სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

სასწავლო თამაშები გეოგრაფიის გაკვეთილზე

ნებისმიერი საგნის მასწავლებლის მთავარი მიზანი ცოდნის ხარისხი და ინტერდისციპლინარული კავშირებია. ჩვენ მაღალი ხარისხის ცოდნის მიღწევის მრავალი მეთოდი ვიცით, თუმცა თამაშის მეთოდის გამოყენების შედეგები მაინც შეუფასებელია. არა მხოლოდ კომუნიკაციის უნარი და ყველა მოსწავლის აქტიური ჩართულობა, არამედ საგნის თემების შინაარსის გაგება-გააზრება თითქმის ყოველთვის უსწრებს „კლასიკურ“ გაკვეთილს „კლასიკური“ სცენარის მიხედვით: „მოუსმინე – განიხილე – ჩაწერე – გაიმეორე“. ამ დროს მასწავლებელი მხოლოდ ცოდნის წყარო კი არ არის, არამედ კონსულტანტი და ფასილიტატორია მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის წარმართვისთვის, რომელიც მიმართულია პრობლემების გადაჭრაზე. მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილე ხდება. ისინი თავად აყალიბებენ მიზნებს, ამოიცნობენ პრობლემებს, აანალიზებენ ინფორმაციას, შეიმუშავებენ კრიტერიუმებს და პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებს. მოსწავლე იქცევა სასწავლო პროცესის მთავარ ფიგურად.

სასწავლო თამაშების ფორმა ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული ინოვაციაა. დიდაქტიკური თამაშის პროცესში ვითარდება მიზანდასახულობა, ჩართულობა, აზროვნების დინამიზმი და პროდუქტიულობა, მეხსიერების გაუმჯობესება და ეფექტურობა, სრულყოფილების სურვილი და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

სასწავლო თამაშების წყალობით გაკვეთილები უფრო მეტად ნაყოფიერია, მოსწავლეებს არ ერიდებათ მსჯელობა და კითხვების დასმა.

თამაშის მომენტები შეიძლება გამოყენებულ იქნას გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე: გაკვეთილის დასაწყისში საშინაო დავალების შემოწმებისას ან მოსწავლეთა მოტივაციის გასააქტიურებლად, ახალი მასალის შესწავლისას სასწავლო მასალის უფრო ღრმა, შინაარსიანი და სწრაფი ათვისებისთვის, ან გაკვეთილის დასასრულს შესასწავლი მასალის განმტკიცებისთვისა და რთული საკლასო სამუშაოს შესრულების შემდეგ სტრესის მოსახსნელად. ყველა თამაშის ფორმას მასწავლებელი ირჩევს გაკვეთილის თემის, მოსწავლეების მზაობისა და ასაკის მიხედვით. გთავაზობთ თამაშის რამდენიმე ვარიანტს:

„ტერმინოლოგიური მარათონი“

როგორც წესი, ეს მეთოდი დიდი თემების შესწავლის შუა პერიოდში გამოიყენება. მაგალითად, „მსოფლიო მოსახლეობა“, „მსოფლიო ეკონომიკა“, „კაცობრიობის გლობალური პრობლემები“ და ა.შ. მთელი კლასი „მსმენელებად“ და „მოსაუბრეებად“ იყოფა. მოსწავლეები, რომლებიც არჩეულ რიგში სხედან მაგიდასთან მარჯვნივ, უსმენენ; მარცხნივ მსხდომნი კი საუბრობენ, ან პირიქით.

დავალება „მოსაუბრეებს“: ერთ წუთში თქვით რაც შეიძლება მეტი სიტყვა შესასწავლ საკითხზე. მსმენელები რვეულში აღნიშნავენ სიტყვების რაოდენობას, რომლებსაც ისმენენ, აფასებენ, რამდენად მიეკუთვნებიან ისინი თემას და შემდეგ ურჩევენ მასწავლებელს „მოსაუბრეთა“ ნამუშევრის ამა თუ იმ შეფასებას, ასახელებენ თავიანთ მოსაზრებას. შემდეგ გაკვეთილზე იცვლება როლები, ვინც იყო „მსმენელი“, ხდება „მოსაუბრე“, და პირიქით.

ამ მეთოდს ბევრი უპირატესობა აქვს. მთავარი უპირატესობაა: მოსწავლეთა ლექსიკა მნიშვნელოვნად მდიდრდება; საშუალო სკოლის მოსწავლეები გეოგრაფიულ ტერმინებს ყოველდღიურ მეტყველებაში თავისუფლად იყენებენ; თქვენ არ გჭირდებათ მუდმივად დაუბრუნდეთ სიტყვების მნიშვნელობების გამეორებას; „მსმენელები“ ​​სწავლობენ ობიექტურობას, შეფასებასა და პასუხისმგებლობას თანაკლასელების წინაშე.

აბრაკადაბრა (აბდაუბდა)

მეთოდის არსი ის გახლავთ, რომ სამი-ოთხი მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფს ეძლევა დავალება, სამ წუთში მოიფიქროს უცნობი ტერმინის საკუთარი განმარტება. დეფინიცია ლოგიკურად უნდა იყოს აგებული. მოსწავლეს შეუძლია თქვას ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლის; დაამტკიცოს, რომ მართალია; მოიყვანოს მაგალითები და გააანალიზოს სიტყვა ან ფრაზა. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არის ნამდვილი „აბრაკადაბრა“, აბსურდული აქტივობა, მაგრამ ამ თამაშს ბევრი უპირატესობა აქვს. დასაწყისში, თავად დავალება არ გულისხმობს სწორი პასუხის არსებობას, რაც ნიშნავს, რომ არ შეიძლება გაუბედავი იყო, თქვი ყველაფერი, რაც გაგახსენდა, უშიშრად. ამიტომ, „აბრაკადაბრას“ სარგებელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც მორცხვები არიან საჯარო გამოსვლების დროს, შეუფასებელია. სავარჯიშოების მიზანია – ლექსიკის გამდიდრება, პოზიციის დაცვის უნარის განვითარება და აუდიტორიისთვის პასუხის გაცემის უნარის გამომუშავება. ფასდება გეოგრაფიული აზროვნება და თავდაჯერებულობა. პასუხის შემდეგ მასწავლებელი აყალიბებს ტერმინის სწორ განმარტებას.

პოლიტიკური ინფორმაცია

ჩვენ ყველას გვახსოვს ყოველკვირეული პოლიტიკური ინფორმაცია ბავშვობიდან. გეოგრაფიის კურსი 10-11 კლასებისთვის ეხება მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით პრობლემებს. გლობალური პრობლემების, საერთაშორისო ბაზრის ყოველდღიური დინამიკის, მსოფლიოსა და საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებზე წარმოდგენის გარეშე შეუძლებელია სკოლის მოსწავლისთვის თანამედროვე მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება. „რკინის ფარდის“ დროს დამახასიათებელი საინფორმაციო „ვაკუუმი“ აღარ არის, დღეს უზღვავი ინფორმაციის წყაროა. მოგეხსენებათ, სკოლის მოსწავლეებს უფრო მეტად აინტერესებთ ის, რასაც ინტერნეტსივრციდან იღებენ. თუმცა ხშირად მათ არ იციან, როგორ გამოიყენონ თეორიული ცოდნა მსოფლიოში მომხდარი მოვლენების გასაანალიზებლად. ამიტომაც, მოსწავლეების აზრით, ცოდნას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ამ რთულ ამოცანას პოლიტიკური ინფორმაცია „გაუმკლავდება“.

გაკვეთილზე კლასი ირჩევს ერთ ან ორ მოსწავლეს, რომლებიც შემდეგი კვირის პირველ გაკვეთილზე წარადგენენ ინფორმაციას. ერთი შეხედვით უბრალო დავალება ეძლევათ: მოუსმინე, წაიკითხე მედია, უყურე ინტერნეტში გასული კვირის სიახლეებს. ამოარჩიე ყველაზე მნიშვნელოვანი, აქტუალური და საინტერესო საკითხები და 5-7 წუთში გააცანით მეგობრებს. ყოველი გაკვეთილი იწყება მსოფლიოს პოლიტიკური სიახლეების გაცნობით.

თავდაპირველად პოლიტიკური ინფორმაცია მასწავლებლისგან კორექტირებას მოითხოვს, რადგან თინეიჯერებს ძირითადად კრიმინალური დანაშაულის თემები, შოუბიზნესის ამბები, ბიუროკრატიული კორუფციის ფაქტები და ა.შ. აინტერესებთ. საჭიროა მკაფიოდ შეიზღუდოს საგნის ინტერესების ფარგლები. ასეთ ინფორმაციას არ უნდა დაეთმოს ერთი წუთი. საჭიროა წინასწარ იქნას განსაზღვრული აქტივობის მიზანი და შედეგი.

როგორც წესი, მოსწავლეები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან დავალებას.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდის გამოყენებას გაკვეთილის მხოლოდ 5-7 წუთი სჭირდება და წლის პირველი ნახევრის ბოლოს მთელმა კლასმა უკვე იცის მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური მოღვაწეების სახელები, ინფორმაცია აქვს მსხვილი ინდუსტრიული და ტერიტორიული გაერთიანებების, ასოციაციების მიზნებისა და ამოცანების შესახებ, და აკეთებს „აღმოჩენებს“ აქტიური პოლიტიკური და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ქვეყანასა და მსოფლიოში. კვირის ინფორმაციები საქაღალდეში ინახება და სემესტრის დასრულებისას ხდება პროცესებისა და მოვლენების გააანალიზება, როგორ განვითარდა ის რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ გადაცემას დავარქვით „პოლიტოლოგის 7 წუთი“ დილის ეთერში.

ბიზნესთამაშები ეხმარება მოსწავლეებს პროფესიული საქმიანობისა და მისი დინამიკის ჰოლისტიკური გაგების ჩამოყალიბებაში, პროფესიულ სფეროში პრობლემური და სოციალური გამოცდილების მიღებაში, თეორიული და პრაქტიკული აზროვნების განვითარებაში.

აქ მოცემულია რამდენიმე მათგანის მაგალითი.

თემა „მსოფლიოს რეგიონული მახასიათებლები“ ​​(გაკვეთილი-სემინარი)

მიზანი: რა გავლენას ახდენს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ეკონომიკის სტრუქტურაზე?

რესურსები: დავალების ბარათები, ატლასის რუკები, დამატებითი ლიტერატურა, მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, სახელმძღვანელოები.

თამაშის დაწყებამდე კლასი იყოფა ჯგუფებად, ისინი დამოუკიდებლად ირჩევენ მათთვის საინტერესო კითხვებს.

ჯგუფი 1 – პოლიტიკური თემა: ეკონომიკური დაპირისპირების ძირითადი ცენტრების ფორმირება; ქვეყნებს შორის პარტნიორობა და წინააღმდეგობები.

ჯგუფი 2 – შრომის საერთაშორისო დანაწილებასთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხები, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების პოზიცია, საერთაშორისო ტრანსეროვნული კომპანიების როლი შრომის საერთაშორისო დანაწილებაში.

ჯგუფი 3 – მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია დღევანდელ ეტაპზე; ეკონომიკის დარგობრივი და ტერიტორიული სტრუქტურის ცვლილებები მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის დროს; მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მაღალი დონე თანამედროვე ეტაპზე.

ჯგუფი 4 – გარემოსდაცვით თემაზე, რომელიც მოიცავს გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებას.

მოსწავლეთა ჯგუფები შედგება 3-5 კაცისგან და თითოეული მონაწილე ირჩევს მხოლოდ ერთ კითხვას და ამზადებს პასუხს.

ამ თამაშის შედეგად მოსწავლეები იძენენ ცოდნას მსოფლიო ეკონომიკური სისტემის შესახებ; ლიტერატურასთან მუშაობის, სხვადასხვა შინაარსის რუკების, თანამოსაუბრის მოსმენისა და საკუთარი თვალსაზრისის დაცვის უნარის გამომუშავების ჩვევას; ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის გაცვლისა და დასკვნების გამოტანის უნარებს.

თემა: „შრომის საერთაშორისო გეოგრაფიული დანაწილება“ (გაკვეთილი-აუქციონი)

რესურსები: რუკები, ცნობარები, დროშები, ემბლემები, შეფუთვა ან პროდუქტის ნიმუშები, ფერადი ქაღალდი, წებო, მაკრატელი, სახელმძღვანელოები.

მოსამზადებელ ეტაპზე მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას „საკუთარი“ ქვეყნის შესახებ: 3-4-კაციანმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს ქვეყნის სავიზიტო ბარათი, განსაზღვროს ქვეყნის იმპორტი და ექსპორტი, მისი ეკონომიკური პარტნიორობა და დაამტკიცოს თავისი ლიდერობა მსოფლიო ბაზარზე. ეცადონ, გაყიდონ რომელიმე პროდუქტი და დადონ სავაჭრო ხელშეკრულება რომელიმე ქვეყანასთან.

თამაშის მიმდინარეობა:

I ტური: რეკლამის მომზადება;

II ტური: მოკლე ინფორმაცია ქვეყნის შესახებ და მისი საექსპორტო პროდუქციის რეკლამა;

III ტური: გაყიდვების ბაზრისა და თქვენი ქვეყნის პროდუქციაზე მოთხოვნის შესწავლა;

IV ტური: ბრიფინგი.

ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, თუ რა სავაჭრო ხელშეკრულებების დადება მოახერხეს თამაშის დროს და რომელ ქვეყანასთან (ტურიზმის, სამეცნიერო და ტექნიკური გაცვლის შესახებ და ა.შ.).

თამაში მთავრდება ექსპერტების (2-3 მოსწავლე და მასწავლებელი) საბოლოო გამოსვლით.

პრაქტიკაში სათამაშო ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეებს:

– ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ პირადი გამოცდილებიდან და არა უბრალოდ მოუსმინონ მასწავლებელს; სწავლობენ, თავად მოაგვარონ რთული პრობლემები და არ იყვნენ მხოლოდ დამკვირვებლები.

– ეძლევათ ცოდნის სასწავლო სიტუაციიდან რეალურში გადატანის შესაძლებლობა, უვითარდებათ ორიენტაციის უნარი სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში; თეორიული ცოდნა უმტკიცდებათ, უვითარდებათ ანალიზისა და პროგნოზირების უნარი; ხდებიან დამოუკიდებელი დავალებების შესრულებისას, თანამშრომლობისას, ურთიერთდახმარებისას.

– უვითარდებათ კომუნიკაბელური და შემოქმედებითი შესაძლებლობები, მრავალფეროვანი ხდება მათი შემეცნებითი აქტივობა და ეზრდებათ საგნის შესწავლის მოტივაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი