ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოგზურობა რიზეს უნივერსიტეტში, ანუ „აჰ, ქართულო, ქართულო, რატომ ხარ ასეთი ძნელი?“

 

(დიალოგი ჰარუნ ჩიმქესთან)

 

რიზეს უნივერსიტეტში სტუმრობისას ქართველ პროფესორებთან (პროფ. რუსუდან საღინაძე და ასოც. პროფ. მაია კიკვაძე) ერთად ჩვენი აღფრთოვანება გამოიწვია თურქმა ქართველოლოგმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელმა რიზეს უნივერსიტეტში,

მეცნიერმა და მთარგმნელმა, ბატონმა ჰარუნ ჩიმქემ.

გადავწყვიტე, უკეთ გამეცნო იგი თქვენთვის და ამიტომ გთავაზობთ მასთან დიალოგს.

 

 

– ბატონო ჰარუნ, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ქართულ კულტურასთან და რით არის გამორჩეული ეს კულტურა და ხალხი თქვენთვის?

– საქართველოში  თანატოლებთან ერთად 1995 წელს ჩამოვედი. ჯერ თბილისში ვიყავით, შემდეგ ქუთაისში გადავედით. მიზნად მქონდა დასახული, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე მესწავლა. ჩემი ნაცნობი, რომელიც რეკომენდაციას მიწევდა, საქართველოში უცხო ენის სწავლების სისტემას ძალიან აქებდა. გეგმა ერთია და სინამდვილე – მეორე. მოსამზადებელი კურსები რომ დავამთავრეთ და საბუთები ჩავიტანეთ თბილისში, თურქეთის საელჩოს განათლების განყოფილებაში, შევიტყვე, რომ, რადგან თურქეთში ჩატარებულ ეროვნულ გამოცდაზე უცხო ენაში არ მქონდა ქულა, ინგლისურის სპეციალობაზე ვერ ჩავაბარებდი. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ამდენი ხნის შემდეგ მშობლებისთვის ეს ყველაფერი როგორ უნდა ამეხსნა ან როგორ უნდა დავბრუნებულიყავი სამშობლოში? სხვა სპეციალობების დიდი არჩევანიც არ მქონდა და გადავწყვიტე, თურქოლოგიაზე შემეტანა საბუთები. ჩემი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ზოგ შემთხვევაში სიცილსაც კი იწვევდა: მეუბნებოდნენ, თურქმა აქ ისეთი რა უნდა ისწავლოსო. ასეთ გაურკვევლობაში გავაგრძელე სწავლა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ლექციებზე რომ შევდიოდით, თურქულზე მეტი ქართულის ლექციები ტარდებოდა, რაც ჩემთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა. თითქმის ვერაფერს ვერ ვგებულობდი. მოგეხსენებათ, ჩვეულებრივი სასაუბრო ენა სულ სხვაა, სასწავლო ენა – სულ სხვა. სასოწარკვეთილი დავდიოდი ლექციებზე. მეორე სემესტრი იქნებოდა, რომ ერთ-ერთ თურქოლოგს ქალბატონ ირმა ასათიანს, რომელიც მოსამზადებელზე ქართულ ენას გვასწავლიდა, ვთხოვეთ,  საერთაშორისო ურთიერთობის დარგში რექტორის მოადგილესთან, ბატონ ვახტანგ ამაღლობელთან,  გაეწია ჩვენთვის თარჯიმნობა. რომ მივედით და ჩვენი გასაჭირი ვუთხარით, ბატონმა ვახტანგმა  ხარხარი დაიწყო. თან ჩვენ გვიყურებდა თან გულიანად ხარხარებდა. როცა დაწყნარდა, გვკითხა, „მითხარით, რა სპეციალობაზე სწავლობთო“. ჩვენ ვუთხარით, რომ თურქულზე ვსწავლობდით. ბოლოს ბატონმა ვახტანგმა გვითხრა, რომ „რაღაც გაუგებრობაში ხართ. თქვენი სპეციალობა ქართული ენა-ლიტერატურა და თურქოლოგია არისო“. სიმართლის მიღება არც ისე ადვილი იყო. ისედაც ძალიან გვიჭირდა ლექციების გაგება, აღარ ვიცოდით, რა უნდა გვექნა. ერთხელ ვთქვი თუ დავწერე (არ მახსოვს), „როცა ენა არ იცი, ყრუც ხარ და მუნჯიც“. ქართულის კარგად არმცოდნენი ზუსტად ამ მდგომარეობაში ვიყავით. საერთოდ, პოეზიაში კარგად არ ვარ და არც მეხერხება, მაგრამ ქართული ენის სირთულის გამო, ხაზგასმით ვამბობ, მეც კი ჩემს ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი ბავშვური ხასიათის პატარა ლექსი დავჯღაბნე:

 

აჰ, ქართულო, ქართულო,

რატომ ხარ ასეთი ძნელი?

არ შეიძლებოდა, ცოტა ადვილი რომ ყოფილიყავი?

თუ ადვილი იქნებოდი, მეც ბედნიერი ვიქნებოდი!

რა თქმა უნდა, რაც უფრო დრო გადიოდა, ჩვენ შედარებით უკეთესად ვსწავლობდით ენას. სანთლის შუქზე საათობით მეცადინეობა შედეგსაც იღებდა ნელ-ნელა. არაჩვეულებრივად კეთილგანწყობილი ლექტორები და თანაკურსელები გვყავდა. ისინი ცდილობდნენ, რომ ყველაფერში დახმარება გაეწიათ ჩვენთვის. ეს მაინც გვიმსუბუქებდა ჩვენს გამოუვალ სიტუაციას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თანაკურსელები ისე იყვნენ განწყობილები, რომ ოღონდაც რაიმე დახმარება გვეთხოვა მათთვის. მათ არასდროს უარი არ უთქვამთ! უფრო ადვილად რომ გაგვეგო ლექციები, ჩვენთვის კონსპექტებსაც კი ამზადებდნენ. ამ საქმეში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ აწ გარდაცვლილი ია სუსარეიშვილი (გარდაიცვალა მეოთხე კურსზე ყოფნისას) და ლუიზა მაკარიძე (გარდაიცვალა უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ). ორივე ფრიადოსანი იყო და ჩვენ ძირითადად ორივეს ვთხოვდით დახმარებას. პირველ კურსზე ქართული ენის ლექტორი იყო ქალბატონი ჟუჟუნა ფეიქრიშვილი. ის ძალიან საინტერესო, თავისი საქმის მცოდნე და კეთილი ადამიანია. ისიც ძალიან გვეხმარებოდა ენის შესწავლაში. ლექციები და, საერთოდ ყველაფერი, კარგად რომ გამეგო, გადავწყვიტე კერძოდ მევლო ქართული ენის გაკვეთილებზე. როდესაც ეს ქალბატონ ჟუჟუნას ვუთხარი, იმან მირჩია იმავე კათედრის ლექტორთან, ქალბატონ რუსუდან საღინაძესთან მემეცადინა. ეს იყო ჩემი ქართული ენის შესწავლის გადამწყვეტი მომენტი. ქალბატონი რუსუდანი ისეთი მონდომებული და თავდადებული პიროვნება აღმოჩნდა, რომ სულ მოკლე ხანში კარგი შედეგებიც მივიღეთ: მან უკვე ერთ წელიწადში (მესამე კურსზე) თბილისში ჩამიყვანა რესპუბლიკურ სტუდენტურ კონფერენციაზე. ქალბატონ რუსუდანზე საუბარს ფურცლები, გვერდები, დღეები არ ეყოფა, ალბათ. დღეს თუ ამ მდგომარეობაში ვარ და რაიმე შემიძლია, თითქმის მისი დამსახურებაა. მას ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი და მინდა მის კვალზე სიარული გავაგრძელო.

რაც უფრო კარგად ვსწავლობდით ენას, მით უფრო ახლო ურთიერთობას ვამყარებდით ქართველ ხალხთან. მოგეხსენებათ, როდესაც რომელიმე ერის ენას სწავლობ, გინდა თუ არა, იმ ენის კულტურასაც სწავლობ. ქართული კულტურა ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა. ქართველები დაჯილდოებულები არიან ბევრი კარგი თვისებით: სტუმართმოყვარეობით, თავდადებული მეგობრობით, ჰუმანიზმითა და ა. შ.

– როცა თარგმანზე მუშაობთ, ყველაზე მეტად რომელი და როგორი ლექსიკის თარგმნაა თქვენთვის რთული ქართულიდან თურქულ ენაზე? როგორი ენობრივი სპეციფიკა აქვს ამ ორ ენას თქვენი გამოცდილებით?

თარგმნის დროს ყველაზე მეტად მიჭირს, და ეს ბუნებრივიც არის, ქვეტექსტიანი წინადადებები და სლენგები. როდესაც ქართულს ვსწავლობდი, ქუჩურ მეტყველებას ვერიდებოდი. არც თურქულში მიყვარდა და დღესაც არ მიყვარს ასეთი სიტყვების გაგონება და გამოყენებაც. პირველ კურსზე რომ ვიყავი, ჩემმა ერთ-ერთმა თანაკურსელმა მითხრა, „მოდი, ქართულ გინებებს გასწავლიო“. მე დაუფიქრებლად ვუთხარი უარი! ერთხელ ლექციაზე თანაკურსელმა გოგონებმა ჩემი ქართული ენის  რვეული მომთხოვეს. ალბათ, აინტერესებდათ, როგორ ვწერდი. ცოტა ხანში ისეთი სიცილი ატეხეს, ცოტა არ იყოს შემრცხვა. სიცილის მიზეზი ჩემთვის არ უთქვამთ! სამაგიეროდ, იმას უთხრეს, ვისაც ჩემთვის გინების სწავლება უნდოდა. მან შემდეგ გახარებულმა მითხრა, „ხომ გითხარი, ასეთი სიტყვების ცოდნაც არის საჭიროო“. აღმოჩნდა, რომ თურმე რაღაცა ძალიან უწმაწური სიტყვა მიბრუნებია სახელის ბრუნების მიხედვით. სიმართლე გითხრათ, რა სიტყვა იყო, დღესაც არ მახსოვს.  ენის ცოდნა არ ნიშნავს, ყველაფერში იყო კომპეტენტური და ყველა ტერმინი იცოდე ხუთიანზე. შემიძლია გითხრათ, რომ, როდესაც სპეციფიკური (სამედიცინო, საინჟინრო…) თემა არის სათარგმნი, ასეთები მიჭირს.

რაც შეეხება მეორე კითხვას, რა თქმა უნდა, ქართული და თურქული, ორივე სხვადასხვა ენათა ჯგუფის ენებია და საერთო სიტყვების გარდა, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდებიან. მოგეხსენებათ, რომ არც ერთი ენა არ არის ადვილი, მაგრამ სრული უფლებითა და გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ენა, თურქულთან შედარებით, ძალიან რთული ენაა. ახლა რასაც გეტყვით, ალბათ, ამას ბევრი უცხოელისაგან გაიგონებდით: ქართული ენით დაინტერესებული ადამიანებისათვის განსაკუთრებით ძალიან რთული კატეგორიაა ზმნა. მე ეს მოსამზადებელზევე მქონდა გაგებული და იქიდანვე მთელი ჩემი აქცენტი გადავიტანე ზმნაზე. სულ ზმნების უღლებით ვიყავი დაკავებული დღე და ღამე (სიზმარშიც). ჩემი თანაკურსელი, გივი ამაღლობელი იმ დონეზე გავაწვალე, რომ  ბოლოს „მეზმნეს“ მეძახდა.

– გვესაუბრეთ თქვენს თარგმანებზე და მომავალში რას გეგმავთ, რომ თარგმნოთ?

როცა სტუდენტები ვიყავით, ჩვენი ლექტორები იქნებოდნენ თუ ნაცნობები, ყველა დიდი აღფრთოვანებით საუბრობდა ქართულიდან თურქულ ენაზე თარგმნილ წიგნებზე. ეტყობოდა, რომ ამ საქმეს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ხანდახან ჩვენც გვეკითხებოდნენ, რომ მომავალში თუ გადავთარგმნიდით ქართულ ნაწარმოებებს. რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყე ამაზე ფიქრი, მაგრამ ეს ყველაფერი როგორ იქნებოდა ან როდის დავიწყებდი, ეს აღარ ვიცოდი. ჩემი მთარგმნელობითი საქმიანობა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ ორენოვან ჟურნალში სულხან-საბა ორბელიანის იგავების რამდენიმე ნიმუშის თარგმნით დაიწყო. ამ საქმეში ჩემი ქართული ენის მასწავლებელი და შემდგომში უკვე სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი ქალბატონი რუსუდანი მეხმარებოდა. 2005 წელს გადავთარგმნე სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი „საქართველოს კულტურა“. რაღაც დიდი პერიოდი არაფერი არ მითარგმნია. დაახლოებით 2011 წელი იქნებოდა, რომ გამომცემლობა „ინტელექტმა“ შემომთავაზა მეთარგმნა ბესიკ ხარანაულის „წიგნი ამბა ბესარიონისა“. მიუხედავად იმისა, რომ პოეზიაში კარგად ვერა ვარ, უარი მაინც არ მითქვამს. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო ამ წიგნის თარგმნა! ხანდახან გაუგებარ ადგილებს ქართველ ნაცნობებს რომ ვეკითხებოდი, ისინიც პასუხს ვერ მეუბნებოდნენ. თარგმნის პროცესში ნელ-ნელა შევიჭერი როლებში და, როგორც იქნა, თარგმანი დავამთავრე. ამას მოჰყვა დათო ტურაშვილის „გურჯი ხათუნი“, ზვიად კვარაცხელიას „ფორმა 100“, ნინო სადღობელაშვილის „თავშესაფარი“, შოთა არველაძის „გუშინ“, გიორგი სოსიაშვილის „მარტოსულთა ზამთარი“, ჟუჟუნა ფეიქრიშვილის „ქართველოლოგიის შესავალი“ და მალე გამოვა რეზო  თაბუკაშვილის „13 დღე“. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წელს მონოგრაფიის სახით გამოვეცი თბილისში ჩემი დისერტაცია „ზმნისწინთა სემანტიკური ნიუანსები ქართულ სალიტერატურო ენაში“.

სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს, რომ სამეცნიერო მუშაობასთან ერთად გავაგრძელო მთარგმნელობითი საქმიანობაც. ჩემი დღემდე თარგმნილი წიგნები თანამედროვე ავტორებს ეკუთვნის და მინდა კლასიკური ლიტერატურის თარგმნაზეც გადავიდე. სტუდენტობის პერიოდში კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთ წიგნს რომ ვკითხულობდი, მაშინ გავიფიქრე, მომავალში ნეტავ ამ წიგნის თურქულ ენაზე თარგმნას თუ შევძლებ-მეთქი. ჩემი ოცნება რეალობად იქცევა და მალე დავიწყებ  ქართული რომანის უშესანიშნავესი ნიმუშის, ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი წიგნის „დათა თუთაშხიას“ თარგმნას. წინასწარ ვიცი, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ მინდა, რომ ის სულიერი სიმდიდრე და ღირებულებები, რაც წიგნშია ჩაქსოვილი, მივიტანო თურქ მკითხველამდე.

– როგორც ვიცი, დიდი ხნის ოცნება აისრულეთ, როდესაც ქართული ენის გრამატიკა თურქულად თარგმნეთ და გამოეცით… ვთვლი, რომ ეს ნამდვილად ორი კულტურის უნიკალური ფაქტია. რას გვეტყვით ამ თარგმანის შესახებ? როდის გაგიჩნდათ ინტერესი? როგორ განახორციელეთ მისი გამოცემა…?

მოსამზადებელზე ქართულს რომ ვსწავლობდით, მაშინ უცხოელებისათვის არ იყო არც სახელმძღვანელო და არც თურქულ-ქართული, ქართულ-თურქული ლექსიკონები. იმ პერიოდისათვის საზღვრები ახალი გახსნილი იყო და მანამდე ამის საჭიროებაც არ არსებობდა, ალბათ. ჩვენ ხან იაკობ გოგებაშვილის „დედაენიდან“ ვსწავლობდით, ხან – სხვა წიგნებიდან, მაგრამ არც ერთი არ იყო ჩვენთვის საკმარისი. სხვანაირად არ გამიგოთ! მე კი არ ვიწუნებ იმ წიგნებს, უბრალოდ, უცხოელებზე მორგებული წიგნები არ იყო. ერთი სიტყვით, ძალიან ვწვალობდით. ქართული ენის მოსამზადებელი ეტაპი ასე თუ ისე დავამთავრეთ. მეორე კურსიდან, უფრო სწორად მესამე კურსიდან, ცოტა აზრზე რომ მოვედი, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ რატომ არ შეიძლება ქართული ენის გრამატიკა იყოს თურქულადაც-მეთქი. მე მინდოდა, რომ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, სხვა დროს ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ  სხვა თურქებს საშუალება ჰქონოდათ უფრო მოკლე დროში უკეთეს პირობებში ესწავლათ. ამ რამდენიმე წლის წინ რეალურად შევუდექი ჩემი ოცნების განხორციელებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო და ამას მე თვითონ ვერ გავაკეთებდი, ამიტომ ჩემი გეგმა ვუთხარი ჩემს მასწავლებელს, შემდგომში სადისერტაციო თემის ხელმძღვანელს, თავისი საქმის პროფესიონალს, ქართული ენის დიდ ქომაგს, ქალბატონ რუსუდან საღინაძეს. იმანაც დიდი ენთუზიაზმით მიიღო ეს წინადადება. შემდეგ ორივეს საერთო გადაწყვეტილებით, ასევე დიდ მეცნიერს, უამრავი წიგნის ავტორს ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილსაც შევთავაზეთ ერთობლივი მუშაობა და მალევე დავიწყეთ წიგნის წერა. ხუთი წლის განმავლობაში დიდი შრომის შედეგად შედგენილი ქართული ენის გრამატიკა (ქართული ენა –ფონეტიკა და მორფოლოგია), რომელიც თურქეთის ისტორიაში პირველ შემთხვევას წარმოადგენდა, 2015 წლისათვის გამოვეცით. ჩვენს სიხარულს საზღვარი აქ ჰქონდა, მაგრამ ეს სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა! რომ გვეგონა დიდ ქართულ საქმეს ვაკეთებდით, პირიქით, დიდ წინააღდეგობას გადავეყარეთ. იმის გამო, რომ წიგნში მაგალითები, სახელისა და ზმნის პარადიგმები, მხოლოდ ლათინური შრიფტით გვქონდა და ქართულ სიტყვებს თავზე არ ეწერა ქართული ასოებით, თურმე ქართულ დამწერლობას უგულებელვყოფდით. წიგნს რომ ვამზადებდით, რასაკვირველია, ამაზეც ვფიქრობდით, მაგრამ ტექნიკურად ამის განხორციელება გაძნელდა, თანაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნების უმრავლესობაც ისეთი იყო, როგორიც ჩვენ გვქონდა გაკეთებული. ეს ყველაფერი თავზარდამცემი იყო. ეს რომ გავიგე, ვთქვი, ჯობდა მოვეკალი-მეთქი.

რა თქმა უნდა, უნაკლო არავინ და არაფერი არ არსებობს. არც ვამბობდით და აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ამ წიგნს რაიმე ხარვეზი არ ექნებოდა. როგორც ყველასთვის, ჩვენთვისაც ობიექტური კრიტიკა მისაღები იქნებოდა, მაგრამ როგორ და რა კუთხით მიუდგები და გააკრიტიკებ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი წიგნი არ არის სახელმძღვანელო დამწყებთათვის და ამას კიდევ ხაზგასმით ვიმეორებ. ეს წიგნი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, იმ თურქულენოვანი მკითხველისთვის, რომლებსაც ქართული ენის შესახებ უნდათ ინფორმაციის მიღება. ადამიანს, რომელსაც მხოლოდ რომელიმე საკითხი აინტერესებს, როგორ უნდა დავაძალოთ დამწერლობის შესწავლა! ანდა ის სტუდენტი, რომელიც თურქეთში ქართული ენისა და ლიტერატურის  სპეციალობაზე სწავლობს, ამ წიგნით ვერ დაიწყებს ქართული ენის შესწავლას, რადგან იგი სხვადასხვა მოსაზრებებზე აგებული  სამეცნიერო ნაშრომია. ენის შესწავლის საწყის ეტაპზე ენის შემსწავლელმა თავდაპირველად ქართულად შესრულებული, მარტივად შედგენილი ქართული ენის გრამატიკით უნდა იხელმძღვანელოს. ჩვენი  თარგმანი კი მომდევნო ეტაპზე შეიძლება გამოიყენოს, როგორც დამხმარე საშუალება.  ეს არის და ეს! მინდა აღვნიშნო, რისთვის არის კიდევ დიდი მნიშვნელობის მქონე ჩვენი წიგნი: თურქეთსა და საქართველოს შორის ძალიან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობის მიუხედავად, თურქეთში ქართული ენის გრამატიკის შესახებ, ზოგად ინფორმაციას თუ არ გავითვალისწინებთ, თითქმის არაფერი არ არსებობდა. იმ ადამიანებს, რომლებიც შედარებითი გრამატიკის საკითხებზე მუშაობენ, ანდა ზოგიერთ ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე ქართული ენის მასალითაც ინტერესდებიან, არ ჰქონდათ წყარო. თურქი ენათმეცნიერები ხანდახან მწერდნენ და ქართული ენის გრამატიკის ზოგიერთ საკითხზე ინფორმაციას მეკითხებოდნენ. ჩემთვისაც ხომ არის ძნელი, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც რომელიმე საკითხი აინტერესებს, ავდგე და ვუთარგმნო!..

მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და გითხრათ, რომ მე საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს. იმ სიკეთესა და სითბოს, რაც მე საქართველოში ვნახე, არასდროს არ დავივიწყებ. ჩემი ვალია, სანამ ვიარსებებ, მანამ ეს ყველაფერი მივიტანო თურქ ხალხამდე…

– მინდა მესაუბროთ „ქართული ენისა და ლიტერატურის“ სპეციალობაზე და მის პერსპექტივებზე რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში.

თქვენ მიერ გამოქვეყნებულ წინა წერილებში სპეციალობის გახსნისა და სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ სრული ინფორმაცია არსებობს და ახლა აღარ გავაგრძელებ ამაზე საუბარს. ვიტყვი მხოლოდ, რომ ჩვენმა პირველკურსელმა სტუდენტებმა ჩააბარეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში გამოცდები და დაასრულეს სასწავლო წელი. ზაფხულის არდადეგების შემდეგ, ახალი სასწავლო წლიდან მათთან ერთად ველოდებით ახალ მიღებას, უკვე ახალ პირველკურსელებს რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე. კიდევ ერთ რაიმეს ვიტყოდი: დარწმუნებული ვარ ამ სპეციალობაზე გაზრდილი თურქი ახალგაზრდები ორი ქვეყნის ურთიერთობის საკეთილდღეოდ დიდ საქმეს გააკეთებენ…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი