პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვი დაწყებით სკოლაში და არაადეკვატურობის აფექტი

სწავლების პირველ საფეხურზე, დაწყებით სკოლაში, მრავალი მოსწავლის პრობლემას იმედგაცრუება წარმოადგენს, რასაც მიღწევების მიმართ მაღალი მოლოდინი იწვევს. იმის გამო, რომ ბავშვების მოლოდინები და აკადემიური მიღწევები განსხვავებულია, ისინი არაადეკვატურობის აფექტში ვარდებიან და გაუცხოებას განიცდიან სკოლის, სასწავლო პროცესის და შეფასების მიმართ. რა თქმა უნდა, ამ ემოციებს, პირველ რიგში, საკუთარი წარმატებისადმი არასწორი დამოკიდებულება იწვევს.
მოსწავლე და მშობელი, დაწყებით კლასებში, გადაჭარბებულ ყურად­ღებას აქცევენ შეფასებას (ქულა, ნიშანი, რეიტინგი და ა.შ.). ბავშვი არც კი დაუშვებს, რომ წარუმატებ­ლობის მიზეზი საკუთარ თავში ეძებოს. ის ყოველთვის სხვას ან ზოგად გარემოებებს დაადანა­შა­უ­ლებს: სწავლა ხომ პირველი სიძნე­­ლეა მის ცხოვრებისეულ გამოც­დი­ლებაში. ამგვარი განცდებისა და ემოციების ზემოქმედებით უყალიბ­დებათ ბავშვებს ისეთი პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა სიჯიუტე, უნდობლობა, აგრესია, სიბრაზე და გულჩათხრობილობა.
ფსიქოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ თვითშეფასების უნარი ბავშვებს, ყოველგვარი გარემო ფაქტორების და უფროსების ჩარევის გარეშე, მხოლოდ მოზარდობის პერიოდში უჩნდებათ. ადრეულ ასაკში მათ თვითშეფასება უფროსების უშუალო ზემოქმედებით უყალიბდებათ. ამ უნარის განვითარებას ყველაზე მეტად ნორმალური ოჯახური გარემო და აღზრდა უწყობს ხელს. თუმცა მშობლები ხშირად მხოლოდ შვილის პიროვნულ მახასიათებ­ლებელს აფასებენ, ამართლებენ მის საქციელს, აქებენ და ხოტბას ასხამენ მცირე დამსახურების გამოც კი. სკოლაში ბავშვი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მისი შეფასება სულაც არ ემთხვევა იმას, რასაც ოჯახში მიეჩვია.
თავდაპირველად ამ მტკივნეულ პროცესს მხოლოდ ის აიოლებს, რომ, პირველ ეტაპზე, მოსწავლეს უჭირს იმის აღქმა, თუ საერთოდ რატომ აფასებენ. იგი მზად არის, უხაროდეს ყველა ნიშანი, ქულა, თუ რაიმე სხვა შედეგი.
დაწყებითი კლასის მოსწავლე მთელ სასკოლო ემოციურ განწყობას მშობლებს უკავშირებს, რომლებიც, ძირითადად, მხოლოდ შეფასებით ინტერესდებიან. ისინი ამას დაუფარავად გამოხატავენ. ბავშვი კი, როგორც წესი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მშობლების დამოკიდებულებას: უსიამოვნო განცდებს ის სრულ ინდიფერენტულობამდე მიჰყავს.
ასეთ სიტუაციებში მშობლებს უჭირთ, მშვიდად გაანალიზონ და დაადგინონ ბავშვის სასკოლო წარუმატებლობის ნამდვილი მიზეზი. ისინი ძირითადად მოსწავლეს ან იმ მასწავლებელს ადანაშაულებენ, რომელიც სათანა­დოდ ვერ ასწავლის. გამოთქმული შენიშვნები და პრეტენზიები პედაგოგის ავტორიტეტის დაკარ­გვას უწყობს ხელს და ბავშვიც ყველა წარუმატებლობას “ცუდ” მასწავლებელს აბრალებს. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის გაჩენილი ასეთი ბზარის ამოვსება ძალიან ძნელია. მაგალითად, მოსწავლის თვალში ავტორიტეტდაკარგული მასწავ­ლებლის არათუ შეფასება, პატარა შენიშვნაც კი უსამართლოდ და საწყენად აღიქმება. ამას მოსდევს ის, რომ ბავშვი თავის თავში იკეტება და მარტო რჩება საკუთარ სიძნელეებთან. ამ დროს მას მშობლები ვერ ეხმარებიან, მასწავლებლის დახმარებას კი თავად ის უარყოფს.
ასეთ სიტუაციას სხვაგვარი პრობლემებიც მოჰყვება. შეიძლება მოსწავლის მდგომარეობა ოჯახური კონფლიქტის საბაბადაც იქცეს: ზოგჯერ უფროსები საქმის გამოსწორებას ბავშვის დასჯით ცდილობენ, ასეთი მიდგომით კი პრობლემა უფრო ღრმავდება. ამ დროს კონფლიქტის შენიღბვა ბავშვებთან ურთიერთობაში ერთგვარი ჩიხია.
სიმკაცრე და დასჯა ხელს არ უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას. ამით მას ვერც იმას ვასწავლით, თუ როგორ უნდა შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები კრიტიკულად და ვერც პრობ­­ლემების გადალახვის გამოცდილებას ვაძლევთ.
ზოგადად, წარუმატებლობით გამოწვეული განცდების გადაფარვა შედეგების გაუმჯობესებით შეიძლება, თუმცა ბავშვი ყოველ­თ­ვის იოლ გზას ირჩევს და დროთა განმავლობაში თავის მიღწევებს ეგუება.
მოსწავლეები ყველა წარუმატებ­ლო­ბას საკუთარ განმარტებას უძებნიან. მაგალითად, ისინი ცუდად შესრულებულ დავალებას კალამის გაუმართაობას აბრალებენ, არასწორად ამოხსნილ ამოცანას – პირობის გაუგებრად შედგენას, ცუდად ნასწავლ ლექსს – ლექსის სიდიდესა და ა.შ.
მასწავლებლისა და მშობლების თანამშრომლობაზე საუბარი არ ნიშნავს, რომ ბავშვს საერთოდ ავარიდოთ პასუხისმგებლობა. ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა ის ეჩვევა და ეგუება სასკოლო ცხოვრებას, შეიძლება არასწორი მიდგომით ხელი შევუშალოთ თვითშეფასების უნარის ჩამოყალიბებას და სწავლისადმი მოტივაციის განვითარებას.
საყურადღებოა, რომ დაწყებით საფეხურზე მასწავლებლის ავტორიტეტი დიდია და ამის დადებითად გამოყენება შეიძლება. ამ დროს პედაგოგის ყურადღება და სწორი ჩარევა კარგ შედეგს იძლევა. ეფექტური საშუალებაა მოსწავლისთვის იმის ახსნა, თუ რითი არის გამოწვეული მისი ასეთი მდგომარეობა და რა ხერხები არსებობს სწავლაში წარმატების მისაღწევად. ასეთ ურთიერთობას სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს, რადგან შედეგს ერთჯერადი ჩარევით ვერ მივაღწევთ.
სუსტი აკადემიური მოსწრება დანაშაული არ არის, მაგრამ ეს ის პრობლემაა, რომელიც ღონისძიებების სწრაფად და თანმიმდევრულად გატარებას ითხოვს. თუ დროულად არ ჩავერევით და მხოლოდ შენიშვნებით შემოვიფარგლებით, ამით მოსწავლეს ვუბიძგებთ, დაადანაშაულოს შემთხვევითი გარემოებები, სახელმძღვანელო, თვალსაჩინოება, კალამი და ა.შ. უკიდურეს შემთხვევაში, ბავშვი თავის წარუმატებლობას შეზღუდული შესაძლებლობებით ამართლებს ხოლმე, მაგალითად, ცუდი მეხსიერებით (“დამავიწყდა”), ყურადღების გაფანტულობით (“ვერ მოგისმინეთ”, ან “სხვა რამეს ვუყურებდი”), ჯანმრთელობით (“თავი მტკიოდა”) და ა.შ.
მსგავს შემთხვევებში, მასწავლებელი ასკვნის, რომ მოსწავლე ზარმაცია, მატყუარაა, უუნაროა… ასეთი დასკვნები, უმეტესწილად, არათუ არასწორი და არაადეკვატურია, არამედ უსამართლოც. როგორც ჩანს, მასწავლებელსაც იგივე პრობლემა აქვს, რაც მოსწავლეს: ის წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ მოლოდინებთან და შედეგებთან. კვლევების თანახმად, ეს იმ ტიპის მასწავლებლებს ახასიათებთ, რომლებიც მთელს იმედს ნიშნებსა და შეფასებაზე ამყარებენ.
და მაინც, რატომ უჭირთ მოსწავლეებს საკუთარი წარმატების სწორად შეფასება? რადგან ბავშვები წარუმატებლობის მიზეზებს გარემო ფაქტორებსა თუ სხვა ადამიანებში ხედავენ, ისინი ამას მარცხად არ აღიქვამენ, ფიქრობენ: “მე არაფერ შუაში ვარ” და არც ზედმეტი ძალისხმევის გაღების საჭიროებას გრძნობენ. ამ ასაკში მშობლები ხომ მათ არა შრომასა თუ მონდომებას, არამედ პიროვნულ მონაცემებს უქებენ. ისინიც წინა პლანზე პიროვნულობას წამოსწევენ, კმაყოფილნი არიან საკუთარი თავით. მათ მხოლოდ რაღაც გარემოებები და მასწავლებელი უშლით ხელს ამ იდილიაში. უმრავლესობას ერთგვარი “ვარდისფერი სათვალის” სინდრომი უყალიბდება, რისი მეშვეობითაც მშვიდად უყურებს სასკოლო ცხოვრებას.
როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ანალოგიური მექანიზმები გვხვდება მასწავლებელთა საქმიანობაშიც. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მათ წინა პლანზე მოსწავლის წარუმატებლობები გამოაქვთ: “კანდელაკი ხანდახან კი ცდილობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას არ შეუძლია წარმატების მიღწევა”.
რა სახისაც უნდა იყოს კონფლიქტი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ის აუცილებლად აისახება მთელ კლასზე. ამიტომ პედაგოგმა არასოდეს უნდა მისცეს მოსწავლეს შენიშვნა თანაკლასელთა თანდასწრებით. მოსწავლეები, უმთავრესად, ისეთივე დამოკიდებულებას ამჟღავნებენ თანაკლასელის მიმართ, როგორსაც მასწავლებლისგან გრძნობენ. ასეთ სიტუაციაში კლასში ბავშვის მდგომარეობა უარესდება და ის იზოლაციაში ექცევა. ხშირად იგი დაცინვის ობიექტი ხდება.
საერთო ჯამში, ასეთი სიტუაციების გამო მოსწავლეს ყველასთან უფუჭდება ურთიერთობა: მასწავლებლებთან, მშობლებთან და თანაკლასელებთან. ეს ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე.
არაადეკვატურობის ეფექტი, პირველ რიგში, მასწავლებლის არასწორი პედაგოგიური პრაქტიკის შედეგია. იმისათვის, რომ მოსწავლეს არ შეუქმნას ფსიქოლოგიური თუ აკადემიური პრობლემები, აუცილებელია, მასწავლებელმა გადახედოს საკუთარ ამბიციებს, შესაძლებ­ლო­ბებსა და დამოკიდებულებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი