შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლება დაწყებით საფეხურზე

მოსწავლეთა მეტყველების დაბალი კულტურა მრავალგზის დადასტურებული ფაქტია და გადაულახავ სირთულედ არის ქცეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში. არაერთი მცდელობის მიუხედავად, სწავლების სისტემაში ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მიზეზი მრავალია: ლექსიკის სიღარიბე, ფრაზების გაუმართაობა, გრამატიკული ნორმების არცოდნა, აზრის სრულყოფილად გადმოცემისთვის საჭირო საშუალებებისადმი ზერელე დამოკიდებულება ან მათი სრული იგნორირება და სხვა.

 

არ შევჩერდები მშობლიური ენის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს როლზე სასწავლო პროცესში; შევეხები მხოლოდ მისი სწავლების ძირითად საკითხებს დაწყებით საფეხურზე და გაგაცნობთ წერითი მეტყველების განვითარებაზე მუშაობის ეფექტურ გზებს.

 

სწავლების პროცესში წინასაანბანო პერიოდშივე გამოვყოფთ იმ ნაწილებს, რომლებზე მუშაობასაც ზეპირად ვიწყებთ. ბავშვებს ისეთი დავალებები ეძლევათ, რომელთა შესრულებაც შემდგომ წერითი მეტყველების განვითარებას უზრუნველყოფს. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვებმა “წერა” ანბანის შესწავლამდე მათთვის ხელმისაწვდომი და სახალისო ფორმით უნდა დაიწყონ. ამ თვალსაზრისით ძალზე ეფექტურია ენობრივი პრაქტიკის მეთოდი ანუ „მასწავლებელი კალამი”, კარგად შერჩეული მეთოდი კი მიზნის მიღწევის გზაა.

 

სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი – რა უნდა იცოდეს და რისი გაკეთება უნდა შეძლოს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული გაკვეთილის მსვლელობაც და სწავლების მეთოდიც.

მეთოდის შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:

·დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი დასახული მიზნის მიღწევაში;
· შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი აქტივობას;
· შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას;

· ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება (ხელმისაწვდომია თუ არა რესურსები, გვეყოფა თუ არა დრო, შესაძლებელია თუ არა ამ რაოდენობის მოსწავლით მეთოდის ეფექტიანად განხორციელება).

სწავლის სავარაუდო შედეგების ჩამოყალიბებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს მას ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც (მაგალითად, კომუნიკაციისა, პრეზენტაციისა, თანამშრომლობისა და სხვ.). სასურველი შედეგის მიღწევაში კი მას სწავლების ადეკვატურად შერჩეული მეთოდები დაეხმარება. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა საჭიროებას, შესაძლებლობას, ინტერესებს, სწავლების სტილს. მიზნის მისაღწევად კი მასწავლებელი უნდა იყენებდეს მრავალფეროვან სასწავლო საშუალებებსა და რესურსებს, მათ შორის – ელექტრონულ რესურსებსა და ისტ-ს. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ გამოყენებული ტექნოლოგიები ნამდვილად საგაკვეთილო პროცესის ნაწილი უნდა იყოს.

წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლებისას კარგია ერთობლივი წერა. ენობრივი პრაქტიკა გულისხმობს მოსწავლეთა მიერ შეთხზული ტექსტის თვალსაჩინოდ ჩაწერას და შემდეგ ამ ტექსტზე მუშაობას. ეს მეთოდი ითვალისწინებს ტექსტთან მრავალმხრივ მიბრუნებას და მრავალფეროვანი სავარჯიშოების დაგეგმვასა და შესრულებას. თავად მეთოდი იმით არის საინტერესო, რომ მოიცავს აზროვნების, მეტყველების, წერისა და კითხვის პროცესებს. ამასთანავე, მეთოდი სახალისოა და მოსწავლეები სიამოვნებით ერთვებიან მუშაობის პროცესში. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ენობრივი პრაქტიკის ეფექტურობა ენების სწავლებაში. ჩემ მიერ განხილული მეთოდი კარგად გამოიყენება პირველ და მეორე კლასებში, თუმცა მისი გამოყენება სხვა ფორმით შეიძლება მეოთხესა და მეხუთეშიც. ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია ნაფიქრსა და დაწერილს შორის კავშირის დამყარება და ტექსტის ძირითადი მახასიათებლების გააზრება, რაც მოსწავლეებს ეხმარება წერა-კითხვის კონცეპტუალური საფუძვლების გაცნობიერებაში, კერძოდ, იმისა, რომ რასაც ვფიქრობთ, შეიძლება გამოითქვას, რასაც ვამბობთ, შეიძლება დაიწეროს, რასაც ვწერთ, შეიძლება წავიკითხოთ, ანუ მე შემიძლია წავიკითხო ის, რაც დავწერე და აგრეთვე ისიც, რაც სხვამ დაწერა ჩემთვის წასაკითხად.

თუ თვალს გადავავლებთ ეროვნული სასწავლო გეგმით მონიშნულ მიზნებს, აღმოვაჩენთ, რომ ენობრივი პრაქტიკის გამოყენება თითქმის ყველა სასწავლო მიზნის მიღწევაში ეხმარება მოსწავლეებს, ტექსტის კონცეპტების დაუფლება იქნება ეს, კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, ამოცნობილი ლექსიკური ერთეულების მარაგის შევსება თუ სხვა. ენობრივი პრაქტიკის მეთოდი ეფექტურად გამოიყენება წინასაანბანო პერიოდიდანვე, როცა მოსწავლეები წერა-კითხვის ბუნებრივი, არაფორმალური ათვისების ბაზიდან ფორმალურად შესწავლის საფეხურზე გადადიან.

ახლა განვიხილავ უშუალოდ გაკვეთილის მსვლელობას. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოიმარაგოს რესურსები, განსაკუთრებით – თვალსაჩინოება: ილუსტრაცია, სათამაშო თუ სხვა რამ, – რის შესახებაც მოსწავლეებმა ტექსტი უნდა შექმნან. ენობრივი პრაქტიკა გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტექსტების შესაქმნელად. მთავარია, რომ დამწყები მკითხველები ეცნობიან ტექსტის ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა სათაური, აბზაცი, სტრიქონი და ა. შ. იმავდროულად მოსწავლეებს უვითარდებათ ფანტაზია, ინფორმაციის სტრუქტურირებისა და თხზვის უნარები.

კითხვის სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის ავთენტურობას, მასწავლებელს უნდა ახსოვდეს: კითხვის დაწყებამდე მოტივაციის აღძვრა საფუძველია იმისა, რომ მოსწავლე შემდეგ ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთვება კითხვის პროცესში და აქტიურად შეასრულებს კითხვის სავარჯიშოებს.

გამოწვევის მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვას: რას აკეთებენ მწერლები? მოსწავლეთა პასუხების შემდეგ სთავაზობს მათ, გახდნენ მწერლები და მოიგონონ ამბავი. შემდეგ აჩვენებს თვალსაჩინოებას, რომლის შესახებაც უნდა იყოს ტექსტი, მაგალითად, სათამაშო სპილოს, ჟირაფს – შეიძლება ილუსტრაციაც – და ეკითხება, რა არის ეს. სთავაზობს მოსწავლეებს, ისაუბრონ სოფელზე, გაიხსენონ, როგორია, წელიწადის რომელ დროს უფრო მოსწონთ და რატომ. ამის შემდეგ გადადიან ამბის შეთხზვაზე. ყველა მოსწავლე გამოთქვამს თავის ნააზრევს, ჯერ – ზეპირად. მომდევნო ეტაპია წერა. მასწავლებელი ახსენებს ბავშვებს, რომ თავად იქნება კალამი და მოსწავლეების ნააზრევს დაფაზე დაწერს.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები და მასწავლებელი შეთანხმდებიან, რის შესახებ აპირებენ წერას, არჩევენ სათაურს, შემდეგ – პირველ წინადადებას. თუ მოსწავლეებს დაწყება უჭირთ, პირველი წინადადება შესაძლოა მასწავლებელმა შესთავაზოს. შემდეგ მასწავლებელი კითხვების მეშვეობით ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას. ასეთი დავალებები ერთობლივ ფიქრთან ერთად საინტერესო და სახალისო გამოწვევაა მოსწავლეებისთვის.

თავდაპირველად უნდა დაიწეროს სათაური. ბავშვები ასახელებენ ვერსიებს, არჩევენ საუკეთესოს და მასწავლებელი იწყებს წერას. მოსწავლეები ადგილს ურჩევენ სათაურს. მასწავლებელი წერს მას შუაში. შემდეგ გადადის ტექსტზე და ეკითხება მოსწავლეებს, საიდან დაიწყოს წერა. მოსწავლეები ახსენებენ, რომ პირველი სიტყვა აბზაცით იწერება. რომელია სიტყვის პირველი ასო? მასწავლებელი აგრძელებს მოსწავლეთა ნააზრევის დაფაზე გადატანას. სტრიქონის დასრულების შემდეგ კვლავ ეკითხება, სად გააგრძელოს წერა ან როგორ გაკვეთოს სიტყვა მეორე სტრიქონზე გადასატანად. მოსწავლეები თანდათან აცნობიერებენ წერის მნიშვნელოვან მხარეებს. პატარა მწერლები, ერთი მხრივ, აკვირდებიან, როგორ წერენ გამოცდილი მწერლები, ამ შემთხვევაში – მასწავლებელი დაფაზე, მეორე მხრივ კი უშუალოდ მონაწილეობენ ასოების დასახელება-დაწერაში, სასვენი ნიშნების სწორად დასმაში და ძალდაუტანებლად იძენენ, იუმჯობესებენ წერის უნარებს.

ეს არის სწავლების მოდელი, რომელიც პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემას ეფუძნება. მასწავლებელი ზოგიერთ მოსწავლეს წერტილს დაასმევინებს, ზოგს ამა თუ იმ სიტყვის ან სათაურის ადგილმდებარეობას შეარჩევინებს, ზოგიერთს ასოს დააწერინებს, ზოგს – სიტყვას ან მთელ წინადადებას.

ერთობლივი წერის პროცესზე საუბრისას ხაზგასასმელია წერის დროს ბავშვების მიერ დაშვებული შეცდომები. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა თვითონ კი არ შეასწოროს, არამედ კითხვების საშუალებით მიუთითოს და მისცეს მოსწავლეს შეცდომის დამოუკიდებლად გამოსწორების საშუალება.

ვინაიდან ენობრივი განვითარება თანმიმდევრული პროცესია და ბავშვები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებენ ენობრივ სტრუქტურებს, მასწავლებელმა ზოგიერთი შეცდომა, კერძოდ, იმ ტიპის შეცდომები, რომელთა თეორიული არსი ბავშვებისთვის უცხოა, ამ ეტაპზე რეაგირების გარეშე უნდა დატოვოს.

ბოლოს მასწავლებელი წაუკითხავს მოსწავლეებს დაწერილ ტექსტს და სთხოვს, ყურადღებით მიადევნონ თვალი. შემდგომ თავად მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ერთობლივი კითხვის ვარიაციებით. მაგალითად, ჯერ – მხოლოდ ბიჭები, ან მხოლოდ გოგონები, შემდეგ – ვისაც და ჰყავს ან ვისაც ტორტი უყვარს და სხვა. კითხვის დროს მასწავლებელი ხელს უნდა აყოლებდეს ამოსაკითხ სიტყვებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა აქ არ დაამთავროს ამ ტექსტზე მუშაობა, იმავე ან მომდევნო გაკვეთილებზეც აქტიურად გამოიყენოს იგი, სხვადასხვა მიზნით მიუბრუნდეს მას და ამით მოსწავლეებს ტექსტის დამოუკიდებლად აღქმის საშუალება მისცეს. მომდევნო გაკვეთილისთვის მასწავლებელი მოსწავლეთა მიერ შექმნილ ტექსტს დიდი ფორმატის ქაღალდზე გადაწერს და დაფაზე გააკრავს ნიმუშად. შემდეგ გადაწერილი ტექსტის მეორე ეგზემპლარს დაჭრის წინადადებებად და სთხოვს მოსწავლეებს, ააწყონ წინადადებები დაფაზე გაკრული ნიმუშის მიხედვით.

 

მეორე აქტივობა ანუ ტექსტის სიტყვებად დაშლა შედარებით გართულებულ ვარიანტს წარმოადგენს. ამ ეტაპზე ბავშვებს სიტყვებად დანაწევრებული ტექსტის გამთლიანება უწევთ. ისინი შეადარებენ სიტყვების ბარათებს ტექსტის დედანს, რომელიც კვლავ დაფაზეა გაკრული. მნიშვნელოვანია, რომ ენობრივი პრაქტიკის დროს გამოყენებული სიტყვები მასწავლებელმა სხვა აქტივობებშიც ჩართოს. მაგალითად, ფონოლოგიურ სავარჯიშოებში, სიტყვების კლასიფიცირებასა თუ ახალი წინადადებების შედგენაში. სასურველია, მოსწავლეებმა თავადვე დაასურათონ თავიანთი ტექსტი. ამისთვის მასწავლებელი ტექსტს ნაწილებად ყოფს და ურიგებს ჯგუფებს ან წყვილებს შესაბამისი ილუსტრაციის შესაქმნელად. კარგი იქნება, თუ შემდეგში მასწავლებელი ბავშვების მიერ ენობრივი პრაქტიკის მეთოდის გამოყენებით შექმნილ ტექსტებს შეაგროვებს, გადააწერინებს მათ თაბახის ფურცლებზე ან, თუ წერა არ იციან, თავად დაეხმარება გადაწერაში, დაასურათებინებს და წიგნებად აკინძავს. ამგვარად მოსწავლეებს ექნებათ საკუთარი წიგნები, რომლებიც მათთვის ძვირფასი გახდება როგორც მათი შრომის შედეგი და, ამასთანავე, იქცევა მოტივაციის წყაროდ. სასურველია, ეს წიგნები კლასში გამოიფინოს, სახლში წაიღონ და მშობლებს აჩვენონ ან სკოლაში გაიმართოს პრეზენტაცია, რაც კიდევ უფრო აუმაღლებს მოტივაციას თითოეულ მოსწავლეს.

მე-5 და მე-6 კლასში ეს მეთოდი შედარებით გართულებული ვარიანტით შეიძლება გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ამ კლასებში ყურადღებას აღარ გავამახვილებთ იმაზე, რომელი ასოს შემდეგ რომელი დავწეროთ ან სად იწერება სათაური – აქ უკვე გრამატიკული ნორმების დაცვას, შედარებით რთული წინადადებების ჩამოყალიბებას და მსჯელობას ექცევა ყურადღება. გარდა ამისა, დღეს, როცა კომპიუტერი ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია, ამ მეთოდის ფინალი – გააჩნია, რომელ კლასში ვიყენებთ მას – შეიძლება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ. დაფაზე დაწერილი მოთხრობა თუ ჩანახატი სხვადასხვა ჯგუფმა შეიძლება სხვადასხვა პროგრამაში მოამზადოს საპრეზენტაციოდ.

დასასრულ, მინდა, რამდენიმე ძირითად საკითხზე გავამახვილო ყურადღება. ენობრივი პრაქტიკის პირველივე კლასიდან გამოყენებით ჩვენ, შეიძლება ითქვას, ერთგვარად ვაბალანსებთ კითხვის სწავლების ტრადიციულ გზასა და ფონეტიკურ ვარჯიშებს და ვაღვივებთ კითხვისადმი როგორც გაგება-გააზრების პროცესისადმი მოსწავლეთა პოზიტიურ დამოკიდებულებას. ცალკე უნდა აღინიშნოს მოსწავლის მოტივაცია როგორც მკითხველის ფორმირების უმნიშვნელოვანესი წყარო. მოტივაციის აღძვრა და მისი შენარჩუნება სწავლის, ამ შემთხვევაში – კითხვის პროცესის, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

ამრიგად, წარმატების მისაღწევად პროფესიული განვითარება პროცესად უნდა აღიქვა და არა ერთჯერად ღონისძიებად. ვერ ვიტყვით: „დღეს ერთ კარგ გაკვეთილს ჩავატარებ და ჩემს მოსწავლეებს წერას, კითხვასა და აზროვნებას ვასწავლი”. ინტერაქტიული მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს, გავააქტიუროთ მოსწავლის შემეცნებითი შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ სწავლების მეთოდები და სტრატეგიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სწავლების მეთოდების ეფექტიანი გამოყენების წინაპირობა ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაა. მე როგორც მოქმედ მასწავლებელს ზემოთ დასახელებული მეთოდი და აქტივობები შესაფერისად მიმაჩნია წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლებისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი