ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

არქტიკა – პოლარული აბრეშუმის გზა

არქტიკის რეგიონი კლიმატის ცვლილებათა ნამდვილი სამიზნეა. არქტიკაში დათბობა იწვევს საპასუხო ეფექტს მთელ მსოფლიოში. ყინული აირეკლავს მზიდან მომავალ რადიაციას და ამით ხელს უწყობს დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ პოლუსზე. ყინულის დნობასთან ერთად იზრდება მზის იმ ენერგიის რაოდენობა, რომელსაც დედამიწის ატმოსფერო და ოკეანე შთანთქავს, ეს კი დათბობის პროცესს ამ რეგიონში უფრო ინტენსიურს ხდის, ვიდრე პლანეტის ნებისმიერ სხვა ადგილას.

არქტიკაში კლიმატის ცვლილება მთელ მსოფლიოში გამოიწვევს ზღვის დონის საგანგაშო მატებას, რასაც მოჰყვება სანაპიროების დატბორვა, ეროზია, შენობა-ნაგებობათა და ინფრასტრუქტურის დაზიანება. გამოუსწორებელი ზიანი მიადგება ეკოსისტემებს, დაბინძურდება სასმელი წყალი და დაიწყება ადამიანთა მასობრივი მიგრაცია.

არქტიკის მრავალწლოვანი მყინვარების შემცირების შედეგად ატმოსფეროში გამოიყოფა მილიარდობით ტონა ნახშირბადი და მეთანი, რაც სათბურის ეფექტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს და გლობალური დათბობის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

რეგიონში მიმდინარე კლიმატური ცვლილებები სერიოზულ გავლენას ახდენს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე. არქტიკის რეგიონი დიდი ხანია ყურადღების ცენტრშია და დიდი სახელმწიფოების სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. ეს გამოწვეულია მისი უზარმაზარი ბუნებრივი რესურსებით, რომლებიც მოიცავს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და მინერალების მნიშვნელოვან მარაგებს.

ზემო ჩრდილოეთში ყინულის რაოდენობის მკვეთრი კლება და ტექნოლოგიური განვითარება ქმნის ხელსაყრელ პირობებს ამ რეგიონის მინერალური და ენერგეტიკული რესურსების მოპოვებისა და გამოყენებისთვის. ყინულის მასიური დნობა შესაძლებელს გახდის ტრანსარქტიკული გადაზიდვების ხაზების გახსნას, რაც საფუძვლიანად შეცვლის გლობალური ტრანსპორტირების არსებულ მოდელს. ჩრდილოეთში მიმდინარე მკვეთრი კლიმატური ცვლილებები ამ რეგიონის ეკონომიკური ათვისების წინაპირობაა და განვითარების უზარმაზარ პოტენციალს შეიცავს, რაც უკვე გამოიხატება რეგიონის მიმართ დიდი კომპანიების ღია ინტერესით.

გლობალური დათბობის შედეგად, არქტიკა რესურსებისა და გავლენის მოსაპოვებლად ახალი დაპირისპირების სივრცედ იქცევა. პოლარული ყინულის დნობამ ეს გეოგრაფიულად განცალკევებული რეგიონი გაცილებით ხელმისაწვდომი  გახადა.

ტემპერატურის მატება და ყინულის დნობა არქტიკის რეგიონში საზღვაო მარშრუტების გაფართოებას გამოიწვევს. პოლარული ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ არა მხოლოდ საზღვაო ხაზები, არამედ იქ არსებული ბუნებრივი რესურსებიც, თვალს ადევნებენ ამ გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ სივრცეს. რუსეთი და ჩინეთი რეგიონის ორი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახდა.

ამჟამად აზიასა და ევროპას შორის გადაზიდვის მთავარი მარშრუტი ჩინეთიდან როტერდამისკენ მიემართება სუეცის არხის გავლით. არქტიკაზე გამავალი ახალი მარშრუტი დაზოგავს საქონლის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროს.

2018 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ბიურომ გამოაქვეყნა თეთრი წიგნი – „ჩინეთის არქტიკის პოლიტიკა“, რომელიც არქტიკაში ჩინეთის გრძელვადიან სტრატეგიას განსაზღვრავს. აღნიშნული სტრატეგია, თავის მხრივ, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში „პოლარული აბრეშუმის გზის“ განვითარებას ითვალისწინებს. მიუხედავად არქტიკული წრიდან მოშორებით მდებარეობისა, პეკინმა თავი „არქტიკასთან მახლობელ“ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

ჩინეთის მთავრობის აზრით, არქტიკაში ცვლილებები პირდაპირ გავლენას ახდენს პეკინის ინტერესებზე, თუმცა პეკინს კვლავ უჭირს არქტიკაში სამხედრო ბაზის შექმნა. ის ცდილობს , ორმხრივი მექანიზმები გამოიყენოს რეგიონში საკუთარი როლის ლეგიტიმაციისთვის და ეკონომიკური ბერკეტების მოსაპოვებლად. პოლარული აბრეშუმის გზა, ახალი საზღვაო გზებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით, ჩინეთს გავლენის გაზრდის საშუალებას მისცემს.

არქტიკაში ოთხი ძირითადი საზღვაო მარშრუტია იდენტიფიცირებული:

  1. ჩრდილო-დასავლეთის მარშუტი (NWP);
  2. ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტი (NSR);
  3. ტრანსპოლარული ზღვის მარშრუტი (TSR);
  4. არქტიკული ხიდის მარშრუტი (ABR).

 

პოლარული აბრეშუმის გზა

 

 

ჩრდილოეთის საზღვაო მარშუტი აკავშირებს აზიისა და ევროპის ეკონომიკას და ძირითადად რუსეთის სანაპიროზე გადის.  პოლარული აბრეშუმის გზის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იქნება NSR-ზე, რადგან მას შეუძლია, 35%-მდე შეამციროს ევროპასა და აზიას შორის საქონლის გადაზიდვის ხანგრძლივობა და ღირებულება. NWP აკავშირებს წყნარ ოკეანესა და ატლანტის ოკეანეებს კანადის არქიპელაგის გავლით. მიუხედავად იმისა, რომ ყინული ბოლო წლებში შემცირდა,  გზა გადაზიდვებისთვის ჯერ კიდევ არ არის მუდმივად ხელმისაწვდომი, რადგან ზაფხულის თვეებშიც კი საჭიროა ყინულმჭრელები.

დანარჩენი ორი მარშრუტი, რომლებიც მომავალში შეიძლება გამოიყენონ, არის: 1. არქტიკული ხიდის მარშრუტი, რომელიც აკავშირებს კანადაში მდებარე ჩერჩილის პორტს ნარვიკის პორტთან ნორვეგიაში და მურმანსკის პორტთან რუსეთში; 2. ტრანსპოლარული ზღვის მარშრუტი, რომელიც დააკავშირებს ბერინგის სრუტეს ატლანტის ოკეანესთან მურმანსკის მახლობლად. Climate Change Post-ის თანახმად, კლიმატის ცვლილების მაღალი დონის სცენარის მიხედვით, გადაზიდვებისთვის ეს ორი მარშრუტი შეიძლება 2070-იანი წლებისთვის გაიხსნას.

არქტიკული ზღვის ყინული სწრაფად თხელდება და, შედეგად, ტრანსარქტიკული გადაზიდვებისთვის ახალი მარშრუტები ჩნდება. ეს ხელს შეუწყობს გადაზიდვების ახალი დერეფნების გაჩენას აზიასა და ევროპას შორის. მოსალოდნელია, რომ ეს მარშრუტები სანაოსნო იქნება ზაფხულის სეზონზე, ხოლო ევროპულ და აზიურ პორტებს შორის მანძილის შემცირება დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს სუეცის არხის მიმდინარე მარშრუტთან შედარებით. გარდა ამისა, არქტიკის რეგიონში განვითარდება რესურსების მოპოვების, საპორტო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის კომერციული საქმიანობა.

კლიმატის ცვლილების პირობებში ტრანსარქტიკული გადაზიდვების ყოვლისმომცველი შეფასება, რომელიც ეფუძნება უამრავ კლიმატის მოდელს და კლიმატის ცვლილების ოთხ სცენარს, აჩვენებს, რომ არქტიკული საზღვაო მარშრუტები ამ საუკუნის განმავლობაში გაიხსნება. შეფასება ცხადყოფს, რომ ტრანსარქტიკული გადაზიდვები შედარებით სარისკო იქნება დაახლოებით 2045 წლამდე, ყინულის სწრაფი წარმოქმნისა და ზღვის გაყინვის გამო ვიწრო ზედაპირულ სრუტეებში, მარშრუტებზე, რომლებიც პირველი გაიხსნება გადაზიდვისთვის. მაგრამ სხვა მარშრუტები არქტიკის გასწვრივ, ცენტრალური არქტიკული  და ტრანსპოლარული ზღვის მარშრუტები, ვიწრო სრუტეების გარეშე, თავის დროზე გაიხსნება, რაც შეამცირებს ტრანსარქტიკული გადაზიდვის რისკს. კლიმატის ცვლილების სცენარის მიხედვით, ეს მარშრუტები, სავარაუდოდ, 2070-იანი წლებისთვის ამოქმედდება.

გემების რაოდენობის მატება გაზრდის ემისიებისა და ნავთობის დაღვრის ალბათობას, რაც არქტიკაში ყინულის დნობას უფრო მეტად გააძლიერებს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ყინულის კლება გლობალური დათბობის მხოლოდ სიმპტომი კი არ არის, არამედ მისი მამოძრავებელი ძალაც. არქტიკაში მყინვარების დნობისას გარემოში დიდი რაოდენობის ნახშირბადი, მიკრობები და საფრთხის შემცველი ნივთიერებები გამოიყოფა.

„ყინულის დაკარგვა პლანეტაზე წარმოშობს დამატებით ბნელ ზედაპირს, გამოააშკარავებს ბნელ ოკეანეს, რაც ჯაჭვური რეაქციის მძლავრ მექანიზმს ქმნის“, – თქვა კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის ინსტიტუტის გეოფიზიკოსმა მარკო ტედესკომ.

NASA-ს მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ზღვის ყინულის დნობა და ტემპერატურის მატება საუკუნის ბოლოს უფრო დიდ არქტიკულ შტორმებს გამოიწვევს, რაც, თავისთავად, მეტ ყინულს დაადნობს, პროცესს შეუქცევადს გახდის და კლიმატურ კატასტროფამდე მიიყვანს.

 

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://arctic-council.org/about/ ;

https://www.statista.com/chart/30201/major-maritime-routes-opening-up-in-the-arctic/

https://www.statista.com/chart/33824/military-bases-in-the-arctic-belonging-to-nato-and-russia/

https://www.statista.com/chart/30201/major-maritime-routes-opening-up-in-the-arctic/

https://forbes.ge/arqtika-ekologiuri-problemidan-geopolitikur-saphrthkhemde/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“