პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დემილიტარიზებული ზონები და წყლის რესურსები

თანამედროვე გეოპოლიტიკაში ძალზე სწრაფად იცვლება ვითარება. 2025 წლისთვის საერთაშორისო სისტემა, სავარაუდოდ, მთლიანად შეიცვლება. მოსალოდნელია ეკონომიკის გლობალიზაცია და ახალი დიდი სახელმწიფოების წარმოქმნა, მრავალპოლუსიანი სისტემის ჩამოყალიბება და განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის განსხვავების შემცირება.

ტერორიზმი, ბირთვული იარაღის გავრცელება და კონფლიქტები ძირითად პრობლემებად დარჩება. ტერორიზმის გაქრობა ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ შესაძლოა შემცირდეს, თუ ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდა ეკონომიკური აღმავლობა და ახალგაზრდებს შორის უმუშევრობამ იკლო. შესაძლოა, განახლდეს დაპირისპირება რესურსების გამო. ენერგიის ნავარაუდევი დეფიციტი ქვეყნებს უბიძგებს, იმოქმედონ ენერგეტიკული მარაგის უზრუნველყსაყოფად.

უძველესი დროიდან მოყოლებული, კაცობრიობის ტექნიკური განვითარება წყლის არტერიების ირგვლივ ხდებოდა. მტკნარი წყლის რესურსი უფრო შეზღუდულია და არათანაბრად არის განაწილებული. შესაბამისად, ის საერთაშორისო კონფლიქტის მიზეზი ხდება.

ექსპერტების პროგნოზით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში წყლის უკმარისობას მსოფლიოში 2 მილიარდამდე ადამიანი იგრძნობს. დეფიციტი ემუქრება პლანეტის მოსახლეობის 40%-ს და ყველაზე პრობლემურ რეგიონებს მოიცავს: ჩრდილოეთ აფრიკას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას. ეს ბუნებრივი რესურსი უკვე გვევლინება ომების წყაროდ.

იმავე პროგნოზს გამოთქვამენ აშშ-ის სპეცსამსახურები და ვარაუდობენ, რომ ეს ვითარება ეთნოკონფლიქტებისა და ომების მიზეზად იქცევა, განსაკუთრებით – ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სადღაც წყლის გამო დავა უკვე რეალობაა.

არიდული და სემიარიდული კლიმატის გამო წყალი ახლო აღმოსავლეთში ცოტაა, ამიტომ ის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე რესურსია. წყლის გამო დაპირისპირებამ აღმოსავლეთის რეგიონში განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი გასული საუკუნის 60-იან წლებში. დავა მდინარე იორდანეს წყლის რესურსების კონტროლისთვის მეოცე საუკუნეში არ დაწყებულა – იორდანეს აუზისთვის ბრძოლა მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება, როდესაც სიონისტურმა ორგანიზაციამ პალესტინა ებრაელების დასახლების ადგილად აირჩია. ამ დროს გაჩნდა რამდენიმე პროექტის მონახაზი, როგორ ესარგებლათ ებრაელებს წყლით. ამ პროექტზე სიონისტები მანამდე მუშაობდნენ, სანამ ისრაელი შეიქმნებოდა, ახალმა სახელმწიფომ კი უფრო დეტალური დაგეგმარება დაიწყო, რათა მდინარე იორდანე საკუთარი წყალმომარაგებისთვის გამოეყენებინა.

თუმცა ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის დაპირისპირება მხოლოდ წყლისთვის კონფლიქტი არ არის, მას მკვეთრად გამოხატული რელიგიური და პოლიტიკური სარჩულიც აქვს. 1947 წლის 29 ნოემბრის რეკომენდაციების საფუძველზე გაეროს გენერალურმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც პალესტინა ორ – ებრაულ და არაბულ – ნაწილად გაიყო (14 000 კვ. კმ – ისრაელს, 11 000 კვ. კმ – არაბებს). გაეროს გეგმა არაბებს ხელს არ აძლევდათ, რადგან ისინი ტერიტორიის მოსახლეობის 2/3-ს შეადგენდნენ. არაბული ქვეყნების ლიგამ დაიწყო მოხალისეების გაგზავნა პალესტინაში, რის შემდეგაც თემთაშორისი შეტაკებები მოხდა.
1949 წლის 13 იანვარს დადებული როდოსის ზავით ისრაელმა 6,7 ათასი კვ. კილომეტრი მიიღო.

1949 წლის დროებითი ზავით, რომელიც ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის 1948 წლის ომს მოჰყვა, ისრაელ-სირიის საზღვარზე სამი დემილიტარიზებული ზონა შეიქმნა. დემილიტარიზებული ზონა არის ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი ტერიტორიის ზოლი ორი სახელმწიფოს საზღვრის გასწვრივ, სადაც აკრძალულია სიმაგრეების აგება, სამხედრო ძალების ყოლა და ა. შ. სირიას, ისრაელსა და იორდანიას შორის მდინარეების იორდანესა და იარმუკის გაყოფის საკითხი ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იქცა.
ისრაელის დასავლეთი ნაწილი

ახლო აღმოსავლეთის საკითხის თაობაზე გაეროს არაერთხელ გამოუხატავს პოზიცია. სუეცის კრიზისის დროს, როდესაც ისრაელმა ღაზის სექტორი და სინის ნახევარკუნძული დაიკავა, 1956 წლის 2 ნოემბერს გაერომ 64 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტისა და ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ. მან ისრაელს ბრალად დასდო შეთანხმების დარღვევა. მოგვიანებით ისრაელის არმიამ დატოვა ოკუპირებული ტერიტორია. 1967 წლის ომის შემდეგ იერუსალიმის არაბული ნაწილი, სინის ნახევარკუნძული, ღაზის სექტორი, მდ. იორდანეს დასავლეთი ნაპირი და გოლანის მაღლობები ისრაელის ხელში გადავიდა. გაერო კვლავ ამოქმედდა და 242-ე რეზოლუციით ისრაელს ოკუპირებული ტერიტორიების დაცლა მოსთხოვა, რაზეც ებრაულმა მხარემ უარი განაცხადა. 1980 წლის 30 ივლისს ისრაელმა დედაქალაქად ერთიანი იერუსალიმი გამოაცხადა, გაერომ კი მიიღო რეზოლუცია და აღმოსავლეთ იერუსალიმი ოკუპირებულ ქალაქად ცნო. გოლანის მაღლობებს გაერო კვლავ სირიის ნაწილად განიხილავს და ისრაელს მის დატოვებას სთხოვს. მათი საბოლოო სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ისრაელისა და გოლანის მაღლობებს შორის დელიმიტარიზებულ ზონას გაერო აკონტროლებს.
გალილეა და გოლანის მაღლობები
მეორე მდინარე, რომლის გამოც მოსალოდნელია დაპირისპირება, იარმუქია. სირიის მხარე მის წყალს მცირე კაშხლების მეშვეობით იყენებს. ის არ ითვალისწინებს იორდანიისა და ისრაელის კანონიერ უფლებებს. ამ მდინარის სრულფასოვანი და სამართლიანი ათვისებისთვის საჭიროა სამმხრივი ხელშეკრულების დადება სირიას, იორდანიასა და ისრაელს შორის. პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, იარმუქი შესაძლოა გახდეს როგორც თანამშრომლობის, ისე შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზიც.

მომავალში წყლის პრობლემამ შესაძლოა სათავე დაუდოს კონფლიქტს არა მარტო ისრაელსა და არაბებს, არამედ თავად არაბულ ქვეყნებს შორისაც. მაგალითად, იორდანიას იმედი აქვს, რომ ქალაქ ამანისა და მისი მოსაზღვრე დასახლებების წყლით მომარაგების განვითარებისთვის აითვისებს იორდანია-საუდის არაბეთის საზღვარზე მდებარე კადისის გრუნტის წყლებს. აქ ერთმანეთს ეჯახება ორი არაბული ქვეყნის ინტერესი. დაბრკოლებას ქმნის ის ფაქტიც, რომ ორ ქვეყანას შორის არ არსებობს შეთანხმება, რომელიც დაადგენდა თითოეული ქვეყნის წყლის წილს.

შეიძლება ითქვას, რომ აფრიკული ქვეყნების უმრავლესობაში კონფლიქტები წყლის რესურსების გამო დავას უკავშირდება. ეგვიპტე და ეთიოპია ნილოსის გარშემო, კენია და ეთიოპია ტბატურკანას ირგვლივ, ნიგერია და კამერუნი ჩადის ტბის ირგვლივ, მალავი და ტანზანია მალავის ტბის გარშემო წყლის რესურსების განაწილების თაობაზე დავობენ. კონტინენტზე ხშირია ტომებს შორის სისხლიანი გარჩევებიც მდინარეების გაყოფასთან დაკავშირებით.

დღესდღეობით წყალი ნავთობივით ძლევამოსილი რესურსი არ არის და მის გარშემოც ნაკლებად ხდება მსოფლიო პოლიტიკის ფორმირება, თუმცა არ არის გამორიცხული, მომავალში მტკნარი წყალიც ისეთივე ფასდაუდებელი გახდეს, როგორიც ნავთობია. აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში წყლის გამო სისხლიანი დაპირისპირებები არ წყდება და შეიძლება ითქვას, რომ ნავთობრესურსების შემდეგ ყველაზე ხშირად სწორედ წყალი წარმოადგენს კონფლიქტის წყაროს.

იმავდროულად, დედამიწაზე 1,2 მილიარდი ადამიანისთვის სუფთა წყალი მიუწვდომელია. გაეროს პროგნოზების მიხედვით, ვითარება უარსედება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის საკვებზე მოთხოვნა 70%-ით გაიზრდება, ადამიანის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობა კი 19%-ით, რაც მთლიანობაში სასმელი წყლის რესურსების 90%-ს შეადგენს. ექსპერტები შიშობენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა უფრო მეტადაც გაიზარდოს, წყალი კი დედამიწაზე ადამიანის არსებობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი