პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თანამედროვე მონარქიული ქვეყნები

მონარქია (ბერძნ. μονάρχης: μόνος „მონოს” — ერთი, ერთადერთი; ἀρχων „არქონ” — მმართველი, ლიდერი) საზოგადოების განვითარების ისტორიაში ყველაზე ძველი სახელმწიფო მმართველობის ფორმაა, როდესაც ძალაუფლება ერთი ადამიანის, მეფის ხელშია. წარსულში უმეტეს ქალაქ-სახელმწიფოებს მონარქი, ანუ მეფე მართავდა. თავდაპირველად, მეფეს ხალხი ირჩევდა. მოგვიანებით, მეფეებმა თავიანთი ძალაუფლების გადაცემა მემკვიდრეობით უფროს ვაჟზე დაიწყეს. მეფეებს დიდიძალაუფლება ჰქონდათ: გამოსცემდნენ კანონებს და იყვნენ მოსამართლეები. ამ პერიოდისთვის მონარქი აბსოლუტური მმართველი იყო. თუმცა ყველა ქვეყანაში მონარქის უფლებები განუსაზღვრელი არ იყო. შუმერების მმართველის ძალაუფლება ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შეზღუდული იყო. რესპუბლიკის ნიშნები შეინიშნებოდა ათენსა და რომში („ათენის დემოკრატია” – ძვ.წ. V-IV საუკუნეები და „რომის რესპუბლიკა”- ძვ.წ. 510 წ.). ჯუჯა სახელწიფო სან-მარინო, რომელიც მე-4 საუკუნეში დაარსდა, უძველეს რესპუბლიკად ითვლება.

პარლამენტარიზმის და ანტიმონარქიზმის პროცესის აღორძინება ინგლისის პარლამენტში მომხდარი პროცესებისა და საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ დაიწყო. თუმცა ქვეყნების უმრავლესობამ მმართველობის ფორმა მე-20 საუკუნეში შეიცვალა. ყველაზე ბოლო ცვლილება ნეპალის სამეფოში 2011 წელს მოხდა. ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ნეპალი რესპუბლიკად გამოცხადდა.

დღეს მსოფლიოში მონარქიის სამი ფორმაა გავრცელებული: კონსტიტუციური (საპარლამენტო), დუალისტური და აბსოლუტური.

მსოფლიოს მონარქიული ქვეყნები

როგორც რუკიდან ჩანს, კონსტიტუციური მონარქიული ქვეყნები ძირითადად ევროპის კონტინენტზეა: ანდორა, ბელგია, დანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი… ანდორა საპარლამენტო სამთავროა (საპარლამენტო დემოკრატია), ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის დაქვემდებარებაში. იგი უნიკალური მონარქიაა: სახელმწიფოს მეთაურია ურხელის (ესპანეთი) ეპისკოპოსი და საფრანგეთის პრეზიდენტი.

ლიხტენშტაინის სამთავრო და მონაკოს სათავადო კონსტიტუციური მონარქიაა დუალისტური მონარქიის ნიშნებით. დუალისტური მონარქია მმართველობის არამდგრადი ფორმაა, რადგან მონარქიც და პარლამენტიც ყოველთვის ცდილობენ უფრო მეტი ძალაუფლება მოიპოვონ. მონარქს სურს თავისი ხელისუფლება აბსოლუტური გახადოს, ხოლო პარლამენტს კი – კიდევ უფრო შეზღუდოს მონარქის ხელისუფლება და მონარქია საპარლამენტო ფორმაში გადაიყვანოს. ამიტომაცაა, რომ დუალისტური მონარქიის ჩვენება კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე არც თუ ისე იოლია, ვინაიდან იგი ხან ერთი (აბსოლუტური მონარქიის), ხან მეორე (საპარლამენტო მონარქიის) ფორმისკენ იხრება.

მონაკოს თავადის უფლებები ფაქტობრივად შეუზღუდავია. 2002 წელს სათავადოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და ოფიციალურად საკანონმდებლო ორგანოს (ნაციონალური საბჭო) უფლებები გაიზარდა. ლიხტენშტაინის სახელმწიფო მეთაური არის თავადი. საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი ლანდგატი შედგება 25 დეპუტატისგან, აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს მთავრობის მეთაური და 4 საბჭო. ქვეყნის მეთაურს, პრინცს შეუძლია მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნა.

აზიის ქვეყნებიდან კონსტიტუციური მონარქია არის: ბუტანში, კამბოჯაში, იაპონიასა და ტაილანდში.

ბრუნეი, ომანი, ყატარი და საუდის არაბეთი აბსოლუტური მონარქიული ქვეყნებია. არაბთა გაერთიანებული ემირატები ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოა, რომელიც 7 აბსოლუტური მმართველობის საამიროსაგან შედგება.

ბრუნეი, საუდის არაბეთი და ვატიკანი ევროპაში აბსოლუტური თეოკრატიული მონარქიული ქვეყნებია, სადაც სახელმწიფოს მეთაური რელიგიური ლიდერია. საუდის არაბეთის კანონმდებლობა ყურანზეა დაფუძნებული. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია მეფე, რომელიც ქვეყნის რელიგიური ლიდერიცაა. მონარქის ხელისუფლება თეორიულად მხოლოდ შარიათის წესებითაა შეზღუდული. არაბეთის უმაღლესი საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც მეჯლის აშ-შურას უწოდებენ, 1992 წლიდან არსებობს. მეჯლის აშ-შურა წარმოადგენს სახელმწიფო სათათბიროს, რომლის კანდიდატებსაც თავად არჩევს თვით საუდის არაბეთის მონარქი. აქამდე მის წევრებად მხოლოდ მამაკაცები ინიშნებოდნენ, ოთხი წლის ვადით. საუდის არაბეთის მეფის, აბდულას (აბდულაჰ ბინ აბდულ აზიზი), განკარგულებით სახელმწიფოს 150-წევრიან უმაღლეს საკონსულტაციო საბჭოში 30 ქალი დაიშვება. პრეტენდენტმა ქალბატონებმა მთელი რიგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. მეჯლის აშ შურას წევრობის უფლება მხოლოდ 30 წელს მიღწეულ ქალბატონებს ექნებათ, ისინი თავიანთ პროფესიულ სფეროში მაღალკვალიფიციურობით უნდა გამოირჩეოდნენ.

ომანის სასულთნოშიც კონსტიტუციის მაგივრობას ყურანი ასრულებს.

ბაჰრეინი და ქუვეითი დუალისტური მონარქიული ქვეყნებია, მაგრამ მონარქები ინარჩუნებენ გარკვეულ ძალაუფლებას.

იორდანიასა და მალაიზიაში კონსტიტუციური მონარქიაა, მაგრამ მათი მონარქები გარკვეულ ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებენ. მონარქი ნიშნავს მინისტრებს, აყალიბებს მთავრობას და ამაში იგი პარლამენტს ანგარიშს არ უწევს, მთავრობა კი, თავის მხრივ, პასუხისმგებელი მხოლოდ მონარქის წინაშეა.

მაროკო, ლესოტო და სვაზილენდი (აფრიკა) კონსტიტუციური მონარქიაა. ლესოტოში მეფის ფუნქციები შეზღუდულია და საცერემონიო ფუნქცია აქვს, იგი ნაციონალური ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს. სვაზილენდში კი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მეფის ხელშია, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დანიშვნის უფლებაც გააჩნია.

ტონგას სამეფო ოკეანეთში ერთადერთი მონარქიული ქვეყანაა, თუ არ ჩავთვლით თანამეგობრობის ქვეყნებს, სადაც სახელმწიფოს მეთაურად ითვლება გაერთიანებული სამეფოს დედოფალი. ტონგაში ეტაპობრივი პოლიტიკური რეფორმა ტარდება. კონსტიტუციის თანახმად, მეფის პიროვნება უზენაესია, ის ყველა ბელადის და ტონგის მთელი ხალხის მეთაურია, მართავს ქვეყანას, მაგრამ პასუხისმგებლობას მინისტრები იღებენ.

ტონგას სამეფო

ინდონეზიის რესპუბლიკაში არის ყველაზე პატარა პროვინცია ჯოკიაკარტის სპეციალური რეგიონი, რომელიც კუნძულ იავაზე მდებარეობს. იგი ერთადერთი პროვინციაა ინდნონეზიაში, რომელიც ჯერ კიდევ კოლონიალიზმამდელი მონარქიის გზით იმართება. ჯოკიაკარტის სულთანი პროვინციის მემკვიდრეობითი გუბერნატორია. დედაქალაქია ჯოკიაკარტა. მდებარეობს იავის სამხრეთ სანაპიროს სიახლოვეს, მთლიანად მოქცეულია ცენტრალური იავის პროვინციის შიგნით. 2010 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 3 452 390 ადამიანს შეადგენს.

ჯოკიაკარტა (ინდონეზია)

ახალი ზელანდიის დაქვემდებარებაშია ტოკელაუ, რომელიც სამი ატოლისგან შედგება. დამოკიდებული ტერიტორიის სახელმწიფოს მეთაურია ახალი ზელანდიის მონარქი ( დედოფალი ელისაბედ II). ატოლებს მართავს საბჭო, რომელიც კუნძულების სამი ბელადისგან შედგება. 2006-2007 წლებში ტოკელაუსთვის ახალი სტატუსის (თავისუფალი ასოციაცია) მისანიჭებლად რეფერენდუმი ორჯერ ჩატარდა. მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ 60%- მა დაუჭირა მხარი დამოუკიდებელი ასოციაციის შექმნას (საჭირო იყო მოსახლეობის 66 % -ის მხარდაჭერა). შესაბამისად, ტოკელაუმ შეინარჩუნა ძველი სტატუსი: არათვითმართვადი ტერიტორია სხვისი მართველობის ქვეშ.

დღეისათვის ტოკელაუ წარმოადგენს ახალი ზელანდიის სამფლობელოს, იმართება 1948 წლის ტოკელაუს აქტისა და 1963 – 1999 წლებში მასში შესული შესწორებების საფუძველზე. ამ დოკუმენტის თანახმად ახალი ზელანდია უზრუნველყოფს ტოკელაუს კუნძულების თავდაცვას.

უგანდას რესპუბლიკა (აფრიკა) დაყოფილია 80 ოლქად და 4 ადმინისტრაციულ რეგიონად: ჩრდილო, აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებად. ოლქები დაყოფილია სოფლებად და ქალაქებად. ხშირად ოლქების სახელი გამომდინარეობს მათი მნიშვნელოვანი კომერციული ცენტრებისა და ქალაქებისაგან. ქვეყნის მმართველი ადმინისტრაციის პარალელურად შემორჩენილია 6 ტრადიციული ბანტუს სამეფო, თავიანთი კულტურული ავტონომიებით. ეს სამეფოებია: ტორო, ანკოლე, ბუსოგა, ბუნიორო, ბუგანდა და რვენზურურუ. ანკოლე არის არაოფიციალური დობილი ვენდურეს სამეფოსი, რომელიც მდებარეობს ვიქტორიაში, ავსტრალიაში. უგანდის მნიშვნელოვანი ქალაქებია: 1. გულუ 2. ენტებე 3. კამპალა (დედაქალაქი) 4. მასაკა 5. მბალე 6. მბარარა 7. სოროთი 8. ჯინჯა.

ბოტსვანას რესპუბლიკის ორპალატიანი პარლამენტის ერთ-ერთი პალატა ბელადთა პალატაა. იგი შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან 8 წევრი წარმოდგენილია მსხვილი ტომების ბელადებისგან, 4 არჩეული წევრია და 3 – დანიშნული.

ზიმბაბვეშიც ორპალატიანი პარლამენტის ერთი სენატი ადგილობრივი ტომების ბელადებისგან (16 წევრი) შედგება.

ნიგერიის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში ისლამური სახელმწიფო სოკოტო მდებარეობს, რომელიც 1800 წელს შეიქმნა. სოკოტოს მართავს ხალიფა. სოკოტოში მიიღეს შარიათის კანონი. მე-20 საუკუნეში ნიგერიის შემადგენლობაში შესული სოკოტო დღესაც ინარჩუნებს ძალაუფლებას, როგორც მუსულმანების სულიერი წინამძღოლი.

განას რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ადრეფეოდალური სახელმწიფო აშანტი. მას კონსტიტუციით მინიჭებული აქვს ოლქის სტატუსი მონარქიის ნიშნებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი