ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
8 იანვარი, ხუთშაბათი, 2026

კლასგარეშე ლიტერატურის როლი მოსწავლის ცხოვრებაში და ახალი წიგნები

ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამჭოლ კომპეტენციათა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს წიგნიერების კომპეტენციას, რომელიც მოიცავს ზოგადსაკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს – კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბრის უნარებს, რასაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს და ივითარებს. კითხვისა და წერის უნარები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსწავლეთა წარმატებას ნებისმიერ სფეროში, ამიტომ მათ გაძლიერებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც წინასასკოლო, ასევე სასკოლო პერიოდშიც.

მხატვრული ლიტერატურის კითხვა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებასთან ერთად, ასევე უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ და პიროვნულ განვითარებაზე – აღიქვას, განიცადოს, გამოხატოს, გაიაზროს პერსონაჟთა არჩევანი და თანაუგრძნოს მათ. ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი კი, რაც კლასგარეშე საკითხავისგან შეიძლება მიიღოს მოსწავლემ, ტექსტთან ურთიერთობა და კითხვისგან მიღებული სიამოვნებაა – გამოცდილება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება.

დღეს, როდესაც დრო საგრძნობლად აჩქარებულია და მოსწავლეების რუტინა მკაცრად არის გაწერილი, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას განსაკუთრებული დროის გამონახვა სჭირდება. თანამედროვე მოსწავლეს დატვირთული გრაფიკი აქვს – სკოლა, დამატებითი მეცადინეობები – სკოლის გარეთ, დავალებები – სახლში, სახლს გარეთ – სპორტული თუ შემოქმედებითი წრეები. ამას ემატება სოციალური მედია, გასართობი აპლიკაციები, უამრავი სასაუბრო ჯგუფი და სხვა ათასი ყურადღების გამფანტავი საქმიანობა ინტერნეტში. ამ რეჟიმში მცხოვრები მოსწავლისთვის კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა ფუფუნებაც არის და დიდი გამოწვევაც – გაანაწილოს და მართოს დრო რაციონალურად; დავალებების, დამატებით მეცადინეობის, გაჯეტების პარალელურად – გამონახოს დრო ღირებული საქმიანობისთვის – კითხვისთვის, ისე რომ არც დასვენებისა და განტვირთვის დრო დაზარალდეს.

მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ მოსწავლისთვის კლასგარეშე ლიტერატურა, სწორად განვსაზღვროთ საკითხავი მიზნები. წიგნები უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეთა სურვილებსა და ინტერესებს, იყოს საინტერესო, შთამბეჭდავი და დადებითი ენერგიის მატარებელი. საკმაოდ პირქუშ, დამაბნეველ და უცნაურ ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოზარდებს სჭირდებათ ტექსტები, რომლებიც მათ ძალიან კეთილ ფიქრებს, განცდებსა და ემოციებს გაუღვიძებს და სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობაზე დააფიქრებს.

ქართველი გამომცემლები მოზარდებს ახალ-ახალი წიგნებით ანებივრებენ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ და სერია „საოცრება“ მოზარდ მკითხველს რეგულარულად სთავაზობს ძალიან საინტერესო, აქტუალურ და შთამბეჭდავ საკითხავებს. წიგნები დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლეს, არ დარჩეს მხოლოდ სასკოლო საგნების პირისპირ, არ მოიწყინოს და წაიკითხოს ისეთი ტექსტებიც, რომლებიც მას მრავალმხრივ განავითარებს და შთაბეჭდილებებით აავსებს. ახლა მოგიყვებით, ხუთ არაჩვეულებრივ, საბავშვო წიგნზე, რომლებიც სამ თუ ოთხ დღეში წავიკითხე, საოჯახო თუ სამსახურებრივი საქმიანობებისგან მოპარულ დროს და სიხარულით ავივსე. ისე, როგორც სჩვევია, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურას…

 

ანტონის დღიური, იუტა რიხტერი

უნგრული ნაგაზი, ანტონი, გვიყვება თავის ამბავს. დიახ, არ მოგესმათ. ძაღლი გვიყვება, როგორ მოხვდა ახალ ოჯახში და რა ამბები გადახდა თავს იმ დღიდან, როდესაც მუყაოს ყუთში იპოვეს ცხოველთა თავშესაფრის წინ. ნაწარმოები 7-8 წლის მკითხველისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მას ზრდასრული მკითხველიც ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავს და დაფიქრდება ცხოველების მიმართ ადამიანების მზრუნველობის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობაზე. ამას გარდა, იუტა რიხტერის სამწერლო სტილი, თხრობის დინამიკა და დღიურის სტილში მოთხრობილი ანტონის ამბები ისე მოგხიბლავთ, შეიძლება მცირეტანიანი წიგნის დაწერის სურვილიც კი გაგიჩნდეთ. ნაწარმოები პატარა მკითხველს მიუსაფარი ცხოველების მიმართ თანაგრძნობასაც გაუღვივებს და იმაზეც დააფიქრებს, რას შეიძლება გრძნობდეს ცხოველი და რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი თბილი ოჯახი.

 

ჩიტინა, იოკე ვან ლეეუვენი

ნიდერლანდელი იოკე ვან ლეეუვენი, ჩიტინას ავტორი, თავად არის ილუსტრაციების ავტორიც და არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატიც. თანამედროვე ნიდერლანდურ ლიტერატურაში ზღაპარი ჩიტგოგოზე კლასიკად არის აღიარებული. მისი წაკითხვის სიამოვნება უკვე ქართველ მკითხველსაც აქვს. ამბავი ჩიტინაზე, იგივე ჩიტგოგოზე, მივიწყებულ ბავშვობის დროინდელ სურვილებსაც გაგვახსენებს, როცა ვფიქრობდით – „ნეტა, ფრენა ხომ არ შეგვიძლია, ან რატომ არ შეგვიძლია“. ამ სურვილს იოკე ვან ლეეუვენმა ფრთები არა, მაგრამ სიტყვები კი შეასხა და მოიგონა ზღაპარი ჩიტინაზე. „მიწისთხილი-ნი კირიქი-ნი პირი მინ-დ” – გაჰკივის ჩიტინა და იმაზე დაგვაფიქრებს, რაოდენ მნიშვნელოვანია თავისუფლება, სხვისი გადაწყვეტილების პატივისცემა და საკუთარი თავის შეცნობისკენ ფრენა-ფრენით სვლა.

 

ბილი და ბო, კრისტინე რუი შლეტებაკენი

ბილი და ბო საუკეთესო მეგობრები არიან, ერთად თამაშობენ, დროს საუკეთესოდ ატარებენ ერთად ეძებენ თავგადასავლებს, ერთად ცდილობენ ერთმანეთის ან სხვების დახმარებას. მათი მეგობრობა ბავშვობის ყველაზე გულწრფელ და საინტერესო მხარეებს გვაჩვენებს – იყო გაბედული, იცოდე მხარდაჭერა, ძლევდე შიშს, იყო ძლიერი – მეგობრის დასახმარებლად. ტექსტი განსაკუთრებით ემოციური იქნება იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც საცხოვრებლის შეცვლის გამო მეგობარი დაუკარგავს და მასთან კავშირი ვეღარ გაუგრძელებია. ასეთი ცხოვრებისეული ცვლილებები ბავშვებზე მტკივნეულ, ემოციურ გავლენას ახდენს და სწორედ ამიტომ ნაწარმოების მთავარ გმირს, არ ასვენებს ასეთი აზრი. „საუკეთესო მეგობრის ყოლა საშიშია, რადგან ერთ დღესაც შეიძლება საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდეს“. და, მაინც, ყველაფრის მიუხედავად, შეიძლება, გაგიმართლოს და შეხვდე ისეთ ადამიანს, რომელიც უამრავ რამეს აღმოგაჩენინებს, ბევრ რამეში დაგარწმუნებს და მის გვერდით თავს უფრო გაბედულად და ძლიერადაც იგრძნობ. „ბილიმ ისეთი რამეების კეთება გამაბედვინა, რასაც მგონი, ვერასდროს გავბედავდი”, – ამბობს ბო. სწორედ, ამიტომ გვჭირდება მეგობრები – დაგვარწმუნონ საკუთარ ძალებში, გაგვამხნეონ, როცა გვიჭირს და საუკეთესო გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგონ. თქვენ გყავთ ასეთი მეგობარი?

 

ალასკა, ანა ვოლცი

„თითქოს სამყარო ცდილობს, დამიმტკიცოს, რომ არც ისე ბოროტია“. „მამაჩემი ადრე ადამიანი იყო, ახლა ცარიელი კოლოფია“, – პარკერი. ეს წინადადებები ისეთი ბასრია, შეგვიძლია ამოვიცნოთ კიდეც, ვინ არის მისი ავტორი. ეს მოზარდია, გარდატეხის ასაკის სირთულეებით, სიჯიუტით, მტკივნეული, დამაბნეველი, ამოუცნობი შეგრძნებებით. ალასკა კი, თეთრბეწვიანი რეტრივერია, რომელიც ორ სრულიად განსხვავებულ მოზარდს ერთმანეთთან დააკავშირებს. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ რეალობაში მცხოვრებ მოზარდებს – ერთმანეთის ტკივილის დანახვა, გაზიარება, დიდ ცხოვრებისეულ გაკვეთილსაც უტარებს. მასწავლებლის, მშობლის, მოსწავლის პერსპექტივიდან ნაწარმოების წაკითხვა, დაგვეხმარება, უკეთ დავინახოთ ერთმანეთი, დავინახოთ ერთმანეთის ტკივილი, განცდები და ცოტათი მაინც შევეხიდოთ ერთმანეთს, ისეთ დროს, როდესაც გვგონია, რომ ვერავინ გვხედავს, არავის ესმის ჩვენი და ვერავინ დაგვეხმარება.

 

წერილი ოქროსფერი მარკით, ონჯალი რაუფი

ახლა ვკითხულობ ონჯალი რაუფის – „წერილი ოქროსფერი მარკით“. 10 წლის ოდრი ავადმყოფ დედასა და უმცროს და-ძმაზე ზრუნავს და დედის ავადმყოფობის ამბავს ყველას საგულდაგულოდ უმალავს. სიღარიბე, არასრული ოჯახი, სრულფასოვანი სამედიცინო სერვისის არქონა, არასრულფასოვანი კვება – გზა, რომელსაც გადის 10 წლის გოგონა, არ არის უცხო და არც განსაკუთრებული იშვიათობა თანამედროვე მოზარდებისთვის, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოზარდებისთვისაც. ოდრის თავგანწირვა საყვარელი მშობლისა და და-ძმის მიმართ, მოზარდ მკითხველს იმაზე დააფიქრებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა საყვარელი ადამიანების წინაშე და როგორი დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მათ დახმარებას ოჯახისთვის.

კლასგარეშე საკითხავისთვის დროის გამოყოფა ყოველდღიურად შესაძლებელია – მოსაწყენ საცობებში, ავტობუსის გაჩერებებზე, ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც და იმ დროსაც, როდესაც რუტინულად „ვსქროლავთ“ და დრო უმიზნოდ გაგვყავს. ვფიქრობ, თქვენც დამეთანხმებით, რომ წიგნებთან ერთად განტვირთვა და დასვენებაც უფრო სასიამოვნო, შინაარსიანი და აზრიანია მოსწავლისთვის, ვიდრე მის გარეშე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“