პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ყროლები

საინტერესო ფენომენია ადამიანის მეხსიერება. თითქოს ერთბაშად ირთვება რომელიღაც ასაკში. მანამდე თავს გადამხდარი არაფერი გახსოვს, მხოლოდ სხვის მონათხრობს თუ სჯერდები.  მეხსიერების ამოქმედების შემდეგ კი თითოეული დეტალი, მომენტი, ნანახ-გაგონილი იწყებს აღბეჭდვას ჩვენი ტვინის რომელიღაც ტალანში. გადის წლები და ისევ ნისლითა და ბურუსით იფარება ბევრი მათგანი. ისტორიის მტვერი გონებაში აღბეჭდილ საგნებს  ისევე ედება და შთანთქავს, როგორც სამზეოზე დარჩენილ მათ ორიგინალებს. თუმცა არსებობს მოვლენები, რომელთა მიმართ დრო-ჟამი უძლურია. ძნელია მათ მრავალჟამიერობას რაიმე დამაჯერებელი ახსნა მოუძებნო… უბრალოდ ფაქტია, რაღაც გუშინდელი დღესავით გახსოვს, თუნდაც ღრმა ბავშვობაში მომხდარი ამბავი…

ყოველთვის დიდად მიზიდავდა მოხუცთა მუსაიფი. რაც წლები მემატება და   გარშემო  ასეთი ადამიანების რიცხვი  იკლებს, მით უფრო მიცხოველდება ეს წადილი. ის კი, რაც მათი დიალოგებიდან მიზიდავს, არის იმ დროის ლექსიკა, წინადადების წყობა და თითოეულ ფრაზას დატანებული აზრი. მგონია, რომ მაშინ ერთი წინადადებით უფრო მეტის თქმას ახერხებდნენ, ვიდრე დღეს ჩვენ.

სამწუხაროდ, არც ერთი პაპა არ მახსოვს საკმარისად.  ჩემს მეხსიერებაში ორივე მუნჯი ფილმის პერსონაჟებად შემორჩენილან რამდენიმე კადრით: სადღაც შორეულ პლანზე მუდმივად  მოფუსფუსენი ბაღ-ბოსტანში.  მხოლოდ ერთი კადრია ფერადი და ხმოვანი. კადრი სულ რამდენიმე წამს გრძელდება: არაგვზე გადებულ  ხის მორებისაგან შეკრულ საცალფეხო ხიდზე გადავდივართ ზაფხულში ფშავში ასულები. ხიდიდან სახლამდე ჭალაა, სახლამდე კი სადღაც ას მეტრზე ცოტა მეტი მანძილია. შუა ჭალაში გვეგებება პაპა – მაღალი, ხმელი მოხუცი ჭაღარა თმებითა და ცისფერი თვალებით და დაბალი, ძლივს გასაგონი ხმით ამბობს: „მომივიდნენ ჩემი ყროლებიო“.  პაპისაგან დანატოვარ ამ სამად-სამ სიტყვაში ისეთი სიყვარული, სითბო, ერთწლიანი განშორების მონატრება იყო ჩაქსოვილი, რომ მან გაუძლო რამდენიმე ათეულ წელს და გუშინდელ დღესავით ნათელ მოგონებად შემორჩა…

ფშავში  „ყროლი“ „ცუდის“ სინომია და სუნთან  არც კი ასოცირდება. ამ სიტყვის განმარტებას სულხან საბას „სიტყვის კონაშიც“ ვერ იპოვით.  ფშაურ ხალხურ ლექსებსა  და კაფიებში კი ხშირად  გვხვდება. თუმცა ამ  სიტყვამ, როგორც ჩანს, მოგვიანებით მნიშვნელობა შეიცვალა და დღეს „ბარში“ სპეციფიკური სუნის, უმეტესად ცუდის, აღსანიშნავად გამოიყენება…

და რა არის სუნის ფენომენი? საიდან მოდის?

ეს მოლეკულის ისეთივე დამახასიათებელი ფიზიკური თვისებაა, როგორც მისი ფერი, აგრეგატული მდგომარეობა, დუღილისა და ლღობის ტემპერატურა თუ სხვა მრავალი მისთანა. შეიძლება ითქვას, რომ სუნი პრაქტიკულად ყველა მოლეკულას აქვს, ზოგს სუსტი, ზოგს ძლიერი. „კარგი“ და „ცუდი“ სუნი კი ჩვენს ყნოსვით ორგანოსა და მით უფრო ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული  და არა მოლეკულაზე.  ის არის ისეთი, როგორიც არის. ჩვენ მას ვგუობთ ან ვერა. უფრო მეტიც, ის რაც ერთისთვის სასიამოვნო სურნელად მიიჩნევა, სხვაში შეიძლება საწინააღმდეგო შეგრძნებას ბადებდეს. ერთნი თუ ცხელ შოთსა და გუდის ყველზე დიდი რუდუნებით საუბრობენ, მეორენი ამის მოსმენაზეც კი ცხვირს იბზუებენ…

მართალია, სუნი ყველა მოლეკულას აქვს ზოგადად, მაგრამ სუნის მატარებლებად, ანუ სურნელოვან ნაერთებად, მხოლოდ ამ თვისების ზედმეტად აქტიურად მატარებელი მოლეკულები მოიაზრებიან. ზოგიერთმა მათგანმა სწორედ მათი სპეციფიკური სუნის გამო ჰპოვა გამოყენება.

მაგალითად, მრავალი ესტერი ხილის (არა ციტრუსების) სურნელს მოგვაგონებს. ხილის ეთერზეთებში ასევე შედის აცეტალები და ნახევარ აცეტალები. ყვავილების სურნელში მრავლად მოიპოვება ალდეჰიდები და კეტონები. ცოცხალი თევზის სუნი განპირობებულია ნაჯერი დიამინების შემცველობით – ორმა მათგანმა ტრივიალური სახელიც ამის მიხედვით მიიღო: პუტრესცინი და კადავერინი. სკატოლის – ჰეტეროარომატული ნაერთის სუნი  საპირფარეშოების მძაფრ სუნს მოგვაგონებს, მაგრამ იგი ძლიერ განზავებული ფორმით ხშირად შედის პარფიუმერულ პროდუქციაში. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ „ბუნებრივი“ სუნი არასოდეს არის გამოწვეული ერთი რომელიმე ნივთიერების შემცველობით. ის რამდენიმე სურნელოვანი ნივთიერების ნაკრებს წარმოადგენს. ამიტომ პარფიუმერული ნაწარმისა თუ არომატიზატორების შემუშავებისას ქიმიკოსების ერთ-ერთი ამოცანაა, იპოვონ ზუსტი და საინტერესო კომპოზიცია უკვე არსებული „ცალკეული“ სუნის მქონე ნაერთების შერევით.

და კიდევ, ყველა ქიმიურ ლაბორატორიას თავისი სუნი აქვს. გამოცდილი ქიმიკოსი ლაბორატორიაში შესვლისთანავე ხვდება, თუ რა ტიპის ნაერთებზე მუშაობენ იქ მკვლევრები… უცხოები კი… პირველი კითხვა, რასაც გეკითხებიან, არის „ასეთ სუნში როგორ ძლებთ?“…

რა გითხართ აბა, ასეთი „ყროლები“ არიან ეს მოლეკულები… პაპაჩემის შვილიშვილებივით – ზოგი ანცი და დაუდგომელი, ზოგი დინჯი და ზანტი…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი