პერსონაჟები მიხეილ ჯავახიშვილის წინააღმდეგ

მსოფლიო ლიტერატურა არაერთ “თავნება პერსონაჟს” იცნობს, ქაღალდის სამყაროს რომ გამოარღვევს და რეალობაში შემოდის. ქართულ სინამდვილეში ამგვარ პერსონაჟებს გივი მარგველაშვილის შემოქმედებაში ვხვდებით. იტალიელი ლუიჯი პირანდელოს ტრაგედიაშიც “ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი” სცენაზე პერსონაჟები შემოიჭრებიან და აქვთ უფრო მეტი რეალურობის პრეტენზია, ვიდრე მსახიობებს, რომელთაც ეს პერსონაჟები უნდა განასახიერონ. პირანდელოს თვალსაზრისით, პერსონაჟი შექმნისთანავე იძენს დამოუკიდებლობას და ის, შემდეგ, მკითხველთან ურთიერთობისას, შეიძლება ისეთ ხასიათსაც გამოავლენს, რაგვარიც ავტორს არც კი დასიზმრებია.

როსტომ ჩხეიძე თავის ახალ პიესაში “ბედი-მდევარი” (მონტაჟი ორ მოქმედებად და ათ სურათად დაუწერელი მოთხრობის ტრაგედიაზე) მიხეილ ჯავახიშვილის სახეს აცოცხლებს. ამგვარი განზრახვა ავტორისგან სითამამესა და თავდაჯერებულობას მოითხოვს, რადგან მკითხველის წარმოსახვაში არსებული მწერლის ხატი ერთგვარი ხელშეუხებლობის შარავანდედითაა მოცული. მართალია, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში კვარცხლბეკიდან ჩამოხსნეს ავტორიტეტები, ღირებულებათა იერარქია შეცვალეს, ესთეტიკას  ეთიკა გამოაცალეს, მაგრამ კლასიკურ ლიტერატურაზე გაწვრთნილი მკითხველი ზნეობრივი ფასეულობების ამოყირავებას მაინც ვერ შეაგუეს. როსტომ ჩხეიძე ხშირად იყენებს პოსტმოდერნისტულ სტრატეგიებს, განსაკუთრებით, მონტაჟისა თუ დემონტაჟის ტექნიკას, ციტაციას, ორმაგ კოდირებას, მეტანარატივს და სხვ.  მის პიესებში უხვადაა ციტატები მწერალთა შემოქმედებიდან, მემუარებიდან თუ სხვა ტიპის მასალებიდან. ეს ყოველივე მას მხოლოდ სათქმელის ფორმალური მხარის ასაგებად სჭირდება, ზნეობრივ ღირებულებებს ის არასოდეს აყენებს ეჭვქვეშ. ასეა ამჯერადაც. როსტომ ჩხეიძის რომანტიკული სულისკვეთება მის ყოველ დაწერილ ტექსტში და ამ პიესაშიც ირეკლება. ის მეოცნებეა თავისი ბუნებით და ამიტომაც იოლად ურთიერთობს არამატერიალურ განზომილებებთან, რომლებითაც სავსეა ჩვენი სამყარო, ოღონდ მათ შესაგრძნობად სხვა თვალი და ყურია საჭირო. ის გატაცებით წერს, გამუდმებით ეძიებს გამოთქმის ფორმასა და საშუალებას, რათა ნაფიქრი მკითხველამდე მიიტანოს. მან მოსინჯა თითქმის ყველა ჟანრი, მათ შორის, პიესაც და რამდენიმე შესანიშნავი ნიმუში შექმნა. მისი დრამატურგიული ოსტატობა განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, როდესაც დაწერილი რადიოსა თუ თეატრის სცენაზე განხორციელდა. გურამ რჩეულიშვილი წერდა: „ჩემი აზრით, პიესა არ არის სავალდებულო, რომ დაიდგას, უნდა იკითხონ, როგორც რომანი, ამიტომ ისევე უნდა წერო“ („ჩანაწერები“).  მას ამის თქმის საშუალებას აძლევდა სოფოკლეს, ევრიპიდეს, შექსპირის, იბსენის, ბრეხტის და სხვა დრამატურგთა ნაწერები, რომლებიც რომანებივითაც იკითხება, თუმცა სცენაზე გაცოცხლებულს სხვა ხიბლი აქვთ. როსტომ ჩხეიძის პიესებიც _ კარგია საკითხავადაც და დადგმულიც.

ცნობილი პიროვნებების პერსონაჟებად გადაქცევა როსტომ ჩხეიძის სტიქიაა, ამას მოწმობს მისი მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის რომანები და პიესები, რომელთა გმირები საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწენი, მწერლები, რეჟისორები, მსახიობები არიან. ისინი _ ახლო თუ შორეული წარსულის, რეალურ დროსივრცულ არეალში მცხოვრები ადამიანები, ასეთი ნაცნობნი და თანვე უცნობნი, მის მრავალფეროვან შემოქმედებაში ახალ სიცოცხლეს იძენენ და შთამბეჭდავ სახეებად იჭრებიან მკითხველის წარმოსახვაში. მათი ხელახალი აღორძინებისთვის ავტორი იყენებს  მხატვრული სიტყვის ჯადოსა და მაგიას, რომელთა საშუალებითაც გარდასულ ადამიანთა ფიქრი, ოცნება, სიყვარული, სიძულვილი და სხვა ათასგვარი ვნება, ლტოლვა, მიზანი, გატაცება და სურვილი მკითხველისთვის საოცრად ახლობელი და შესაგრძნობი ხდება. ალექსანდრე ორბელიანი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, სოლომონ დოდაშვილი, ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ყაზბეგი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, პავლე ინგოროყვა, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯორჯაძე, ზურაბ ანტონოვი, გიორგი შატბერაშვილი, ოთარ ჩხეიძე, გრიგოლ აბაშიძე, სანდრო ახმეტელი, უშანგი ჩხეიძე და კიდევ სხვა მრავალი ადამიანი, რომელთაც ჩვენი პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების სახე, რიტმი და ენერგია შექმნეს, მისი რომანებისა და პიესების პერსონაჟებად იქცნენ და ამ გზითაც შეგვახსენეს წარსულის ხსოვნის, გააზრების, მასთან დიალოგის მნიშვნელობა და აუცილებლობა.  იცვლებიან თაობები, მაგრამ “ქვეყანა იგი ჰგიეს უკუნისამდე”. “ამოდის და ჩადის მზე”, როგორც `ეკლესიასტეშია~ და ყოველი თაობა თავის ხმასა და კვალს ტოვებს უკიდეგანო სივრცეებში, დროდადრო ხსოვნის სახით რომ შემოიჭრებიან. ამ ხმებს აღარ სჭირდებათ წარმომთქმელის ენა და ბაგეები: “ხმა თან ვერ წაიტანს ენას და ბაგეებს, რომელთაც ფრთა შეასხეს მას. ხმა მარტო უნდა გაიჭრას ეთერში” (ჯიბრან ხალილ ჯიბრანი “წინასწარმეტყველი”).

როსტომ ჩხეიძეს პიესა-მონტაჟის გამოცდილებაც აქვს, ვგულისხმობთ, ფორმის თვალსაზრისით, ამავე ტიპის პიესას “ლეგენდა ისკანდერისა” (მონტაჟი ორ მოქმედებად და ათ სურათად დაუწერელი პიესის ტრაგედიაზე), რომელშიც სანდრო ახმეტელისა და კოტე მარჯანიშვილის თეატრი წარმოჩნდება, როგორც საპროტესტო ძალა, რომელიც ცდილობს ეროვნული სულისკვეთება გააცოცხლოს და დიქტატორულ რეჟიმს ამგვარად დაუპირისპირდეს. ამ პიესაში ავტორი ეყრდნობა ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ნიკოლოზ ბარათაშვილის “მერანი” ეძღვნება დაუმორჩილებელ ალექსანდრე ბატონიშვილს. იგივე, მთაში ლეგენდად ქცეულ ისკანდერს, რომელიც მფრინავი რაშით ხალხს სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლად ევლინებოდა. პიესაში გაცოცხლებულია მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლები, რეპრესიების ხანა. იგივე ეპოქა, ოღონდ სხვა რაკურსით,  “ბედი-მდევარშიც” წარმოჩნდება.

მიხეილ ჯავახიშვილი ამ ახალ პიესაში შემოდის, როგორც მწერალი, რომელმაც იცის, რას და რატომ ქმნის. ქართულ ლიტერატურაში ამ მწერლის პერსონაჟად შემოყვანის ერთი წარმატებული მცდელობა გვახსენდება, ეს არის ლაშა იმედაშვილის მოთხრობა “მიხეილ ჯავახიშვილი” (`ბიოგრაფიების~ ციკლიდან), რომელშიც ჯავახიშვილი თავის ავტობიოგრაფიას წერს. იმ მოთხრობაში ერთი ასეთი მრავალმნიშვნელოვანი ეპიზოდიცაა: მიხეილ ჯავახიშვილი გამომძიებელს საგანგებოდ შენახულ ტყვიას მიუტანს  და ეტყვის: “ეს ის ტყვიაა, რომლითაც თქვენიანებმა ილია ჭავჭავაძე მოჰკლეს. მინდა, რომ ჩემზეც ეს ტყვია გამოიყენოთ”. თუმცა ამ ამაღლებულობას გამომძიებელი მიწაზე დაანარცხებს: “ამ ტყვიას მხოლოდ ჭიანჭველის გასასრესად თუ გამოიყენებ”.

როსტომ ჩხეიძის პიესაში მიხეილ ჯავახიშვილი, ერთდროულად, რეალურ და თავისი შემოქმედების პერსონაჟთა გარემოცვაში წარმოჩნდება, ეს მისი სახის დასახატავად სრულიად განსხვავებული,  მარჯვე და გონებამახვილური ხერხია. ავტორისთვის ამგვარი “წარმოსახვის” იმპულსად იქცა მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ის აპირებდა დაეწერა მოთხრობა თემაზე: “ჩემი სტუმრები _ ჩემი გმირები მოდიან (ჯაყო, თეიმურაზი, კვაჭი) და გასამართლებას მიპირებენ”.  როსტომ ჩხეიძეს მიხეილ ჯავახიშვილის კიდევ ერთი ასეთი “დაუწერელი თემა” _ “შავი ჩოხა” _ ქაქუცა ჩოლოყაშვილზე ბიოგრაფიულ რომანად უკვე ექცია, ამტომაც ასე თამამად მოკიდა ხელი ამასაც და შეძლო თავისებურ მხატვრულ რეალობად გარდაესახა.

როგორ იქცევიან, როსტომ ჩხეიძის პიესის მიხედვით, მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებაში შემოჭრილი მისივე რომანებისა და მოთხრობების (“ჯაყოს ხიზნები”, “კვაჭი კვაჭანტირაძე”, “ლამბალო და ყაშა”, “დამპატიჟე”) პერსონაჟები? ისინი, ყველანი _ ჯაყო ჯივაშვილი, თეიმურაზ ხევისთავი, ნახუცარი ივანე, მარგო ყაფლანიშვილი, კვაჭი კვაჭანტირაძე, ყაშა ლაზარე, დამპატიჟე _  ინარჩუნებენ  ხასიათის იმ თავისებურებებს, რომლებიც ავტორმა მისცა. ამ თვალსაზრისით, ნაცნობნი არიან, თუმცა უცნობ გარემოში იხატებიან, რაც მათი ხასიათის ახალ თვისებებსაც ავლენს.

ავტორმა პიესის სათაურად  მიხეილ  ჯავახიშვილის საყვარელი და გამორჩეული სახე-სიმბოლო შეარჩია _ ბედი-მდევარი, რომლის სამართალს ვერავინ გადაურჩება. როსტომ ჩხეიძე ამ პიესაში იყენებს კლასიკურ დრამატურგიულ სტრატეგიებს, რათა მკითხველი შეძრას და მისი კათარზისი გამოიწვიოს, რაც არისტოტელეს ტრაგედიის მთავარ მიზანდასახულებად მიაჩნდა. მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება ისედაც ტრაგედიაა, სავსე ტანჯვითა და სისხლით.  თუმცა პიესაში, ამას გარდა,  სხვა ინტრიგაცაა _ პერსონაჟთა შურისძიება. პიესაში ერთდროულად იჭრებიან ისტორიული და გამოგონილი გმირები, ეს მწერალს ეხმარება სულიერ-მატერიალური სამყაროები განუყოფლად დაგვიხატოს.

პიესის ცენტრალური ფიგურა მიხეილ ჯავახიშვილია, მისი ქცევა, მეტყველება, მანერა სრულიად შეესაბამება ჩვენს წარმოსახვაში მისივე რეალური ცხოვრებითა და ნაწერებით შექმნილ ხატს, მაგრამ ახალია ის, რის შესახებაც მან ვერ მოასწო დაეწერა, თავისსავე პერსონაჟებთან ურთიერთობა. ეს პერსონაჟები კონკრეტული ეპოქის შვილები, თანვე ზოგადსაკაცობრიონი არიან. მსგავსი ტიპები ნებისმიერ დროსა და სივრცეში შეიძლება შეგხვდნენ.  ეს ზოგადობა მათ ისევე არ ვნებს, როგორც სერვანტესის, დოსტოევსკის,  მოპასანის, ფლობერის თუ სხვა მსოფლიოში აღიარებულ შემოქმედთა  პერსონაჟებს.

პიესაში ჯავახიშვილიც საინტერესო პერსონაჟად იქცა. მას განსხვავებულ ეპიზოდებში გვიხატავს ავტორი, რათა მისი შინაგანი სამყარო, ფსიქოლოგიური ნიუანსები კარგად გამოკვეთოს. ისიც სათქმელია, როგორც ბორხესი წერს, ჩვენც, ყველანი, უჩინარი ავტორის მიერ შექმნილი წიგნის გმირები ვართ და სანამ ვცოცხლობთ, ვიღაც გვწერს. ხანდახან კი პერსონაჟის თავნებობა წინასწარ ჩანაფიქრს ცვლის და იქმნება თავგადასავლები, რომლებშიც  თვითონ გმირები, რეალური თუ წარმოსახულნი, იხლართებიან და მერე იქიდან თავდაღწევას ლამობენ.

პიესა მონაწილე გმირთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მას ერთგვარ კარნავალურ ელფერსაც მატებს: აქ არიან  პოეტები, საზოგადო მოღვაწენი, პოლიტიკოსები, პერსონაჟები, მკითხველები. მათ განსხვავებული ხმა, ინტონაცია, ქცევის მანერა აქვთ, რაც ავტორის ოსტატობაზე მეტყველებს. შესაბამისად, ცოცხლდება ეპოქა, მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლები, თავისი ქარიშხლიანი პოლიტიკური მოვლენებით, სიხარულით, სიძულვილით, ცრემლითა და ტკივილით.

პიესის პირველ ეპიზოდში იხატება სერობა, რომელზეც შეკრებილან მზიანი სულის მწერლები: გრიგოლ რობაქიძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, პავლე ინგოროყვა, გერონტი ქიქოძე. ჯავახიშვილი თითქოს უპირისპირდება თანამეინახეთა აღტაცებასა და მხიარულებას, მის თვითშეფასებას _ “ნაკაცარი ვარ” _  დისონანსი შეაქვს იმ განწყობილებაში, რომელსაც ქმნის რობაქიძის მჭევრმეტყველური, ზეაწეული, პათეტიკური სადღეგრძელო, რომლის მიხედვითაც, ქართველი მზიური ერია, შესაბამისად, ყველა ქართველი _ გამორჩეული, მზის შვილი, ყოველ შემთხვევაში, ისინი მაინც უცილობლად, რომლებიც კაფე “ქიმერიონში” სუფრას უსხედან. ჯავახიშვილი კი თითქოს მათი მსგავსი არ არის. ის აქ შემთხვევით, “უეცრად” გამოჩნდება. მიუხედავად დიდი სევდისა, რაც მისი სახის გამომეტყველებასა თუ ხმის კილოზე დაუმჩნევია ბედს, ის მაინც არ იზიარებს ნიკოლო მიწიშვილის პესიმიზმს საქართველოს, როგორც “პასიური ფენომენის” თაობაზე. ავტორის ამ ეპიზოდში ირეკლება 20-იან წლებში გამართული კამათი საქართველოს წარსულის და აწმყოს შესახებ, რომელიც ნიკოლო მიწიშვილის წერილმა “ფიქრები საქართველოზე” გამოიწვია.

პიესა კონტრასტულ ფერებსა და ემოციებზეა აგებული, რაც მეტ დრამატიზმს სძენს ყოველ მოქმედებას. ერთი მხრივ, სუფრა, თავისი სილაღით, სინათლით, მეორე მხრივ,  ბერიას ბნელი კაბინეტი, შემდეგ საპატიმრო კარცერები,  უმზეო ჯურღმულები, საიდანაც სისხლი წვეთებად გამოაღწევს. სინათლე და სიბნელე მთელი პიესის განმავლობაში ერთმანეთს უპირისპირდება. პიესას ემოციურ წონასწორობას უნარჩუნებს რამდენიმე იუმორისტული პასაჟიც, რომლებიც პერსონაჟთა სულიერ სამყაროს, მათ ცხოვრებას მეტ სიცოცხლეს სძენენ. ასეთია, მაგალითად, ჯავახიშვილის გაქცევა სხვისი პასპორტით, ბერიასთვის სწორი გამოთქმის  სწავლება და სხვ.

როსტომ ჩხეიძისთვის, როგორც მიხეილ ჯავახიშვილისთვის, “ლიტერატურაზე დიდი პოლიტიკა არც არსებობს”. ეს კარგად გამოიკვეთება იმ სცენაში, რომელშიც პავლე ინგოროყვა და მიხეილ ჯავახიშვილი მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ. მიხეილ ჯავახიშვილი იყო პოლიტიკური ცხოვრების შუაგულში, დახვრეტასაც ძლივს გადაურჩა, მაგრამ ნამდვილი ნაყოფი მისმა ლიტერატურულმა პოლიტიკამ გამოიღო. მისმა ნაწერებმა თავზარი დასცა ხელისუფლებას, ამიტომც დახვრიტეს 1937 წელს, როგორც  შეურიგებელი, დაუმორჩილებელი მოწინააღმდეგე რეჟიმისა. “კულტურულ ფრონტზე” (კონსტანტინე გამსახურდია) ბრძოლა, რომელიც მოუსყიდველმა და თავდადებულმა ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა წამოიწყეს, (უფრო ზუსტად, გააგრძელეს, ილიას, აკაკის, ვაჟას და სხვათა ტრადიცია), გადარჩენის ერთადერთი გზა აღმოჩნდა. პიესაში კარგად გამოიკვეთება პავლე ინგოროყვას სახეც, რომელიც ლიტერატურულ ასპარეზზე დასაბრუნებლად შეაგულიანებს ხალხის საყვარელ მწერალს. დასამახსოვრებელი სახეა გერონტი ქიქოძისაც, რომელთან საუბარში გამოიკვეთება, რა ტკივილმა შეაქმნევინა მწერალს თავისი ალტერეგო _ თეიმურაზ ხევისთავი. მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერები ავტორს შესანიშნავად აქვს გამოყენებული მისი შინაგანი სულიერი მდგომარეობის, ხან სიმშვიდისა და გაწონასწორებულობის, ხან დაეჭვებისა, გაორებისა თუ მერყეობის გამოსაკვეთად. ბერიასთან შეხვედრის ეპიზოდებში შესანიშნავად წარმოჩნდება, ერთი მხრივ, უზნეო, უპრინციპო, მედროვე ბერიას სახე, მწერალს რომანს რომ უკვეთს, რომელშიც სტალინის როლი უნდა წარმოაჩინოს რევოლუციურ ბრძოლაში, მეორე მხრივ, მწერლისა, ვერაფრის, სიცოცხლის ფასადაც კი, რომ ვერ უღალატებს ზნეობრივ პრინციპებსა თუ სამწერლო სიტყვას, რომელიც იგივე ლოგოსია, ღმერთია.

ნელ-ნელა პიესაში მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟები შემოდიან არა როგორც ლანდები და აჩრდილები, არამედ ცოცხალი ადამიანები. მათ ხედავენ პიესის სხვა გმირებიც, რაც უფრო მეტ რეალურობას მატებს მათ. ერთ ეპიზოდში რესტორანში პერსონაჟთა და მკითხველთა  ქეიფი წარმოჩნდება დინამიკურად. ჯავახიშვილსაც მიიწვევენ. ჯაყო “ნათლია მწერალს” ეპირფერება.  რომანიდან გადმოსული ჯაყო უფრო განათლებულა, მარგოს მისთვის “კვაჭი კვაჭანტირაძეც” კი წაუკითხავს. ის ჩვეულებრივ ხვიხვინებს, ჭიხვინებს, იმანჭება, აქებს “რევალციას”. აქვეა ნახუცარი ივანეც, რომელთან საუბარში მწერალი ქართულ კალამს გოლგოთის ჯვარს ადარებს და ამგვარად თავის აღსასრულსაც წინასწარმეტყველებს. შთამბეჭდავია კარცერის წყვდიადში, ყველასაგან მიტოვებული, მარტოსული მწერლის სამყაროში შემოჭრილ პერსონაჟთა დიალოგები და მონოლოგები. ისინი _ჯაყო, მარგო, თეიმურაზი, კვაჭი კვაჭანტირაძე, ყაშა ლაზარე მწერალს ერთგვარ სასამართლოს უწყობენ, თავიანთ სახეთა დამახინჯებულ, არასწორ დახატვაში ადანაშაულებენ.  მათს სხდასხვაგვარ ხმებში წარმოჩნდება მაშინდელი საზოგადოების არსი და რაობა. ისინი, ასეთი განსხვავებულნი თავიანთი ცხოვრებით, ინტერესებით, შეხედულებებით, ერთი მიზნით ერთიანდებიან _ სული ამოხადონ მწერალს, რადგან ამხილა, სარკეში ჩაახედა, სინათლეზე გამოიყვანა. იქმნება ფანტასმაგორიული სურათი, რომელიც გამოკვეთს შეძახილებს: “ჯვარს ეცვას! _ ჩაიქოლოს”.  ეს არის მათი, პრიმიტიული და აზროვნებაჩახშობილი, მარიონეტად ქცეული საზოგადოების განაჩენი, საზოგადოებისა, რომელიც ვერ ცნობს მხსნელს. სიძულვილით დაბრმავებული პერსონაჟები ჩეკისტებთან ერთად თვითონვე აღასრულებენ რეჟიმისთვის ჯავახიშვილის მსხვერპლშეწირვის სისხლიან, მხეცურ რიტუალს.  მათი სასიხარულო ყიჟინის ხმა მკითხველს შესძრავს, რადგან იგივე რამ დღესაც შეიძლება განმეორდეს. და უნებურად ეშმაკის ქვა რომ არ მოგვაჩეჩონ ხელში, ფხიზლად უნდა ვიყოთ და გვახსოვდეს ადამიანური სისუსტეც და სიძლიერეც, რომ თანაბრად შეიძლება ვიყოთ ჯალათიცა და მსხვერპლიც, მგელიცა და ცხვარიც, რომ ჩვენი ცხოვრება, ერთადერთი და განუმეორებელი, ჩვენვე უნდა ავირჩიოთ.

პიესაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია რეზო აბუსერიძის სახე _ ის გამოგონილი პერსონაჟია _ მკითხველი, რომელსაც უყვარს ჯავახიშვილის შემოქმედება. თუმცა ეს სიყვარული არ უშლის ხელს, ჩადგეს უზნეო ჩეკისტთა სამსახურში. ავტორი აქ ერთმანეთს უპირისპირებს მხატვრულ სიტყვასა და გარემოებას, რომელიც ნაზი სულის ადამიანსაც ჯალათად აქცევს. რომელი გადასძლევს? მკითხველის გულის ასპარეზზე გამართულ უშეღავათო ბრძოლას რომელი მოიგებს? სატანური თუ ანგელოზური ძალა? აბუსერიძის მსგავსი ახლაც შეიძლება შეგვხვდეს. ის არის ზნეობრივი ადამიანი, რომლის გადაგვარებას ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ ახერხებს დიქტატორული რეჟიმი. ამაში მას მხატვრული ლიტერატურა უშლის ხელს.  აბუსერიძის წარმატებით დაწყებული ზომბირება ასევე უნდა გაგრძელებულიყო, სწორედ ამას მოწმობს მისი ჩართვა ჯავახიშვილის წამებაში, მაგრამ რაღაც მოხდა, დაწყობილი გეგმები ქვიშის ხუხულასავით ჩამოიშალა. რას შეეძლო ადამიანის ასე შეძვრა? როსტომ ჩხეიძეს სჯერა და მკითხველსაც აჯერებს, რომ მართალ მხატვრულ სიტყვას ადამიანის ფერისცვალება შეუძლია. მიხეილ ჯავახიშვილი თავისი შემოქმედებით ღვთისმსახურია, ამიტომაც ენიჭება მის სიტყვას ასეთი გარდამქმნელ-ამაღორძინებელი ძალა. ლაზარესავით მკვდარ აბუსერიძეს ჯავახიშვილთან შეხვედრა აცოცხლებს, ის “გამოდის გარეთ”, თავისი სხეულის ტყვეობიდან და მზის სინათლეს კვლავ იხილავს. ის თავისუფლდება შიშის ბორკილებისგან და უპირისპირდება  ადამიანებს, რომლებიც მის ურჩხულად გადაქცევას ესწრაფვოდნენ. მისი მიძინებული სინდისი იღვიძებს და სინანულში განწმენდილი ახალ ადამიანად იბადება. ის ჯავახიშვილის ნაწერების მკითხველობამ გადაარჩინა. თუმცა ფიზიკურად ამ “გამოღვიძებას”, „მეხსიერების დაბრუნებას~ შეეწირა, მაგრამ მთავარია, რომ “მანქურთობას” (ჩინგიზ აიტმატოვი) თავი დააღწია და დემონოკრატიის (გრიგოლ რობაქიძე) მსახურად არ იქცა. ამ პერსონაჟის გვარი მკითხველში იწვევს რაღაც ძველისა და მუდმივის განცდას, რომელსაც ილიამ “ერის უკვდავი სული უწოდა”, რობაქიძემ კარდუ და რომელშიც  კოდირებულია ეროვნული ენერგია. ის არ იკარგება, მხოლოდ დროდადრო მიინავლება, ჩაიფერფლება, მაგრამ ფენიქსივით აღორძინებაც შეუძლია, ამას ეფუძნება ავტორის ოპტიმიზმი. მისი სახეც იმისთვის შექმნა, რომ  სიცოცხლე მკითხველის (მაყურებლის) წარმოსახვაში გაეგრძელებინა.

პიესაში კიდევ ბევრი არაჩვეულებრივი ეპიზოდია, რომლებიც შთაბეჭდილებაში რჩებიან, ფიქრისა და განსჯისთვის აღძრავენ მკითხველს. ეს არის მწერლის მთავარი მიზანდასახულებაც  _ თანამედროვე ადამიანს, ათასგვარი ინფორმაციის მორევში დანთქმულს, აწმყოზე, მატერიალურ ყოფაზე მიჯაჭვულს, მეხსიერება დაუბრუნოს, შეახსენოს ადამიანდ ყოფნის ვალი და დანიშნულება.

პიესას ერთგვარად კრავს დამპატიჟე, რომელიც თავსა და ბოლოში გამოჩნდება უდარდელი, მხიარული, უაზრო სიმღერით. მელოდია თითქოს ტყდება და ნამსხვრევებად იფანტება ჯვარცმისა და ქვის გროვასთან შეხლისას, რომლებიც სიბნელიდან გამონათდებიან. პიესა გვიტოვებს განცდას, რომ ასე უნდა ეხლებოდეს ჩვენი მეხსიერება წარსულის იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით, თავიანთი წიგნებით, მოღვაწეობით, დატოვებული კვალით, განაგრძობენ არსებობას და სულიერსა თუ მატერიალურ ყოფაში, უზნეობის დიდ და პატარა უფსკრულებში გადაჩეხვის საშიშროების წინაშე მდგართ,  უჩინრად  ხელს გვაშველებენ.

კომენტარები

comments