სიბნელის შიში ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც მისი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე არ განუცდია შიში რაიმეს ან ვინმეს მიმართ. საყურადღებოა, რომ ეს გრძნობა მთელი თავისი მრავალფეროვნებით ბავშვობის პერიოდში იჩენს თავს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სიბნელის შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია  ბავშვებში. როგორც წესი, სიბნელის შიში ამ პერიოდში დროებით ხასიათს ატარებს, მაგრამ, თუ ის დროულად არ იქნება დაძლეული, შეიძლება დიდობაშიც გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მოზრდილ ადამიანებში შიშის გამომწვევი მიზეზები მათ ადრეულ ბავშვობას უკავშირდება.

     ალბათ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ იმ ბავშვთა მშობლები, რომელთაც სიბნელის შიში აწუხებთ, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. უპირველეს ყოვლისა, ასეთ ბავშვს უჭირს ჩაძინება, ხშირად უარს ამბობს საძინებელ ოთახში შესვლაზე, საკუთარ საწოლში ჩაწოლაზე, პანიკაში აგდებს ოთახში სინათლის ჩაქრობა, დაჟინებით ითხოვს საძინებელი ოთახის კარის ღია დატოვებას, ხშირად ესიზმრება კოშმარები, შუაღამისას იღვიძებს შეშინებული, უხმობს მშობლებს და არწმუნებს მათ, რომ მის ოთახში ურჩხულები და მოჩვენებები დადიან. ასეთ დროს მშობელთა უმრავლესობა გამოსავალს იმაში პოულობს, რომ საკუთარ საძინებელში გაჰყავს ბავშვი და მასთან ერთად აგრძელებს ძილს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც შიშისაგან პანიკაში ჩავარდნილ ბავშვს საყვედურობენ, ცდილობენ დაარწმუნონ, რომ საშიში არაფერია, უბრალოდ მოეჩვენა რაღაც და აიძულებენ საკუთარ საწოლში გააგრძელოს ძილი. მშობლების მხრიდან ბავშვის შიშის მუდმივად იგნორირების შემთხვევაში ადვილი შესაძლებელია მას ჩამოუყალიბდეს საკუთარ თავში დაურწმუნებლობის, სირცხვილის, დაუცველობის გრძნობა; ამასთან ერთად, თავი იჩინოს დეპრესიამ და აგრესიულობამაც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი პრობლემას მოგვარების ნაცვლად კიდევ უფრო გაამძაფრებს და შესაძლოა უმართავიც კი გახადოს ის. ამდენად, სასურველია, რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვიზრუნოთ ბავშვში აღმოცენებული სიბნელის შიშის დაძლევაზე. მაგრამ, იმისათვის, რომ პრობლემას წარმატებით გავართვათ თავი, აუცილებელია ზუსტად განვსაზღვროთ ის მიზეზები, რამაც შეიძლება ეს პრობლემა წარმოშვას.

     სიბნელის შიშის გამომწვევი მიზეზები:

  • წინარე, არასასიამოვნო გამოცდილება. რაიმე შემთხვევის წყალობით, სიბნელის ხიფათთან, არასასიამოვნო მოულოდნელობასთან დაკავშირება. მაგ. თუ ერთხელ, როცა ბავშვი ბნელ ოთახში აპირებდა შესვლას, იქიდან მკვეთრი მოძრაობით გადმოხტა ოჯახის კატა ან ძაღლი, რამაც ის შეაშინა, ადვილი შესაძლებელია, რომ მომავალში ბნელი ოთახი მან დააკავშიროს ხიფათთან, საფრთხესთან, შიშთან, მოულოდნელობასთან და უარი განაცხადოს იქ შესვლაზე;
  • მშობლების, ახლობლების, აღმზრდელების მიერ ბავშვისთვის გაუცნობიერებლად თავსმოხვეული, შთაგონებული შიში. მაგ. როცა ბავშვი დიდხანს არ იძინებს და მშობლები დაშინებით ცდილობენ მის დაძინებას – „გადაბრუნდი და დახუჭე თვალები, თორემ გუდიანი კაცი მოვა და წაგიყვანს“, ადვილი შესაძლებელია, ბნელ ოთახში მარტოდ დარჩენილ ბავშვს მოეჩვენოს, რომ მის გარშემო საშინელი არსებები დადიან, რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააძლიერებს სიბნელის შიშს;
  • ძილის წინ ისეთი მულტფილმების ყურება, სადაც საშინელი არსებებია პერსონაჟებად გამოყვანილი და ნეგატიურ სიუჟეტზეა აგებული. სახიფათო კომპიუტერული თამაშებით გართობამ ასევე შეიძლება პრობლემები შეუქმნას ბავშვს ძილის წინ. არსებობს იმის საფრთხე, რომ ნანახი პერსონაჟები მოჩვენებებად „გამოეცხადოს“ და ძილი დაუფრთხოს მას;
  • ოჯახური კონფლიქტები, ყოველდღიური ჩხუბი და უსიამოვნო საუბრები მშობლებს შორის, სხვა უარყოფით შედეგებთან ერთად, დიდი ალბათობით, შეიძლება ბავშვში სიბნელის შიშის აღმოცენების მიზეზად იქცეს. მას უჩნდება უნდობლობის გრძნობა დედ-მამის მიმართ, ფიქრობს, რომ ის მათ არ სჭირდებათ და უსაფრთხოდ და დაცულად ვეღარ გრძნობს თავს. ასეთ დროს აღმოცენებულმა უარყოფითმა ემოციებმა შეიძლება არა მხოლოდ ხელი შეუწყოს ბავშვში სიბნელის შიშის აღმოცენებას, არამედ განამტკიცოს კიდეც ის იმდენად ძლიერად, რომ მოზარდი ამ შიშისაგან გარდამავალ ასაკშიც კი ვერ განთავისუფლდეს;
  • ოჯახური ურთიერთობების რღვევა ან ოჯახის რომელიმე წევრის სერიოზული ავადმყოფობა ასევე შეიძლება ბავშვში სიბნელის შიშის აღმოცენების მიზეზი გახდეს;
  • ჰიპერმზრუნველობა ოჯახის წევრთა მხრიდან, ბავშვის გარე სამყაროსაგან მოწყვეტა და შესაძლო გარე გამღიზიანებლებისაგან მისი გამიჯვნა, შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. თანატოლთა წრისა და გარე სამყაროსაგან მოწყვეტილი ბავშვი, როგორც წესი, იკეტება ვიწრო ოჯახურ წრეში, სადაც მუდმივი კონტროლი და მეურვეობა დამთრგუნველად მოქმედებს მის ემოციურ ცხოვრებაზე და უძლიერებს შიშის, საფრთხის, საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობას;
  • ბავშვის პრობლემის იგნორირება, უარყოფა შესაძლებელია ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზი გახდეს. არის შემთხვევები, როცა უფროსები ბავშვს, რომელსაც სიბნელის ეშინია, დასცინიან, უწოდებენ მხდალს ან საერთოდ კეტავენ ბნელ ოთახში იმ იმედით, რომ ეს დაეხმარება მას შიშის დაძლევაში. შედეგად ვიღებთ იმას, რომ სიბნელის შიში კიდევ უფრო ძლიერდება და მას სხვა პრობლემებიც ემატება.

რეკომენდაციები სიბნელის შიშის დასაძლევად:

  • პრობლემის მოგვარება მისი აღიარებით უნდა დავიწყოთ. პრობლემის იგნორირება ნამდვილად არ იქნება ჩვენი დამხმარე ასეთ სიტუაციაში;
  • ნუ შევეცდებით ბავშვის წინაშე მდგარი პრობლემის გამარტივებას. ჩვენი სიტყვები -„სიბნელეში არაფერია საშიში“- ვერ დაეხმარება მას და არ მისცემს იმ ემოციების და გრძნობების ახსნის საშუალებას, რომელსაც ის განიცდის. ამიტომ, არ არის საჭირო დავამშვიდოთ ბავშვი სიტყვებით: „აქ არაფერია ისეთი, რის გამოც უნდა გეშინოდეს“; „მე არ მეშინია“. მსგავსი სიტყვებით დაძლევის ნაცვლად შეიძლება უფრო გავაძლიეროთ შიში. ამიტომ პრობლემის მოსაგვარებლად, უკეთესი იქნება თანაგანცდა, მხარდაჭერა და სიყვარული;
  • დავანახოთ და ვაგრძნობინოთ ბავშვს, რომ ჩვენ გვჯერა მისი, მისი შესაძლებლობების, გვჯერა, რომ ის თავს გაართმევს მის წინაშე მდგარ პრობლემას. მშობლები, რომლებსაც ეჭვი არ ეპარებათ საკუთარ შვილში, ადვილად შეძლებენ მის დახმარებას სირთულის დაძლევის პროცესში. ნდობისა და სიყვარულის დეფიციტის პირობებში კი ბავშვი კარგავს საკუთარ თავში დარწმუნებულობის გრძნობას, თავს გრძნობს მარტოსულად და დაუცველად, ხდება შფოთიანი, რაც ნამდვილად ვერ დაეხმარება მას პრობლემის დაძლევაში;
  • მშობლების დადებითი მაგალითი. ნუ მოვერიდებით ბავშვთან იმის აღიარებას, რომ ერთ დროს ჩვენც გვქონდა ასეთი შიში, ჩვენც გვტანჯავდა ის, თუმცა, შევძელით მისი დამარცხება. გავუზიაროთ მას სიბნელის შიშთან ბრძოლაში ჩვენი ბავშვობის დროინდელი გამოცდილება;
  • მოვარიდოთ ბავშვი ძილის წინ მულტფილმების ყურებას. უმჯობესი იქნება, თუ ამით ის დღის განმავლობაში დაკავდება;
  • ნუ წავუკითხავთ ბავშვს საშიშ ზღაპრებს, ზღაპრებს ისეთი პერსონაჟებით, რომლებიც აშინებს პატარას. უმჯობესი იქნება მოვუყვეთ ბავშვს ისტორიები კეთილი პერსონაჟებით და ბედნიერი დასასრულით;
  • მოვერიდოთ ზედმეტ მეურვეობასა და მზრუნველობას; მივცეთ ბავშვს თანატოლებთან და გარე სამყაროსთან მეტი ურთიერთობის საშუალება. გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირად საფრთხე იმდენად გარე სამყაროში არ არის, რამდენადაც ჩვენს შინაგან სამყაროში;
  • ნუ დავადანაშაულებთ ბავშვს, ნუ ვეჩხუბებით და ნუ დავსჯით მას იმის გამო, რომ ეშინია, დაუცველი და უსუსურია. ეს განსაკუთრებით ბიჭების მამებმა უნდა გაითვალისწინონ, რადგანაც, როგორც წესი, ისინი თვლიან, რომ ბიჭები უნდა იყვნენ თამამები, მამაცები, ძლიერები და ამტანები, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ მათი ვაჟები, პირველ რიგში, ბავშვები არიან, რომელთაც სიყვარული, თანადგომა, გაგება და მხარდაჭერა უფრო სჭირდებათ, ვიდრე საყვედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მშობელთან დამალავენ თავის შიშს, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს პრობლემას;
  • ნუ ვაიძულებთ ბავშვს დაიძინოს ჩაბნელებულ ოთახში იმ მოტივით, რომ განათებულ ოთახში ძილი საზიანო იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. ღამეების გატარება მუდმივ შიშში ბევრად უფრო სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის, მისი ფსიქიკისთვის, ვიდრე განათებულ ოთახში ძილი.

     დაბოლოს, სიტუაციის სწორად გაანალიზება, სამოქმედო სტრატეგიის ადეკვატურად შერჩევა, ბავშვის უპირობო სიყვარული და მისი შესაძლებლობების ძლიერი რწმენა სიბნელის შიშის დამარცხების აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა.

კომენტარები

comments