პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მედიაძალადობის გავლენა ბავშვებზე

დღევანდელი სატელევიზიო გადაცემებისა და ფილმების დიდი ნაწილი შეიცავს ძალადობისა და აგრესიის შემცველ კადრებს. დღისა თუ საღამოს შოუების უმეტესობა, პოლიტიკური იქნება თუ კომედიური, გაჯერებულია უხეში ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფით, რომელსაც გადაცემის მონაწილეები ერთმანეთს ან სხვა ჯგუფებს აყენებენ. საინფორმაციო გადაცემები სავსეა მკვლელობის, მოტაცების, საგზაო შემთხვევების, ტერორისტული აქტებისა და მსოფლიოს რომელიმე წერტილში მიმდინარე ომის კადრებით. პოპულარული ფილმები და სერიალები ხშირად წარმოაჩენენ ძალადობას როგორც კონფლიქტის მოგვარების ნებადართულ ხერხს: კარგი ბიჭები ცუდ ბიჭებს ხოცავენ, ზოგჯერ – იარაღის უზარმაზარი არსენალის გამოყენებით. რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს შვილებზე? როგორ ცვლის ტელევიზორიდან განუწყვეტლივ მომდინარე ძალადობის ნაკადი ბავშვების ღირებულებებს, ქცევას და დამოკიდებულებებს? ამ საკითხებს ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უამრავი სამეცნიერო კვლევა მიეძღვნა, რომელთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ მედიაძალადობა ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

სხვადასხვა კვლევის თანახმად, ამერიკელი მოზარდი, ყველაზე მსუბუქი შეფასებით, კვირაში 21-დან 23 საათამდე დროს უთმობს ტელევიზორს. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, საშუალო შეფასებით, დღეში 2.5 საათის განმავლობაში უყურებენ ტელეგადაცემებს, ხუთიდან თორმეტ წლამდე ასაკისანი – 4 საათის განმავლობაში. სატელევიზიო გადაცემები და შოუები საათში 3-დან 20-მდე ძალადობრივ აქტს აჩვენებენ (დაცინვას, დამცირებას, შეურაცხყოფას, ფიზიკურ ძალადობას). აშშ ფსიქიატრთა ასოციაციის ანგარიშის თანახმად, 18 წლის ამერიკელს საშუალოდ 16 000 სიმულირებული მკვლელობა და ძალადობის 200 000 კადრი აქვს ნანახი. ამ შეფასებას აუარესებს ის, რომ ფიზიკური ძალადობის ამსახველი მხატვრული თუ დოკუმენტური კადრები წლიდან წლამდე სულ უფრო რეალისტური და ეფექტური ხდება.

აშშ მენტალური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის შეფასებით, მედიაძალადობა ბავშვებზე ორგვარ გავლენას ახდენს:

  1. ძალადობრივი კადრების მუდმივი ყურება ძალადობის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებას იწვევს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვები უფრო იოლად იღებენ სხვის ძალადობრივ აქტს და თავადაც უფრო ხშირად მიმართავენ ძალადობას;
  2. ძალადობის კადრების გადაჭარბებული ყურება, განსაკუთრებით – რეალისტურად ასახული ძალადობისა, არწმუნებს ბავშვებს, რომ მათი გარემო სახიფათოა. ამის შედეგად ზოგს ბავშვს შფოთვა და სტრესის შეგრძნება უჩნდება.

ბევრი სამეცნიერო კვლევა უკავშირებს სატელევიზიო ძალადობას ბავშვების აგრესიულ ქცევას. ყველაზე ადრეული და ცნობილი კვლევა ბანდურამ ჩაატარა 1963 წელს. მან ბავშვების ერთ ჯგუფს აჩვენა ვიდეო, რომელშიც მსახიობი გასაბერ თოჯინას ურტყამდა. ამის შემდეგ ბავშვები სათამაშო ოთახში შეიყვანეს სხვა ბავშვებთან ერთად, რომლებსაც მანამდე ვიდეო არ უნახავთ. მათ, ვინც ვიდეოს უყურა, გაცილებით მეტი აგრესია გამოამჟღავნეს, ვიდრე დანარჩენებმა. ბანდურას დასკვნას არაერთი სხვა კვლევა ადასტურებს. მაგალითად, ლიბერტმა და ბარონმა 1972 წელს გამოიკვლიეს, რომ აგრესიული გადაცემის ყურების შემდეგ ბავშვები უფრო იოლად აყენებდნენ ტკივილს სხვა ბავშვებს თამაშის დროს. სხვა მსგავსმა კვლევებმა იგივე შედეგი აჩვენა აგრესიული მულტფილმების შემთხვევაში.

მედიაძალადობის ხშირ ყურებას მყისიერთან ერთად ხანგრძლივი გავლენაც აქვს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მედიაძალადობა ბავშვების აგრესიის მატების მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია და სხვადასხვა ბავშვზე სხვადასხვანაირად მოქმედებს.

მედიაძალადობა მით უფრო მეტ ზიანს აყენებს, რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი. 8 წლამდე ასაკის ბავშვებს, საზოგადოდ, უჭირთ ფანტაზიის სინამდვილისგან გარჩევა. გარდა ამისა, მცირეწლოვან ბავშვებს საკმარისად არ აქვთ განვითარებული აბსტრაქტული აზროვნება, რომ ნანახი კადრები გააანალიზონ და რეალობას შეადარონ. ისინი პირდაპირ ისრუტავენ მიწოდებულ ინფორმაციას.

მიუხედავად იმისა, რომ მედიაძალადობა ბავშვების აგრესიის ზრდის მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია, მისი შემცირება და თავიდან აცილებაც კი სხვა ფაქტორებზე იოლად შეუძლიათ მშობლებს.

რჩევები მშობლებს:

  • შეუზღუდეთ ბავშვებს ტელევიზორის ყურების დრო დღეში 1-2 საათამდე, ასაკის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ აშშ პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა საერთოდ არ უნდა უყურონ ტელევიზორს. ასევე, გახსოვდეთ, რომ გადაცემების შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხანგრძლივობა.
  • წინასწარ გადაავლეთ თვალი იმ გადაცემებს და ფილმებს, რომელთა ყურებაც სურთ თქვენს შვილებს და მიიღეთ ინფორმირებული გადაწყვეტილება. სადღეღამისო საბავშვო არხებზე განუსაზღვრელი წვდომის ნაცვლად ბავშვებს შეურჩიეთ სასარგებლო გადაცემები.
  • გულწრფელად ესაუბრეთ შვილებს ნებისმიერ ძალადობრივ კადრზე, რომელიც მათი მხედველობის არეში მოხვდა. დარწმუნდით, რომ ისინი ხვდებიან განსხვავებას რეალობასა და ფანტაზიას შორის. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რამდენ პრობლემას წარმოშობს ნებისმიერი ძალადობა, მაშინაც კი, თუ მედიაში ის ნაჩვენებია როგორც პრობლემის გადაწყვეტის მისაღები გზა.
  • წაახალისეთ ბავშვები, უყურონ სოციალური უნარების განვითარებისა და განათლებისთვის სასარგებლო გადაცემებს. შეურჩიეთ მათი ინტერესების შესაბამისი არაძალადობრივი გადაცემები.
  • გამორთეთ ტელევიზორი. უპოვეთ შვილებს უფრო სასარგებლო გასართობი. შეაყვარეთ წიგნების კითხვა, წააქეზეთ სპორტული აქტივობებისკენ, მიეცით სხვადასხვა კლუბში ჩართვის შესაძლებლობა ან ეთამაშეთ სამაგიდო თამაშები.
  • რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. ასწავლეთ მათ პრობლემებისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით და ეფექტური კომუნიკაციით მოგვარება. კვლევები მოწმობს, რომ ბავშვები, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ მშობლებთან, დარწმუნებულნი არიან მათ სიყვარულში და დაცულობის განცდა აქვთ, გაცილებით ნაკლებად განიცდიან მედიაძალადობის ნეგატიურ გავლენას, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც თავს იზოლირებულად და უგულებელყოფილად გრძნობენ.
  • ნუ დააკისრებთ ტელევიზორს ძიძის როლს. ბევრი მშობელი იყენებს ტელევიზორს ჩვილის ერთ ადგილას გასაჩერებლად, რომ სადილობაში, სახლის დალაგებაში ან სამსახურის საქმეების დასრულებაში ხელი არ შეეშალოს, მაგრამ სწორედ ამ დროს ეჩვევიან ბავშვები ტელევიზორს ყველაზე იოლად და ამ ასაკში ყველაზე ღრმა და სახიფათო გავლენას ახდენს მათზე მედიაძალადობა.
  • ცნობილია, რომ ბავშვები თავისდაუნებურად ბაძავენ მშობლებს. დააკვირდით, თავად რა მაგალითს აძლევთ შვილებს. თუ სახლში ტელევიზორი მუდმივად ჩართულია, თქვენი შვილებიც უფრო ხშირად და იოლად აღმოჩნდებიან მედიაძალადობის გავლენის ქვეშ.

ბარბარა ფრაზიერი, ფსიქოლოგი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი