პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გეოგრაფიული დეტერმინიზმი და მოდის ისტორია

გეოგრაფიული დეტერმინიზმის კრედო ფრანგმა ფილოსოფოსმა ვიქტორ კუზენმა (1792-1867) შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „მომეცით ქვეყნის რუკა, მისი მოხაზულობა, წყლები – მთელი მისი ფიზიკური გეოგრაფია; მომეცით მისი ბუნებრივი ნაყოფები, ხილი, ფლორა, ზოოლოგია და მე გეტყვით, როგორია ამ ქვეყნის ადამიანი, რა როლს ასრულებს და შეასრულებს ეს ქვეყანა ისტორიაში, არა შემთხვევით, არამედ აუცილებლობის ძალით, და არა ერთ ეპოქაში, არამედ ყოველთვის”.

პოსიბილისტებს მიაჩნიათ, რომ გეოგრაფიული დეტერმინისტები აზვიადებენ ადამიანის კულტურის ჩამოყალიბებასა და საზოგადოების განვითარებაში გარემოს როლს. ეს არ ნიშნავს, რომ გარემოს როლი უმნიშვნელოა და კულტურის გეოგრაფებმა მისი გავლენა არ უნდა შეისწავლონ; ფიზიკური გარემო ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის კულტურის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ იშვიათად თუა ადამიანის საქმიანობისა და რწმენის ერთადერთი დეტერმინანტი.

მოდის (განსაკუთრებით – სამოსელის) განვითარების ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეას გვერდს ვერ ავუვლით.

მოდა არის დროებითი გაბატონებული მიმდინარეობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროსა და კულტურაში. ის ქცევის მოდელია, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა მისდევს. მოდა ისეთივე შეფასების საგანი ხდება, როგორისაც პოპკულტურა. ის უფრო ადრე იცვლება, ვიდრე კულტურა.

ტანსაცმელი თავდაპირველად ადამიანის დამცავი საშუალება იყო. უძველეს დროში მას მხოლოდ ერთი მიზნით – გასათბობად იყენებდნენ. დროთა განმავლობაში სხვადასხვა ერსა თუ კულტურულ ჯგუფში ყალიბდებოდა და მკვიდრდებოდა სამოსის ისეთი ტიპი, რომელიც მხოლოდ იმ სოციუმისთვის იყო დამახასიათებელი. სამოსის ფორმები ყალიბდებოდა გეოგრაფიული ადგილის, კლიმატისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. სამოსს გარკვეულწილად ეთნიკური განმასხვავებლის ფუნქციაც ჰქონდა, ანუ ეთნიკური იდენტობის მარკერს წარმოადგენდა. თანდათან გაჩნდა დიდი სხვადასხვაობა ტანსაცმლის ფორმებში, რაც სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურების, გეოგრაფიის, ხელთ არსებული მასალებისა და კლიმატის შედეგი იყო.

ქვის ხანაში, აცივების პერიოდში, ევროპის ტერიტორიაზე სპილოები, მარტორქები და ბეჰემოთები შეცვალეს ჩრდილოეთის ირმებმა და დათვებმა, რომელთა ტყავი და ბეწვი თბილი ტანსაცმლის როლს ასრულებდა. მამაკაცების ტანსაცმელი შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა, ვიდრე ქალებისა. ისინი პირდაპირ მარჯვენა მხარზე იგდებდნენ ტყავს. ცხოველების ეშვებსა და ძვლებს სამკაულებად იყენებდნენ. ძველად ტანსაცმელს სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. თავის დროზე ამულეტსაც კი სამოსად მოიაზრებდნენ. ის ხიდად გვევლინებოდა შიშველ, უსუსურ ადამიანსა და სამყაროს შორის. შედარებით თბილი კლიმატის პირობებში ადამიანები სამოსზე მეტად სამკაულებს იყენებდნენ.

ბრინჯაოს ხანაში (2900 წ. ჩვ. წ. აღ–მდე) შუმერები მესოპოტამიაში ტყავის ტანსაცმელს მხრების ნაცვლად წელზე, ქამრის გარშემო იხვევდნენ.

ბაბილონში იცვამდნენ შალის ქსოვილის გრძელ პერანგებს, რომლებსაც ფერადი ქსოვილებით ალამაზებდნენ. მამაკაცები წვერსა და გრძელ თმას ატარებდნენ.

ეგვიპტელები, როგორც ხმელთაშუა ზღვის აუზის ყველა ხალხი, უმთავრესად თეთრ ბუნებრივ ქსოვილს იყენებდნენ. ეგვიპტური რელიგია შალის ქსოვილს, როგორც ცხოველური წარმოშობისას, მანკიერად მიიჩნევდა.

IV ათასწლეულიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტური მოდა არ შეცვლილა. საზოგადოდ, ადრეული პერიოდის მოდა ათასწლეულების განმავლობაში არ იცვლებოდა. ძველი კულტურების ტანსაცმლის ძირითადი მახასიათებელი უცვლელობა და ერთფეროვნებაა. თუმცა სამოსის დახვეწილი ელემენტები, ზუსტად გაზომილი ნაკერი, სრულყოფილი ქსოვილი და ფაქიზად დამუშავებული კაბები უძველეს პერიოდშიც გვხვდება.

საბერძნეთში (3 500 წ. ჩვ. წ. აღ–მდე) კრეტელი ვაჭრები ბატონობდნენ. ამ კუნძულზე ქალები საზოგადოებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩაბმულნი. ტანსაცმელიც შესაბამისი ეცვათ. ხმელთაშუა ზღვის აუზის სხვა მკვიდრთაგან განსხვავებით, მათი სამოსი ტანზე მორგებული იყო. მამაკაცები უფრო მარტივად იმოსებოდნენ. როგორც მამაკაცებს, ისე ქალებსაც უყვარდათ დახვეული თმა, ლენტები და დიდი ქუდები.

ლიბიელების, სირიელების, ფინიკიელებისა და ებრაელების სამოსი, ეგვიპტელებისგან განსხვავებით, ფერთა სიუხვით გამოირჩევა.

შარვლის წარმომავლობაც გარემოსა და ყოფასთანაა დაკავშირებული. ამ ყველაზე პრაქტიკული სამოსის ისტორია მომთაბარე ტომების ცხოვრებას უკავშირდება: სკვითებმა, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს უუნაგირო ცხენებზე ატარებდნენ, კანის დაზიანებისა და უამინდობისგან თავის დასაცავად ბეწვის და ტყავის „ტრუსისმაგვარი” სამოსი შექმნეს. შარვლის „წინაპარი” მალევე მოირგეს გალებმა და ბარბაროსებმა.
ცხენოსანი გალები
კეთილშობილი რომაელები დიდხანს უარყოფდნენ ბარბაროსული მოდის პირმშოს. სეირნობდნენ ტუნიკებით – კლიმატი მათ ამის საშუალებას აძლევდა, ხოლო მოქალაქე, რომელიც ამ არაესთეტიკურ სამოსს – შარვალს ჩაიცვამდა, კანონის დამრღვევად მიიჩნეოდა, ქონებას ჩამოართმევდნენ და იძულებით სამუშაოსაც აკისრებდნენ. გამონაკლისები იყვნენ მეომრები, რომლებსაც ხანგრძლივი ლაშქრობების დროს ტყავის შარვლის ჩაცმის ნება ეძლეოდათ.

საუკუნეების განმავლობაში შარვლის დიზაინი დროდადრო იცვლებოდა.

XV საუკუნეში ესპანეთში, ინგლისსა და საფრანგეთში პოპულარული იყო ვიწრო ან განიერი მოკლე შარვლები. მათ აბრეშუმის ქსოვილისგან კერავდნენ.

XVI საუკუნეში დიდებულთა შარვლები ესპანეთში ბალიშებს დაემსგავსა. მათ ბუმბულით ტენიდნენ, ზემოდან კი გადაჭიმავდნენ ჭრილებიან „ბალიშის პირს”, რომელშიც კარგად ჩანდა ქვედა, ძვირფასი ქსოვილი.

პალტო დანიელი, შვედი და ნორვეგიელი მეთევზეების სამოსი იყო. სქელ, უხეშ ქსოვილს, რომლისგანაც პალტო იკერებოდა, ბელგიის ქალაქ დუფელში იწარმოებოდა. აქედან მომდინარეობს ქსოვილის სახელწოდება დოფლიც და პალტოს სახელიც. XIX საუკუნის მიწურულს ინგლისელმა ჯონ პარტრიჯმა ეს პრაქტიკული ნივთი მეთევზეებისგან ისესხა და 1890 წელს დოფლისგან პალტოების წარმოება დაიწყო. მალე სამეფო ფლოტმა მას დიდი შეკვეთა მისცა თავისი მეზღვაურებისთვის. კაპიუშონი ზღვის ქარისაგან იცავდა, ხოლო ღილები დიდ საღილეებზე შეეძლოთ ხელთათმანებითაც კი შეეკრათ. მაგრამ დაფლკოუტს სახელი გაუთქვა ერთმა ადამიანმა – ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ფელდმარშალმა ბერნარს ლოუ მონტგომერიმ, რომელიც მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში დაფლკოუტსა და გვერდზე მოქცეულ ბერეტში იყო გამოწყობილი.

ამის შემდეგ დაფლკოუტმა გენერლის პატივსაცემად შეიძინა კიდევ ერთი სახელი – მონტიკოუტი (monty coat). აი, ასე აქცია მეომარმა თავისი სტილი მოდად.
ანტიკური სისადავე და ერთფეროვნება ბიზანტიურმა ფუფუნებამ შეცვალა. ტოგის ნაცვლად ახლა ატარებდნენ ოქროსფერ მოსასხამს, რომელიც მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით იყო მოქარგული. ქალებს გრძელი ვუალები ამშვენებდა.

მდიდრული სამოსით გამოირჩეოდა რენესანსის (აღორძინების) მოდა, რომელიც იტალიაში ჩაისახა. იტალია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ეკუთვნოდა ევროპის ცივილიზებული და კულტურული ქვეყნების რიცხვს, სადაც ჯერ კიდევ ცოცოხლობდა ანტიკური კულტურის ტრადიციები და საკუთარი ისტორიული მნიშვნელობის შეგრძნება. შემოქმედების ხარისხის საზომი აქ ანტიკურობა იყო.

რენესანსის პერიოდის მოდა მეცნიერულად დეტალიზებული იყო. რენესანსმა შექმნა პირველი ლიტერატურა სამოსზე, პირველი სახელმძღვანელო იმის შესახებ, როგორ უნდა ჩაეცვათ და როგორ შეეღებათ სახე. ეს მოთხოვნები საგულდაგულოდაა ფორმულირებული იტალიურ ლიტერატურაში.

XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში უკვე ძვირფას აბრეშუმის ქსოვილსაც ამზადებდნენ, მილანში კი ხავერდის წარმოება ვითარდებოდა… მოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას მიჩნევდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.

ბურგუნდიაც განსაკუთრებული ქსოვილის წარმოების წყალობით ათასწლეულების განმავლობაში აძლევდა ტონს ევროპულ მოდას.

გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ქსოვილთა წარმოების განვითარებულმა ტექნიკამ და გამოცდილი მკერავების პროფესიონალიზმმა პარიზი მოდის ცენტრად აქცია.

ცხოვრების წესის ცვლილებასთან ერთად ტრადიციულმა სამოსმა ქუჩებიდან მუზეუმებში გადაინაცვლა. დღეს ადამიანის ჩაცმულობა თითქმის აღარაფერს ამბობს მის წარმომავლობაზე და აღარც გარემო ახდენს გავლენას, ერთნაირად შემოსილ ხალხს შესაძლოა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეხვდეთ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ეროვნული სამოსის ჩაცმა არაპრაქტიკულია. ამიტომაც იქმნება მისი მოდერნიზებული ვარიანტები. ტრადიციული ელემენტების თანამედროვე ჩაცმულობაში დანერგვა ნაციონალური კოსტიუმების პროპაგანდას უწყობს ხელს.

ქართული ეროვნული სამოსის ისტორიასა და გავრცელებაზე მომდევნო სტატიაში მოგითხრობთ.
გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

https://en.wikipedia.org/wiki/Fashion
https://modissamyaro.wordpress.com/2010/06/20/hello-world/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი