შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სირიუს ბლეკი ვარ, ნაკვერჩხალში ამოსული

ისაკ,

21 წელი გავიდა ჩვენი გაცნობიდან.

იცი რა გამახსენდა? – პირველ კლასში შენზე ამბობდნენ, რომ სკოლაში მოსვლამდე უკვე იცოდი ქართულად წერა-კითხვა. აღმოჩნდა, რომ ცდებოდნენ. თურმე ინგლისურადაც გამართულად წერდი და კითხულობდი. საოცარია, ამდენი წელი, ამდენი თვე, კვირა და საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ; სად არ აღმოვჩენილვართ ერთად, რა ფათერაკი არ გადაგვხდენია და დღემდე ვერ გამირკვევია, რა მოცულობის ინფორმაცია გიდევს მაგ გასიებულ თავში. რამდენს იტევს ეგ მყარი დისკი.

გახსოვს? ერთხელ, ბავშვობაში, ჩვენი სახელები დავწერეთ და ფურცელი სკოლის კედლის ნაპრალში დავმალეთ იმ იმედით, რომ ეს ფურცელი სამუდამოდ ამ შენობაში დარჩებოდა, ჩვენი მეგობრობა კი ისეთივე მყარი იქნებოდა, როგორც ის კედელი. წინასწარ გთხოვ პატიებას იმის გამო, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ დამალვას აზრი აღარ აქვს. ის ფურცელი მალევე გამოვიღე უკან და შევინახე. დღემდე მე მაქვს. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ჩვენს მეგობრობას 172-ე სკოლის ნახევრად მონგრეული კედლის იმედად ვერ დავტოვებდი.

ამასწინათ ვფიქრობდი, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვემსგავსებით ტიმონსა და პუმბას, რა თქმა უნდა, მსგავსებაში წონასა და ფორმას ვგულისხმობ. მე თანდათან ვმრგვალდები, შენ კი კარგა ხანია ჩამოცდი 50 კილოგრამიან ნიშნულს. რაც შეეხება დანარჩენს, მათი ცხოვრების სტილს, სილაღესა და თავისუფლებას, ამ სიმაღლეებს ვერცერთი ვერ მივწვდით. ბორკილები, რომლებიც ვაზისუბანურმა ბავშვობამ, 90-იანმა წლებმა, ნავთის სუნმა, მეცხრე ბლოკმა, დენის გადამწვარმა დამცველებმა, აყრილი ასფალტის ორმოში დაგუბებულმა მანქანის ზეთგარეულმა წყალმა, შებინდებულზე სკოლის ეზოში შემჩნეული გოგოსთვის იარლიყის მიკვრის ტრადიციამ, სახლის ტელეფონებზე უმისამართოდ გაშვებულმა ზარებმა, არაგულწრფელად შევსებულმა მეგობრობის დღიურებმა, ვეფხისტყაოსნის ქალთა სახეებმა, თავისუფალმა თემებმა და სუპერ მარიოს მოწინააღმდეგეებმა დაგვადეს, მეჩვენება, რომ დღემდე მაჯებზე გვაქვს.

ადრეც დამიწერია, რომ ჩვენ ორს შორის, შერლოკი შენ ხარ, მაგრამ ყოველთვის პირიქით ჩანდა. მე უმეტესად მონიტორის ფუნქცია მქონდა, შენ კი – პროცესორის, თუმცა განა ბევრი ფიქრობს ასე? არა მგონია. შენ ყოველთვის ჩრდილში დგომას ამჯობინებდი. ასე უფრო კომფორტულია შენთვის.

ახალი წელი დადგა. ახალი წელი კი, საცივის ჭამას, მაშხალების ბათქა-ბუთქს, ახლობელ-ნათესავებთან გალეშვას კი არა, საკუთარი თავისთვის ახალი ცხოვრების დაწყების შანსის მიცემას ნიშნავს. ეს განახლების მომენტია. ადრე არ ვიცოდი, თურმე შეიძლება, რომ კომპიუტერის მსგავსად, საკუთარ თავსაც გამოუცვალო ოპერაციული სისტემა. არ ივარგებს? გაჭედავს? პროგრამებს არ წაიღებს? მუსიკას არ დაუკრავს? ფილმებს არ გაგიხსნის? -რა პრობლემაა, გადააყენებ.

მე და შენ მილიონჯერ გვიჩხუბია და ამდენჯერვე გვიწოდებია ერთმანეთისთვის ის, რისი სახელიც ახლა არ ითქმის, მაგრამ როცა არ უნდა მკითხონ, ვის უღალატობაში არ გეპარება ეჭვიო, არც კი დავფიქრდებოდი, ისე დაგასახელებდი შენ, ჩემო ისაკ.

ახლა კი, ამ წინასაახალწლო აურზაურის დროს, როცა ლარი ეცემა, ნიგვზის ფასი კი მაღლა მიიწევს, იმედი მაქვს, რომ შენი გონების ოპერაციულ სისტემას განაახლებ და საბოლოოდ გამოათავისუფლებ იმ ადამიანს, რომელსაც 26 წელია იქ მალავ, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა უნდა. მას შეუძლია იყოს თავისუფალი – ის რაც აქამდე ვერცერთმა ვერ მოვახერხეთ.

ალბათ გახსოვს, როცა პირველი მოწონებული გოგოს შესახებ მომიყევი, მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, მე გირჩიე, მიდი და ტუჩებში ეძგერე-მეთქი. ცხადია, ამ რჩევის სისწორის თავდაც არ მჯეროდა. ის ამბავი ცუდად დასრულდა. ახლა, ამ რჩევისა თუ სურვილის ისე მწამს, როგორც იმის, რომ მე მქვია დავით გორგილაძე, შენ კი ირაკლი ისაკაძე და, რომ 21 წლის წინ ჩამორთმეულ ხელებს ისევ მაგრად უჭირავთ ერთმანეთი და ბოლომდე არ გაუშვებენ.

ბევრ რამეს გისურვებ:

გისურვებ, რომ ჰიდეო კოჯიმა კარგად მოეწყოს ახალ კომპანიაში და კარგი თამაშები შეგიქმნას;

გისურვებ, რომ ტარანტინო კინოდან არ წავიდეს;

გისურვებ, რომ ამ წელს ახალი მიზეზი მოიფიქრო, თუ რატომ არ პასუხობ სატელეფონო ზარებს;

გისურვებ, რომ ორთაჭალამ ჩაიცვას თეთრი, შენ კი არ ჩაიცვა კაბა ყვავილის;

…და ბოლოს, ჩემო ძველო და ერთგულო მეგობარო, გისურვებ, რომ 2017 წლის დამდეგს დაისახო მიზნები და შეეცადო მათ მიღწევას; საკუთარ თავში იპოვო ძალა, რომ იყო ისე, როგორც შენ გინდა და არა ისე, როგორც ცხოვრების დინება გვკარნახობს. მე მჯერა შენი იმაზე მეტად, ვიდრე ტიმონს სჯეროდა პუმბასი, ასტერსს ობელიქსის, ბეტმენს რობინის, შურისმაძიებლებს ერთმანეთის, სირიუს ბლეკს კი – ჰარი  პოტერის.

ახალ წელს გილოცავ ისაკ!

აკუნა – მატატა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი