პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აზავადი – ტუარეგთა უღიარებელი სახელმწიფო

აფრიკის დასავლეთ ნაწილში, მალის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 2012 წლის 6 აპრილს ტუარეგებმა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე აზავადის რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ტუარეგები აკონტროლებენ ტიმბუქტუს, კიდალის, გაოსა და მოპტის რეგიონების ნაწილს, რომელიც მალის ტერიტორიის 60%-ს შეადგენს. ქალაქი გაო ფაქტობრივი დედაქალაქია. საერთაშორისო საზოგადოებამ აზავადის დამოუკიდებლობა არ ცნო, რადგან იგი მალის რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია.
2013 წელს სამშვიდობო გარიგება შედგა. მალის რესპუბლიკის მთავრობა ტუარეგებს ავტონომიასა და მიწებს შეჰპირდა. თუმცა მშვიდობიანი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. 2014 წლის ეთნოკონფლიქტმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია.
უღიარებელი ქვეყნის აზავადის მოსახლეობის უმრავლესობას ტუარეგები წარმოადგენენ.

ტუარეგები ბერბერთა მოდგმის საჰარის მკვიდრი ხალხია, რომლებიც საკუთარ თავს „თავისუფალს”, „დამოუკიდებელს” („იმოჰაგი”) უწოდებენ. ისინი, გარდა აზავადისა, ცხოვროვრობენ მალიში, ნიგერიაში, ალჟირში, ლიბიასა და ბურკინა ფასოში. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში აფრიკის დეკოლონიზაციის პერიოდში მიმოიფანტნენ. ტუარეგების საერთო რაოდენობა 5 მილიონს აღემატება.

ლეგენდის მიხედვით, ტუარეგები ყოვლის შემოქმედი საჰარის ქალღმერთის ტინ-ჰინანის (რომელიც ამორძალი იყო) შთამომავლები არიან. დედოფალი მოახლე ტაკამადთან ერთად აჰაგარაში დასახლდა. მისი შვილებისგან წარმოიშვნენ არისტოკრატები, მოახლის შვილებისგან კი ვასალები. 1925 წელს საჰარაში არქეოლოგებმა მდიდარი ქალის სამარხი აღმოაჩინეს. ტუარეგებს სჯერათ, რომ ეს სწორედ ტინ-ჰინანია.

დედოფალი ტინ-ჰინანი
ტუარეგებს დღესაც თემური წყობილება აქვთ. თემს სათავეში ბელადი უდგას. მას ამენოკალი ეწოდება. ბელადის ძალაუფლება შეუზღუდავია, მხოლოდ დედამისს აქვს მისი გადაწყვეტილების გაუქმების უფლება. ტუარეგები ორ ტომობრივ იერარქიულ ნაწილად არიან დაყოფილი: ე.წ. არისტოკრატულ და ვასალურ ტომებად. ნამდვილ ტუარეგებად თავს “არისტოკრატები” მიიჩნევენ და ამას “ვასალებიც” აღიარებენ. ტრადიციისამებრ, მხოლოდ “არისტოკრატები” ატარებენ იარაღს, “ვასალებს” კი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევდნენ, თუ ომში წაიყვანეს. თითოეული “ვასალური” ტომი რომელიმე არისტოკრატულ ტომს ექვემდებარებოდა, უხდიდა გადასახადს. არიან აგრეთვე “მონები” და ხელოსნები, რომლებიც ტუარეგები არ არიან. ისინი შავკანიანები არიან, ხოლო ტუარეგები – თეთრები. მონები ამჟამად თავისუფლები არიან. ტრადიციისამებრ, მამაკაც ტუარეგს ხელობის ცოდნა ეკრძალება. მისი საქმიანობაა აქლემებისა და თხების მოშენება, მარილით ვაჭრობა, საქარავნე გზების დაცვა. შუა საუკუნეებში ტუარეგები საჰარის გასწვრივ მდებარე საქარავნო გზებს აკონტროლებდნენ.
აფრიკაში ტუარეგებს იცნობენ როგორც ყველაზე დაუმორჩილებელ და მებრძოლ ხალხს. მათი დამორჩილება არაბებმაც კი ვერ მოახერხეს. XVI საუკუნეში მაროკომაც ამაოდ სცადა ეს. ფრანგებს კი ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდათ მათ დასამორჩილებლად.
სუნიტ მუსლიმანებს ისლამის მიმდევრებმა „ღვთისაგან განკიცხული” შეარქვეს. ალბათ იმიტომაც, რომ მათთან მიღებული არ არის მრავალცოლიანობა და ისლამამდელი მარტრიარქალური წყობა დღემდეა შემორჩენილი. ქალს საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა უკავია. გოგონები ადრეული ასაკიდან სწავლობენ წერას-კითხვას, მამაკაცის გაუნათლებლობა კი დასაშვებია. უახლოეს ნათესავად და ბავშვების მფარველად დედის ძმა ითვლება.

ტუარეგები თავისებური ჩაცმულობითა და მოკაზმულობითაც გამოირჩევიან. ჩადრს აქ მამაკაცები ატარებენ. ისინი თეთრი ან ლურჯი ბამბის ქსოვილით იფარავენ სახეს, მხოლოდ თვალები უჩანთ. ლეგენდის თანახმად, მრავალი წლის წინათ ტუარეგები ერთ-ერთი ლაშქრობიდან განადგურებულნი და დაუძლურებულნი, თანაც ნადავლის გარეშე დაბრუნდნენ. მაშინ ქალებმა მოიძრეს პირსაფარი, რომელსაც მანამდე ატარებდნენ და ზიზღით უთხრეს კაცებს: „სირცხვილი თქვენ, დამარცხებულნო! ამიერიდან თქვენ უნდა დაიფაროთ სახე”. როდესაც ყმაწვილი 18 წლის ხდება, მას სჩუქნიან თეთრ ან ლურჯ შარფს, რომლის სიგრძეც ზოგჯერ 40 მეტრს აღწევს. მას „ტაგელმუსტი” ეწოდება. ამის შემდეგ ვაჟი ზრდასრულად ითვლება და ტაგილმუსტის გარეშე ხალხში გამოჩენა ეკრძალება. იყო დრო, როდესაც ეს ღირსების საქმედ მიიჩნეოდა – თუ ვინმე უცხო მამაკაცის სახეს დაინახავდა, „შერცხვენილს” ან „შეურაცხმყოფელი” უნდა მოეკლა, ან თავი.

ტუარეგები იზოლირებულად ცხოვრობენ. მალის წინააღმდეგ ამბოხებაში მათ ისლამისტური ორგანიზაცია „ანსარ დინი” და „ალ ქაიდა ისლამური მაღრიბის ქვეყნებში” ეხმარებოდნენ. თუმცა თავად ტუარეგები ისლამისტებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ.

მალის რესპუბლიკაში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციას მხარი დაუჭირეს როგორც ნატოს წევრმა ქვეყნებმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ, ისე აფრიკის სახელმწიფოებმაც. საფრანგეთის ოფიციალური პირთა განცხადებით, მათ ინტერვენცია განახორციელეს ქვეყნის მთავრობის თხოვნით ექსტრემისტი ისლამისტების შესაჩერებლად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ოპერაციის დასრულების ვადა არ იყო გამოცხადებული, ის გაგრძელდებოდა მანამდე, სადამდეც საჭიროება მოითხოვდა. 2014 წლის 14 ივლისს ოპერაცია დასრულდა. მალის რესპუბლიკის არმიამ საფრანგეთის დახმარებით ისლამისტების შეჩერება შეძლო.

ტუარეგების მუსიკა
გამოყენებული ინტერნეტსაიტები:
https://mirchie;
https://en.wikipedia.org/wiki/Tuareg_people.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი