შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რამდენი ქუსლი აქვს აქილევსს?

მიხვედრილმა მკითხველმა უკვე იცის, რომ სიტყვა განათლების სისუსტეებზე ჩამოგვივარდა; კერძოდ,  იმ ხარვეზებზე, რომლებიც უკვე დეკადებია, ტვირთად აწევს ჩვენს საზოგადოებას და რომელთა მოუგვარებლობით შვილების, შვილიშვილების თაობებს სავალალო შედეგებამდე მიიყვანს, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს არცთუ სახალისო და სასიამოვნო ყოფაზე. ამიტომ მათ შესახებ, რაც შეიძლება ხშირად, ყველამ უნდა ვისაუბროთ თუ  ვწეროთ, და ჩვენი თვალსაზრისების შესაბამისადაც ვიმოქმედოთ.

სიმართლე გითხრათ, ამ წერილის დაწერის სურვილი მოსწავლეთა შეფასების, კერძოდ, ნიშნების წერის ხარვეზების გამო გამიჩნდა. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ძალიან ხშირად დაუმსახურებელი ნიშნის მიღების სურვილი უჩნდებათ. მაგრამ დავფიქრდი და საფუძვლების ძიებამ უკვე აქამდე ბევრჯერ ნაფიქრ საკითხამდე მიმიყვანა. ეს კი ჩვენში არსებულ თუ არარსებულ სამოქალაქო ცნობიერებას შეეხება. მოდით, ეს ცნობიერება ამჯერად სკოლას დავუკავშიროთ. ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, სკოლის უპირველესი დანიშნულება საზოგადოების სრულფასოვანი წევრის აღზრდა გახლავთ. ეს კი ის ადამიანია, რომელიც სრულფასოვნად ინტეგრირებულია საზოგადოებაში და ცდილობს, სარგებლობა მოუტანოს მას. ვფიქრობ, ისეთი ადამიანი, რომელიც დაუმსახურებელი ნიშნებით ცდილობს ფონს გასვლას, საზოგადოებისთვის ნაკლებად იქნება სარგებლობის მომტანი. პირიქით, ამგვარი არაკვალიფიციური, ხშირად ძალიან ამბიციური კადრი „ბუნებითი მდგომარეობიდან“  „სამოქალაქო მდგომარეობაში“ ჯერ კიდევ ვერ გადასულა და, ამდენად, ერს, ქვეყანას კარგს არაფერს უქადის.

არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოში დავობდნენ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა ჩვენს სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება“. საგნის დანერგვა მე-3 მე-4 კლასებში ზოგმა შეგნებულად, ბევრმა კი გაუაზრებლად, პროგრამების გაცნობის გარეშე გააპროტესტა. არადა, მსგავს საგნებს, ევროპისა და ამერიკის სკოლებში სხვადასხვა სახელწოდებით – „პასუხისმგებლობა“, „ეთიკა“, „ტოლერანტობა“, „სახლის ეკონომიკა“, „ეკოლოგია“, „რელიგია“… – ბავშვები სკოლაში სწავლის პირველივე წლებიდან  ეუფლებიან და გასაკვირიც აღარაა, რომ სხვაგვარად უფრთხილდებიან რესურსებსა და გარემოს, ადამიანებსა და მათ შეხედულებებს, შესაბამისად, ქმნიან კიდეც ისეთ სახელმწიფოს, როგორშიც ცხოვრებას, სწავლას თუ თუნდაც მომვლელის პოზიციაზე მუშაობას ბევრი ჩვენი უმაღლესდამთავრებული ესწრაფვის. „ეთიკისა“ თუ „პასუხისმგებლობის“ გაკვეთილებზე ბავშვები სწავლობენ თავიანთ მოვალეობებს, პასუხისმგებლობებს საკუთარი თავისა და სხვების, სამშობლოსა და, ზოგადად, სამყაროს წინაშე. სხვადასხვა საგნებთან ინტეგრირებით კი ეს ცოდნა უმტკიცდებათ და ადრეული წლებიდანვე ბევრად უკეთეს მოქალაქეებად ყალიბდებიან. მაგ., იციან, რომ სხვისი საგნის, თუნდაც აზრის მისაკუთრება ქურდობაა და დაუშვებელია; იციან, რომ დაუმსახურებელი ნიშანი არაფერში სჭირდებათ და რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით უნდა მიაღწიონ შედეგს, უნდა შექმნან სხვებისთვის სასარგებლო პროდუქტი.

მაშასადამე, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის პირველ და ყველაზე დიდ ნაკლოვანებად სამოქალაქო განათლების საგანთა მწირი სწავლება მიგვაჩნია. ძალიან კარგია, რომ ამ მხრივ პროგრესია, მაგრამ ჩვენი საზოგადოების საჭიროება, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპულ ორიენტაციაზე, ამ ხარვეზის დასაძლევად ნაკლებ დროს, ბევრად მეტ მონდომებასა და შრომას ითხოვს. დღეს მათ ქალაქებსა და სოფლებს შევნატრით, ათასწლეულთა წინ კი ევროპელები აღწერდნენ გაკვირვებით კოლხთა თუ იბერიელთა მოკირწყლულსა თუ მოშორენკეცებულ ქუჩებსა და ქალაქებს. დღეს ისინი ჩვენი დაბინძურებული ქალაქების, სოფლებისა თუ მდინარეების ფოტოებს ამზეურებენ, ჩვენ კი მათ მშვენიერ და სუფთა ტერიტორიებზე გადაღებული ფოტოებით ვიწონებთ თავს.

სამოქალაქო განათლების სწავლების საკითხებზე საუბარი უსასრულოდ არის შესაძლებელი, თუმცა ამჯერად აუცილებლად დასაძლევი ხარვეზები არსებობს:

ჩვენში სამოქალაქო განათლება, ძირითადად, მე-9-მე-10 კლასებში ისწავლება, უმთავრესად ბოლო გაკვეთილები უჭირავს და ხშირად ცდება. იშვიათად ან საერთოდაც არ ტარდება გასვლითი გაკვეთილები, თემის კვლევა, თითქმის არ ხორციელდება ისეთი პროექტები, რომლებიც თემში ამა თუ იმ პრობლემის (სატრანსპორტო, ეკოლოგიური, სოციალური…) მოგვარებას შეუწყობდა ხელს. შესაბამისად, ბავშვებისთვის სამოქალაქო განათლება მოსაწყენ და რუტინულ საგნად რჩება და მასზე დასწრებას გარეთ უსაგნოდ ყოფნა ან ხეტიალი ურჩევნიათ. აუცილებელია, დაწყებით კლასებშივე დაინერგოს სამოქალაქო განათლების სხვადასხვა საგნის სწავლება. მაგ., Ι-ΙΙ კლასებში – „პასუხისმგებლობა“, „ეთიკა“; ΙΙΙ-ΙV კლასებში – „მე და საზოგადოება“; IV-V კლასებში – „ტოლერანტობა“, IV კლასიდან IX კლასის ჩათვლით – „სახლის ეკონომიკა“. ამ ტიპის გაკვეთილებზე ბავშვები პროდუქციის შექმნას, მათ დანიშნულებასა და გამოყენებას შეისწავლიან, მათემატიკასა თუ სხვა საგნებში მიღებული ცოდნის გადატანასა და განმტკიცებას შეძლებენ, მიეჩვევიან შრომას, სხვისი შრომის დაფასებას და საკუთარი თავის რეალიზაციას შეძლებენ. ეს კი მომავალში აუცილებლად გახდება მათი სწორი ცხოვრების საწინდარი.

ამ საგნის სწავლებისთვის სპეციალურად აღჭურვილი ოთახების არარსებობა ერთ-ერთი დიდი ხარვეზთაგანია. არადა, ჩემი თაობისა და უფროს ადამიანებს ახსოვთ „შრომის გაკვეთილები“, რომლებზეც გოგონები ჭრა-კერვას, ქსოვას, კერძების მომზადებას, ვაჟები კი ხესა თუ ლითონზე მუშაობას ეუფლებოდნენ. დასაწყისისთვის მოსწავლეებს ინტერესი მათ ხელთ არსებული რესურსებით (ძველი, გამოუყენებელი ქსოვილები, ქაღალდები, ხისა თუ სხვ. პლასტიკის მასალით, კვების პროდუქტებით…) შეიძლება გავუჩინოთ, მოვაწყობინოთ საკუთარი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები და ა. შ., შემდეგ კი სკოლებში ოთახებიც აღვჭურვოთ სათანადოდ. მაგ., ასე:

სურ.1

გო1

სურ.2

გო2

ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები სლოვენიის ერთ-ერთ სკოლაში იქაური კოლეგის, დუშიცა დობერსეკის მიერაა გადაღებული. სურ. 4-ზე კი მოსწავლეების მიერ დამზადებული საახალწლო ბაზრობაზე გასაყიდი სათამაშოა წარმოდგენილი.

სურ.3

გო3

სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ საზღვარგარეთ სასწავლო ბადეში სამოქალაქო განათლების საგანთა მრავალფეროვნებაა. მაგალითად, საბერძნეთში 16-18 წლის მოსწავლეები სწავლობენ შემდეგ საგნებს: 1. ფსიქოლოგიას; 2. სამოქალაქო სამართალსა და პოლიტიკას ძველ საბერძნეთში; 3. სოციალური მეცნიერებების ისტორიას; 4. ევროპული ცივილიზაციის ფესვებს; 5. ფილოსოფიურ პრობლემებს. ამ საგნებს კვირაში ორი საათი ეთმობა, შეფასების ფორმაა – წერითი გამოცდა წლის ბოლოს.

როგორც წესი, სამოქალაქო განთლების ერთ-ერთ საგნად განიხილება სპორტიც. თუმცა სპორტის გაკვეთილების ჩატარებაც ჩვენში გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. არ არსებობს კეთილმოწყობილი გასახდელები, და სპორტდარბაზები, რომლებითაც მოსწავლეები ისარგებლებდნენ. ამდენად, ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც გაკვეთილი ცდება ან მის ნაცვლად სხვა გაკვეთილი (მაგ., მათემატიკა) ტარდება როგორც დაწყებით, ასევე ზედა კლასებში. ბევრს უთქვამს, როგორ განიცდიან ბავშვები სპორტის გაკვეთილის არ- თუ ვერჩატარებას. არის შემთხვევები, როდესაც 7-8 წლის ასაკში ბავშვებს ძილში მაღალი შფოვა და ტირილი ახასიათებთ, მიზეზად კი სპორტის არჩატარება სახელდება ხოლმე.

ცეკვა. ეს საგანი არტია და სახელოვნებო საგნების ჩამონათვალშია, მაგრამ სასწავლო პროცესში მოსწავლის ფიზიკურ აქტივობასაც მოიაზრებს და  ჩვენს სკოლებში ახალდანერგილია. ჩვენდა გასაკვირად, მე-3 თუ მე-4 კლასის მოსწავლეებს ცეკვის გაკვეთილებზე რვეულები და კალმები უჭირავთ და მარჯვედ იწერენ ცეკვის ისტორიასა თუ ილეთებს. სამწუხაროდ, ამ გაკვეთილზე ბავშვები ძირითადად სხედან, წერენ ან ჰყვებიან.  არადა, როგორ მოგვიწოდებს  სერ კენ რობინსონი, სკოლებში ხელი შევუწყოთ შემოქმედებითობას და არ მოვკლათ იგი. ჰოდა თუ ვკლავთ, „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“?!

ბავშვთა კვება – სასკოლო ბუფეტებში ლობიანი, „ხაჭაპური“ (ბრჭყალებს შემთხვევით როდი ვწერ), „პიცა“, უხარისხო და მომწამვლელი კანფეტები, გაზიანი სასმელები, საღეჭი რეზინები…  –  ჩვენი შვილების  აღზრდის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ყოველივე ნებადართული და დაშვებულია, ამიტომ 7-8 წლის ბავშვს დიდი ლობიანი ღვეზელის ჭამა ნორმა  ჰგონია და აქ უკვე მშობლის ჩარევა ძალიან ხშირად უშედეგოა.  არასწორი კვება, კვების რეჟიმის დარღვევა ხომ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების მთავარ გამომწვევად სახელდება. არცთუ იშვიათ შემთხვევებში ექიმები ორგანიზმში ჰელიკობაქტერიის არსებობის მიზეზად სკოლაში კვებას ასახელებენ, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას და მნიშვნელოვნად აქვეითებს მის შესაძლებლობებს სწავლაში.

ჰიგიენური ნორმების დაცვა ტუალეტებში – ესეც აღზრდის ნაწილია, ისევე, როგორც კვება. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს საჯარო და, სხვათა შორის, ბევრ კერძო სკოლაშიც, საპონი ბავშვთა ტუალეტებში დიდი იშვიათობა ან სულაც არარსებული რამაა. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სავალალოდ, ბევრგან ხშირად წყალიც კი არ არის. ჩანს, ამითაც ვკლავთ, რადგან უამრავი სახეობის ბაქტერიისა და ჭიის კვერცხის გავრცელება შეიძლება აღნიშნული გზით.

ჩამოთვლილის გარდა, ჩვენს სკოლებში უამრავი პრობლემა და მოსაგვარებელი საკითხი არსებობს.  როგორ ისწავლება სახელოვნებო საგნები, მუსიკა ისეთ საკლასო ოთახებში, სადაც ერთი ინსტრუმენტიც კი არ დგას. არადა, ჩემი მშობლიური სკოლის, ქუთაისის ქართული გიმნაზიის ისტორიიდან ვიცი, რომ  მისმა დამაარსებელმა, იოსებ ოცხელმა, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ხარკოვის მუსიკალური საკრავების ქარხანას ყველა სახის ინსტრუმენტი შეუკვეთა მუსიკის კაბინეტის აღსაჭურვად.  ეს ტრადიცია დღეს საკმაოდ წარმატებულად გრძელდება განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში. ჩვენ კი ერთი ან ორი ინსტრუმენტით აღჭურვილი მუსიკის ოთახის ნახვა საოცნებოდ გვქცევია. ჩვენი ბავშვები ხომ საოცრად მუსიკალური არიან და მუსიკის გაკვეთილებზე მხოლოდ და მხოლოდ ტექსტების ახსნით ან მოყოლით, მერე კი ნიშნების მინიჭებით, მათში ამ ნიჭსაც ვახშობთ და ვკლავთ. სხვა პრობლემაა ის, რომ ამ საგნებს ბევრგან არასპეციალისტი ასწავლის. მაგრამ ალბათ ზემოთ ნახსენები ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევ მიზეზებთან შედარებით ეს ბევრს არაფრად მოეჩვენება.

ინკლუზიური განათლების ნაკლები ფინანსური და მორალური ხელშეწყობა, სსსმ ადამიანებისა და სპეციალისტების არდაფასება და დისკრიმინაცია – ამაზე უკვე გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხალხის არაფრად ჩაგდება, ჩვეულებრივ პედაგოგებთან არგატოლება, სქემაში  ჩაუსმელობა, მათთვის სერტიფიცირების შანსის არმიცემა დანაშაულია, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას და  სასიკეთოდ გასწორდეს.

ჩვენს სისტემაში სხვაც არაერთი ნაკლოვანება შეიძლება დაიძებნოს, მაგ., შეფასება, პედაგოგთა გამოცდებისა და გადამზადების საკითხები, სასკოლო სახელმძღვანელოები, სკოლამდელი განათლება, განათლება სახელოვნებო სკოლებში, რომლებიც, რატომღაც მხოლოდ და მხოლოდ კულტურის სამინისტროს ექვემდებარება, და რომლებში სწავლაც მიზეზთა გამო მოსწავლეთა უმრავლესობას, წარმატებების მიუხედავად, არც კი  უხარიათ, უფრო მეტიც, სძულთ კიდეც…

ასე რომ, ღვთაებრივსა და ფეხმარდ აქილევსს ნამდვილად გააკვირვებდა ყველა ამ სისუსტის, ნაკლისა თუ ხარვეზის მასთან დაკავშირება. მართლაც, იშვიათად თუ გავიხსენებთ მის უძლეველობას ან იმას, როგორ მოეპყრო ჰექტორის წასაყვანად მისულ პრიამოსს. მავანი ჩვენშიც იტყვის, რაღა მაინცდამაინც სისუსტეებზე ამახვილებთ ყურადღებას, კარგიც ხომ ხდება ჩვენს სისტემაში, მაგ., ისეთი სასიხარულო და ბევრისთვის მისალოცი ამბავი, როგორიც პედაგოგთა ხელფასების ზრდააო. რა თქმა უნდა, ხდება! ეს კი დასაფასებელი და  მისასალმებელიცაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ცუდი ყოველთვის ფარავს კარგს, თანაც  ამდენი ცუდი – ასე მცირედ კარგს.

სასარგებლო რესურსი:

https://www.google.ge/search?q=home+economics+classes+in+public+schools&biw=1242&bih=602&site=webhp&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiCp6LQ-NXRAhWKEiwKHWTPBW4Q_AUIBigB&dpr=1.1#tbm=isch&q=home+economics+classes+for+boys

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი