შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

საგაკვეთილო რესურსი- ლიტერატურული თამაში ,,კარუსელი’’

 

„ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგნებისგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა“ (ე.ს.გ., ზოგადი ნაწ.,). ამიტომ ქართულის სწავლებამ მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული ცოდნა კი არ უნდა მისცეს, არამედ ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების მიერ ცხოვრებისეული, სოციალური თუ სხვა სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს.

მაგრამ რაოდენ ძნელია, ყოველგვარ მასალას, მით უფრო – ლიტმცოდნეობის საკითხებს, „მოარგო“ ეს „დებულება“. მოსწავლეს უნდა მიაწოდო ინფორმაცია, თვალსაჩინოების გამოყენებით აუხსნა მასალა, მაგრამ მერე? საჭიროა ცოდნის განმტკიცება-გამოყენება. ამისთვის მოსწავლეს უნდა დავუსახოთ კონკრეტული მიზანი, მივცეთ დავალება, რომლის შესრულებაც შესაძლებელია და რომელიც შედეგზე გაგვიყვანს. არადა, ხშირად სწორედ დავალება აღმოჩნდება ხოლმე უინტერესო ან დამღლელი: „მოიძიე“, „ამოწერე“, „დააჯგუფე“, – გამუდმებით ესმით მოზარდებს, რაც, ალბათ, მოსაწყენია.

მოსწავლეებს ყოველთვის ვერ შევთავაზებთ  საინტერესო პროექტს (ეს ხომ ბევრ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს), მაგრამ შეგვიძლია, მივცეთ სახალისო დავალება, რომელიც საინტერესოც იქნება და ცოტა დამაინტრიგებელიც; მიზანი – ნათელი; შედეგი – მისაღები, მაგრამ არაპროგნოზირებადი. ეს გახლავთ ლიტერატურული თამაში.

მოსწავლეებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ თუმცაღა ისინი დაწყებითი საფეხურიდანვე სწავლობენ ლიტმცოდნეობის ცნებებსა თუ საკითხებს (მაგ., ტროპის სახეებს), საბაზო და საშუალო საფეხურებზეც კი უჭირთ მათი გარჩევა, მოგვიანებით კი – მხატვრული ანალიზის დაწერა. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა მოსწავლე თეორიულად აყალიბებს „წესებს“, მაგრამ პრაქტიკული მუშაობისას ერთმანეთში ერევა, მაგალითად, შედარება და მეტაფორა.

დღესდღეობით მასწავლებლის წინაშე ბევრი ამოცანა დგას. შეიცვალა დრო და შეიცვალა მოთხოვნებიც მოსწავლეების მხრივ. მათ მეტი თვალსაჩინოება, მეტი ინტერაქტივი სჭირდებათ. ისინი ძველებურად პასიურად ვეღარ იღებენ მშრალად მიწოდებულ ინფორმაციას.

დაწყებით საფეხურზე ამ თამაშს ხშირად ვიყენებდი (მარტივი ფორმით), შემდეგ საბაზო-საშუალო საფეხურზე ვცადე „ლიტსახელოსნოს“ (ასე ვეძახით სტანდარზედა საგანს – ლიტმცოდნეობას) ბავშვებთან, მერე და მერე გამოყენების არეალი კიდევ უფრო გავაფართოე – მეშვიდე-მერვეკლასელებთან, ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში, და გაამართლა.

ვფიქრობ, ქართულის გაკვეთილზე ეს თამაში ძალზე მოხერხებული და შედეგიანია. ის ეფექტია იმით, რომ მასალის ათვისება-განმტკიცებასთან ერთად უნარ-ჩვევების გამომუშავებასაც უწყობს ხელს, სააზროვნო უნარებთან ერთად ავითარებს კონცენტრირების, მობილიზების, განწყობის შექმნისა და გამოხატვის ან, პირიქით, მისი დაძლევისა და ყურადღების სხვა რამეზე გადატანის უნარს.

თამაში მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შეგიძლიათ, დაისახოთ სხვადასხვა სასწავლო მიზანი (შესასწავლი თუ შესწავლილი მასალიდან გამომდინარე) და მრავალგვარი ინტერპრეტაციით ათამაშოთ ნებისმიერი ასაკის ბავშვები. აქტივობა მეტად სახალისოა და მოსწავლეთა ინტერესს იწვევს, მათ მოტივაციას ზრდის. ამაში თავად დარწმუნდებით.

როგორ ვითამაშოთ?

ერთი მოსწავლე ფურცელზე წერს ფრაზას და გადააწოდებს მეორეს. მეორე ცდილობს, ლოგიკურად გაარძელოს აზრი, განავითაროს მოქმედება თუ სრულყოს დაწყებული აღწერა – წერს მომდევნო წინადადებას და ფურცელს მესამეს გადასცემს და ასე შემდეგ. ფურცელი წრეზე ტრიალებს (თუ კლასი მრავალრიცხოვანია, შესაძლოა, მოსწავლეს მხოლოდ 2-ჯერ მოუწიოს წინადადების დაწერა, ანუ ფურცელმა მხოლოდ ორი წრე გააკეთოს. თუ ბავშვების რაოდენობა მცირეა, მაგ., 5-10 (ან თუ გუნდურ სამუშაოდ აქცევთ ამ თამაშს), შეგვიძლია, განსაზღვრული დრო გამოვყოთ და დროის ამოწურვამდე რამდენსაც მოასწრებენ, იმდენი წინადადება მიამატონ (ან წინასწარ განვუსაზღვროთ, რამდენი უნდა დაწეროს თითოეულმა). მოსწავლეები აუცილებლად გააფრთხილეთ, რომ დრო იწურება და შეეცადონ, ლოგიკური დასასრულისკენ წაიყვანონ ტექსტი.

დავალება რომ უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს (თუ ბავშვების მოუთმენლობას გავითვალისწინებთ), შეგვიძლია, მივცეთ არა ერთი ტექსტი, არამედ, რამდენიმე; თითოეულმა მოსწავლემ დაწეროს ფურცელზე პირველი წინადადება და ყველამ ერთად გადააწოდოს ერთმანეთს საათის ისრის მიმართულებით.

თამაში, როგორც მოგახსენეთ, ლავირების საშუალებას იძლევა და ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია, მოარგოს იგი საკუთარ ინტერესებსა და მიზნებს.

შესაძლებელია:

  • პირველი წინადადება ჩვენ შევთავაზოთ (თუ კონკრეტული თემა გვაინტერესებს);
  • შევუქმნათ განწყობა;
  • მოვასმენინოთ მუსიკა ან ვაჩვენოთ ნახატი, რომლის შთაბეჭდილებაც გახდება ტექსტის შთამაგონებელი;
  • გავამარტივოთ თამაში – თითოეულ მოსწავლეს დავაწერინოთ არა 1 წინადადება, არამედ 1 აბზაცი (2-3 წინადადება), განსაკუთრებით – თუ პირველად ვთამაშობთ ან უმცროსკლასელებთან ვატარებთ ამ აქტივობას.
  • გავართულოთ თამაში – დავასახელოთ თემა და მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ ისე უნდა დაწერონ საკუთარი „წინადადება“, ერთმანეთის ნაწერი არ ნახონ, არ იცოდნენ, რა დაწერა თამაშის სხვა მონაწილემ (ამ დროს ფურცელს გადაკეცავენ და ისე აწვდიან ერთმანეთს ან ვურიგებთ პატარა ბარათებს, რომლებსაც ვკრებთ, რიგის მიხედვით ვკინძავთ და ისე ვკითხულობთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, მე ამ თამაშს მხატვრული ხერხების შესწავლისას მივმართავ. უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებს ვაძლევ მარტივ ინსტრუქციას: შექმნან შედარებები ან მეტაფორები ან გამოიყენონ ეპითეტები და ა.შ. თუმცა თამაშის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა თემისა თუ საკითხის შესწავლა-განმტკიცებისთვის. უბრალოდ, თამაშის წესებში ვამატებთ, რომ:

  • წერონ მარტივი, შერწყმული ან რთული წინადადებებით (იმისდა მიხედვით, რა საკითხის განსამტკიცებლადაც გვჭირდება);
  • გამოიყენონ შესწავლილი უცხო სიტყვები;
  • განავითარონ სიუჟეტი;
  • შექმნან ჩანახატი, ესკიზი, პეიზაჟი, პორტრეტი, დიალოგი და ა.შ.

ამრიგად, ეს დავალება ხელს უწყობს მოსწავლეს, გაითავისოს მასალა, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს. ამ დროს, ლოგიკურ აზროვნებასთან ერთად, აქტიურდება მისი შემოქმედებითი უნარები. გარდა ამისა, მოზარდს უჩნდება საკუთარი თავის რწმენა.

თამაში ინდივიდუალურ მუშაობას მოითხოვს და, მიუხედავად ამისა, ბავშვს გუნდის წევრად აგრძნობინებს თავს, რასაც, ბუნებრივია, თავისი დატვირთვა აქვს. მასწავლებლის სტანდარტის თანახმად, პედაგოგი სწორედ ამ უნარებს უნდა უვითარებდეს და უაქტიურებდეს მოსწავლეებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ აქ არავინ არაფერს იწუნებს და არავინ არავის სთხოვს პასუხს იმის გამო, რომ რაღაც ვერ გააკეთა ან ტექსტი შეუსაბამო გამოვიდა. პირიქით, ასეთი „შეცდომები“უფრო სახალისოს ხდის თამაშს. აქ კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი – ხშირად, შეცდომებზე უკეთ ვხედავთ და ვსწავლობთ; გააჩნია, ეს შეცდომები როგორ გამოააშკარავეს. თამაშში კი, როგორც აღვნიშნეთ, არც სახელი მიეთითება და არც ის, ვინ რა თქვა, თუმცა თავად მოსწავლე მიხვდება, მის მიერ დაწერილი ფრაზები სწორი და მაღალმხატვრული გამოვიდა თუ არა.

თამაში შედეგიანია ზემოაღნიშნული საკითხების სწავლებისას, ვინაიდან მოსწავლე უფრო კრეატიულად იწყებს ფიქრს და, რაც მთავარია, იყენებს ცოდნას, რაც, ერთი მხრივ, ამ ცოდნის განმტკიცებაში ეხმარება, მეორე მხრივ, მის საჭიროებაში არწმუნებს და ამგვარად ამაღლებს მოტივაციას, დაბოლოს, ასტიმულირებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს. ამასთან, ეს იმდენად სახალისოა (ბავშვებს ისეთი ინტერესი უჩნდებათ, რა გამოვა ბოლოს, მით უმეტეს, როცა ერთმანეთის ნაწერს არ კითხულობენ), ვერც კი აცნობიერებენ, რომ ეს ჩვეულებრივი დავალებაა, ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი.

„სწავლა თამაშით“ და „სწავლა კეთებით“ – კეთება ცოდნისთვის და ცოდნა კეთებისთვის – ეს წრიული პროცესია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი