პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ფეისბუკგამოთხოვება, ანუ მცირე თანალექტრონული ბიოგრაფია

33 წლის ვხდები და გადავწყვიტე ამ სივრციდან დაგემშვიდობოთ, ანუ პირად fb ანგარიშს ვაუქმებ. იმ ტრაგიკულ ცხრა აპრილს, სკოლაში ჯერაც არ ვიყავი. ტელევიზორთან ზურგით დამსვეს, რომ არ დამენახა და ისე მაჭმევდნენ. გვიან დავფიქრდი – როგორ უნდა დავსვათ მსგავს ამბებთან ბავშვი – ზურგით თუ პირდაპირ. ამ ფიქრებზე სხვაგან და სხვა დროს. აი აქ კი 2008 წლიდან ვარ. მეგობარმა მითხრა, ომისშემდგომი დისკუსიებია რუს კოლეგებთან და ეგებ ჩაერთოო. ჰოდა, მას მერე ათასმა ქარიშხალმა გადაიარა და ამ ქარიშხლების ფრთები აქაურობასაც მოხვდა. ხან მძლავრადაც. ჰო, თუ რამე მძულს ამქვეყნად – ეს ცერემონიული და მოპათეტიკურო დამშვიდობებაა, მაგრამ ნაწილობრივ ალბათ მაინც ასე გამოვა. რა ვუყოთ.

ის, რითაც ვამაყობ, ჩემი მშფოთვარე ცხოვრება გახლავთ, საშინლად საინტერესო და თავგადასავლიანი, რთული და წინააღმდეგობრივი, ათასჯერ მრავალფეროვანი, ვიდრე აქედან მოჩანს და – არ ვიქნები ყალბად თავმდაბალი – აქედანაც, ლამის საათში თუნდაც ათი დღის სამყოფ სიახლეს გიყვებით. გურულობის ამბავია ალბათ. არ ვიცი. მე მინდა ის ოცნებები ავასრულო, რაც მამაჩემს ჰქონდა და ვერ შეძლო – ეს არის ჩემი ცხოვრების უმთავრესი ნაწილი – საღამოობით, გაჭვარტლული ლამფის შუქზე ვაკვირდებოდი, როგორ კვდებოდნენ მისი ოცნებები და მერწმუნეთ, არაფერია ამაზე საშინელი. 16 წლიდან მარტო ვცხოვრობ ან თანავცხოვრობ. ბევრი რამე ვისწავლე, ბევრი ვერ და ბევრიც არ – როგორც ჯიუტი ადამიანების წესია. არასდროს ვყოფილვარ არავის მონა და მოლაქუცე, არავისთვის მიმიძღვნია დითირაბმი და არც არავისგან მომითხოვია იგივე. სად აღარ მიმუშავია ადრეულ წლებში, ციხეში მასწავლებლად თუ სოფელში მანდარინების გადამტანად. სადაც ვმუშაობდი, მაშინაც და მერეც, იმთავითვე ვიტოვებდი საზღვრებს და არავის კუთვნილებად არ ვქცეულვარ. ჩემს საქმეს ვაკეთებდი და გავაკეთებ. სად აღარ მიცხოვრია – მეგობრებთან ერთად სუნთქვაუკმარ ბინაში, ჩადგმულ ,,ლეჟანკაზე“ რომ მეძინა თუ სასულიერო აკადემიის საერთო საცხოვრებელში, აწ უკვე მღვდელ მამიდაშვილთან ერთად. საერთოდ, დღესაც იმ ბინაში ვცხოვრობ, სტუდენტობისას რომ ვიქირავე – ნუ იფიქრებთ ვწუწუნებდე, არაერთი სამსახური მაქვს და ამ აზრით საკმარისზე მეტი შემოსავალიც – უბრალოდ, დოვლათის მოპოვება არასდროს ყოფილა ჩემი უმთავრესი ვნება – თუ გახდება, იოლად შეიტყობთ. ჩემი ვნება გზა და კეთებაა. სახელის მოხვეჭაცაა ჩემი ვნება – რუსთაველის ფრაზის ამბავში – მე ხომ იმ ტექსტების გავლენის ადამიანი ვარ, მამა და ბებია რომ მიკითხავდნენ ძილის წინ – ასფურცელა, ვაჟა, ლოხინვარ ჭაბუკი, ჰეკი ფინი, ვეფხისტყაოსანი. დიახ, სახელის მოხვეჭა დიდი და ამბიციური საქმეების კეთებით. მგონია, რომ ადამიანად ყოფნა გამოწვევაა დასაზღვრულ დროში – ამიტომაც ვიბრძვი უამრავ ფრონტზე. ვიღლები, განა არ – მაგრამ ეს დაღლაც ჩემი არჩევანია. ოჯახიდან, რომელიც არ იყო მცირერიცხოვანი – მხოლოდ დედა დამრჩა. ოზურგეთის და სურების სახლები. ეს სახლები და ეზოებიც ჩემი გამოწვევაა. ბევრი რამ მაქვს დასაწერი – ლექსები, რომანები, ზღაპრები – ზოგან კარგი ტექსტიც დამიწერია, ზოგან მხოლოდ ვვარჯიშობ და აწი დავწერ. ის პოპულარობა, რაც ერთმა უწყინარმა ესეების კრებულმა მომიტანა, ცდება თანამედროვე ქართველი მწერლის სოციალური მდგომაროების საზღვრებს და ჩემი ვარაუდით, ბევრი ჩემი კოლეგის გაღიზიანებასაც იწვევს. ღმერთია მოწამე, არ მინდოდა. მაგრამ ღმერთმა ისიც იცის, იმავე კრებულის სახელით ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთე და გავაკეთებთ. #ეროვნულიბიბლიოთეკა ჩემი უმთავრესი სახლია – იმ ხალხთან ერთად, რომელიც იქ მუშაობს. ბევრი ვიშრომეთ და შევძელით, ბიბლიოთეკა დავაბრუნეთ ყოველდღიურ რუკაზე – დღეს თუ რამე ხდება კულტურ-საგანმანათლებლო მიმართულებით, ჩვენთანაც ხდება. მიზანი დიდია – აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბიბლიოთეკად უნდა ვიქცეთ – ათობით დარბაზ-მუზეუმი შევქმენით, ათიათასობით ახალი გამოცემა მოვიპოვეთ და მილიონობით წიგნი, ლექსიკონი, გაზეთი, ფოტო, ნახატი გავაციფრულეთ. #ეკვილიბრიუმი მასშტაბური საგანმანათლებლო მოძრაობა – რაიონებისა და სოფლების ბიბლიოთეკების აღდგენა და განახლება (700 და მეტი სოფელი მოვიარეთ) – წიგნი, კომპიუტერი, ინტერნეტი, სადისკუსიო სივრცე – მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა უკეთესი გახდეს. უკეთესად გახდომას მხოლოდ განათლება თუ განაპირობებს. მნიშვნელოვანი სიახლეა #გურულიდღიურები-ს ფონდი #მომავლისთვის – ეს არის სტიპენდიები შეჭირვებული, ოღონდ წარმატებული სკოლის მოსწავლეებისთვის, უკვე რვა სტიპენდიატი გვყავს და გაცილებით მეტი გვეყოლება. ჰოდა კიდევ – წავიკითხავ ლექციებს, მექნება გადაცემები და ათას რამესაც მოვედები, ერთი შეხედვით ბანალური, მაგრამ აუცილებელი სლოგანით – განათლება უპირველეს ყოვლისა.
მოკლედ, სიტყვა გამიგრძელდა. ის სიყვარული რასაც ,,გარეთ“ თუ აქ ვგრძნობ, მართლა დაუმსახურებელი მგონია ჯერაც. ცუდია გრძნობაა-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. მაგრამ ახლა მე თვითონაც მჭირდება მეტი განთლება, სწავლა, ფიქრი და განვითარება. ახალი გამოწვევების მიღება და დაძლევა. თქვენთვის და თქვენთან ერთად. შესაბამისად, ცოტა უფრო მეტი დროა საჭირო. 27 წლის ვიყავი, როცა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გავხდი. მანამდე იყო ლ’ილ, lib.ge და სხვა საჯარო საქმეები. ამ საჯაროობიდან გამომდინარე სულ მეკითხებოდნენ და სულ ერთს ვპასუხობდი, ახლაც იმავეს გეტყვით: კლასიკურ პოლიტიკაში არასდროს მოვალ, არც რაიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე – არ არის ეგ ჩემი საქმე. ის რასაც ვაკეთებ, ისედაც პოლიტიკაა – განათლების და კულტურის – სამოხელეო ,,წინსვლა“ არ სჭირდება. რაც შეეხება ხშირად გაგონილ ფრაზას: ,,შენ ყველას უყვარხარ“ – ამის მიხედვით იმ მდინარეში შესვლა, რომელიც შენად არ გეგულება – სწორი ქმედება არ არის. და მეორეც – ეს საყოველთაო სიყვარული, ვაღიაროთ, ძალიან ადვილად შეიძლება გადაიქცეს სიძულვილადაც – თუ ოდნავ ფეხი გადაგიბრუნდა. ამიტომაც, ამ ,,ხიბლით“ არ ვხელმძღვანელობ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი