ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

განათლების სექტორის გეგმის მომზადება

წინა სტატიაში “განათლების სისტემის დაგეგმვის საფუძვლები”,  განხილულ იქნა განათლების სექტორის დაგეგმვის (Education Sector Planning (ESP) ზოგადი არსი და მახასიათებლები. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესებისა და აქტივობების განხილვისას აღინიშნა, რომ გეგმების შემუშავებისა და მონიტორინგის ციკლები დაგეგმვის ძირითადი რგოლებია და მათი სათანადოდ წარმართვა დიდ გავლენას ახდენს მთელი პროცესის ოპტიმალურ განხორციელებაზე. წინამდებარე სტატიაში მიმოვიხილავთ სექტორის გეგმის მომზადების ფაზებს და პროცესებს, ჩართულ მხარეებს და მათ ფუნქცია-მოვალეობებს, გავეცნობით ეფექტიანი გეგმის მომზადების მთავარ პრინციპებს.

 

სექტორის გეგმა, ისევე როგორც განვითარების სხვა გეგმები, შეიძლება სხვადასხვა პერიოდზე იყოს გათვლილი, კონტექსტიდან გამომდინარე, იყოს გრძელვადიანი, საშუალო– ან მოკლევადიანი. საერთო სტანდარტი კონკრეტული გეგმის მოქმედების ხანგრძლივობის ამა თუ იმ კატეგორიის განსაზღვრისთვის არ არსებობს. შესაბამისად, სექტორული გეგმის პერიოდი განისაზღვრება კონკრეტული სისტემის სპეციფიკური გამოწვევებისა და პერსპექტივების გათვალისწინებით, მოცემული სისტემის მესვეურების გადაწყვეტილებით. გრძელვადიანი (როგორც მას უწოდებენ – პერსპექტიული) გეგმის ხანგრძლივობა 10-15 წლით განისაზღვრება და, წესისამებრ, ნაკლებად დეტალიზებულია, ძირითადად სისტემის განვითარების საერთო ორიენტირებსა და მიმართულებებს მოიცავს. საშუალოვადიანი გეგმა ხუთ წლამდე ვადაზეა გათვლილი და მისი პროგრამები და სტრატეგიები შედარებით სპეციფიკურია, ხოლო მოკლევადიანი ანუ წლიური გეგმები მეტად კონკრეტულია და, როგორც წესი, წლიურ საბიუჯეტო ციკლს ემთხვევა.

პერიოდის მიხედვით სექტორული გეგმის ყველაზე გავრცელებული კატეგორიაა საშუალოვადიანი გეგმა. მას სხვა გეგმებზე ხშირად იყენებენ სისტემის მესვეურები. მასში გაწერილია მოცემული პერიოდის სპეციფიკური მიზნები, ამოცანები და პროგრამები. ასეთ გეგმაში შესაძლოა გრძელვადიანი პერსპექტივაც იყოს გათვალისწინებული. საშუალოვადიანი გეგმა, როგორც წესი, ითარგმნება თითოეულ წელზე გათვლილ გეგმებად სათანადოდ გათვლილი წლიური ბიუჯეტებითურთ. გამოყენების სიხშირიდან გამომდინარე, ჩვენი მიმოხილვის ძირითად სამიზნესაც სწორედ საშუალო პერიოდზე გათვლილი გეგმა წარმოადგენს.

 

სხვადასხვა ქვეყნის განათლების სექტორის განვითარების საშუალოვადიან გეგმებს სხვადასხვა პრინციპზე დაყრდნობით შეიმუშავებენ. ისინი არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული და თითოეული ქვეყნის განვითარების სოციოეკონომიკურ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და სხვა თავისებურებებს ითვალისწინებს. ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ ნაციონალური მასშტაბის გეგმაზე მუშაობენ. სხვა ქვეყნებს აქვთ როგორც ნაციონალური დონის, ისე ცალკეული რეგიონებისა და პროვინციების განათლების განვითარების გეგმები. დონის მიხედვით გეგმის განსაზღვრა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოწყობის ტიპზეა დამოკიდებული. ცენტრალიზებული მმართველობის ქვეყნებში ნაკლებად იყენებენ სხვადასხვა დონის გეგმებს, ხოლო ფედერალური მოწყობისა და დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის მქონე ქვეყნებში გეგმათა მრავალფეროვნებას ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა გვხვდება გამონაკლისებიც. აქ ქვეყნის მართველობით სტრუქტურასა და ტიპთან ერთად მნიშვნელობა ენიჭება სხვა ისეთ ფაქტორებსაც, როგორებიცაა ქვეყნის ზომა, გეოგრაფიული მრავალფეროვნება, პოლიტიკური კულტურის თავისებურებები და სხვა. არიან ქვეყნები, რომლებსაც ძირითადად რეგიონული გეგმები აქვთ, ხოლო ნაციონალურ დონეზე მხოლოდ ადგილობრივი გეგმების დანერგვის ხელშემწყობი სტრატეგიები მუშავდება. დონის მიხედვით (ნაციონალური, ადგილობრივი, რეგიონული და ა.შ.) განსხვავდება განვითარების გეგმების შემუშავების პროცესები და მიდგომებიც.

საინტერესოა, იმ ქვეყნებში, სადაც განათლების სისტემების განვითარებისთვის იყენებენ ადგილობრივ/პროვინციულ გეგმებს და, ამასთან, ნაციონალური დონის გეგმაც აქვთ, როგორ და რა თანმიმდევრობით მიმდინარეობს თითოეული დონის გეგმის მომზადების პროცესი. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა მიდგომა, რომლებიც ასევე დამოკიდებულია ცალკეული ქვეყნისა და განათლების სისტემის გვარობაზე.

არსებობს სამი ძირითადი მიდგომა:

  • თავდაპირველად იქმნება ნაციონალური დონის გეგმა, შემდეგ მასზე დაყრდნობით მუშავდება ადგილობრივი დონის გეგმები. ამ მიდგომას სექტორის გეგმის მომზადების „ზემოდან-ქვემოთ“ (top down) მიდგომას უწოდებენ.
  • ჯერ ადგილობრივი გეგმები მზადდება, მერე კი, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, დგება ნაციონალური გეგმაც. ამ მიდგომას სექტორის გეგმის მომზადების „ქვემოდან ზემოთ“ (bottom-up) მიდგომას უწოდებენ
  • არსებობს მესამე ვარიანტიც, სადაც სხვადასხვა დონეზე გეგმის მომზადების პროცესი ერთდროულად არის ინიცირებული, ანუ გეგმები რაიონულ და რეგიონულ დონეებზე ეროვნული გეგმის მომზადებასთან ერთად სინქრონულად დგება.

რელევანტური არჩევანის გაკეთება უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. სექტორული გეგმის მომზადების ოპტიმალური მეთოდი მეტწილად განსაზღვრავს სისტემის განვითარების ადეკვატური ორიენტირებისა და გზების იდენტიფიცირების შანს.

უნდა ითქვას, რომ საერთო პოლიტიკის ფორმულირება ცენტრალურ დონეზე ხორციელდება. ადგილობრივი დონეები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ საერთო პოლიტიკის შემუშავების პროცესში, მერე კი ზედმიწევნით მისდევდნენ ცენტრალურ დონეზე შეთანხმებულ და დამტკიცებულ პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ადგილობრივი გეგმების განხორციელება, რაც არ უნდა დეცენტრალიზებული იყოს სისტემა, წარმოუდგენელია ცენტრალური სტრუქტურებიდან მიზანმიმართული და ეფექტიანი კოორდინაციის გარეშე, რადგან ორივე დონის გეგმები მჭიდროდ არის დაკავშირებული წინასწარ განსაზღვრული საერთო პრიორიტეტებით. სტრატეგიული განვითარების გეგმების ოპტიმალური შემუშავებისთვის აუცილებელი პირობაა სისტემაში დაგეგმვის უნარებითა და სხვა სათანადო კომპეტენციებით აღჭურვილი პროფესიონალების არსებობა.

არსებობს სისტემები, მათ შორის – განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც სტრატეგიული გეგმის შემუშავება მხოლოდ ცენტრალურ დონეზე ხორციელდება, თუმცა ქვეყნების მიხედვით არსებობს განსხვავებები თავად დაგეგმვის პროცესების წარმართვის მეთოდოლოგიებში. განასხვავებენ უმთავრესად ორი სახის მიდგომას:

  • ცენტრალური სტრუქტურები მართავენ და წარმართავენ მთელ პროცესს. ამ შემთხვევაში ადგილობრივი დონეების როლი მინიმალურია, თუმცა მონაწილეობითი. ამ მიდგომას ცენტრალიზებული ეწოდება;
  • ძირითადი პროცესები ადგილობრივ დონეებზე ვითარდება დაინტერესებული ჯგუფების მაღალი ჩართულობით, ხოლო ცენტრალურ დონეზე ხორციელდება კომპილაცია-ანალიზი და შეჯამება. ეს დეცენტრალიზებული მიდგომაა.

იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებული განათლების სისტემებია, ორივე მიდგომას თანაბარი წარმატებით იყენებენ, რადგან თავად სექტორის სტრატეგიული დაგეგმვა ეფუძნება მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. ცენტრალიზებული მიდგომის შემთხვევაშიც ძირითადი ყურადღება ექცევა პროცესში უკლებლივ ყველა დაინტერესებული ჯგუფის მაქსიმალურ ჩართულობას და ადგილობრივი კონტექსტების გათვალისწინებას.

იმ სისტემების უმეტესობაში, სადაც ნაკლებადაა განვითარებული გეგმების მომზადების მონაწილეობითი პრინციპები, უპირატესობას პირველი მიდგომის მოდიფიცირებულ ვარიანტს ანიჭებენ. ამ შემთხვევაში დაგეგმვითი პროცესები მკვეთრად ცენტრალიზებულია, ხოლო ადგილობრივი დონეებისა და დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობის ხარისხი – ნაკლები. გადაწყვეტილებები არჩევანის შესახებ, წესისამებრ, არ ეყრდნობა წინასწარ ჩატარებულ რისკების ანალიზს და გადაწყვეტილების მიღებისას ნაკლებად ითვალისწინებენ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებსაც, მათ შორის – კონკრეტული რეგიონების სპეციფიკურ მოთხოვნებს. შესაბამისად, განვითარების ორიენტირები და ოპტიმალური გზები საგრძნობი ხარვეზებით განისაზღვრება. ანალოგიურ სისტემებს სერიოზული პრობლემები აქვს ოპტიმალური მიზნებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირების, დიფერენცირებული პოლიტიკის შემუშავება-წარმართვის კუთხით. შედეგად სისტემის განვითარების ტემპსა და ხარისხში მნიშვნელოვანი ხარვეზები შეინიშნება.

სექტორის რეალისტური გეგმის შემუშავებისა მისი წარმატებით დანერგვისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია გეგმის შემუშავებაში მონაწილე სუბიექტების სწორად განსაზღვრა და მათ შორის კონსულტირების ეფექტიანი ფორმატის ჩამოყალიბება. ამასთან, ქვეყნის განათლების სამინისტრო უნდა იყოს დაგეგმვითი პროცესის ლიდერი, ძირითადი წარმმართველი და მაკოორდინირებელი. ზოგიერთ ქვეყანას განათლების ერთზე მეტი სამინისტრო აქვს (მაგ., ზოგადი განათლებისა, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლებისა). ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სამინისტროებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმების არსებობაც, რადგან განათლების სექტორის დაგეგმვა თავისთავად გულისხმობს ყველა ქვესექტორის გეგმებისა და სამოქმედო სტრატეგიების განსაზღვრას. ისიც უნდა ითქვას, რომ დაგეგმვის პროცესში სამინისტროების ჩართულობა განათლების პროფილური უწყებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. აუცილებელია სხვა სამინისტროების აქტიურობაც, რომლებსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი აქვს განათლებასთან (მაგ., შრომის, ახალგაზრდობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროები).

დიდი ქვეყნები, განსაკუთრებით ისინი, სადაც ფედერალური მოწყობაა, გეგმარებით პროცესებში ჩართული ყველა დონის (ცენტრალიზებული, დეცენტრალიზებული) ადმინისტრაციული სუბიექტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზოგიერთ ქვეყანაში, მაშინაც კი, როცა საქმე არ გვაქვს ფედერალურ სტრუქტურებთან, რეგიონისა და პროვინციის მთავრობები სტრატეგიული გეგმების მომზადების პროცესში აქტიურ პარტნიორებად გვევლინებიან. განურჩევლად ქვეყნისა და განათლების სისტემის მოწყობის ფორმისა, სექტორული გეგმების მონაწილეობითი მომზადების პროცესი აუცილებელი პირობაა. ფედერალური მოწყობის არმქონე ქვეყნებშიც კი გეგმის მომზადების პროცესი ადგილობრივ სტრუქტურებთან მჭიდრო კონსულტაციების პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. ამასთან, აუცილებელია, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივი, პროფესიული და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, პედაგოგები, მშობლები, სათემო ასოციაციები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობით და ამ პროცესზე გავლენის მოხდენის ხარისხის მიხედვით დაინტერესებული ჯგუფები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. მათთან კონსულტაციები და მათი ჩართულობის მაღალი ხარისხი გადამწყვეტია კომპლექსური გეგმის შემუშავებისთვის. კონსულტაციებისთვის ჯგუფები შეიძლება ოთხ კატეგორიად დაიყოს:

ჯგუფი 1-  აერთიანებს მონაწილეობით მაღალი მნიშვნელობის, მაგრამ მცირე გავლენის მქონე წარმომადგენლებს. ესენი არიან საზოგადოებრივი, ქალთა, ეთნიკური და ეროვნული უმცირესებობის, ახალგაზრდების და ა.შ. ორგანიზაციების წარმომადგენლები;

ჯგუფი 2 – მოიცავს მონაწილეობით მაღალი მნიშვნელობის და, იმავდროულად, დიდი გავლენის მქონე წარმომადგენლებს. მაგალითად, პრემიერმინისტრის ოფისი, განათლების სამინისტრო, ნაციონალურ კომიტეტები და ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები;

ჯგუფი 3 – შედგება მონაწილეობით დაბალი მნიშვნელობის და მცირე გავლენის მქონე წარმომადგენლებისაგან. ამ კატეგორიაში შედის საგანმანათლებლო ორგანიზაციები და უნივერსიტეტები, რელიგიური და სხვა დაინტერესებული ჯგუფები.

ჯგუფი 4 – აერთიანებს მონაწილეობით დაბალი მნიშვნელობის, მაგრამ დიდი გავლენის მქონე წარმომადგენელებს. ესენი შეიძლება იყვნენ უმცირესობაში მყოფი პოლიტიკური პარტიები, კერძო და ბიზნესორგანიზაციები და სხვა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობის მნიშვნელობა და ამ პროცესზე გავლენის მოხდენის ხარისხი სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს.

ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია განათლების სექტორის გეგმის მომზადების პროცესის წამყვანი სტრუქტურებიც. პროცესს ძირითადად განათლების სამინისტროების სტრატეგიული დაგეგმვის ქვედანაყოფები წარმართავენ. ზოგიერთ ქვეყანაში განათლების სამინისტროები ქმნიან ექსპერტთა სპეციალურ კომისიას და მისი მეშვეობით არეგულირებენ შესაბამის პროცესებს. ზოგიერთ შემთხვევაში სტრატეგიული გეგმის მოსამზადებლად იქმნება ნაციონალური გუნდები, რომლებიც შედგება განათლების სამინისტროს, სხვა სამინისტროების, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორების წარმომადგენლებისგან. ნაციონალური გუნდები მჭიდროდ თანამშრომლობენ განათლების სამინისტროებთან და ხელს უწყობენ მაქსიმალური ჩართულობის მიღწევას. სირთულეს წარმოადგენს დიდი შემადგენლობის გუნდების მართვა და მათი მეშვეობით პროცესების სწრაფად წარმართვა. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია, დიდი შემადგენლობის გუნდები ასრულებდნენ საკონსულტაციო და საორიენტაციო ფუნქციებს, ხოლო მცირე ზომის სამუშაო ჯგუფები წარმართავდნენ კონსულტაციის პროცესს და ამზადებდნენ საბოლოო პროექტს.

განათლების სექტორის სტრატეგიული გეგმა კომპლექსური დოკუმენტია და რამდენიმე ქვესექტორსა და პრიორიტეტულ მიმართულებას თუ თემას მოიცავს. ამ საკითხის დარეგულირების ერთ–ერთი გზაა რამდენიმე ტექნიკური სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება. ეს ჯგუფები შესაძლებელია ჩამოყალიბდეს განათლების საფეხურების (დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი) ან თემატური (მენეჯმენტი, დაფინანსება და სხვა) ბლოკების მიხედვით. მრავალშემადგენლობიანი დაგეგმვის კომიტეტის, რამდენიმე სამუშაო ჯგუფისა და მოცულობითი საკონსულტაციო პროცესის არსებობის შემთხვევაში დაგეგმვითი პროცესების წარმართვა საკმაოდ რთული ამოცანაა, ამიტომ წარმოიშობა საჭიროება ექსპერტთა შედარებით კომპაქტური ჯგუფის იდენტიფიცირებისა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროცესებს და მოამზადებს გეგმის დოკუმენტს. ექსპერტთა შერჩევის უნიკალური ფორმულა არ არსებობს, თუმცა ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს სათანადო გამოცდილების პროფესიონალი კადრებით, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება განათლების დაგეგმვაში, სტატისტიკის ანალიზში, ფინანსურ მენეჯმენტსა და ბიუჯეტირებაში.

რეკომენდებულია დაგეგმვის ჯგუფი დაკომპლექტდეს შემდეგნაირად:

  1. ერთი კომპაქტური მართვის ჯგუფი განათლების სამინისტროს ბაზაზე, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს მთელ პროცესს;
  2. რამდენიმე სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა მიმართულების მიხედვით;
  3. წარმომადგენლობითი კომიტეტი, რომელშიც გაერთიანდებიან სხვადასხვა სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პედაგოგები და სხვა. კომიტეტის მუშაობა განათლების მინისტრის თავჯდომარეობით უნდა წარიმართოს.

კომიტეტის ფორმა და შემადგენლობაც მოსამზადებელი გეგმის გვარობაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია ის გარემოება, რა ტიპის გეგმაა მოსამზადებელი – ერთი ნაციონალური თუ რამდენიმე რეგიონული, რომლებიც შემდგომ ნაციონალურ გეგმად გაერთიანდება. პირველ შემთხვევაში აუცილებელია ცენტრალურ დონეზე მიმდინარე პროცესებში დეცენტრალიზებული ადგილობრივი დონეების წარმომადგენლობის გათვალისწინება და მათთან აქტიური კონსულტაციების წარმოება, ხოლო მეორე შემთხვევა ითვალისწინებს გეგმების მომზადებას ყველა – ცენტრალურ თუ რეგიონულ – დონეზე. ორივე შემთხვევაში დაგეგმვის პროცესში ჩართული უნდა იყოს ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განახორციელებს მონაცემების სტატისტიკურ ანალიზს დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპისთვის და ფინანსურ ანალიზს საბოლოო ფინანსური მოთხოვნების ჩამოსაყალიბებლად, ხოლო სისტემის მართვის სპეციალისტები შეიმუშავებენ განხორციელების გეგმებს.

მონაწილეობითი პროცესების ფასილიტირების მკაფიო წესები არ არსებობს. ქვემოთ მაგალითად მოყვანილია ცენტრალურ დონეზე განათლების სექტორის დაგეგმვის პროცესის ორგანიზაციული სტრუქტურის ზოგადი სქემა.

 

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ განათლების სექტორის დაგეგმვითი პროცესების განხორციელება აუცილებელია სისტემის ჰარმონიული განვითარებისთვის სწორი სარეფორმო პროცესების უზრუნველსაყოფად. სექტორის განვითარების ოპტიმალურად ჩამოყალიბებული გეგმა უზრუნველყოფს განათლების სისტემის სწორი განვითარება-გაუმჯობესების პროცესის შეუქცევადობასა და მდგრადობას (მიუხედავად სისტემის ხელმძღვანელი რგოლების ხშირი ცვლილებისა). ძალიან მნიშვნელოვანია თვით დაგეგმვითი პროცესების სწორი მეთოდოლოგიით წარმართვა და რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპის გათვალისწინებაც. სექტორის სტრატეგიული დაგეგმვა აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ამ პროცესში უკლებლივ ყველა დაინტერესებული ჯგუფის მაქსიმალური ჩართულობა და გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი კონტექსტები და ინტერესები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  • Philip Coombs. 1970. What is educational planning? Fundamentals of educational planning No. 1, Paris: IIEP-UNESCO.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი