლეთა მშობლებიც კი სპორტის გაკვეთილებს ხშირად დროის კარგვად აღიქვამენ.
  2. როდესაც საქართველოს საფეხბურთო, სარაგბო თუ საკალათბურთო ნაკრებების მატჩებს ტელევიზორში აჩვენებენ, ყველა გულშემატკივარი გამარჯვებას მოითხოვს, თუმცა მათ უმეტესობას არასოდეს უფიქრია, რატომ ვარდება ეროვნული ჩემპიონატების დონე, რატომ აღარ დაჰყავთ მშობლებს შვილები სპორტზე და როგორ აისახება ეს მომავალში ჩვენი გუნდების გამოსვლაზე.
  3. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტული ფედერაციების უმეტესობა უბრალოდ არ ცდილობს კერძო სექტორიდან ბავშვთა სპორტში თანხების მოზიდვას და წლობით ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული, რასაც, ლოგიკურია, სპორტის კონკრეტულ სახეობათა დეგრადაციამდე მივყავართ. სამწუხაროდ, ამის მაგალითი მრავლადაა.
  4. ძალზე მწირია სპორტული თემატიკის თანამედროვე ლიტერატურა ქართულ ენაზე. სკოლისა თუ საჯარო ბიბლიოთეკებში უმეტესად ძველ, საბჭოთა კავშირის დროინდელ წიგნებს თუ იპოვით, რომელთა ნაწილი საბჭოური პროპაგანდითაა გაჟღენთილი, ნაწილი უბრალოდ დაბალი ლიტერატურული ღირებულებისაა და სულ რამდენიმე წიგნი თუ მოიპოვება, რომლებსაც შეუძლია, ახალგაზრდებს სპორტისადმი ინტერესი გაუღვივოს და ამა თუ იმ სახეობით დააინტერესოს.
  5. რბილად რომ ვთქვათ, არასასურველია არათუ სკოლებში სპორტის მასწავლებლების, არამედ იმ მწვრთნელების ცოდნის დონეც, რომლებიც ვარჯიშის სანაცვლოდ გასამრჯელოს იღებენ. კონტროლი არ ხდება და ამის მიზეზი ისევ და ისევ სპორტისადმი ზერელე დამოკიდებულებაა. იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მითხრა: იმას, რაც „ეპატიება“ სპორტის მასწავლებელს, სხვა, უფრო „სერიოზული“ საგნების მასწავლებლებს არავინ აპატიებს, რადგან „სპორტი მაინც სპორტია და მეტი არაფერი“.
  6. მედია, უპირველეს ყოვლისა – ტელევიზია, თითქმის არ ეწევა სპორტული თემატიკის პროპაგანდას. გუნდებისა თუ ინდივიდუალური სპორტსმენების შეხვედრების გაშუქება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.

საქართველო ყოველთვის სპორტული ქვეყანა იყო, რასაც ათწლეულების განმავლობაში ჩვენი სპორტსმენების ფენომენალური შედეგებიც მოწმობს. ტრადიცია შესანიშნავი რამაა, მაგრამ მას შენარჩუნება და თანამედროვეობაზე მორგება სჭირდება. სხვაგვარად არაფერი გამოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი