პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როლური თამაში მათემატიკის სწავლებისას

გასაკვირი არ არის, რომ ბავშვებს თამაში განსაკუთრებით უყვართ.ამ დროს ისინი ითვისებენ სასიცოცხლოდ აუცილებელ უნარებსა და ჩვევებს, იმდიდრებენ სოციალურ წარმოდგენებს, უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები. დაწყებით კლასებში მათემატიკის საკითხების სწავლებისას დიდი მნიშვნელობა აქვს როლური თამაშების გამოყენებას. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. გთავაზობთ აქტივობებს,რომელშიც ჩანს, როგორ შეიძლება როლური თამაშით ლამაზად შეინიღბოს რთული მასალა.

      მიზანი  – სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება,მათემატიკის მიმართ სიყვარულის გაძლიერება, შემოქმედებითი უნარების განვითარება.

როლური თამაში

თემა – მარტივი რიცხვები

მოსწავლეებს ვუხსნი –  რა არის მარტივი და შედგენილი რიცხვი და ვიწყებთ მათ განხილვას ციფრების საშუალებით. ვეუბნები, რომ ვითომ ისინი არიან ციფრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ერთ მშვენიერ დღეს ,,ჩხუბი“ მოუვიდათ ვინ უკეთესია… გავანაწილოთ როლები და მათ მიერ სათქმელი სიტყვები. კინკლაობას იწყებს გურული, რომელიც ესალმება სხვებს.

გურული შვიდიანი – კაი გამარჯობა თქვენი, მე ვარ გურული ციფრი შვიდი, მარტივი ვარ, ორი გამყოფი მაქვს, ყველგან მე ვარ. მაგალითად: ცისარტყელა შვიდი ფერისგან შედგება. რეიზა არ შეიძლება ახლა რვა ფერისგან შედგებოდეს? სამყარო სავსეა ნაირ-ნაირი ფერებით ან და ფიფქია და რვა ჯუჯა რომ ყოფილიყო ვითომ რა უჭირდა? მერვე სახელი ვერ მეიგონენ თუ რა? ახლა ჩემი შვიდი ნოტის გარეშე რომელი მუსიკა დაწერილა? მოკლედ ვინცხა ვარ, მაგარი კაი ვინმე ვარ და არ მიწყინოს ნულმა, მარა, კიდე კაი, ნული რომ არ ვარ ღარიბი და თლა წაქცეული, თვარა ყველა გამაგდებდა სახლიდან. კაი ახლა აღარ შეგაწყენთ თავს ჩემი ლაზღანდარაობით, წევეი მე, წევეი.

ვნახოთ რას უპასუხებს მას ნული, ანუ ქუთაისელი წრიპოიე.

        ქუთაისელი ნული – ბუჯო, ახლა კი ვარ წრიპოიე, მარა არ ვარ კრიჯანგი კაცი და იმიზა მიძახიან წრიპოიას. რაც მქონდა ბუჯო, გაჭირვებულ ხალხს ჩამუურიგე და ახლა ქი ვარ ცარიელ ტარიელი და არაფრის მქონე. ახლა მაი შვიდიანი რომ დეეყუდა და მებლატავება, ვინაა ახლა მაგის საბლატაო? არ ვარ მე მარტივი კაცი, არც ნატურალური ვარ და ცოტა მომერიდოს ხომ შეიძლება?

ჩხუბის შესახებ შეიტყო  ცხრიანმა აჭარიდან და მოვიდა გასაშველებლად.

       აჭარელი ცხრიანი – აგართვით სალამიი, მე გახლავართ ღრმად პატივცემული ცხრიანი აჭარიდან, აქზე რომ მოვდიოდი ცხრაი მთაი გემევიარე, ცხრაი ზღვაი გადმოვცურე,ცხრა წყარო დავლიე, აქზე ცხრათვალა მზემ დამწვა და მოლანდებები დემეწყო, მომელანდა ცხრათავიანი დევი და ცხრა პირი ტყავი ავართვი, მეცხრე თავს რომ ვჭრიდი, აი ორი ყაძახი დევინახე მოჩხუბარი. მოვედი ახლა, მარა ისედაც არ ვარ ჭოვ, მარტივი კაცი და დაღლილზე არ შემიძლია ახლა ამგენის გაშველება და დავძახებ რაჭველს.

 

ამ დროს გასაშველებლად მოდის რაჭველი

      რაჭველი ერთიანი – მოგესალმებით, ქვე შენი ჭირიმე,მე ვარ დოუხურდავებელი კაცი ერთი. რა გაგიკვირდათ? დოუხურდავებელი ვარ აბა რაი? ყველა რიცხვის გამყოფი ვარ და აბა ერთი ჩემი გაყოფა სცადოს ვინმე ბოშუნამ. ნეტა ჩემსავით დოუხურდავებელი იყოს ჩვენი სამშობლო. მე თვლის საწყისი ვარ და დინჯი კაცი ვარ, არც მარტივი ვარ და არც შედგენილი. რაჭველის ადრე გაკეთებული საქმე ჯერ არ მინახავს და დავუძახოთ ქვე შენი ჭირიმე თბილისელს.

მოვიდა თბილისელი

       თბილისელი სამიანი – მოგესალმებით ტო, ამ ორმა როგორ შემაწყინა თავი, რა აქვთ ახლა ამათ საჩხუბარი, ორივე რაიონიდან არის ჩამოსული. მეც კარგი რიცხვი ვარ მარტივი, საკმაოდ მოწესრიგებული და აქტიური ტყუპი და-ძმა მყავს, ორიანი და ხუთიანი, ორივე მარტივია და ჩემს მეზობლად ცხოვრობენ, ანუ მხოლოდ ორი გამყოფი გვაქვს.

ამ დროს მოვარდება მეგრელი

მეგრელი ექვსიანი – გომორძგუა, მე ერთი მეგრელი ციფრი ვარ, ვინაა ახლა მაგი თავხედი და უზრდელი ციფრები ჩემს თვალწინ თავის ქება რო გაუბედია. მე ექვსიანი ვარ, არ იცით მეგრელები ამშვი რიცხვს სრულყოფილს რომ ეძახიან? ამშვი საკუთარი გამყოფთა ჯამის ტოლია, აბა ერთი დამენახეთ, რომელი ხართ ციფრებს შორის სრულყოფილი? ართი არც მარტივია და არც შედგენილი, ჟირი, სუმი, ხუთი, შქვითი მარტივები არიან სრულყოფილი კი მარტო მე ვარ.

ამ დროს მკაცრი სახით მოდის ორი ციფრი- სვანი ოთხიანი და მთიული რვიანი

სვანი ოთხიანი – სხვებს რატომ ჰგონიათ ჩვენზე უკეთესები არიან?წყვილი ვართ. არ ვართ მარტივი ხალხი მთიდან მოვსულვართ და დაგვეჯერება.

      მთიული რვიანი – მე ძალიან ლამაზი, წელში გამოყვანილი რიცხვი ვარ. რუსულად ВОСЕМ მქვია,ი ნგლისურად-EIT  და გერმანულად -AXT, ჰოდა, ახლა ავხტები და დავხტები და მანდილს ჩავაგდებ და მორჩეს ამბავი.

      თუ ჩვენ ამ როლური თამაშის საკლუბო დონეზე მომზადება გვინდა, დავამატოთ თითოეული ციფრის ან კუთხის სახასიათო ელემენტი.

მაგალითად:

მეგრელმა ექვსიანმა მოიყვანოს   მეგრელები და შესრულდეს მეგრული სიმღერა,

აჭარელმა ცხრიანმა ბოლოში დაამატოს: ჩემი ბიჭები და გოგოები კი არიან მზისგან დატოკვილი, მარა, ერთი კაი აჭარულს მაინც გაჩვენებთ და თქვენ აქზე კი შეამოწმეთ, რვაია იგი თვლაი თუ ცხრაი. ასევე ქართული ფოლკლორიდან აჭარის სხვა წარმომადგენლებმა განიხილონ ლექსები ცხრიანის გამოყენებით, ასეთი უამრავია. ასევე, ანდაზები ცხრიანის გამოყენებით. ასეთებიც ბევრია, რადგან ადამიანს ცხრა ადრე ყველაზე დიდი ეგონა და ეს ფაქტი ქართულმა ფოლკლორმა შემოინახა.

გურულმა შვიდიანმა ბოლოს თქვას ჩემი შვიდი ნოტი მევიდეს აქანაო და რომელიმე სიმღერა შესრულდეს ნოტებზე  ან შესრულდეს გურულების ცეკვა ფარცა, ისაუბროს მსოფლიოს შვიდ საოცრებაზე.

სვანმა ოთხიანმა შეასრულოს სვანური ცეკვა, რაჭველმა რაჭული, მთიულმა მთიულური.

ამის შემდეგ მათ არასოდეს დაავიწყდებათ, რომელი ციფრი როგორია და ადვილად შეძლებენ დანარჩენების სწავლას. შეექმნებათ დადებითი განწყობა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი