შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
25 ოქტომბერი, შაბათი, 2025

სკოლის პირველი დღე: როგორ შევქმნათ მეგობრული და უსაფრთხო გარემო

სკოლის პირველი დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით, მღელვარებითა და ახალი გამოწვევებით.

მასწავლებლისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, შექმნას ისეთი გარემო, სადაც ბავშვები თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობენ.

სწორედ მასწავლებლებზეა დამოკიდებული, როგორ გაატარებენ ბავშვები სწავლის პირველ დღეებს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კლასის მართვა, არამედ აქტიური სოციალური ურთიერთობების წახალისება, პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელიც აძლიერებს თანამშრომლობისა და ურთიერთობის უნარებს; ეხმარება ბავშვებს, უკეთ შეეგუონ ახალ გარემოს და სიღრმისეულად გაიცნონ ერთმანეთი.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ინოვაციურ და სახალისო აქტივობას, რომლებიც დაგეხმარებათ, შექმნათ პოზიტიური ატმოსფერო, რათა ბავშვებმა ერთმანეთის მიმართ თანადგომა და მხარდაჭერა იგრძნონ.

  1. „საიდუმლო ყუთი“

რა არის „საიდუმლო ყუთი“?

„საიდუმლო ყუთი“ არის სახალისო და ინტერაქციული აქტივობა, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეთა შორის მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ეს აქტივობა ეხმარება ბავშვებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, გამოავლინონ ინტერესები და გრძნობები, რაც ამყარებს მათ შორის ნდობასა და პოზიტიურ დამოკიდებულებას.

საჭირო მასალები:

  • საიდუმლო ყუთი – ლამაზად გაფორმებული ყუთი;
  • ფურცლები: თეთრი ან ფერადი ფურცლები, სადაც მოსწავლეები დაწერენ ან დახატავენ თავიანთ საიდუმლოებებს;
  • ფერადი ფანქრები და მარკერები.

აქტივობის ჩატარება:

აიღეთ მყარი, საშუალო ზომის ყუთი და დაამშვენეთ ის ფერადი ქაღალდებით, სტიკერებით, ან ბავშვების ნახატებით. ყუთის თავზე შეიძლება დავაწეროთ: საიდუმლო ყუთი ან საზაფხულო საიდუმლოებები.

შეგიძლიათ, ის მოსწავლეებთან ერთადაც დაამზადოთ, რაც უფრო მეტ ინტერესსა და ხალისს გამოიწვევს.

ყუთში გააკეთეთ პატარა ხვრელი/ადგილი, სადაც ბავშვები შეძლებენ ფურცლების ჩაგდებას ისე, რომ მათი ჩანაწერები დანარჩენებმა არ დაინახონ.

პირველივე დღეს, როგორც კი მოსწავლეები კლასში შემოვლენ, ვუამბოთ მათ „საიდუმლო ყუთის“ შესახებ. რომ ეს ყუთი განსაკუთრებულია, რომ მასში მხოლოდ ისეთი საიდუმლოებები ინახება, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებასა და სიხარულს მოუტანს. ეს შეიძლება იყოს მათი ზაფხულის საიდუმლოებები, ოცნებები ან რაიმე განსაკუთრებულის გაზიარება.

დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად (შესაძლებელია, ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდეს პირობის გააზრება, თუ რა უნდა დაწეროს/დახატოს) შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ კითხვები ან მაგალითები, რომლებიც მოსწავლეებს გაუმარტივებს აქტივობის შესრულებას.

ბავშვებს ასევე ვეუბნებით, რომ რასაც ყუთში ჩადებენ, იქნება პირადი და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება და წაიკითხავენ კლასის წინაშე, თუკი მათი სურვილი და მზაობა იქნება.

მივყვეთ ნაბიჯებად:

  • ფურცლების მომზადება: თითოეულ ბავშვს მივცეთ თეთრი ან ფერადი ფურცლები /სტიკერები. ვთხოვოთ, რომ დაწერონ ან დახატონ რამე, რაც ზაფხულში განსაკუთრებულად მოეწონათ, ახალი უნარები, რომლებიც შეიძინეს; ან საიდუმლო, რომელიც უნდათ, რომ გაგვანდონ.
  • ყუთში ჩანაწერების ჩაშვება – როდესაც მოსწავლეები დაასრულებენ, სთხოვეთ მათ, რომ ფურცლები დაკეცონ და „საიდუმლო ყუთში“ ჩადონ. ვეცადოთ, ყველა ბავშვმა მიიღოს მონაწილეობა, რადგან არჩევანის საშუალება ნამდვილად აქვთ (წერით ან ნახატით).
  • ყუთის გახსნა და გაზიარება – შეგიძლიათ გარკვეული დროის შემდეგ (მაგალითად, დღის ბოლოს ან კვირის ბოლოს), თუ მოსწავლეები მზად არიან, გახსნათ ყუთი და შემთხვევითობის პრინციპით, ამოიღოთ ერთი საიდუმლო და განიხილოთ. თუკი ავტორი იცნობს საკუთარ ჩანაწერს და სურვილი ექნება, შეუძლია თქვას, რომ წერილი თავისია.

ეს პროცესი დაეხმარება ბავშვებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაში და ნდობის ჩამოყალიბებაში.

  • შეგიძლიათ, ბავშვებს მისცეთ არჩევანი – სურთ თუ არა თავიანთი საიდუმლოებების საჯაროდ გაზიარება. თუ რომელიმე ბავშვი სურვილს გამოთქვამს, მას შეუძლია თავისი ნაწერი წაუკითხოს თანაკლასელებს. თუ მოსწავლეები არ არიან მზად, რომ საიდუმლოებები საჯარო გახადონ, შეგიძლიათ მათი საიდუმლოებები ანონიმურად შეინახოთ და გახსნათ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი მზად იქნებიან.
  • პრიზები /წამახალისებელი სტიმულები – შეგიძლიათ შექმნათ წახალისების სისტემა, სადაც თითოეულ ბავშვს, ვინც თავის საიდუმლოს გააზიარებს, მისცემთ პატარა პრიზს, მაგალითად, სტიკერს, მცირე სათამაშოს ან კიდევ რამე სიმბოლურ საჩუქარს.

აქტივობის ბოლოს, განიხილეთ, როგორ იგრძნეს თავი ბავშვებმა ამ აქტივობის დროს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებს ასწავლოთ საკუთარი გრძნობების გამოხატვა და გაზიარება.

შეკითხვები რეფლექსიისთვის:

  1. საიდუმლოებებისა და ემოციების შესახებ:
    • როგორ გრძნობდი თავს, როცა შენი საიდუმლო ყუთში ჩადე?
    • იყო თუ არა რთული შენი საიდუმლოს გაზიარება? რატომ?
    • გქონდა თუ არა მოლოდინი, რომ შენ მიერ გაზიარებული საიდუმლოთი ვინმე დაინტერესდებოდა?
    • შეძლებდი თუ არა, რომ ვინმესთან პირადად გაგეზიარებინა ეს საიდუმლო?
    • რა იყო შენთვის ყველაზე საინტერესო ამ აქტივობაში?
    • დაგეხმარა თუ არა ეს აქტივობა კლასელების უკეთ გაცნობაში?
  1. თავის აღმოჩენა:
    • რა გაიგე საკუთარი თავის შესახებ ამ აქტივობის დროს?
    • იყო თუ არა რამე ისეთი, რაც დაგეხმარა უკეთ გაგეგო შენი ინტერესები და გრძნობები?
    • რა ისწავლე სხვებისგან ამ აქტივობის დროს?
  2. აქტივობის შეფასება:
    • რას შეცვლიდი ამ აქტივობაში, თუ შესაძლებლობა გექნებოდა?
    • როგორი გრძნობა დაგრჩა მას შემდეგ, რაც აქტივობა დასრულდა?
    • გინდა მომავალში მსგავსი აქტივობების გაკეთება?

საიდუმლო ყუთი“ დარჩება კლასში მთელი წლის განმავლობაში და ნებისმიერ დროს, როცა მოსწავლეებს კიდევ რამე საიდუმლოს გაზიარება მოუნდებათ, შეუძლიათ გამოიყენონ ის, მაგალითად, თვეში ერთხელ ან ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ. ბავშვები შეძლებენ ჩააგდონ ახალი ფურცლები, სადაც აღწერენ თავიანთ ახალ მიღწევებს, ოცნებებს ან ემოციებს.

ყოველი აქტივობის ბოლოს შეგიძლიათ, შეარჩიოთ რამდენიმე საყვარელი მომენტი, რომლებიც ყუთში იყო ჩანაწერების სახით და ერთად განიხილოთ.

  1. ზაფხულის შთაბეჭდილებების დაფა

შეგიძლიათ ეს შაბლონები ამობეჭდოთ, ფლიპჩარტზე ან ფორმატზე დააწებოთ. ან ინდივიდუალურად დაბეჭდოთ, დაურიგოთ ბავშვებს, ისინი კი თავიანთ ბრჭყვიალა შთაბეჭდილებებს ჩახატავენ ან ჩაწერენ. საინტერესო ადგილებზე გადაღებულ ფოტოებს ჩააკრავენ და თანაკლასელებს გაუზიარებენ.

  1. ,,საოცრებათა ხიდი“

ბავშვებში მეგობრობის, განსხვავებულობის მიღებისა და ერთმანეთის უნიკალურობის აღნიშვნის წახალისებისთვის სახალისო აქტივობა.

საჭირო მასალები:

  • სხვადასხვა ფერის პატარა ბარათები/წებოვანი სტიკერები (ფერები შეგიძლიათ ბავშვების გემოვნებით აირჩიოთ)
  • წებო
  • ფლომასტერები ან ფანქრები ფერადი წარწერების გასაკეთებლად
  • ფორმატი ან ფლიპჩარტი, რომელზეც ხიდის ფორმას დაახატავთ, ისე, რომ მთელმა კლასმა დაინახოს

აქტივობის პროცესი:

  1. ფორმატზე ან ფლიპჩარტზე დახატეთ დიდი ხიდი. ხიდის ორივე მხარეს დატოვეთ ადგილი, სადაც ბავშვები სტიკერებს მიაკრავენ.
  2. აუხსენით ბავშვებს, რომ დღეს ისინი ერთად ააშენებენ „საოცრებათა ხიდს“, რომელიც აჩვენებს, რამდენად განსაკუთრებული არიან ისინი და როგორ შეუძლიათ ერთად ძლიერი და უკეთესი კლასის შექმნა.

შეგიძლიათ, გააკეთოთ აქტივობის მოდელირება, ჯერ თქვენ დაწეროთ რაიმე მნიშვნელოვანი თქვენ შესახებ და მიაკრათ ხიდის რომელიმე მხარეს.

  1. ბავშვებს დაურიგეთ ბარათები/სტიკერები და სთხოვეთ, დაწერონ რამე „საოცრება“, რაც მათშია (ეს შეიძლება იყოს კარგი საქმე, უნიკალური ნიჭი, კარგი თვისება, ან რამე საინტერესო ფაქტი მათზე). ბარათი უნდა იყოს ანონიმური. ეს დაეხმარება ბავშვებს, რომ უფრო თავისუფლად და გულწრფელად გამოხატონ თავიანთი უნიკალურობა.
  2. ბავშვები სათითაოდ გამოდიან და თავიანთ ბარათებს ხიდის თაღზე აკრავენ.
  3. როდესაც ყველა დაასრულებს ბარათების დამაგრებას, მასწავლებელი იწყებს ბარათების კითხვას. ბავშვები ცდილობენ, გამოიცნონ, ვის ეკუთვნის ეს ,,საოცრება“. თუ ვერ ამოიცნეს, შეგიძლიათ სთხოვოთ ბარათის ავტორს, სურვილის შემთხვევაში, გაიღიმოს ან ხელს ასწიოს.
  4. ბავშვებთან ერთად განიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის პატივისცემა, უნიკალურობის აღიარება და მეგობრობა. თითოეული „საოცრება“ ამ ხიდზე აერთიანებს კლასს და აჩვენებს, როგორ შეუძლია თითოეულ ბავშვს, წვლილი შეიტანოს საერთო წარმატებაში.

შეკითხვები რეფლექსიისთვის:

– რა საოცრებები აღმოვაჩინეთ დღეს ერთმანეთზე?

– როგორ გვახალისებს და გვაერთიანებს განსხვავებულობა?

– როგორ შეგვიძლია მომავალში დავეხმაროთ ერთმანეთს, უკეთ გამოვავლინოთ ჩვენი უნიკალურობა?

ეს აქტივობა დაეხმარება ბავშვებს, ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და გაერთიანებაში.

როგორც ,,საიდუმლო ყუთი“, ასევე ,,შთაბეჭდილებების დაფა“ და ,,საოცრებათა ხიდიც“ შეგიძლიათ, შეინახოთ მთელი წლის განმავლობაში, როგორც მუდმივი შეხსენება ბავშვების უნიკალურობისა და ერთიანობისა.

სკოლის პირველი დღე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის, და მსგავსი აქტივობები ამ პროცესს უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. ეს აქტივობა ხელს უწყობს არა მხოლოდ მოსწავლეთა დაახლოებას, მეგობრული ატმოსფეროს შექმნასა და თითოეულის უნიკალურობის აღნიშვნას, არამედ მათი ემოციური ინტელექტის განვითარებასაც.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“