სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ცხოვრებისთვის საჭირო უნარები

“- ჩემი ბიჭი 16 წლის არის და საერთოდ არ აინტერესებს ის, რასაც მე ვაკეთებ. სპორტსმენია, ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ერთი-ორი წელიც და გავუშვებ მერე ამერიკაში. იქ კი ამისთანა სპორტსმენი მილიონია, მაგრამ მეტი არაფერი უნდა და ვქნა. იცი რა კარგად მღერის? ჩუმად ვიწერ ხოლმე, როცა მღერის. ჩემი ცოლი წინდებსაც კი თვითონ აცმევს.  ფეხსაცმელებს საწოლთან ახვედრებს, არაფერზე არ უწევს შეწუხება, მაინც არაფერი არ უნდა სპორტის გარდა” – მიყვება ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი და ხმის ტონების ცვალებადობაზე ვხვდები, რომ დედის მხრიდან შვილზე გადამეტებული  მზრუნველობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, პირიქით, ცოტა მოწონს კიდევ, მაგრამ მისი საქმით რომ არ ინტერესდება ყმაწვილი, ამით ნამდვილად უკმაყოფილოა. 

 

“- აი სკოლას რომ დაამთავრებს, მარტო გადავიდეს საცხოვრებლად და მიეჩვევა თავის მოვლას და იმაზეც უკეთ დაფიქრდება, რა უნდა, რა უფრო აინტერესებს და თავის მომავალზეც თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა” – ვუთხარი მშვიდად.

 

“- რას ამბობ, მარტო რას გააკეთებს. “ზბორებზე” რომ მიდის, მაშინაც ყოველდღე რეკავს, აქაური საჭმელი არ მომწონს, ფული გამომიგზავნეთ, სადმე  რამე ვჭამოო და ეგ მარტო მიხედავს თავს? უარესი თავისტკივილი იქნება.“

 

რა თქმა უნდა, აღარაფერი მითქვამს.

 

სკოლის დამთავრების შემდეგ დიდხანს ვცხოვრობდი მარტო და რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო კარგად ვხვდები, როგორი მოუმზადებელია ქართველი ახალგაზრდა მარტო ცხოვრებისთვის და ზოგადად ცხოვრებისთვის. 16-17-20 წლის ასაკში ვერც კი ხვდები, რომ რაღაცეებს ვერ იგებ, არასწორად აკეთებ ან საერთოდ ვერ აკეთებ, მაგრამ დრო გადის და  რაღაცნაირად გებრალება შენი თავი, ასეთი რომ იყავი და ბრაზდები უფროსებზე, რომლებმაც არაფერი ან ვერაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ  ცხოვრებისთვის საჭირო უნარებით ყოფილიყავი აღჭურვილი. ჩვენს რეალობაში საგანმანათლებლო დაწესებულებები და ოჯახები ერთმანეთში ეძებენ დამნაშავეს და ორივეს უჭირს აიღოს თავის წილი პასუხისმგებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდების წინაშე. კარგ შემთხვევაში გადარჩენისთვის და ორიენტაციისთვის მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავება დამოუკიდებლად გვიწევს და ეს პროცესი ცოტათი ბნელ ოთახში ხელის ცეცებას გავს, ცუდ შემთხვევაში მთელი ცხოვრება ველოდებით ვიღაცას, ვინც საწოლთან ფეხსაცმელებს დაგვიწყობს, წინდებს ჩაგვაცმევს და საკვების ფულით მოგვამარაგებს.

პირადი მაგალითებით და სხვა ადამიანების ცხოვრებაზე დაკვირვებით რამდენიმეპუნქტიანი სია შევქმენი იმ  უნარების და ცოდნების, რაც მოზარდს კარგი იქნება მანამ ჰქონდეს, სანამ ზრდასრულობას მიაღწევს. ზოგი მათგანი ბანალური და ერთი შეხედვით შეიძლება სასაცილოც კი იყოს, ზოგი შედარებით დამაჯერებლად გამოიყურება. ცხადია, ყველაფერი ინდივიდუალურია ცხოვრებაში და საჭიროებიდან გამომდინარეობს და უნივერსალური ვერც ეს და ვერც სხვა ამგვარი სია ვერ იქნება, მაგრამ დაფიქრებად ალბათ ღირს.

 

მაშ ასე:

 

  1. პირადი სივრცის მოწყობა, ნივთების და საცხოვრებლის მოწესრიგება, საშინაო საქმეებისთვის დროის გონივრულად და ეფექტურად განაწილება;

 

რასაკვირველია, სახლის გენერალურად დასუფთავება ბავშვს არ უნდა მივანდოთ და ადრეულ ასაკში ფანჯრების გაწმენდა ან მთელი ოჯახისთვის პერანგების გაუთოვება არ უნდა დავავალოთ, სჯობს დრო უფრო საბავშვო საქმეების კეთებაში გაატაროს, მაგრამ პირადი ნივთების მოწესრიგება და პირად სივრცეზე პასუხისმგებლობის აღება ადრეული ასაკიდან შეგვიძლია ვასწავლოთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

  1. საქმიანი წერილების წერა, ოფიციალური დოკუმენტების წარმოება; საბუთებში გაწერილი პუნქტების და პირობების ყურადღებით გაცნობის აუცილებლობა ხელის მოწერამდე;

 

როცა მუშაობა დავიწყე, მეც მიჭირდა სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით ისე დამელაგებინა სათქმელი, რომ არც ფამილარული ყოფილიყო, არც ზედმეტად ოფიციალური, თან გასაგები ყოფილიყო, თან ამისთვის ბევრი სიტყვები და გრძელი წინადადებები არ დამჭირვებოდა. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი დეტალები, რომელი პლატფორმა გამოიყენო ელექტრონული ფოსტისთვის, ყურადღებით გაეცნო ნებისმიერ საქმიან დოკუმენტს, გაეცნო მათში გაწერილ საკითხებზე და გაურკვევლობის შემთხვევაში დასვა კითხვები, სანამ თანხმობას განაცხადებ ხელმოწერით.

  1. საჭმელების მომზადება;

ყველაზე ნაკლებ სასარგებლო საკვებს მარტო ცხოვრების პირველ წლებში ვჭამდი, რაც ცხადია, ცუდად ისახებოდა ჩემს წონაზეც და ჯანმრთელობაზეც. ჯანსაღი კვების პრინციპების ცოდნა, მარტივი და სასარგებლო საჭმელების მომზადება ახალგაზრდებს სწრაფი კვების ობიექტების არც თუ ისე ჯანმრთელი საკვებისგანაც დაიცავს და ეკონომიის გაკეთების საშუალებასაც მიცემს.

  1. ბიუჯეტის განაწილება, პრიორიტეტების დალაგება და დანაზოგის მნიშვნელობა;

ფული არასოდეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ბევრი ინტერესები და მოთხოვნილებები აქვთ და შედარებით ნაკლებანაზღაურებად სამსახურებში უწევთ ცხოვრება, ამიტომ მნიშვნელოვანია, კარგად იცოდნენ არსებული ფინანსების სწორად განაწილება ისევ მათი დამოუკიდებლობისა და სიმშვიდისთვის.

  1. დროის ეფექტურად მათვა, საქმეების სწორად განაწილება;

ფულის განაწილების უნარებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია დროის სწორად მართვა. როცა თან სწავლა, თან მუშაობა და თან გართობა გინდა, რთულია ყველაფრის მოსწრება. უამრავი შემთხვევა მახსენდება მხოლოდ ჩემი ცხოვრებიდან, როცა რამდენიმე “დედლაინი” ერთ დღეს ემთხვევა, რამდენიმე ადგილას ერთსა და იმავე დროს უნდა ვიყო და ყველაფერი მნიშნელოვანია. თუ დროს სწორად ვერ ანაწილებ, საქმეც ფუჭდება, რეპუტაციაც და ნერვებიც. რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებენ ბავშვები დროის ეფექტურად გამოყენებაზე ფიქრს, მით უკეთ შეძლებენ ზრდასრულ ასაკში დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

  1. “არა”-ს თქმა და საკუთარი პოზიციის დაცვა;

ვითომ დიდი არაფერი უნდა “არას” თქმას, მაგრამ ზოგჯერ არგუმენტირებული უარი პრინციპულად მნიშვნელოვანია. უფროსებს გვირჩევნია ხოლმე რომ პატარებს ჩვენი პატივისცემის, გავლენის, სიყვარულის ან სულაც შიშის გამო ის ვაკეთებინოთ და ისე ვაცხოვროთ, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ, მაგრამ რამდენად სწორია ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მათ? დამოუკიდებელ და ძლიერ ადამიანს უნდა შეეძლოს მორიდებასა და  უხერხულობაზე მაღლა დადგომა და უარის თქმა იმაზე, რაც არ უნდა, არ მოწონს, არ აინტერესებს ან მისთვის მიუღებელია და ამას ერთ დღეს ვერ ისწავლი, 20, 25 ან სულაც 18 წლის ასაკში. საკუთარი სურვილების მოსმენას და პოზიციების დაცვას ბავშვობიდან უნდა შევაჩვიოთ ბავშვები სახლებსა და სკოლებში, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს თითოეული “არა” უფროსებისთვის.

  1. საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება;

დამოუკიდებლობა ცალსახა პრივილეგია, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისიც, რომ ნებისმიერ პრივილეგიას თან პასუხისმგებლობა ახლავს. მარტო ცხოვრება და სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ გააზრებულად თუ გაუზრებლად ვიღებთ, ჩვენს ცხოვრებას კონკრეტულ ფორმას აძლევს და სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ფორმა და შინაარსი. გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება მარტივი არჩევანების პროცესით იწყება და ალბათ არასოდეს არ მთავრდება, სანამ ადამიანის ცოცხალია.

  1. პირველადი სამედიცინო დახმარება;

არასოდეს იცი, რას გიმზადებს ცხოვრება და ისეთი მარტივი, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მანიპულაციებისთვის, როგორიც არის ნემსის გაკეთება ან ხელოვნური სუნთქვა, სჯობს მზად იყო.

  1. ემოციების მართვა;

ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც გინდა, წარმოგიდგენია ან გიყვებიან. ზოგჯერ ყველაფერი უკეთ არის, ზოგჯერ ცუდად. იმისათვის, რომ მყარად იდგე მიწაზე და სწორად შეძლო ორიენტირება, მნიშვნელოვანია ემოციების მართვა და მეტ-ნაკლებად რადიონალურად მოქმედების უნარის გამომუშავება.

  1. სექსუალური ცხოვრების დაგეგმვის აუცილებლობა;

არც კი ვიცი, როგორ შეიძლება მშობლებმა ან მასწავლებლებმა სათანადოდ მოამზადონ ახალგაზრდები ბედნიერი და მშვიდი სექსუალური ცხოვრებისთვის იმ რეალობაში, როცა თავად უფროსებმაც კი ცოტა რამ იციან რეპროდუქციისა და ადამიანის ორგანიზმის თავისებურებების შესახებ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ტაბუები კიდევ უფრო ართულებს სხვადასხვა თაობებში ჯანსაღ კომუნიკაციას, მაგრამ ვიცი, რამდენად საჭიროა ახალგაზრდების მომზადება და მათი დაცვა სპონტანური და დაუცველი ურთიერთობების თანმხლები გართულებებისგან.

10 . სოციალურ ქსელებში პირადი ინფორმაციის დაცვა;

რაც ხდება ინტერნეტში, თითქმის არასოდეს რჩება ინტერნეტში და მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა იცოდნენ როგორც პირადი ინფორმაციის დაცვა ინტერნეტში, ასევე იმ მასალების სწორად მოხმარება, გაგება და ინტერპრეტირება, რასაც ციფრულ სამყაროში ყოველდღიურად მოიხმარენ.

 

 

ნასტასია არაბული

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი