ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ფრაგმენტები

სადღაც, ფიქრის ფსკერზე, აწყვია ის ღამეები, ცივი და გრძელი ღამეები, მამაჩემი ლოგინს რომ მითბობდა. ათი წუთით ადრე ადიოდა დასაწოლად. მე ცეცხლის ჩაქრობას ველოდი და ცოტაც თავს ვიმცივნებდი – ასე შეცივებულს ათასჯერ უფრო მეთბილებოდა ლოგინი. ,,გოუშვი გათბობა?” – ვეკითხებოდი. ,,გაშობილია” – მეუბნებოდა თავზე საბანწაფარებული.

 

სადღაც, ფიქრის ფსკერზე, აწყვია და ხან რაღაც უცნობი მიწისძწვრა წამოკრავს ფეხს, წამოშლის და ტალღებზე ამოაგდებს. მრისხანეა ეს ტალღები და სარკესავით – შიგნით ჩემს თავს ვხედავ. უუნაროს და უპასუხოს. მე არ შემიძლია მამაჩემის საწოლის გათბობა, იმ წლების უღიმღამო ღამეების პასუხი, უღიმღამო, მაგრამ ჯადოსნური ღამეების.

ხანდახან ბავშვობა ასეც გესიზმრება: დენის კაცი მოდის.  მეზობლის ჭიშკრის ხმაზე ვიცანით. ნელა შეაღო, დაძახების გარეშე. მალე ჩვენთანაც გადმოვა. ზუსტად ვიცი, რა ეცმევა იმ კაცს, დაუნახავად: პერანგი დაუთოებული და დაჟინებით ჩატანებული უქამრო შარვალში. საყელოსთან გაყვითლებული პერანგი და გულზე ორდენივით ექნება მწვანილი რომელიმე მწნილიდან, ორდენი გულმოწყალებისთვის.

 

– ადი, სოჩიკს ნემსი გამოაძვრე  – მეუბნებიან მე პატარას და დაბალ ღობეს. ,,თეთრი სკამი დეიდგი, მეორე მოყანყალებულია და ნელა ქენი“. ავედი და ავხედე თვალებგაშტერებულ მრიცხველს. ავძვერი და უცებ მრიცხველი დაიძრა და მეორე კედელზე გადაჩოჩდა.

 

სასწრაფოდ ჩამოვედი სკამიდან და იქით მხარეს გადავინაცვლე. ისევ იგივე. და ისევ და ისევ. სოჩიკი გაჩერებულია, კედელი ტრიალებს.  არადა ნაბიჯების ხმა უკვე მესმის, დენის კაცი ამოდის ოდაში. ბებიაჩემი მოყვება და მშვიდი ხმით ეუბნება ნაცად ფრაზებს: ,,კაი მწნილი და ოტკა მაქ, შენ შეი და სანამ მაგას ნახავ, მე ჩავალ და გავახაზირებ ელანძე.“ ნაბიჯების ხმა მკვეთრია, კედელი მოუხელთებელი. კანმა ოფლი მოისხა. ამაზე დიდი კოშმარი არ გენახოთ.

კიდევ კარგი გამეღვიძა. დილით გავიგე, რომ მიწისძვრა ყოფილა.

ამ ფრაგმენტულ მოგონებებს იმიტომაც ვწერ, განსაკუთრებით mastavlebeli.ge-ს მკითხველისთვის და ვიცი, მათ შორის ბავშვებიც არიან – რომ არ გამოტოვოთ, დააკვირდით საკუთარ ბავშვობას, ისწავლეთ ის, დაიზეპირეთ წუთები. გამოგადგებათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი