შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ზედმეტად ბევრი, ზედმეტად სწრაფად

სექტემბრის მოახლოებასთან ერთად მშობლების ფუსფუსი პიკს აღწევს. ახალ სასწავლო წელს მათი შვილები სკოლაში შედიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს პატარების სასკოლო ნივთებზე ზრუნვა კი არა, ისაა, თუ რამდენად არიან ისინი მზად სწავლისათვის.

2010 წლის 17 ივლისს „კანონში განათლების შესახებ” შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ზოგადი განათლების სისტემაში სწავლის დაწყების ასაკი 5 წელი გახდა. ცვლილება 2011 წლის სასწავლო წლიდან ამოქმედდა. მაშინ სკოლაში არაერთი ხუთი წლის მოსწავლე შევიდა, რომლებსაც შემდეგში პრობლემები შეექმნათ. მათი სასწავლო პრობლემები განხილულია კვლევაში – „ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა”, რომელიც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით ჩატარდა.

მკვლევრებმა საინტერესო შედეგები გამოაქვეყნეს. ისინი გვიამბობდნენ, რომ ხუთი წლის მოსწავლეებს სწავლების პრობლემები პირველ სემესტრშივე შეექმნათ. მასწავლებლების თქმით, 5 წლის ბავშვების განათლება არ არის ინდივიდუალურ დონეზე განსახილველი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ბავშვი ინტელექტუალურად კარგად არის მომზადებული, იცის კითხვა, წერა, მაინც უჭირთ მოსწავლეობა, აქვთ სივრცისა და დროის სხვაგვარი აღქმა, მოტორიკა, მეტყველების აპარატი. ფსიქოლოგები მიუთითებენ იმაზე, რომ 5 წლის მოსწავლეებში მოიმატა ფსიქიკურმა პრობლემებმა. ეს ვლინდება უნებლიე შარდვით, ტიკებით, ენის ბორძიკით, შიშებით, სკოლაში გულის რევით, მუცლის ტკივილით.

პრობლემები გამოვლინდა უშუალოდ აკადემიურ უნარ–ჩვევების ათვისებაში, თუმცა უფრო საგულისხმოა ამ ბავშვების ფსიქიკური მდგომარეობა, ფიზიკური და ემოციური სტრესი. გარდა ამისა, პრობლემატური საკითხი ის არის, რომ მასწავლებელთა უმრავლესობას არ აქვს გავლილი ტრენინგი 5 წლის ბავშვების თავისებურებების შესახებ. ის მასწავლებლებიც კი, რომლებსაც ამგვარი მომზადება გაუვლია, ნაკლებ ნებას გამოხატავს 5 წლის ბავშვებთან თავისებური მიდგომის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ნეიროფსიქოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ ცნება – სკოლისათვის მზაობა – ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში რამდენიმე კომპონენტს გულისხმობს. ეს არის შემეცნებითი, ანუ კოგნიტური, ნებელობითი, ფიზიკური და ემოციურ-პიროვნული მზაობა. თუ ბავშვი აქედან ერთი კომპონენტით მაინც ჩამორჩება თავისი ასაკისთვის შესაბამის მაჩვენებელს, მისი სკოლაში შეყვანა დაუშვებელია.

თამარ გაგოშიძის აზრით, აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვაოთ წერა-კითხვის სწავლება და სკოლისთვის მზაობა. ბავშვმა შეიძლება ძალიან კარგად ისწავლოს წერა-კითხვა, შევიდეს სკოლაში და მხოლოდ მეორე კლასში დაიწყოს ჩამორჩენა. ეს სკოლისთვის მზაობის აუცილებელი კომპონენტებიდან ერთ-ერთის ნაკლებობით აიხსნება და ასე გამოიხატება: თავიდან ნიჭიერების, კარგი სმენითი და მხედველობითი მეხსიერების საშუალებით ბავშვი ახერხებს ყველაფრის დამახსოვრებას. როცა ხედავს, რომ მშობელს და მასწავლებელს ეს მოსწონს, წახალისებულია, ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და გამოსდის კიდეც, იზეპირებს ასოებს, მარცვლებს. მაგრამ როგორც კი შესასწავლი მასალა იზრდება, მოტივაცია უფრო და უფრო იკლებს და ბავშვს პროგრამის დაძლევა უჭირს.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, შვეიცარია, ფინეთი, დანია, უნგრეთი, ლიხტენშტეინი და ესტონეთი ოფოციალური სკოლის დაწყების ასაკია 7 წელი, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში 5 წელი.

1870 წელს დიდ ბრიტანეთში დაამტკიცეს საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც 5 წელი სავალდებულო სასკოლო ასაკად განისაზღვრა. დიდი ბრიტანეთის განათლების კვლევის ეროვნული ფონდის, კვლევითი განყოფილების დირექტორი, კაროლინ კლარკი აღწერს მიზეზს, თუ რატომ დაწიეს დიდ ბრიტანეთში სწავლის სავალდებულო ასაკი 5 წლამდე. მკვლევარი გვიამბობს, რომ ეს გამოწვეული იყო ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის მიზნით შინ და გარეთ. გარდა ამისა, მთავრობა ამ გზით ასევე ცდილობდა ხელი შეეწყო დამსაქმებლებისათვის, რადგანაც ბავშვების სკოლაში ადრე შეყვანა ნიშნავდა სკოლის ადრე დამთავრებას და შესაბამისად, სამსახურისთვის უფრო ადრეულ მომზადებას მისი მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ ედო არც საგანმანათლებლო და არც ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული რაიმე მოტივი.

უკანასკნელ წლებში განათლების სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების დიდი ნაწილი მკაცრად დაუპირისპირდა სასკოლო განათლების ადრეულ ასაკში დაწყებას. 2013 წელს ინგლისში კამპანიაც კი წამოიწყეს სახელწოდებით „ზედმეტად ბევრი, ზედმეტად სწრაფად”, რომელიც აერთიანებს ადრეული განათლების ექსპერტების დიდ ჯგუფს. ისინი ეწინააღმდეგებიან 5 წლის ასაკში ბავშვების სკოლაში შეყვანას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი