პინგ-პონგი

ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში, ერთი ოთხსართულიანი შენობა იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავატარე იქ და სოფლის სასაფლაოთი დაწყებული, თითოეული ოჯახით დამთავრებული, გარშემო ყველაფერი მოვლილი მქონდა, იმ შენობაში არასდროს შევსულვარ. სკოლის გვერდით იდგა, სულ რაღაც ასიოდე მეტრის დაშორებით. სკოლა ერთსართულიანია, შორიდან გეგონება, მიწითაა აშენებული; ახლოს მისული, ხვდები, რომ უცნაური ფერის ბლოკითაა ნაგები, მეტალოპლასტმასის ფანჯრები აქვს და იფიქრებ, შიგნითაც იქნება რამე სასწავლო სიკეთეებიო, მაგრამ შესვლისთანავე ამოჩრილ ფიცარს წამოსდებ ფეხს და სამასწავლებლოში შევარდები.

იქ ორი-სამი ახალი კარადა დგას, ერვანდ ვარდერესიანმა, სერგო აპინიანმა და მე რომ ავაწყვეთ და ადგილი მივუჩინეთ. ოთახი, სადაც ინფორმატიკის გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს, ჩაკეტილია. იქ ღუმლის დადგმა შეუძლებელია და მუდმივად ყინავს.

სკოლის გვერდით მდგარ დიდ შენობაზე ვსაუბრობდი… არ მახსოვს, რა იყო იქ საბჭოთა პერიოდში, რისთვის ააშენეს, მაშინ კი, როცა იმ სოფელში ვმუშაობდი, მეორე სართულზე მხოლოდ ბილიარდისა და პინგ-პონგის თითო მაგიდა იდგა და თბილ დღეებში თამაშობდნენ სოფლის ახალგაზრდები.

იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც იქ ვიყავი, ის დიდი შენობა რამდენჯერმე გარემონტდა. ჯერ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩასვეს, მერე, შიგნითაც მოაწყვესო, ამბობდნენ, თუმცა დანიშნულება არაფერი ჰქონდა, გარდა იმ ერთი ოთახისა, სადაც სათამაშოდ იკრიბებოდნენ.

მერე ვიღაცები იძახდნენ, ასე ფული კეთდება – წერენ ხარჯებს, რომ მთლიანად რემონტდება, ცოტას გააკეთებენ, დანარჩენს კი ჯიბეში იდებენო. მე ეს ამბები არ ვიცი და არც შეთქმულების თეორიებს ვიჯერებ ადვილად, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუნდაც მთელი მუნიციპალური ხარჯი უკანასკნელ თეთრამდე მოხმარებოდა პროექტით გაწერილ სამუშაოებს, ასე დახარჯული ფული მაინც წყალშია გადაყრილი.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს სხვა რეგიონებში, სოფლებსა და დაბებშიც უაზროდ, უმიზნოდ იხარჯება თანხები, რომლებიც მუნიციპალიტეტებმა შეიძლება საგანმანათლებლო საჭიროებებისთვის გადაანაწილონ. იქ, კარწახში, ჩემი მოსწავლეები ისე ამთავრებდნენ სკოლას, რომ ზოგიერთი მათგანი არათუ ქვეყნის დედაქალაქში, ახალქალაქშიც კი არ ყოფილა და როდესაც მცირე თანადაფინანსება მოვითხოვეთ თბილისში მოსწავლეთა ექსკურსიისთვის, შვიდი სკოლის მოსწავლეებისთვის მხოლოდ ერთი ტრანსპორტის გამოყოფა მოახერხეს.

ჩვენ ვაშენებთ ტაძრებს, მაღაზიებს, სახლებს, ვაკეთებთ გზებს, ვხარჯავთ ამისთვის ადმინისტრაციულ რესურსს, მაგრამ გვავიწყდება მთავარი – ადამიანების, მოსწავლეების სიკეთეებზე ზრუნვა. თანხებისა და სხვა რესურსების დაბანდება განათლებაში, ყოველდღიურობაში.

ოთხი წელია, კარწახში აღარ ვყოფილვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის შენობა ისევე ისე დგას – მეტალოპლასტმასის ფანჯრებით და ბათქაშჩამოცვენილი ჭერით, სველი კედლებით. ორი-სამი მოცლილი ახალგაზრდა თამაშობს პინგ-პონგს და საუბრობს. კარგია ასეთი სივრცე, თუმცა იქვე, სულ რაღაც ასიოდე მეტრზე, სკოლაა, რომლის მოსწავლეებსაც არათუ ლეპტოპი, პროექტორი ან ფლიპჩარტი არ გააჩნიათ, აზრადაც არ მოსდით, რომ ყოველი დღე სკოლაში შეიძლება უფრო საინტერესო, მიმზიდველი და ხალისიანი იყოს და რომ მათ ამის უფლებაც აქვთ.

კომენტარები

comments