ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მე და შენ კი არა, ის, რაც ჩვენ შორისაა (დიალოგურობა)

ცხოვრება – დიალოგია, სწავლება – დიალოგია, შეცნობა – მხოლოდ დიალოგის მეშვეობით ხდება შესაძლებელი. ჩვენ განსხვავებული ელემენტები ვართ და მხოლოდ დიალოგი გვაძლევს საშუალებას, რომ ურთიერთქმედებაში შევიდეთ სხვა ელემენტთან და მხოლოდ ასე შევძლებთ განვიცადოთ, შევიგრძნოთ, გავიგოთ და შევიცვალოთ… დიალოგი მუდმივი მოძრაობაა, თამაშიც დიალოგი და პოზიტიური მოძრაობაა… და თუ ცხოვრება თამაშია, ეს ყველაზე სახალისო და საინტერესო თამაში გამოდის.

ჩვენ ისედაც დიალოგში ვართ სამყაროსთან, გარემომცველ საგნებთან, ფაქტებთან, მოვლენებთან, უბრალოდ, ვირჩევთ, ვის ვესაუბროთ და ვის  ან რას ავუაროთ გვერდი. თუმცა, ეს დიალოგი შეიძლება ზედაპირული და ფორმალურიც იყოს და შეიძლება – ღრმა და შინაგანიც.

მაგალითად, გათენდა… პირველი, რასაც ვაკეთებთ, ფანჯარაში ვიხედებით: როგორი ამინდია…? წვიმს, თოვს, ნისლი ან მზეა… ჩვენს განწყობაზე უკვე გავლენას ახდენს ის, თუ როგორი ამინდია ქალაქში, რომელშიც ვცხოვრობთ. როგორ გავლენას ახდენს…? აი, ეს სწორედ ის საკითხია, სადაც ვერც მე და ვერც სხვა ვერ გიკარნახებთ, თქვენ რა უნდა განიცადოთ ან რას განიცდით მაშინ, როცა ქალაქში ნისლია ან მზე… დიახ, თქვენი განწყობილება აუცილებლად რაღაცით იცვლება: ან უფრო პოზიტიური ხდება, ან – განწყობას გიფუჭებთ, ან – უბრალოდ, ნეიტრალური რჩებით… ან კიდევ იტყვით, რომ – „ბუნებას არ აქვს ცუდი ამინდი“ – და თავად მართავთ განწყობას.

და დილის ჩაის ან ყავას როგორ მიირთმევთ…? შეიგრძნობთ სასიამოვნო სითხის არომატს, აგემოვნებთ მასთან ერთად სამყაროს თუ ჩქარა-ჩქარა, წყალივით  და ავტომატურ რეჟიმში დაცლით და გარბიხართ…

იქნებ მთელი დღე ისე გადის, რომ არც არასდროს ფიქრობთ იმ საგნებზე, რომლებსაც ეხებით (ჰოო, ეგღა გაკლიათ კიდევ, საგნებს ელაპარაკოთ…). სწორედ მაგას ვამბობ, რომ თანამედროვე ადამიანმა დაკარგა გარესამყაროსთან დიალოგის ჯერ სურვილი და შემდეგ უნარიც, ის ჩაიკეტა თავის სამყაროში და მექანიკურ და ავტომატურ არსებობაში, თუ რამე შერჩა, ცნებითი აზროვნებაა; დიალოგი კი უბრალოდ ინფორმაციათა გაცვლა-გამოცვლად აქცია.

ადამიანური ყოფა და არსებობა კი ასე მარტივი სულაც არ არის, ეს მხოლოდ ზედაპირია, ფორმალური ურთიერთობები, ან ფორმათა ურთიერთობები… ნამდვილი დიალოგი კი ისაა, როდესაც ემპათია გაქვს მეორე ადამიანის, ცოცხალი ან არაცოცხალი სამყაროს მიმართ. რას გრძნობთ, როცა ყვავილებს უყურებთ? შეგიძლიათ, რომ აღწეროთ და მეტი არაფერი? და თუ შეიგრძნობთ, მაშინ ვერც აღწერთ, რადგან ყვავილებთან „დიალოგით“ იქნებით დაკავებული… ზღვაზე როცა ხართ, ტალღებთან გისაუბრიათ…? სიტყვებით არა… სიტყვები დიალოგის საშუალებებს შორის ყველაზე სუსტი ფორმაა… თუ გისაუბრიათ, მაშინ ისედაც იცით ამის შესახებ, რა ხდება და როგორ… გავლენაც ხომ გიგრძვნიათ…? სივრცეები თქვენს სულში… თითქოს ზღვა თავად ხართ. აი, ეს შეგრძნებაა ურთიერთგავლენა და ურთიერთქმედება.

თუ უფრო განვავრცობთ თემას, უფრო შორსაც წავალთ. დიალოგი შესაძლებელია არა მხოლოდ ნივთებთან და ბუნების მოვლენებთან… არამედ, ნებისმიერ მოვლენასთან, რაც კი ჩვენ გარშემო და ჩვენში ხდება, მაგრამ უმეტესად ჩვენ ყველაფერს „ვემიჯნებით“ და გვგონია, რომ ამით თავს „ვიცავთ“ და საბოლოოდ გამოდის, რომ ვიკეტებით…  ვიკეტებით და, სინამდვილეში, ვავიწროვებთ იმ სივრცეს, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელშიც შემდეგ სული გვეხუთება.

ცხოვრება შედგება ადამიანებისგან, ფატქებისგან (მოვლენებისგან), ჩვენი დამოკიდებულებისგან ამ ადამიანების, ფაქტებისა და მოვლენების მიმართ (დიალოგისგან) და…

ბუნებრივია, შედგება კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ნებელობითი აქტისგან, ეს არის – არჩევანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვირჩევთ… ყველა შემთხვევაში და ყოველთვის ვირჩევთ: მარცხნივ თუ მარჯვნივ, ეს თუ ის, ასე თუ ისე… მაგრამ რასაც (ვისაც) ვირჩევთ, ეს ნიშნავს, რომ მასთან დიალოგი გვაქვს (მეტაფორაა ზოგ შემთხვევაში), დიალოგი – ურთიერთქმედება და გავლენაა, რომლის შედეგადაც რაღაც სხვა მიიღება, თვისობრივად ახალი. დიახ, ღრმა დიალოგი სინერგიაა.

დიალოგის ამ ფორმებს საინტერესოდ განიხილავს ფილოსოფოსი მარტინ ბუბერი ნაშრომში – „მე და შენ“. ბუბერის ფილოსოფიის მიხედვით, ადამიანურ ურთიერთობებში „მე“ არ არის თავდაპირველი. მნიშვნელოვანია არა „მე“ ან „შენ“, არამედ დამოკიდებულება მე-სა და შენ-ს შორის.  დიახ, მთავარია დამოკიდებულება ანუ ურთიერთქმედება, ურთიერთგავლენა, მიმოქცევა მე-სა და შენ-ს შორის…

ეს ძალიან ჰგავს მეტაფორულად ორ ნაპირს შორის ზღვის მიმოქცევას, სადაც მთავარი ნაპირები კი არ არის, არამედ ის, რაც „შუაში“ ხდება. რადგან ბუბერის მიხედვით, ადამიანი საკუთარ მე-ს განიცდის და აყალიბებს მხოლოდ მეორესთან, შენ-თან ურთიერთობისას და ეს მუდმივი მიმოქცევაა და დაუსრულებელი ქმნადობა.

ბუბერი დამოკიდებულებებს განიხილავს სამ სფეროში:

პირველი სფერო – ბუნებასთან ცხოვრება

მეორე სფერო – ადამიანებთან ცხოვრება

მესამე სფერო – სულიერ არსებებთან ცხოვრება

პირველ შემთხვევაში დამოკიდებულება ენობრივ გამოხატვამდე არ მიდის, მეორე შემთხვევაში დამოკიდებულება გამოიხატება ენობრივად და მესამე შემთხვევში დამოკიდებულება „ბადებს ენას“. სწორედ მესამე შემთხვევაზე შეიძლება ვთქვათ, რომ ამ დროს „იბადება“ მეტაფორებიც.

საგნები შეიძლება  აღვიქვათ, უბრალოდ, როგორც საგნები, რომლებსაც ვიყენებთ; ასევე შეიძლება შევხედოთ ცხოველებს და ადამიანებსაც. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული ხედვა იქნება  და ასეთი მიმართება სამყაროს მთლიანობას ვერ შეგვაცნობინებს. შეიძლება მე აღვწერო ადამიანი, დავახასიათო  გარეგნობის მიხედვით: რომ მას აქვს ხშირი თმა, თაფლისფერი თვალები, გრძელი თითები, სასიამოვნო ხმის ტემბრი და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემთვის დამალული იქნება მთავარი – თავად ის ადამიანი. ბუბერი ამგვარ ზედაპირულ დამოკიდებულებას გამოხატავს ნაცვალსახელებით: მე-ის. ხოლო ღრმა ურთიერთდამოკიდებულებას აღნიშნავს მე-შენ ნაცვალსახელებით. სიღრმისეულ დამოკიდებულებაში მხოლოდ ადამიანი არ იგულისხმება, შენ – შეიძლება იყოს ნებისმიერი სულიერი ან უსულო საგანი, აქ მთავარი დამოკიდებულებაა… სწორედ ამის შესახებ ვწერდით ზემოთ. შეუძლებელია, ადამიანმა იცხოვროს მხოლოდ სიღრმისეული დამოკიდებულებით, მაგრამ მხოლოდ ზედაპირული დამოკიდებულებებით ადამიანი კარგავს მთავარს, სულს და იქცევა მექანიკურ არსებად.

როგორი დამოკიდებულება გაქვთ გაკვეთილზე მოსწავლეებთან? ლექციაზე – სტუდენტებთან? ზოგადად – ადამიანებთან, საგნებთან, ბუნებასთან…? 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი