ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვები და გენდერი

დედაჩემის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, აგარაკზე ყოფნის დროს, თმა შემიმოკლა. დედამ ხმაურიანი სკანდალი ორი მიზეზით მოაწყო – მე მის დაუკითხავად შემჭრეს თმა და თანაც, მას ძალიან არ უნდოდა „ბიჭურად გახოტრილი“ შვილი ვყოლოდი. მაშინ სხეულის სიგამხდრითაც ბიჭს ვგავდი და როგორც ამბობდნენ, ხასიათიც „ბიჭური“ მქონდა. სხვა ბავშვებივით საჯაროდ არასოდეს ვქვითინებდი, დეიდაშვილი ბიჭების გამონაცვალ კომბინიზონებს მშვენივრად ვიხდენდი და ეზოს სიახლოვეს ყველა ბინძური კუთხე-კუნჭულიც გატაცებით მქონდა შესწავლილი. დედა შფოთავდა. მას უნდოდა მაქმანებიანი გოგო ვყოფილიყავი და მეც არ ვეწინააღმდეგებოდი.  უბრალოდ, ყველა სათამაშო, ყვითელთმიანი თოჯინა იქნებოდა ეს თუ პულტიანი მანქანა, ჩემთვის მხოლოდ თამაშის ინსტრუმენტს წარმოადგენდა და ერთნაირად მაინტრიგებდა, უპირატესობის გარეშე.

გენდერულ სტერეოტიპებს ბავშვებს ჩვილობიდანვე ვუნერგავთ და შემდგომ მათ გავლენიან სოციალურ ინსტიტუციაში – სკოლაში ვამყარებთ. ჩვენ ყველანი ვემორჩილებით საზოგადოებაში დაწერილ ქცევის ნორმებს და მათ დაცვას ბავშვებსაც ვთხოვთ. მცირე ასაკის გამო, ბავშვები ის ადამიანები ხდებიან, რომლებიც იოლად ექცევიან გავლენების ქვეშ. უფროსები კი, ნებით თუ უნებლიეთ, საკმაოდ ხშირად ვუქმნით ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან, მათ შორის, გენდერულ ზეწოლასთან გათანაბრებულ სიტუაციებს.

ყოველწლიურად ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია და სახელმწიფო სტრუქტურა გენდერის რაობასა და სიახლეებზე მსუყე ინფორმაციას გვაწვდის. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც რჩება ქვეყნად, სადაც პატარა ბიჭებს ჩასჩიჩინებენ, რომ გოგოებივით ტირილი სამარცხვინოა, პატარა გოგოებს კი შთააგონებენ, რომ ლეგოთი თამაში მათი საქმე არ არის. გენდერული სტერეოტიპები ცვლიან ბავშვთა აზროვნებას და შედეგად ვიღებთ თაობას, რომელიც ისევე ემორჩილება იმ დაუწერელ ნორმებს, რომელსაც ოდესღაც ჩვენ დავემორჩილეთ.

ამ ყველაფერისთვის გვერდის აქცევა არცთუ იოლი ამბავია, მაგრამ ყველაფერი მინიმალურიდან იწყება, მაგალითად, საკუთარი მეტყველების გაკონტროლებიდან, რასაც მშობელიც მარტივად მოახერხებს და სკოლის მასწავლებელიც. ჩვენ შეგვიძლია უარვყოთ გენდერულ სტერეოტიპების გამამყარებელი ყოველდღიური ფრაზები.

„ნუ ჩხუბობ, შენ ხომ გოგო ხარ!“ – ეს ფრაზა ხშირად გვესმის სკოლაში, ქუჩაში, პარკებში, სახლში. არადა, ჩხუბი არ არის ქცევის განსაკუთრებული ფორმა. ჩხუბი შეუძლია ბიჭსაც და გოგოსაც, ქალსაც და მამაკაცსაც. ბავშვს უნდა განემარტოს არა ის, რომ ჩხუბი მხოლოდ ბიჭისთვის დამახასიათებელი ქმედებაა, მისთვის ბუნებრივი ქცევა, არამედ, ის რომ, საზოგადოდ, ცუდია. ფიზიკური აგრესია ტაბუ უნდა იყოს ნებისმიერი სქესის ბავშვისთვის.

„შენ ხომ გოგო ხარ, არ შეიძლება ასეთი ფეთხუმი იყო“, – კიდევ ერთი გავრცელებული ფრაზა, რომლის ტირაჟირებასაც დაუფიქრებლად ვახდენთ. იმისათვის, რომ აკურატული და მოწესრიგებული იყო, არ არის აუცილებელი გოგოობა. მოსწავლე ბიჭისა და მოსწავლე გოგოს გენეტიკურ კოდში არსად არის მითითებული ის, რომ გოგოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფრო კარგი კალიგრაფია, ვიდრე ბიჭს; მის სასკოლო ზურგჩანთაში წიგნები უფრო ლამაზად უნდა ეწყოს, ვიდრე ბიჭის ჩანთაში. ეს არის აბსურდული სტერეოტიპი, რომელსაც ჩვენ ბავშვებს თავად ვახვევთ თავს.

„თმას იმიტომ გქაჩავს, რომ მოსწონხარ!“ – ასე ვამშვიდებთ გოგონებს, რომლებზეც ბიჭები არცთუ უწყინრად ძალადობენ. თმის ქაჩვას ხშირად თან სდევს წამორტყმა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხელის კვრა და სხვ. რატომ ვარწმუნებთ ბავშვ გოგოს, რომ ეს მან უნდა აიტანოს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭის ქცევას სიმპათია განაპირობებს?.. მოზრდილების მხრიდან სიტუაციის ამგვარი შეფასება ძალადობის კულტურის ფარული პროპაგანდაა და სხვა არაფერი. გოგონას აქვს უფლება ჰქონდეს პირადი სივრცე და მისი შელახვა სიმპათიის ეგიდით, რბილად რომ ვთქვათ, არანორმალურია. მით უფრო თუ ბიჭის აგრესიული ქცევა აშკარა დისკომფორტს უქმნის გოგონას და ის წუხს ამაზე.

„ეს გოგო როგორ დამშვენებულა, ბიჭი კი დავაჟკაცებულა“ – რამდენად კარგია საჯაროდ, სკოლაში თუ ქუჩაში, ამაზე ხაზგასმით მითითება? ამით ჩვენ ვამბობთ, რომ გოგონა უნდა იყოს ჰაეროვანი, ნაზი, ლამაზი, ბიჭი – ძლიერი, მამაცი. ის ბავშვი, რომელიც ამ ნორმაში ვერ ჯდება, იოლად შიძლება იქცეს დაცინვის ობიექტად, მაგალითად, ჭარბწონიანი გოგონა ან გრძელთმიანი, ჭრელპულოვერიანი ბიჭი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების გარეგნობა, მათი გემოვნება, მსოფლმხედველობა   ბევრჯერ შეიცვლება, ტრანსფორმირდება მათი შინაგანი სამყარო, ანდა რომც არ შეიცვალოს, ნუთუ არ უნდა მივიღოთ ისეთებად, როგორებიც არიან, თავიანთი წილი მშვენიერებით?.. ამიტომ ხაზის გასმა მხოლოდ, ე.წ. „გარეგნულ ღირსებებზე“, სხვა ბავშვების თანდასწრებით, არცერთ შემთხვევაში არ ღირს.

„ბიჭმა კარგად უნდა ისწავლოს, გოგო უნდა გათხოვდეს და პატრონს ჩაბარდეს“ – ამ მოარული ფრაზის აფიშირება ნამდვილი დანაშაულია. ჯერ ერთი, განათლება ერთნაირად ხელმისაწვდომია ყველა ბავშვისთვის, სქესის მიუხედავად. ასევე, ოჯახის შექმნის მომენტი ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ბიჭისთვის, ისე გოგოსთვის. ბავშვების თანდასწრებით იმაზე საუბარი, ვისთვის რა უფრო საჭიროა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ბავშვების დაპროგრამებას უდრის. ხომ შეიძლება რომელიმე ადამიანს არც მოუნდეს ოჯახის შექმნა, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლოს სხვა ადამიანებზე პასუხისმგებლობის აღება ან არ ისურვოს სწავლის გაგრძელება და თავისი ცხოვრებას სხვა მიმართულება მისცეს?..

გენდერული სტერეოტიპების თავსმოხვევით არ ვუტოვებთ ბავშვებს არჩევნის საშუალებას. ჩვენ დაუკვირვებლად ვისვრით ფრაზებს, რომლებიც ბავშვებისთვის მათი მომავლის განმსაზღვრელი შეიძლება იყოს.

„ნუ ჯდები ცივ ქვაზე, შვილები არ გეყოლება“, – როგორც წესი, ამ რეპლიკით გოგოებს მივმართავთ. თუმცა მცირე ასაკის ბავშვისთვის ეს რეპლიკა არაფრის მთქმელია, ბავშვს რეპროდუქციის არაფერი გაეგება. გარდა ამისა, ცივ ქვაზე ჯდომით გამოწვეული  ანთებითი პროცესი არანაკლებ მავნებელია ბიჭისთვის და ნებისმიერი ზრდასრულისთვის. ამ რეპლიკით გოგონებს მივუთითებთ, რომ მათი პიროვნება ნაკლებად მნიშვნელოვანია და გაცილებით მნიშვნელოვანია შობადობაზე პასუხისმგებელი ორგანიზმის გარკვეული ფუნქცია. ეს იგივეა, რომ მწეველ გოგოებს ვუთხრათ: „შენ არასოდეს გეყოლება შვილი“, თითქოსდა მოწევა მხოლოდ გოგოების ჯანმრთელობისთვის იყოს მავნებელი.

„სახლობანა ითამაშეთ, შენ (გოგო) – საჭმელი გააკეთე, შენ (ბიჭი) სამსახურში წადი“ – მშობლის ეს მოწოდება ამყარებს სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქალი ვალდებულია იყოს დიასახლისი.

ახლა გაიხსენეთ, როგორ დიდხანს ვარჩევთ გოგოებისთვის სათამაშო ჭურჭელს, ბიჭებისთვის კი ბურთებს. არადა, არაფერი დაშავდება, თუ ხანდახან მაინც ჩავრთავთ ბიჭებს ნამცხვრის ცხობის პროცესში, გოგოებს კი ლურსმნის მიჭედებას ვასწავლით.

როგორი უნდა იყოს ოჯახის მოდელი, ბავშვის ცნობიერებაში მცირე ასაკიდან ყალიბდება. ქალისა და მამაკაცის როლებს ბავშვი საკუთარი მშობლების მაგალითით საზღვრავს, რაც სარკისებურად აისახება მის თამაშში. ამიტომ როდესაც ბავშვებს სახლობანას თამაშისკენ მოვუწოდებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ კარს მიღმა 21-ე საუკუნეა და ქალი და მამაკაცი მხოლოდ ანატომიურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ცივილიზებულ სამყაროში  ქალი დიდი ხანია გამოვიდა „ოჯახის ბურჯის“ და „კარგი დედის“ სტატუსიდან. ბევრ საზოგადოებრივ სფეროში ქალები და მამაკაცები თანაბრად გადანაწილდნენ, თანასწორად მონაწილეობენ პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე. გენდერული თანასწორობა კი ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია.

„სახლობანას“ თამაშში მამაკაცისა და ქალის როლების განაწილება გაამყარებს გენდერული სტერეოტიპს თუ ბავშვებს ვაჩვენებთ, რომ ქალის ადგილი სახლშია, ის უნდა იყოს დამთმობი და მას არ შეუძლია უხელმძღვანელოს დიდ საქმეს.

დააკვირდით თქვენს შვილებს. თამაშში არ უნდა ჩანდეს, რომ ქალის მოვალეობა მხოლოდ შვილებსა და საკვებ-სისუფთავეზე ზრუნვაა. ასევე, თამაშში არ უნდა ჩანდეს, რომ მამა აგრესიულია, რომ მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტლებას, არის დედაზე უფრო შემოქმედებითი.

პატრიარქალური ჩარჩოებიდან გაღწევა, სტერეოტიპების გარღვევა ყოფით წვრილმანებზე დაკვირვებით იწყება და პარლამენტში წარმოდგენილი ქალების პროცენტული მაჩვენებლით მთავრდება. ჩვენი შვილები – ქალები იქნებიან თუ მამაკაცები, ერთნაირად უნდა მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარების წარმატება. ასე რომ, ნუ ეტყვით ბავშვებს „გოგო ხარ და იმიტომ“, „ბიჭი ხარ და იმიტომ“.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი