ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
23 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ძნელია მასწავლებლობა

აი, პროფესიული ჭრილობებით გულდასერილი ჩამოვჯდები ახლა თქვენთან და შევეცდები მოვიმყუდროვო, გაგენდოთ, შემოგჩივლოთ, შემოგტიროთ, თავი „მივიდრიკო“ თანაგრძნობის მოლოდინში, აღსარებასავით გითხრათ ბევრი რამ, რასაც ჩემი პროფესიის სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანი განიცდის ჩვენს ქვეყანაში. ალბათ ყველაზე დემონიზებული პროფესიაა მასწავლებლობა. განათლების ხარისხის პრობლემა არამცთუ ჩვენსავით განვითარებად საზოგადოებაში, მაღალცივილიზებულ სისტემებშიც არის დღეს და პროფესიული კომპეტენციის პრობლემებს მრავლად ვაწყდებით, მაგრამ ეს პრობლემები ხომ მხოლოდ მასწავლებლის პროფესიაში არაა?

ჩვენ არ ვსაუბრობთ ლეგენდარული “ფინქ ფლიოდის” ცნობილი ჰიტის “მორიგი აგური კედელში” (“Another brick in the wall”) გმირ მასწავლებელზე, რომელიც საძულველი არსებაა თავისი მოსწავლეებისთვის, შავი სარკაზმით მიმართავს მათ, ძირითადად აგრესიულია, მხოლოდ იმპერატიულ ბრძანებებს იძლევა და ბავშვის სულში არ იხედება, რის გამოც ბავშვები მისგან მხოლოდ ერთ რამეს ითხოვენ:   “Hey! Teacher! Leave us kids alone!” (მასწავლებელო, დაგვტოვე მარტო!), რადგან, ბავშვების წარმოდგენით, მასწავლებელი არის მორიგი აგური კედელში (“All in all, you’re just another brick in the wall”) ანუ მოსწავლის თავისუფლების შემზღუდველი. ამ კლიპის კომენტარებში მსმენელები ყველაზე ხშირად იმეორებდნენ ფრაზას  “protect yourself against the mind control” (გონების კონტროლისგან თავდაცვა), რა პრობლემაც, მათი აზრით, 46 წლის წინაც იყო, როცა ეს სიმღერა შექმნა როჯერ ვოტერსმა და ახლაც, როცა იმ თაობის შვილიშვილები არიან საკლასო ოთახებში. მეტაფორა “მორიგი აგური კედელში” ორნაირად შეიძლება გავიგოთ, ის შეიძლება მიემართებოდეს მასწავლებელსაც და მოსწავლესაც. ზოგჯერ მასწავლებლები არიან აგურები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ უშენებენ აგურის მყარ კედლებს ბავშვებს და მათ თვალსაწიერს ზღუდავენ, ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ცუდი საგანმანათლებლო სისტემის გამო ბავშვები იქცევიან ერთ თარგზე მოჭრილ აგურებად, კარგავენ ინდივიდუალიზმსა და შემოქმედებითობას, პიროვნულ იდენტობას. ეს განათლების სისტემების პრობლემაა, თუმცა ამჯერად ამგვარ ურთიერთობებზე არ ვსაუბრობთ.

ჩვენი დღევანდელი სასკოლო სისტემა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების სტანდარტები უკვე გამორიცხავს არაპროფესიონალი, უვიცი, ბავშვებთან ურთიერთობებში უხეში, გულცივი ადამიანების საქმიანობას. დღეს ბავშვთა უფლებები იმდენად მაღალ ხარისხშია აყვანილი და მშობლის როლიც სწავლა-სწავლების პროცესშიც იმდენად აქტუალურია, რომ თითქმის გამორიცხულია მასწავლებლის ცოდნა ან ურთიერთობები იყოს სერიოზულად დამაზიანებელი მოზარდებისთვის და ეს დარჩეს რეაგირების გარეშე თავად სკოლის ადმინისტრაციის, ზემდგომი ორგანოების ან თავად სასკოლო საზოგადოების მხრიდან. დიახ, ადამიანთა შესაძლებლობები ყველგან და ყოველთვის განსხვავებულია, გულისხმიერებაც ზოგს მეტი აქვს და ზოგს – ნაკლები, არსებობენ ბრწყინვალე მასწავლებლებიც, საშუალო შესაძლებლობების პედაგოგებიც და ალბათ ცუდებიც აფარებენ თავს სკოლების კედლებს, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, სისტემა აკადემიურ და მორალურ უნარ-ჩვევებს მოკლებულ კადრებს სასკოლო სივრციდან თავისთავად გარიყავს.

ამასწინათ ფეისბუქზე გავრცელდა ასეთი ანეკდოტი: პრეზიდენტი, ბიზნესმენი და მასწავლებელი მოხვდნენ ჯოჯოხეთში. ეშმაკმა მათ სათანადო საფასურის სანაცვლოდ თითო ზარის უფლება მისცა. პრეზიდენტმა ისარგებლა და თავისი ხალხი მოიკითხა, უჩემოდ ხომ არ გაგჭირვებიათ, ქვეყანაში რა ვითარება არისო? ეშმაკმა 5000 დოლარი გადაახდევინა. ბიზნესმენმაც გამოიყენა უფლება და თავისი ბიზნესი მოიკითხა, რისთვისაც 50 ათასი დოლარი გადაახდევინეს. მასწავლებელმაც დარეკა და მოიკითხა თავისი კლასი: შემაჯამებლები და მათი ანალიზები თუ დაიწერაო,  განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებიო, კომპლექსური დავალებები და მათი ანალიზებიო, მოსწავლეთა დახასიათებებიო, პორტფოლიო თუ შეავსეთ საჭირო მასალით, ტესტები და სხვა რესურსები თუ შეადგინეთ, სემესტრული ანგარიშები საგნის სწავლებისა და სადამრიგებლო მუშაობისა თუ მოამზადეთო. ეშმაკმა არაფერი გადაახდევინა. პრეზიდენტმა და ბიზნესმენმა გააპროტესტეს, ეს როგორ? ამდენი ისაუბრა და რატომ არ ახდევინებთო? – ამას არ ეკუთვნის, ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში მოხვდა და შიდა ზარები უფასოაო, – მიუგო ეშმაკმა.

ყველა ვაცნობიერებთ, რომ უპირველესი ზრუნვის ობიექტი მოსწავლეა, მის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული როგორც ოჯახი, ისე სკოლა და მასწავლებელი. თუმცა მასწავლებელიც ადამიანია და ხშირად ვაწყდებით ხოლმე გადაულახავ დაბრკოლებებს, რომელთა დროსაც მასწავლებელი ხშირად მარტო რჩება. ყველა მისგან მოითხოვს მაქსიმუმს, მისი სულის ჭრილობები კი ნაკლებად აღელვებს ყველას. ამას მასწავლებლები შეჩვეულები ვართ, თუმცა, ვფიქრობ, თუ ჩვენი მიზანი ადამიანთა კეთილდღეობა, მათ უფლებებზე ფიქრი და დაცვაა, მასწავლებელსაც სჭირდება მხარდაჭერა.

მსურს მოგიყვეთ რამდენიმე პრობლემურ ქეისზე, რომელთა აქტორებს, რასაკვირველია, არ დავასახელებ. ყველა სახელი შეცვლილია. გიამბობთ კოლეგების მიერ მოყოლილ ისტორიებს.

ქეისი N1

ნანა მასწავლებლის სადამრიგებლო კლასი რთული სამართავი იყო. 35 მოსწავლე ირიცხებოდა, მათ შორის  12-14 ჰიპერაქტიური და რთული ქცევის ბავშვი გახლდათ, იყო რამდენიმე შშმ მოსწავლე, რომელთაც დამრიგებლისგან განუწყვეტლად სჭირდებოდათ მზრუნველობა. დამრიგებელი თავდაუზოგავად შრომობდა, ძალიან კარგი ურთიერთობები ააწყო მოსწავლეებთანაც და მშობლებთანაც.

ბექა სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა, ცნობილი ბიზნესმენის განებივრებული შვილი იყო. ნანა მასწავლებელმა შეატყო, რომ კლასელების დაცინვა და პროვოცირება ჩვეოდა. ბავშვები ხშირად შესჩიოდნენ დამრიგებელს, მშობლებს, მანდატურებს. ნანა მასწავლებელი იბარებდა ხოლმე დედას, მამა საერთოდ არ ერეოდა შვილის სასკოლო ცხოვრებაში. დედა ყოველთვის შვილის პოზიციებს იცავდა და აცხადებდა, რომ მისი შვილი ამოჩემებული ჰყავდათ, თორემ ის საუკეთესო ზნის ბავშვი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქცევის პრობლემები კლასში ბევრ მოსწავლეს ჰქონდა, მასწავლებლები მხოლოდ მისი შვილის ცუდ ქცევას ამჩნევდნენ. ბექა უფროსკლასელ ბიჭებთან მეგობრობდა, რადგან თავად ფიზიკურად სუსტი იყო და თავდაცვა გაუჭირდებოდა, მის მიერ ხშირად მოწყობილი პროვოკაციების გათვალისწინებით. მერვე კლასში იყო, როცა სკოლიდან გაიპარა, ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა და ბავშვის სიცოცხლე ძლივს გადაარჩინეს. ამ დროს მხოლოდ ერთხელ მოვიდა მისი ყოვლისშემძლე მამა სკოლაში და ყველას “ჰაერში აწევით” იმუქრებოდა. ნანა მასწავლებელს კი უთხრა, რომ მან 14 წლის ბიჭთან სათანადო მოპყრობა არ იცოდა. ნანა მასწავლებელმა აღიარა, რომ ნამდვილად არ იცოდა, ბექასთან როგორ უნდა მოქცეულიყო, იმდენად რთული და არაპროგნოზირებადი იყო მისი ქცევა და სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, რადგან ბავშვი მშობლებისგან სრულ თანადგომას გრძნობდა და მასწავლებლებს უპატივცემულოდ ექცეოდა. გაკვეთილებზე უნებართვოდ გადი-გამოდიოდა, ცეკვავდა, მღეროდა, ხმაურობდა, გადიოდა სკოლის დერეფანში და სხვა კლასებში უვარდებოდა მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესში.       ერთხელაც ერთ-ერთ გაკვეთილზე ორ ბიჭს გადაეკიდა და დასცინოდა, სკამებს აბრუნებდა, ხმაურობდა. ერთმა ბიჭმა მისი ქცევა ტელეფონით ჩაიწერა. მასწავლებელმა დაინახა, რომ მის ქაოსურ გაკვეთილზე ვიდეოჩანაწერი გაკეთდა და ამ ორ ბიჭს მოსთხოვა ვიდეოს წაშლა. ბავშვები შეშინდნენ და თქვეს, რომ ბექას ქცევის ჩაწერა ნანა მასწავლებელმა დაგვავალაო. ბექამ ეს ყველაფერი მშობლებს უამბო სახლში. დედამისი კივილით მოუვარდა ნანა მასწავლებელს, ლანძღავდა, უკანასკნელი სიტყვებით ამცირებდა, მოიყვანა ადვოკატი და სასამართლოში ჩივილით ემუქრებოდა. ამავე მშობელმა მოისყიდა ორი მასწავლებელი, რომლებიც კოლეგის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. როცა საქმეს სკოლის დისციპლინური კომიტეტი იხილავდა, იმ ორმა ბიჭმა კი აღიარა, რომ დამრიგებელს მათთვის არაფერი დაუვალებია, მაგრამ მასწავლებელს ბევრი შეურაცხყოფისა და ცილისწამების ატანა მოუხდა და მან სადამრიგებლო კლასი, რომელთანაც 4 წელი იმუშავა და სიგიჟემდე უყვარდა, დატოვა, რასაც არ პატიობდნენ სხვა მოსწავლეები. ის კლასში დარჩა საგნის მასწავლებლად, მაგრამ კლასზე ამ მოვლენებმა საშინელი ზემოქმედება მოახდინა. საუკეთესო მოსწავლეები გადავიდნენ სხვა სკოლებსა ან პარალელურ კლასებში და კლასის აკადემიური დონე საგრძნობლად დადაბლდა. ნანა მასწავლებელი კი ამბობდა, რომ ბექას ოჯახთან კონფლიქტმა სერიოზულად დააზიანა მისი ფსიქიკა.

ქეისი N2

ეს ქეისი ნინო მასწავლებლისა და ლევანის ურთიერთობას ეხება. მასწავლებელი ამ კალსში მეათე კლასში შევიდა. დაბალი აკადემიური მოსწრების კლასი იყო და ნინო თავს არ ზოგავდა, რომ კლასს დახმარებოდა საჭირო საგნობრივი კომპეტენციების ამაღლებაში. თუმცა მხოლოდ იმას მიაღწია, რომ რამდენიმე მოსწავლე ჩაერთო საგაკვეთილო აქტივობებში, ხოლო კლასის ერთი ნაწილი ემიჯნებოდა ყველაფერს.

ლევანი ნინო მასწავლებლის საგანში სუსტი იყო, არასდროს ასრულებდა დავალებებს და შემაჯამებელი ტესტების წერაც ძალიან უჭირდა, დაბალ ქულებს იღებდა. ერთ-ერთი შემაჯამებელი ტესტირების მიმდინარეობის დროს ლევანმა ნინო მასწავლებელს კლასის გასაგონად სთხოვა, რომ ნება დაერთო სახლში წაეღო ტესტი და მეორე დღეს მოეტანა, რაზეც, რასაკვირველია, უარი მიიღო. ლევანი არ ეშვებოდა მასწავლებელს, მაგრამ ის ცივ უარზე იყო. მაშინ ლევანმა ზიზღით გამოსცრა: – ეს რომ გაიგო, ადამიანი უნდა იყო და თქვენ ხომ ჩემს თვალში ადამიანი არ ხართო! ნინო მასწავლებელს თითქოს მდუღარე გადაასხესო. არაფრით დაუმსახურებია ამ ბიჭის აგრესია და სიძულვილი. ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა. როცა ნინომ სამასწავლებლოში კოლეგებს შესჩივლა ამ ინციდენტის შესახებ, მათ ურჩიეს, რომ სკოლის დისციპლინურ კომიტეტში საჩივარი შეეტანა და მოსწავლის დასჯა მოეთხოვა. დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა ქეისი და ლევანი 10 დღით დაითხოვა სკოლიდან, რის გამოც მოსწავლის გაცოფებული დედა და და მოუცვივდნენ მასწავლებელს და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღეს, ისტერიკა გამართეს. მასწავლებელი წონასწორობიდან არ გამოსულა, რამაც კიდევ უფრო გააბოროტა მოსწავლის და და მან ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვა აკადრა მასწავლებელს. მართალია, გავიდა დრო და ნინო მასწავლებელმა ლევანთან და მის მშობელთან ურთიერთობა დაარეგულირა, მაგრამ ეს ეპოზოდი მის ცხოვრებაში ჩაიწერა კოშმარულ მოგონებად და უღრმეს სულიერ ჭრილობად.

ქეისი N3

თეოს კლასი მეხუთეში იყო, როცა ნია მასწავლებელი შევიდა. კლასმა მასწავლებელი კარგად მიიღო და ნიასაც უხაროდა ამ ცელქ, მაგრამ უსაყვარლეს ბავშვებთან მუშაობა. ერთხელაც ბავშვებს უნდა წარმოედგინათ პოსტერული პრეზენტაციები მათთვის საყვარელ არასასკოლო მხატვრულ ტექსტებზე. თეომ პრეზენტაცია გააკეთა ძალიან ცნობილ სასიყვარულო რომანზე, რომლის კინოეკრანიზაციებიც არსებობს და მეხუთეკლასელისთვის ძალიან ნაადრევია ამ ვრცელტანიანი რომანის კითხვა. პრეზენტაციაში დარღვეული იყო მასწავლებლის რეკომენდაციები, რომანის სიუჟეტი წვრილი ასოებით უზარმაზარ პოსტერზე იყო გადატანილი, ბავშვი პრეზენტაციას კითხულობდა და კლასმა მოიწყინა. როცა მასწავლებელმა სთხოვა ბავშვს, რომ დროში შეზღუდულები იყვნენ, სხვებსაც უნდა წარმოედგინათ პრეზენტაცია და მოკლედ გადმოეცა სათქმელი, ბავშვი ატირდა და შეწყვიტა პრეზენტაცია. მასწავლებლემა დაუყვავა, შეუქო შრომა და გულისხმიერება, აუხსნა, რომ პოსტერულ პრეზენტაციებზე დიდი ტექსტების განთავსება არ არის საჭირო, მხოლოდ მთავარი მესიჯები უნდა იყოს გამოტანილი გამსხვილებული შრიფტით. პრეზენტაცია 7 ქულაზე შეფასდა. მეორე დღეს ნია მასწავლებელს სკოლაში მოუვარდა მშობელი, რომელიც ისტერიულად ტიროდა, მასწავლებელს უკიოდა და ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ ბავშვმა ბევრი იშრომა ამ დავალებაზე და მასწავლებლის მიერ დაწერილმა შეფასებამ მოტივაცია დაუკარგა, რომ ორი დღეა მშობელიც და ბავშვიც ტირიან, ხმამაღლა ლანძღავდა მასწავლებელს, რომელიც ცდილობდა, რომ მშვიდად აეხსნა ვითარება მშობლისთვის. ცოტა ხანში ნია მასწავლებელმა ფეისბუქზე ნახა, რომ მშობელს გამოქვეყნებული ჰქონდა შვილის პოსტერის ფოტო და მასწავლებელზე წერდა, რომ ის უსამართლო, მჩაგვრელი, უვიცი იყო, რომ ბავშვში ჩაკლა ყველაფერი, რომ კლასის წინაშე დაამცირა და რომ სამოც წელს გადაცილებული მასწავლებლები საერთოდ არ უნდა ასწავლიდნენ სკოლებში. ნია მასწავლებელს სამოც წლამდე ჯერ მრავალი წელი აკლდა, მაგრამ სამოცი წლისაც და მეტისაც რომ ყოფილიყო, განა ეს ეიჯიზმი და ადამიანის ღირსების საჯაროდ შელახვა არ არის? მასწავლებელმა დაურეკა ბავშვის მამას, რომელმაც მეუღლის ქცევის გამო ბოდიშები იხადა და დაპირდა მასწავლებელს, რომ მეუღლეს ამ პოსტს წააშლევინებდა. პოსტი მართლაც წაიშალა, მაგრამ სანამ წაიშლებოდა, უამრავმა ადამიანმა ნახა ამ მასწავლებლის ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური ფრაზები. რაც შეეხება კლასის წინაშე ბავშვის დამცირების ბრალდებას, როცა კლასში შეთანხმებულები არიან, რომ ყველა გააკეთებს პრეზენტაციას საჯაროდ და მასწავლებელი ეტყვის განმავითარებელ შეფასებებს, სუსტ და ძლიერ მხარეებს, ეს განა მოსწავლის უფლებების დარღვევაა?

ქეისი N4 

ქალბატონმა ნატამ ეს კლასი მეხუთე კლასში სადამრიგებლოდ ჩაიბარა. მშვიდი, უწყინარი, მეგობრული კლასი იყო, მაგრამ მასწავლებელი ამჩნევდა, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს ბავშვები სისტემატურად აბულინგებდნენ. გოგონაც სასტიკად ღიზიანდებოდა და კონფლიქტური იყო, ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა კლასელებს, როცა დასცინოდნენ, დაბალი ხარ, ასეთი ხარ, ისეთი ხარო. მალე დამრიგებელმა შენიშნა, რომ კლასი კასტებად დაიყო. ცალკე იყვნენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, პრივილეგირებული ბავშვები და ცალკე – შედარებით თავისუფალი, სწავლაში პასიური, თუმცა უზომოდ ნიჭიერი და მრავალფეროვანი უნარების მქონე ბავშვები. დამრიგებლობის მეოთზე წელი იდგა, ეს კონფლიქტი კი სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. პრივილეგირებული ჯგუფის მშობლები სულ იმ გოგონას დასჯას მოითხოვდნენ. ერთხელაც ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტო დადეს და მიაწერეს საშინელი კომენტარები, რომ მხოლოდ ამ ფოტოზე გამოსახული ბავშვები არიან კარგები, საამაყოები და რომ სხვებს შურთ მათი და ა.შ. უფსკრული სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. დამრიგებელმა სცადა საუბრები, მაგრამ პრივილეგირებულთა ჯგუფს ეტყობოდა საშინელი არაკეთილგანწყობა დამრიგებლის მიმართ. ერთ დღესაც, როცა სკოლაში ღია კარის დღე იყო და მშობლები მასწავლებლებს ხვდებოდნენ, ბოლო გაკვეთილი ახალი დასრულებული იყო, როცა ერთი მშობელი შემოვარდა საკლასო ოთახში და ბავშვებს ქუჩურად საქმის გარჩევა დაუწყო. ყვირილით ამბობდა, რომ ის ბულინგის მსხვერპლი გოგონა და მისი მეგობრები დღიურში ცუდ რამეებს წერდნენ ამ ქალის შვილზე. ქალბატონი იმუქრებოდა, ბავშვს ეუბნებოდა, სკოლიდან კი არა, პლანეტიდან გაგასახლებო. ბავშვები დაიზაფრნენ, ტიროდნენ. მასწავლებელმა ვერ შეაჩერა გამძვინვარებული მშობელი, რომელიც თანამდებობის პირი მეუღლით იმუქრებოდა, ამბობდა, ხომ იცით, რომ ჩემთვის ყველაფერი ხელმისაწვდომიაო, აფრიალებდა იმ მოსწავლის დღიურის ფოტოებს, რომლებიც პრივილეგირებულთა ჯგუფიდან რომელიღაც მოსწავლემ ფარულად გადაიღო და იქ კლასელებზე გარკვეული ფრაზები ეწერა. კლასელებისგან დაბულინგებული ბავშვი კლასელის მშობლის მხრიდან ასეთმა მოპყრობამ საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო, მისი მშობლებიც აღშფოთებულები იყვნენ და სამართალს დამრიგებლისგან მოითხოვდნენ.

საღამოს მასწავლებლმა დაურეკა მოძალადე მშობელს და უთხრა, რომ მან დაარღვია ბავშვის უფლებები, სასტიკად მოეპყრო მას და ა.შ. შეშინებულმა მშობელმა დამრიგებელზე რევანში დაისახა მიზნად, აიყოლია სამი მშობელი და დაიწყო ომი მასწავლებლის წინააღმდეგ. ეს იყო ცილისწამებებზე დაფუძნებული უსაზარლესი კამპანია. მან “გაღმა შეედავეს” პრინციპით საჩივრით მიმართა სკოლის დირექციას. სკოლის დისციპლინური კომიტეტი იხილავდა საქმეს მთელი თვეების მანძილზე. კლასის უმრავლესობას არ სურდა, რომ დამრიგებელს კლასი დაეტოვებინა, მაგრამ ამ ოთხი მშობლის აგრესია და სიძულვილი იმდენად ღრმა და აუტანელი იყო, რომ მან დამრიგებლობა დატოვა, ხოლო საგანს ასწავლიდა კიდევ ერთი სემესტრი, თუმცა ეს მშობლები ცილისწამებების კასკადს არ ეშვებოდნენ. მასწავლებელი დაიღალა და საგნის მასწავლებლობაზეც უარი თქვა. მასწავლებლის გასვლამ ორ ბანაკად დაყოფილ კლასში კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა და ბოლომდე მოუგვარებელ საქმედ აქცია.

ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლები სცოდავენ მოსწავლეთა წინაშე, ეპყრობიან მათ არაკორექტულად, უგულისყუროდ, სამწუხაროდ, არის მოსწავლეზე ზეწოლის, ნიშნებით მანიპულირების შემთხვევები, ამ დროს ძნელია ე.წ. “მუნდირის ღირსების” დაცვა და კოლეგისთვის სოლიდარობის გამოცხადება, მაგრამ როცა მასწავლებელი ხდება მშობლის ან მოსწავლის მხრიდან ჩაგვრისა და უღირსი მოპყრობის მსხვერპლი, სამწუხაროდ, თვით მასწავლებელს არ ჰყავს დამცველად არავინ. წერილის მიზანია, რომ სასკოლო საზოგადოება ამ პრობლემაზეც დააფიქროს, რადგან მასწავლებელიც ადამიანია და მასაც აქვს უფლებები, პროფესიული თუ პიროვნული ღირსება, რომლის შელახვის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. მსგავსი შემთხვევების გამართლება იმით, რომ ბავშვის ინტერესები უპირისპირდება მასწავლებელს და ეს კი უზენაესი ღირებულებაა, საკითხის უტრირებაა. ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს უპირველესად თვით მასწავლებელი უფრთხილდება, მაგრამ მასაც სჭირდება თანადგომა ზემოთ მოთხრობილის მსგავსი სიტუაციების დროს. ბევრი ახალგაზრდა მასწავლებლისა და პროფესიაში შემსვლელი ადამიანისგან მსმენია, რომ მასწავლებლისადმი ამგვარი განწყობის გამო არ სურთ სკოლებში მუშაობა. მასწავლებელი არ უნდა იქცეს მშობელთა იერიშების მომგერიებელ არსებად. მისი საქმიანობა იმსახურებს პატივისცემას, რაც სჭირდება არა მხოლოდ თვით მასწავლებელს, შეიძლება უფრო მეტად მოსწავლესა და მშობელს, რომ პოზიტიური თანამშრომლობით ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს რეალიზებული სკოლაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“